ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
24 ივნისი, 2009


მოთხრობა , რომლის დამთავრება იმედია არ დამეზარება....

        მოდი დავიწყებ ჩვეულებრივად,  როგორც უმეტესობა ამბებისა იწყება.დავუშვათ ასე , ეს იყო პეტერბურგში, არა ეს მოხდა ჩვენთან, სადღაც აქვე .
  წარმოიდგინეთ ამბავის  დაწყების  თარიღიც კი მახსოვს , თუმც კი  დიდი დრო მაშორებს იმ ლამაზ დღეებს. ერთი სიტყვით 19** წლის 19 სექქტემბერს, ქალაქ N -ის მაცხოვრებლებში, სინათლის სისწრაფით გავრცელდა ხმა , ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მოქალაქე პ.გ. ცოლს ირთავსო.   
    აბა სად ყოფილა კვამლი უცეცხლიდ, აქ რომ ყოფილიყო. ყველაფერი მართალი გამოდგა, იმდენად, რამდენადაც სწორედ იმ დღეს , პ.გ.-ს თავის წითელ მანქანაში, (არც კი გაწითლებულა ისე) ჩაუსვია  ვინმე ქ.დ.  და გაურკვეველი მიმართულებით გაუქროლებია. მხოლოდ საღამო ხანს დადგინდა ,რომ მანქანას ქალაქ ჭ-მდე ჩაუღწევია და ორ სიყვარულით ანთებულ გულს, იმ მომენტისთვის ნათესავებთან  შეუფარებია თავი.
        ობოლი იყო პ.გ. დედისერთა .მისი ყოვლად კეთილი დედისთვის , რომელსაც ლილიან ერქვა  და ჰქვია,  მეუღლის მოგონება და გაგრძელება ცოცხლობდა მასში, უფრო მეტიც თვითონაც მისით ცოცხლობდა . 20 წლის იყო,  ჯერ სულ ბავშვი და არ  ემეტებოდა ლილიანს  თავისი "ბოჩოლიკო " ,(ასე ეძახდა პ.გ-ს) ოჯახის მძიმე უღელში შესაბმელად, სწორედ ამიტომ და კიდევ ვიღაცეების ბოროტი ენების გამო წინააღმდეგი იყო,  ბოჩოლიკოს დაქორწინებისა.ის ენები,  კი მართლაც ბოროტები და ძირში წასაჭრელები იყვნენ. რა საძაგლობას  არ იძახდნენ, ესაო,  ისაო  , მაგ ქ.დ-ს  ერთი კლავა ძალო ჰყავს, აშარი და კახპაო , არც  ბაბო ჰყავს უკეთესიო, მაგისმა ქმარმა , ცხონებულმა  ბაბუამო სტამბოლის ბორდელიდან წამოიყვანა ბაბო და ცოლად შეირთოო, თანაცო ქ.დ-ს ფეხები გატეხილ "ბუბლიკს" მიუგავსო.
აბა , ეგეთი რამეების გაგების შემდეგ როგორ ხასიათზე იქნებოდა  ლილიან?. ჩვენ რა თქმა უნდა,როგორც შეგვეძლო  ვაწყნარებდით;
-- რას ბრძანებთ დეიდა ლილიან , ბოროტ ენებს რად აჰყოლიხართ და  ახარებთ, კლავა ძალოც და ბაბოც განსახიერებულნი პატიოსნებანი არიან , იმდენად რომ აი ამან,(და აქ ერთ ჩვენ მეგობარზე ვუთითებდით , რომელიც ყოველთვის ჩუმად იყო და დიდი პატივსცემით სარგებლობდა )იცის ეს კეთილშობილი ქალები , ტელევიზორში კაცს რომ დაინახავენ , მეორე ოთახში გარბიან და იქიდან ჩადრაფარებულნი ბრუნდებიან. ბაბო, მაგალითად  ძალიან გაკვირვებულია და იმას იძახის : "ასეთ სპეტაკსა და უბიწოს, შვილები როგორ შემეძინაო," ხოლო თვითონ ქ.დ. ისეთი მშვენიერია ,ავ თვალს არ ენახვება , სპილოს ძვლისგან ნაქანდაკარს, უკეთილშობილესი სული ამშვენებს , ტუჩები დახეთქილ ბროწეულს მიუგავს წარბნი -გაშლილი ფრთები  ორბისა,აქ ჩვენი  მეგობარი ერთვება, იქვე შეთხზული ექსპრომტ კუპლეტით;
--ბროწი , ბროწი ბროწეული.
--გრილი სიოთ დარწეული,
--შემოდგომით მოწეული
--შენი ტკბილი ტუჩები... და  ა.შ.
  აღარ იცოდა საწყალმა ლილიან, ვისთვის დაეჯერებინა , აქეთ ჩვენ დათაფლულნი, იქით ბოროტი ენები( ბოლოს კი  გაირკვა , რომ ჩვენ მართლები ვიყავით და ქ.დ-ს გარეგნობა და სულიერება , თითქმის ერთი ერთზე, ემთხვეოდა ჩვენს აღწერილს. კლავა ძალოთი და ბაბოთი , მართალი გითხრად აღარ დავინტერესებულვართ.)
ვაჯობეთ, როგორც იქნა ბოროტ ენებს , დავუშრეთ ცრემლები ლილიანს , გავაცინეთ, გავახარეთ და ვათქმევინეთ ;
"კარგი თანახმა ვარ მოიყვანის ცოლად თუ ეგრე უნდა, მაგის დედაც ვატირე, ოღონდ ბოჩოლიკო ჩემთან იყოსო"
---არ გრცხვენიათ დეიდა ლილიან, თქვენთან  იქნება , თქვენი ბოჩოლიკო, აბა სად წავა ? და მალე ერთი ბოჩოლიკოს მაგივრად  ვინ უწყის რამდენი ბოჩოლიკოკოები ირბენენ და მოგიშლიან ნერვებს, სათნო ქალბატონო ლილიან.  ასე ვპასუხობდით და ვაწყნარებდით , ჩვენ პ.გ.-ს უახლოესი მეგობრები დეიდა ლილიანს კითხვაზე რომელი საათია , რომელი საათია. (ბოდ. ლირ. გადახვევისთვის)
  მოკლედ 23 სექტემბრისთვის  დაინიშნა ისტორიული შეხვედრა .ლილიან შეხვდებოდა და დედის თვალით შეაფასებდა ქ.დ.-ს რომელიც 19-დან შეიძლებოდა  ქ.გ.დაც მოგვეხსენებინა.  რა თქმა უნდა ასეთი  შეხვედრა ,  დიდებული სუფრის გარეშე ვერ შესდგებოდა .
---20 კაცამდე თქვა ლილიან, ქორწილამდე მეტი არაა საჭირო. ჩვენც დავეთანხმეთ. ოც კაცზე გაიშლება სუფრა  რომელზედაც ჩიტის რძისგან დამზადებულ ქარაქს, თხილის გულის ხელა, შავი ხიზილალა დაამშვენებს.
      და, ჰა 23 სექტემბერი,  სახლის ყველა კარი ღიაა, ჭაღები ჩახჩახებს , ოთახში ტრიალებს მათრობელა სურნელი შემოდგომის ნაზი ყვავილებისა, სუფრას ამშვენებს ,სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსხმული,  1781 წლის მოსავლის ბორდო, ბროლის ჭიქები ელიან შუშხუნა შამპანურს და სიურპრიზი , ბულბულის ენისგან დამზადებული კერძი.სუფრა გიჟდება, მზადა მიიღოს ყველაზე შარიანი გურმანი და მოხიბლული გაუშვას იგი.ლილიანს გული მისდის ,ახლოვდება ისტორიული წუთი. ცოტა ხანში, სახლში შემოვლენ პ.გ. და აწ უკვე ქ.გ. რომლებიც თავაწყვეტილი მერნით, წითელი 06, მოიჩქარიან ქალაქ ჭ-დან. სტუმრები 6 -ს საათზედ  არიან მოპატიჟებულნი.  ისინი კი სადღაც 5 საათისთვის ჩამოვლენ.პირველი  შეხვედრა,მხოლოდ უახლოეს ხალხთან უნდა შედგეს , მოწვეულ სტუმრებთან ის ეშხი  არ ექნება , ბრძანა ლილიან და  დავეთანხმეთ.  და აი, გაისმა მანქანის მუხრუჭების სისხლის გამყინავი ჭყრიალი,  "ასე მხოლოდ ბოჩოლიკოს შეუძლია", ამბობს ლილიან და გული მისდის. ვასულიერებთ კატაბალახას ნაყენით და ამ დროს კარებში ჩნდება, ნანინანატრი  წყვილი. ო, რა ვაჟკაცი იყო ( და არი) პ.გ., არწივის მზერა , თეთრ ჩოხა ახალუხში გამოწყობილი, დადიანის მწევარივით  შევარდნილი მუცლითა  და მთებ წამოსაკიდი მხრებით, თვალებში სიყვარული უსაზღვრო და ქ.გ.-ნაზი, გედისყელა , ნარნარით მომავალი, მორცხვად თავდახრილი, მოარული სინაზე. "ბოჩოლიკო"- ტირის  ლილიან და  ორივეს ეხვევა.  რა წუთები , რა წამები..შეჩერდი წამო შენ მშვენიერი ხარ,- ვყვირივარ გულში,  როცა ამ განხორვიელებულ , იდილიურ, სამოთხისეულ სურათს  ვუყურებ.  გმადლობ უფალო , რომ ამ სურათს შემასწრე. შესანიშნავი სამეული კი გვერდით ოთახში გადის.  კი ვართ უახლოესნი, მაგრამ ყველაფერს თავის წესი აქვს და პირველ რამდენიმე წუთს სრულად ვუთმობთ  "დედაშვილობას" და თვალმოფარებულში ვტოვებთ  სასაუბროდ და ერთურთის მოსაალერსებლად.
  მოდი, მეც აქ გავჩერდები  და მერე გავაგრძელებ დარჩენილი ამბავის  მოყოლას. რა არი რო , ეკრანს მიმართულმა მზერამ თქვენმა , თვალნი ზედმეტად არ დაგიღალოთ. აბა დროებით, გემშვიდობებით, უკეთესი ხვალინდელის  იმედით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები