ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2009


სასჯელი

ნამდვილი ახლა იწყება ბრძოლა
სხივებმა ხეზე ცვარი მიაშრო;
გადამეტებით თვალების თრთოლვა,
პოეტად შეხვალ ისტორიაში.

წლების მანძილზე ცხოვრების მუხტი,
როგორც ხანძარი ისე ალდება;
მე წარმიდგინეს უცნობი მუხლი,
და პოეზია იყო ბრალდება.

დრო იყო ზომით ერთი მტკაველი;
წუთებს მითვლიდა კავკასიონი;
იქ მოსამართლე იყო გრანელი
და ადვოკატი გალაკტიონი.

ისეთი იყო პროცესის სვლები,
თითქოს ქართველი იყო სხვა რჯული,
განრისხებული იწევდა ჩემსკენ
მუშტად შეკრული ნაფიცთმსაჯული.

მქონდა მაჯაზე ბორკილის ზოლი,
და ორგანიზმში ნიშნები ჭლექის,
ჩემზე ტიროდა დედა და ცოლი;
და ადგებოდა ცრემლები ვექილს.

იყო სიცივე, განცდა ურიგო;
სხვა ყველაფერი კარს მიღმა დარჩეს,
მინდა მადლობა ჩამოვურიგო,
დედამიწის და სიცოცხლის გამჩენს.

და პროცედურაც განაჩენს არჩევს,
მეფის სიტყვამ რომ აჯობა ყველას;
ბოლო სასჯელად მე მომისაჯეს
მარტოობა და ლექსების წერა.

ნამდვილი ახლა იწყება ბრძოლა
სხივებმა ხეზე ცვარი მიაშრო;
გადამეტებით თვალების თრთოლვა,
პოეტად შეხვალ ისტორიაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები