ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2009


რანდევუ

უცნობი კაფე და ნაცნობი ქუჩა,
დამფრთხალი მზერა, ტუჩთან ღიმილი.
ისევ დაიწყო რაღაც თავიდან
სადღაც, გულშია კენტად ტკივილი.

ფრთხილი შეხება თითის წვერებთან,
მერე დუმილი, მშვიდი სიჩუმე,
ქურდად ეცემა ღამე ფიქრებს და
დაღლილ სხეულში ვნება იბუდებს.

ჭიქა შევავსეთ დაცლილ მზერებით,
სურვილი ფრთხილად თრთოდა ბაგეზე,
იდღაბნებოდა გარეთ საღამო,
ზღაპარს ყვებოდა დაღლილ თვალებზე.

რომ დავივიწყო წამით ყოველი
და მხოლოდ თქვენი თვალები ვიგრძნო,
გაჩნდება ქვეყნად ისევ ტკივილი
და გზაც გახდება ძალიან ვიწრო.

ღმერთთან სავალი ფიქრი ვიშორე
და მხოლოდ თქვენით ოცნებას ვითხოვ,
თქვენ კი უღმერთოდ ისევ თამაშობთ,
ისევ სხეულთან სურვილებს ირთობთ.

ჩვენს შორის კვლავაც იბუდებს ეჭვი,
მერე სხეულზე უტიფრად მიცქერთ,
მე არ გაყვედრით უგულო კოცნებს,
და თამაშს თქვენზე შეხებით ვიწყებ.

განწირულია თითქოს ეს ღამეც,
(ჭიქაში ისევ ცივდება ყავა),
მე კი გზადაგზა წარსულს ვნებდები,
სანამ სურვილი ბოლოჯერ წავა.

ისევ ვიჩემებ თქვენთვის ღიმილებს,
წარსულს ვივიწყებ თქვენი თვალებით,
მზერას მაშორებთ, არ გემეტებით,
მე კი ამ ღამეს კვლავ მეყვარებით.

სიამაყესაც გადავცვლი თქვენზე,
ვნების წვეთებით ვიკვებო მინდა,
თუნდ განთიადზე დამრჩეს დუმილი
მაინც შეგახებთ სველ ტუჩებს მშვიდად.

წარსულს ვუღიმი, გათენებულა.
ისევე უცნობ კაფეში ვსხედვართ,
მე სულ არ მახსოვს რისთვის მოვედი,
თქვენ სულ არ იცით რა უნდა გეთქვათ.

გავცვლი ბოლოჯერ მზერებს ჩვენს შორის,
ისევ უნდობლად შეგახებთ თითებს,
წავალ ცარიელ, სუსხიან სახლში,
იქნებ თქვენც ერთხელ მომძებნოთ ისევ.

ნაცნობი ქუჩა და უცნობი კაფე,
ნახვა, შეხება, მერე "მშვიდობით",
თქვენ ისევ გჯერათ ბანალურობის,
მე კი ვიცი, რომ ისევ გიპოვით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები