 | ავტორი: ნისაბა ჟანრი: თარგმანი 28 მაისი, 2008 |
უ.ს.
პირველი საფოსტო ბარათი ფორფასტიდან მოვიდა და ასე იწყებოდა: ,,ვფიქრობ, მოგეწონებათ ფორფასტის სურათი, შოტლანდია ხომ ყოველთვის გიზიდავდათ, ამის გამო დავინტერესდი თქვენი წიგნებით და დიდი სიამოვნებაც მივიღე, მაგრამ ყოველთვის ახერხებთ ხალხის აზრებს ჩასწვდეთ? ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება... მოდი, დაფიქრდით ამაზე. გულთბილად გართმევთ ხელს, თქვენი ერთგული თაყვანისმცემელი უ.ს.” უამრავი სხვა რომანისტის მსგავსად, უოლტეს სტრიტერსაც ხშირად უწევდა უცნობ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა, ძირითადად ისინი მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, თუმცა ზოგჯერ კრიტიკასაც არ ერიდებოდნენ, მწერალი კეთილსინდისიერი ადამიანი იყო და მათ ყოველთვის პასუხობდა წერილებზე, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა, ამჟამად გაუმართლა უოლტერს, წერილზე მისამართი არ იყო მითითებული, შესაბამისად, პასუხის გაცემაც შეუძლებელი იყო. ფორფასტის სურათი ძალიან უღიმღამო იყო, ადგა და დახია, მაგრამ ანონიმი თაყვანისმცემლის კრიტიკამ ჩააფიქრა, ნუთუ ვერ ხვდებოდა მკითხველის გულისთქმას, ძირითადად ავტორი ან თავის თავს იყენებდა რომანების პროტოტიპად, ან სრულ ანტიპოდს აღწერდა ხოლმე, ჩანს, სწორედ ეს შენიშნა უ.ს-მ. ეჰ, პირველად არ უწევდა მწერალს საკუთარ თავთან აღთქმის დადება, უფრო ობიექტური ყოფილიყო მკითხველთან მიმართებაში... ათი დღეც არ იყო გასული ამ ამბიდან, როცა მეორე საფოსტო ბარათი მიუტანეს, ამჯერად ბერვიკ-ონ-ტვიდიდან, მასში შემდეგი ეწერა: ,,რას ფიქრობთ ბერვიკ-ონ-ტვიდზე? თქვენსავით, ეს ქალაქიც საზღვართან ახლოა, იმედია, უხეში შედარება არ მომიყვანია, რადგან კვლავ ერთგული თაყვანისმცემელი ვარ, ისევ ვაღმერთებ თქვენს რომანებს, თუმცა არის ხალხი, ვინც მათზე სხვაგვარად ფიქრობს. ხომ არ გაწყენინეთ? კიდევ ერთხელ, მხურვალედ გართმევთ ხელს, უ.ს.” უოლტერ სტრიტერმა ყველაფერი აწონ-დაწონა და ძალიან დაინტერესდა გამომგზავნის ვინაობით. ნეტავ ეს ადამიანი ქალი იყო თუ მამაკაცი? ხელწერა კაცისას ჰგავდა, კრიტიკაც მოურიდებლად იყო გამოთქმული, მეორე მხრივ, შეიძლებოდა ქალის ნაწერადაც ჩაგეთვალათ, ისეთი ქალის, თანადროულად ადრესატის მიმართ პირფერობასაც რომ ცდილობს და მწარე სიტყვებსაც არ ერიდება... ცნობისმოყვარება თანდათან გაუქრა, არ მიეკუთვნებოდა ისეთ კატეგორიის ადამიანებს, შემთხვევით ნაცნობებთან ექსპერიმენტებს რომ არ ერიდებიან, უცნაურად მოეჩვენა იმ ადამიანზე ფიქრი, რომელიც მისით სპეკულირებდა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გადაავლო თვალი ბოლო რომანის უკანასკნელ ორ თავს და მოეჩვენა, რომ ნაკლებად კარგი გამოუვიდა, ისე ჩანდა, თითქოს თანამედროვე მწერლებივით ორაზროვანი და ბუნდოვანი სამყაროსკენ მიუწევდა გული, იმ სამყაროსკენ, სადაც საღი აზრი აღარ დარჩენილიყო... არა, არ შეიძლებოდა ამ ანონიმური წერილის სერიოზულად მიღება, ადგა და ბერვიკ-ონ-ტვიდის სურათი ნოემბრის ცივი დღის გასათბობად დანთებულ ბუხარში შეაგდო, შემდეგ კი სცადა, ორიოდე სტრიქონი მაინც დაეწერა, მაგრამ სიტყვები თავში აღარ მოსდიოდა, მთელი დღე ასე გავიდა, არ ტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც უხეშად აფათურებდა ხელს მის სულში, პიროვნულობას უნგრევდა. თუმცა ამ ამბავმა ღრმად ჩააფიქრა და დაასკვნა, ჩანს ჩემი ნაწერები მოსაბეზრებელია, იქნებ ამ ყველაფერმა რუტინას დამაღწევინოს თავი, კრიტიკამ კი ის შედეგი გამოეღოს, რომ ახალი სისხლის გადასხმა შევძლო ჩემი ნაწარმოებებისთვისო... მესამე საფოსტო ბარათზე იორკ მინსტერი იყო გამოსახული, მასზე მიეწერათ: ,, ვიცი, რომ საკათედრო ტაძრებით ხართ დაინტერესებული, ეს ალბათ თქვენში არსებული მეგალომანიას გამოვლენაა, არადა, ხშირ შემთხვევაში, პატარა ტაძრები უფრო ღირშესანიშნავნი არიან. სამხრეთისკენ მაქვს გეზი აღებული და გზადაგზა ვეძებ საინტერესო ეკლესიებს... თქვენ რითი ხართ ახლა დაკავებული, წერთ, თუ ახალი იდეების ძიებაში ხართ? კიდევ ერთხელ, მხურვალედ გართმევთ ხელს, თქვენი მეგობარი, უ.ს.” უოლტერ სტრიტერს მართლაც აინტერესებდა საკათედრო ტაძრები, ლინკოლნის საკათედრო ტაძარი მისი ახალგაზრდული ფანტაზიების მთავარი საგანი იყო, მოგვიანებით კი მათზე მოგზაურთათვის განკუთვნილ წიგნებშიც წერდა, ისიც მართალი იყო, რომ ძირითადად ამ ტაძრების ზომას უფრო აქცევდა ყურადღებას, ვიდრე ისტორიულ მნიშვნელობას, მაგრამ უ.ს.-ს საიდან უნდა სცოდნოდა ეს? ნეტავ მართლა მეგალომანია სჭირდა? მესამე ბარათის წაკითხვისას მწერალმა პირველად აღმოაჩინა, რომ წერილების ავტორის და მისი ინიციალები ერთმანეთს ემთხევოდა, ინიციალები ადრეც წაუკითხავს, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, ამისთვის რაიმე ნიშვნელობა მიენიჭებინა, უილიამ სომერსეტ მოემი და უილიამ შექსპირიც იგივე ასოებით აღინიშნებოდა, ამაში არაფერი იყო საოცარი, მაგრამ ამჯერად დამთხვევამ იმდენად დააეჭვა, ისიც კი იფიქრა, ჩემს თავს თვითონ ხომ არ ვუგზავნიო ბარათებს... სმენოდა, რომ ასეთი ფაქტები ადრეც მომხდარა და თითქმის ყოველთვის ისეთ ადამიანებში, რომელთაც პიროვნების გაორება სჭირდათ... არა, ფსიქიკა ჯანსაღი ჰქონდა, თავიდან ამოიგდო ეჭვი, წერილების სტილიც განსხვავდებოდა მისეული მანერისგან, წინადადებები მეტისმეტად იყო გაწელილი, კავშირებითი კილოს ხშირი ხმარება კი უსიცოცხლოს ხდიდა ზოგიერთ სტრიქონს. ხელნაწერს კიდევ ერთხელ დააკვირდა, მეტისმეტად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული კალიგრაფია იყო, გაუკვირდა, რამ მოაფიქრა, ეს წერილები თავის დაწერილად ჩაეთვალა, ისევ მოკიდა ხელი საფოსტო ბარათს და გადაწყვიტა, კვლავ ცეცხლში ჩაეგდო, აიღო კიდეც მაგიდიდან, მგრამ უეცრად გადაიფიქრა, არ ღირდა ამის გაკეთებს, ჯობდა, ბარათი ვინმესთვის ეჩვენებინა, იქნებ ნათელი მოჰფენოდა ყველაფერს. მეორე დილით მეგობარმა სულ სხვა დასკვნა გამოიტანა, ბარათს რომ დახედა, ჩათვალა, რომ ავტორი მთვარეული ქალი უნდა ყოფილიყო, რომელსაც უიმედოდ შეჰყვარებოდა უოლტერ სტრიტერი, ალბათ ამ წერილების ავტორი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, ამიტომ მწერალს ალალად ურჩია, წაუკითხავად გაენადგურებინა ყველა ბარათი მომავალში, რაკი ამ ამბავმა ასე შეაფიქრიანა. ალბათ ამ ქალს ფსიქიკა ვერ ჰქონდა მთლად წესრიგში და ადრე თუ გვიან მობეზრდებოდა უაზრო წერილების წერა. წუთით უოლტერი დაარწმუნა მეგობრის სიტყვებმა, იქნებ ქალი იყო, ამაში არაფერი იყო უჩვეულო, მაგრამ ქვეცნობიერება ჯალათად მოევლინა, კარნახობდა, რომ ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ამქვეყნად. მწერლის გონება ერთ უცნაურ ფიქრს შეეპყრო, თუ ეს წერილები მთვარეულის შეთხზული იყო და მათი ავტორი თავად ბრძანდებოდა, გამოდის, რომ მთვარეული ყოფილა, ამის შესახებ კი არაფერი იცოდა... მწერალმა სცადა ამ მტანჯველი ფიქრებისთვის თავი დაეღწია, გადაწყვიტა, გაენადგურებინა ბოლო საფოსტო ბარათიც, მაგრამ ვერ შეძლო, რაღაც შეგრძნება მის არსებაში ეწინააღმდეგებოდა ამ საქციელს და უჩვეულო წერილის შენახვას აიძულებდა, თითქოს ეს ბარათი უოლტერ სტრიტერის ნაწილი იყო... საბოლოოდ მხოლოდ ის შეძლო, რომ თავისი ფორიაქის მიზეზი ბუხრის თავზე, საათის უკან შემოსდო, ნივთი ახლა თვალში აღარ ეჩხირებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ოთახში იყო და თავს მშვიდად გრძნობდა... ამიერიდან მის ცხოვრებას რაღაც ახალი შეემატა და ეს სიახლე მომდევნო საფოსტო ბარათის განუწყვეტელი მოლოდინი იყო. ბარათმაც დიდხანს არ დააყოვნა, მაგრამ მისი მოსვლა უოლტერისთვის უკვე სიურპრიზი იყო, ერთი სული ჰქონდა , როდის წაიკითხავდა, მასზე კი შემდეგი ამოიკითხა: ,, თანდათან გიახლოვდები, უკვე ვარვიკის კოშკამდე მოვაღწიე, იმედია, ახლა მაინც გავუგებთ ერთმანეთს და შენც ჩაწვდები შენი გმირების ხასიათს, ადრე ხომ უკვე გირჩიე ეს? ნეტავ ჩემმა წერილებმა რაიმე ახალი იდეა თუ მაინც მოამწიფა შენში? თუ ეს ასე მოხდა, კარგია, ეს ხომ ყველა რომანისტის სურვილია. ამ ხნის მანძილზე კიდევ გადავავლე თვალი შენს რომანებს და, უნდა ითქვას, თითქოს დავსახლდი მათში. ჟე ვოუს სერრე ლა მაინ, როგორც ყოველთვის. უ.ს.” სტრიტერი პანიკამ შეიპყრო, როგორ ვერ შეამჩნია აქამდე, ყოველ მოსვლაზე საფოსტო ბარათს გამოგზავნის ადგილად გეოგრაფიულად სულ უფრო და უფრო ახლოს მდებარე ქალაქი ეწერა, ადრესატი ახლა უკვე დაუფარავად სწერდა, გიახლოვდებიო, ნუთუ აქამდე თვალები ჰქონდა ახვეული? ამ ამბავში უნდა დარწმუნებულიყო, ატლასი ახლოს მიიჩოჩა და მარშრუტს თვალი გადაავლო, ნამდვილად არ ცდებოდა და ვარვიკიც მხოლოდ 80 მილით იყო დაშორებული იმ წერტილს, სადაც მწერალი ცხოვრობდა. ახლა გადაწყვიტა საფოსტო ბარათები უფოლოგისთვის ეჩვენებინა, მაგრამ რას ეტყოდა? ნუთუ შეძლებდა რაიმე აეხსნა?.. საბოლოოდ მაინც პოლიციაში არჩია წასვლა, თუ დასცინებდნენ, ალბათ უკეთესიც კი იყო, შეშფოთება გაუვლიდა... პოლიციელებმა კი, მისდა გასაკვირად, სულაც არ ჩათვალეს ამბავი სასაცილოდ, პირიქით, ბარათები თავგზაასაბნევ ოინად მიიჩნიეს, რათა არ გამოაშკარავებულიყო უ.ს-ს ნამდვილი ვინაობა, მერე კარგად გამოჰკითხეს, ვინმე ხომ არ ედგა ჯიბრში შემოქმედს, უოლტერმა ასეთი ვერავინ გაიხსენა, პოლიციელებმა არ გამორიცხეს ის ვარუდიც, რომ შესაძლოა, წერილების ავტორი ქალი ყოფილიყო, შემდეგ დაამშვიდეს სტრიტერი და სთხოვეს, როგორც კი ახალ ბარათს მიიღებდა, ყოველი შემთხვევისთვის, მათთვის ეჩვენებინა. უოლტერი ცოტათი დამშვიდებული გაუდგა სახლის გზას, პოლიციასთან საუბარმა სასიკეთო გავლენა მოახდინა. მწერალს მტრები მართლა არ ჰყავდა, საკმაოდ სუსტი ადამიანი იყო საამისოდ, ეგ იყო მხოლოდ, რომანებში საპიროსპირო რამ ხდებოდა, მისი პერსონჟები, ავტორისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერი და ზოგჯერ საძაგელი ადამიანები იყვნენ, განსაკუთრებით ეს ადრეული პეროდის რომანებს შეეხებოდა... მერე გაახსენდა, რომ თითქმის კვირა იყო გასული, რაც კალამი ერთ ხელნაწერზე შემოსდო და შეჩერდა, თავში მხოლოდ საფოსტო ბარათები უტრიალებდა, არადა, შეეძლო ამასობაში კიდევ უფრო საზიზღარი პერსონაჟი გამოეგონებინა, ახალი ბოროტი პერსონაჟი კომუნისტად ან ნაცისტად ჰყავდა წარმოდგენილი, ისეთად, ადამიანურობა საერთოდ რომ აქვს დაკარგული... ახალგაზრდობის დროინდელი რომანები ნაკლებად ახსოვდა, თუმცა მეხსიერებას ერთი რომანი შემორჩა, ,,პარია” იყო ნაწარმოების სათაური, მისი პერსონაჟის შექმნისას გადაამეტა კიდეც, დახატა ადამიანი, რომელსაც სიკეთის მარცვალიც კი არ გააჩნდა და მთლიანად ძალადობის განსახიერება იყო, ერთხელაც არ დაფიქრებულა, რა საჭირო იყო ასეთი სისასტიკე, არასოდეს შებრალებია თავის ქმნილება, ეგ იყო, რომ ლამის თვითონაც ეშინოდა მისი... სამწუხაროდ, მეხსიერებას არ შემორჩა ,,პარიას” პერსონაჟის სახელი, ამიტომ ადგა, დამტვერილი ტომები გადმოიღო თაროდან და იპოვა რასაც ეძებდა, ჯერ პერსპნაჟის სახელი ამოიკითხა, მას უილიამი ერქვა, ამან შეაძრწუნა და შიშით ლამის ვეღარც გაბედა გვარის პირველი ასოსთვის დაეხედა, მონსტრის გვარი კი სტეინსფორთი იყო, უილიამ სტეინსფორთი, იგივე უ.ს, მისივე ინიციალები... თავდაპირველად იფიქრა, უბრალო დამთხვევააო, მაგრამ ავ ფიქრებს თავი ვეღარაფრით დააღწია და ამასობაში კიდევ ერთი საფოსტო ბარათიც მიიღო. ბარათზე გლოუსესტერის საკათედრო ტაძარი ეხატა და შემდეგს იუწყებოდა: ,, მე უკვე სულ ახლოს ვარ, ყველაფერი კარგად მიდის, მთელი მგზავრობა შესანიშნავად დავგეგმე, ერთი სული მაქვს, როდის შეგხვდები პირისპირ და ეს ალბათ ამ უიკენდზე მოხდება, აი მაშინ კი ნამდვილად შევთანხმდებით ყველაფერზე, მაინტერესებს, მიცნობ თუ ვერა! მინდა შეგახსენო, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა შენი სტუმართმოყვარეობით ვისარგებლებ. თი სერრო ლო მანო. როგორც ყოველთვის, უ.ს.” უოლტერმა ბარათი პირდაპირ პოლიციაში გააქანა და შაბათ-კვირას პოლიციას დაცვის დანიშნვა სთხოვა. ოფიცერმა გაუღიმა, მოწყალედ უთხრა, ეს უბრალოდ თვალის ახვევაა ავტორის მხრიდან, არავინ არ ჩამოვა შაბათ-კვირასო, მაგრამ მაინც მოწყალედ დათანხმდა დაცვის გამოყოფაზე, თანაც ისევ ჰკითხა, ნუთუ წარმოდგენაც არ გაქვთ, ვინ უნდა იყოსო, უოლტერმა თავი გაიქნია უარის ნიშნად. სამშაბათს უოლერ სტრიტერს დრო საკმაოდ ჰქონდა, უიკენდზე რომ ეფიქრა. თავიდან თვლიდა, რომ გაუჭირდებოდა დროის იმ ინტერვალის გადალახვა, რაც მოსალოდნელ შეხვედრამდე ჰქონდა დარჩენილი, უცნაური იყო, მომავალი სტუმრის მიმართ ნდობა რატომღაც უფრო გაუძლიერდა, თავი აიძულა როგორმე ნაწერებს ჩაღრმავებოდა და გაოცდა, როცა მუშაობა შეძლო, ადრინდელთან შედარებით თავს უკეთ გრძნობდა... დღეებმაც საკმაოდ სწრაფად გაირბინა, საბოლოოდ პარასკევ დილაც გათენდა და მოლოდინის გრძნობამ კიდევ ერთხელ, მოუთმენლად ათქმევინა, როდის დადგება შაბათ-კვირაო. პარასკევ საღამოდან უიკენდიც დაიწყო, სამწუხაროდ, პანიკა ისევ დაეუფლა, ადგა, ქუჩისკენ გამავალ კარს მიუახლოვდა და გარეთ გაიხედა, ქუჩა უკაცრიელი იყო სხვა გარეუბნის ქუჩების მსგავსად, ირგვლივ მსგავსი შენობები იყო განთავსებული, თითოეულ სახლს მართკუთხა ჭიშკარი ამშვენებდა გვერდით ფარანჩამოკიდებული რკინის ბოძით, ამ ფარნების უმეტესობა ისე იყო დაზიანებული, შეკეთებას არ ექვემდებარებოდა, მხოლოდ ორი-სამი მათგანიღა ბჟუტავდა, ქუჩაზე ნელა ჩაიარა ავტომობილმა, რამდენიმე ქვეითად მოსიარულემ ქუჩა გადაჭრა... ყველაფერი ნორმალურად იყო. იმ დღეს მწერალი რამდენჯერმე გავიდა გარეთ გარემოს დასაზვერად, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა, არც საფოსტო ბარათი მიუღია შაბათს, პანიკამ საბოლოოდ გაუარა, ის კი არა, ლამის პოლიციაში დარეკა, დაცვის გამოყოფაზე არ შეწუხდეთო, რომ ეთქვა. პოლიცია კი თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა, შაბათს, სანამ სადილამდე ჩაის მიირთმევდა, მწერალმა გარეთ კიდევ ერთხელ გაიხედა და მეზობელი სახლების ორ ჭიშკარს შორის მდგარი ბრგე მამაკაცი შენიშნა, ეს პირველი პოლიციელი იყო შარლოტ სტრიტზე. უოლტერი კიდევ უფრო დამშვიდდა, მხოლოდ ის აწუხებდა, დამატებით საზრუნავი რომ გაუჩინა პოლიციის სამმართველოს, ნეტავ როგორ ჯობდა მოქცეულიყო? იქნებ დაცვა ჩაისა და სასმელზე დაეპატიჟებინა? ცოტას გაისაუბრებდნენ კიდეც და უცნობი მამაკაცი ალბათ კარგად იცინებდა სტრიტერის ახირებებზე, მაგრამ რომ დაფიქრდა, ჩათვალა, მსგავსი ფამილარობა ზედმეტი იყო, უცნობი პოლიციელის უფრო საიმედოდ დაიცავდა, ვიდრე გაშინაურებული... იმ დღეს რამდენჯერმა გახედა დაცვას და დარწმუნდა, რომ ერთგულად იდგა პოსტზე, მერე ერთი-ორჯერ შინამოსამსახურეს სთხოვა, შეეხედა, ისევ იქ იდგა პოლიციელი თუ არა, მან კი მიუგო, ვერავის ვხედავო, ამან სრულიადაც ვერ შეაშფოთა, მოახლე შორ მანძილზე კარგად ვერ ხედავდა, თან, შესაძლოა, მისის კენდალმა რომ გაიხედა, პოლიციელი სწორედ მაშინ ჩაუყვა ქუჩას. საერთოდ უოლტერს არ უყვარდა სადილის შემდეგ სეირნობა, მაგრამ ახლა ვერ გაუძლო მოლოდინს და ცოტა გაისეირნა, შინ რომ დაბრუნდა, ჩათვლიმა და მხოლოდ მაშინ ასწია თავი მაგიდიდან, როცა მოსამსახურე შემოვიდა გამოსამშვიდობებლად. …სულ რამდენიმე წუთიც და სახლი უჩვეულო სიჩუმემ აავსო, უოლტერმა ისევ ჩათვლიმა, არც კი გაუგია, როდის დარეკა შემოსასვლელში ზარმა, უეცრად გამოერკვა ბურანიდან და მუხლები აუკანკალდა, სახლში ვიღაც იყო... კარის ზღურბლთან მივიდა და პოლიციელის მაღალი ფიგურა შენიშნა, ის წინკარში იდგა და მასპინძლის გამოსვლას ელოდა. - მობრძანდი, მობრძანდი, ჩემო კარგო, გაუღიმა მწერალმა მოკავშირეს და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა, მაგრამ მან, მისდა გასაკვირად, არ ჩამოართვა. - ალბათ შეგცივდა გარეთ, ფორმაზე თოვლის ფანტელები გაყრია, შემოდი შინ და ბუხრის წინ გათბი. - გმადლობ, პირქუშად მიუგო უცნობმა, სიცივის სრულიადაც არ მეშინია, უბრალოდ გარეთ ვეღარ გავძელი, არადა ჩემი სამუშაო უნდა შევასრულო... - ჰო, დაგეთანხმებით, არ არის სასიამოვნო სამუშაო, მაგრამ ალბათ იცით, საფოსტო ბარათების გამო შეგაწუხეთ, მოუბოდიშა სტრიტერმა, იქნებ სასმელზე დამეწვიოთ. - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეკრძალება დალევა., მიუგო სტუმარმა, თავზე ისევ კეპი ეხურა, არც ფარაჯა გაეხადა, მერე მიმოიხედა და მასპინძელს ჰკითხა, აქ მუშაობთ ხოლმე? - დიახ, ახლაც ვწერდი, სანამ თქვენ მოხვიდოდით... - ალბათ რომელიმე საბრალო პერსონაჟს ქმნიდით, ჯიქურ შეხედა პოლიციელმა და მწერალმა მხოლოდ ახლა შენიშნა, რა ცივი თვალები ჰქონდა სტუმარს, იმ წუთში ტელეფონმაც დარეკა... პოლიციის სამმართველოდან გირეკავთ, ამცნეს ყურმილიდან, ბოდიში გვინდა მოგიხადოთ, სულ გადაგვავიწყდა თქვენი თხოვნა დაცვის დანიშნვის თაობაზე, კოორდინატორმა ყველაფერი აურია... - მაგრამ თქვენ ხომ მაინც გამოგზავნეთ დაცვა, დაბნეულმა მიუგო სტრიტერმა. - არა, ბატონო ჩემო, ჩვენ არავინ გამოგვიგზავნია, ძალიან ვწუხვარ. - კი, მაგრამ, ახლა ჩემთან, სახლში, თქვენი სამმართველოს გამოგზავილი პოლიციელი ზის... ყურმილში დუმილი ჩამოწვა, მერე კი მოსაუბრემ შეშფოთებით უთხრა, არა, ეს ჩვენი პოლიციელი არ იქნება, იქნებ დაგეზუსტებინათ, გნებავთ, ახლა გამოვგზავნოთ ვინმე? - დდდიახ, გთხოვთ, ენა დაება უოლტერს. კარგით, სასწრაფოდ გამოვგზავნით, შეპირდა მოსაუბრე და ყურმილი დაკიდა, უოლტერი კი ჩაფიქრდა, რა შეეძლო მოემოქმედებინა? ბარიკადები დაედგა სახლთან? ან იქნებ გარეთ გაქცეულიყო? სანამ ამ ფიქრებში იყო, კარი გაიღო და სტუმარი შემოვიდა. არ გაგიკვირდეთ უნებართვოდ რომ შემოვედი, რაკი გიცავთ, ამის უფლება მაქვს, მე ხომ პოლიციელი ვარ, გაუღიმა სტუმარმა. - პოლიციელი ხართ? გაოცებით ჩაეკითხა სტრიტერი, რაღაც ეჭვი შემეპარა ამაში. - არა მარტო პოლიციელი, ქურდიც ვიყავი, მაჭანკალიც, გამომძალველიც, მკვლელი ხომ სათვალავში არც არის ჩასაგდები... შენ ეს კარგად იცი! თვითმარქვია პოლიციელი პირდაპირ მწერლისკენ მიიწევდა, ახლა მათ შორის მხოლოდ მაგიდა და სკამი იდგა. - ვერ მივხვდი რას გულისხმობ, ასე რატომ მელაპარაკები? მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია, აქამდე არასოდეს შევხვედრივართ. - დარწმუნებული ხარ ამაში? იქნებ არც შევხვედრივართ პირისპირ, მაგრამ ჩემზე ბევრჯერ გიფიქრია. აქ ხმას აუწია, - შენ წერდი ჩემზე, ერთობოდი, ახლა კი ჩემი დროა, მე უნდა გავერთო. განა შენ არ შემქმენი ასე საძაგელი და ყველასთვის საძულველი? ამითაც არ მოგიყენებია ზიანი? ერთხელ მაინც წარმოგედგინა შენი თავი ჩემს ადგილას, ოდნავ მაინც შეგბრალებოდი! არ შემიბრალე? ახლა არც მე შეგიბრალებ! - არ გიცნობ, არა, გესმის? დაიყვირა შეშინებულმა უოლტერ სტრიტერმა. - არ მიცნობ, არა? შენ მომექეცი ბოროტად და ახლა დაგავიწყდი? მე ხომ უილიამ სტეინსფორთი ვარ! - უილიამ სტეინსფორთი! შეშფოთებით გაიმეორა მწერალმა. - დიახ, იგივე უ.ს, შენი განტევების ვაცი, მეორე მე იგივე ინიციალებით, მხოლოდ სრულიად საპირისპირო თვისებებით შემკული. საინტერესოა რა ხასიათზე დადგები, როცა ჩემში ყველა ის თვისება გაიღვიძებს, რომლებიც შენ მომაწერე! - არ ვიცი, ჩაილუღლუღა შეშინებულმა შემოქმედმა... - არ იცი? დაიღრინა სტეინფორთმა, უნდა იცოდე, ძვირფასო მშობელო, ნეტავ თუ წარმოგიდგენია ოდესმე, რას იზამდა უილიამ სტეინსფორთი, მამამისს რომ შეხვედროდა მიყრუებულ ქუჩაში, ისეთ მამას, სიცოცხლე რომ გაუმწარა! უოლტერმა თვალი ვეღარ გაუსწორა უჩვეულო სტუმარს. - არ იცი, რადგან არასდროს გესმოდა ჩემი, იქნებ არ ვიყავი ისეთი საძაგელი, როგორსაც მხატავდი... აქ ცოტათი შეყოვნდა უილიამი და უოლტერს გულში იმედი ჩაესახა. - შანსი ერთხელაც კი არ მომეცი, გამოვსწორებულიყავი, ჩემში რაღაც სასიკეთო აღმომეჩინა, ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი არ გესმოდა, ასე არ არის? - დიახ, უოლტერმა თავი დაუქნია. - ერთი რაღაც დაგავიწყდა... - რა? - ოდესღაც მეც პატარა, უმანკო ბავშვი ვიყავი, შეახსენა ექს- პოლიციელმა. შემოქმედმა დუმილით უპასუხა... - ერთ შანსს გაძლევ, იქნებ როგორმე ერთი სასიკეთო რამ მაინც გაიხსენო ჩემი არსებობიდან, ბავშობიდან დღემდე, თუ შეძლებ, სიცოცხლეს შეგინარჩუნებ... - და თუ ვერ შევძელი? შიშით ჩაეკითხა მწერალი. - მაშინ ანგარიში უნდა გავასწოროთ, ისე ვერ მოვრიგდებით, გაიხსენე, შენს რომანში ,,რკინისმკლავება სტეინსფორთს” მეძახდნენ. სტრიტერს ცივმა ოფლმა დაუცვარა შუბლი... - ორ წუთს გაძლევ გასახსენებლად, დაამატა გაცოცხლებულმა პერსონაჟმა. ორივენი საათის ისრებს შესცქეროდნენ, თავიდან ისრის უმცირესმა მოძრაობამაც კი უოლტერის ფიქრების პარალიზება მოახდინა, მაგრამ მალევე იძალა სიცოცხლის წყურვილმა, გონება ამუშავდა, თვალები კი დაჟინებით უცქერდნენ უილიამ სტეინსფორთის გაბოროტებულ სახეს. გამალებით ცდილობდა მწერალი მეხსიერებაში აღედგინა თუნდაც პატარა სიკეთის ნასახი, მის პერსონაჟში რომ ცოცხლობდა, მაგრამ ამაოდ, ბოლოს დანებდა უტყუარ მეხსიერებას და რაკი ვერ აღმოაჩინა ის , რასაც ასე გამალებით ეძებდა, გაიფიქრა, იქნებ ახლა შევთხზაო რამე, მაგრამ პერსონაჟი ისე უცქერდა, მიხვდა, ვერ მოატყუებდა, ფოტოგრაფიული სიზუსტით კიდევ ერთხელ აღიდგინა რომანის ყველა ფურცელი, უკანასკნელსაც გადახედა დიდი მოლოდინით მაგრამ რას იპოვიდა, მართალი იყო უჩვეულო სტუმარი, ერთხელაც კი არ წარმოუდგენია თავი მის ადგილას, არ უფიქრია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი, რომლისთვისაც სიკეთის მარცვალიც ვერ გაიმეტა... - ვერაფერს გეტყვი, მართალი ხარ! დაიყვირა შემოქმედმა, - მაგრამ ის რასაც ახლა აპირებ, ყველაზე საძაგელი ქმედებაა, რისი ჩადენაც შეგიძლია! საზიზღარი ხარ და არც კი ვეცდები, ერთი სასიკეთო სიტყვა დამცდეს შენზე, არამზადავ! რა უფლება გაქვს, პასუხი მომთხოვო ყველაფერზე? - მაშინ სიციცხლეს დაემშვიდობე! - დაიღრიალა გაცოცხლებულმა პერსონაჟმა და მკლავი მთელი ძალით მოიქნია... პოლიციამ უოლტერ სტრიტერის გვამი კაბინეტში აღმოაჩინა მაგიდაზე დამხობილი, თავიდან, ერთი შეხედვით, შემთხვევა თავდასხმად მიიჩნიეს, მაგრამ პათოლოგანატომის დასკვნამ ყველა დააბნია, მასში ეწერა, რომ მაგიდაზე და მოკლულის ტანსაცმელზე დამდნარი თოვლის ნარჩენები აღმოჩნდა, წვეთები კისერზეც ჩამოსდიოდა მოკლულს და კუჭშიც იყო მოხვედრილი რაღაც საშუალებით, სწორედ ამ თოვლის ნარჩენებს უნდა მოეკლა შემოქმედი, ანალიზების თანახმად, თოვლის ნარჩენები მოწამლული იყო. შესაძლოა მწერალმა თავად ჩაყლაპა წვეთები, მაგრამ ყველაზე დიდი გამოცანა ის იყო, საიდან გაჩნდა სახლში თოვლის ნარჩენები, რადგან მთელს ქვეყანაში, იმ პერიოდისთვის, როცა სტრიტერი გარდაიცვალა, თოვლის სახით ნალექი არსად დაფიქსირებულა... მკვლელობის გასაღები სადღაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკრეტულად სად, არავინ უწყოდა...… …
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ნათ!!! წავიკითხე სულმოუთქმელად
ყველა ნაწერი მაქვს კომპიუტერში გადატანილი და დიდი შრიფტით ვკითხულობ
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ!!! :)
ნათ!!! წავიკითხე სულმოუთქმელად
ყველა ნაწერი მაქვს კომპიუტერში გადატანილი და დიდი შრიფტით ვკითხულობ
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ!!! :)
11. მინდა გისურვო წარმატებები!
მომეწონა,გაიხარე!
შემოიხედე ჩემსკენაც! მინდა გისურვო წარმატებები!
მომეწონა,გაიხარე!
შემოიხედე ჩემსკენაც!
10. გმადლობ,mistery_100 :) გმადლობ,mistery_100 :)
9. ნისაბა - ნამდვილად ეგრეა :) ლექსები და მინიატურები უფრო ხშირად იკითხება და დიდად სამწუხაროა... თარგმანს რაც შეეხება - გამოცდილებიდან ვიცი როგორი ძნელია ჯერ სრული თარგმანი პირველი სახის და შემდეგ უკვე შესწორება - ჩასწორება და შესაფერისი სიტყვის მოძებნა... წინადადების გამართულად დადება :) ამიტომაც... თარგმანი უზომოდ მომეწონა :) წარმატებები მომავალში... ნისაბა - ნამდვილად ეგრეა :) ლექსები და მინიატურები უფრო ხშირად იკითხება და დიდად სამწუხაროა... თარგმანს რაც შეეხება - გამოცდილებიდან ვიცი როგორი ძნელია ჯერ სრული თარგმანი პირველი სახის და შემდეგ უკვე შესწორება - ჩასწორება და შესაფერისი სიტყვის მოძებნა... წინადადების გამართულად დადება :) ამიტომაც... თარგმანი უზომოდ მომეწონა :) წარმატებები მომავალში...
8. სამწუხარო რეალობა, ამ საიტზე ვრცეილი ნაწარმოებების კითხვა ეზარებათ:) სამწუხარო რეალობა, ამ საიტზე ვრცეილი ნაწარმოებების კითხვა ეზარებათ:)
6. საინტერესოა :) საინტერესოა :)
5. გავწითლდი ამ ქათინაურზე, არადა კიდევ რამდენი მიკლია ორივეს სრულყოფამდე:) გავწითლდი ამ ქათინაურზე, არადა კიდევ რამდენი მიკლია ორივეს სრულყოფამდე:)
4. აქ მერე შემოვა კაი,კეთილი იყოს გაცნობა:) აქ მერე შემოვა კაი,კეთილი იყოს გაცნობა:)
2. ნისაბას სალამი :) წაგიკითხავ მოგვიანებით ;;) ნისაბას სალამი :) წაგიკითხავ მოგვიანებით ;;)
1. ჰო, გიო, ახალია და იმ კრებულიდანაა, რომ გეუბნებოდი:) ჰო, გიო, ახალია და იმ კრებულიდანაა, რომ გეუბნებოდი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|