ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


შეშლილი ლექსი

ათვლილი წუთები გამებნა ღამეში,
გავყურებ სივრცეს და ფიქრის ძაფს დავეძებ.
თუ ისევ მომიწევს უფალთან თამაში
აბრასაც დავკიდებ სამოთხის კარებზე.

რომ მოვალ უთუოდ, მიხრწნილი ფრთებით და
თქვენ მხოლოდ დამიგეთ ნუგეში ფეხებთან.
სიბრმავეს დამითმობს ქალღმერთი თემიდა,
მე კი აღვასრულებ ზეცაში ვენდეტას.

მიწაზე დაცემულ, ცოდვიან ანგელოზს,
თვალებში უელავს  ღალატი ფარულად.
სიმართლეს გაურბის, არ სურდა გაეგო.
რომ ისევ არიეს ცხოვრების ფაბულა.

ფრთებმოჭმულ ზურგზე ცოდვებსაც იკიდებს,
არ ეძებს დასასრულს და მაინც განიცდის.
დასერილ თვალებით არიგებს სიმშვიდეს,
მისთვის ხომ სიცოცხლე ყოფილა კაპრიზი.

და ამ დროს… სამყარო ქცეულა ბალაგნად,
მუჭაში უყრიან იმედებს მათხოვარს,
გადღაბნილ ზეცაზე ფრთებს იგლეჯს ფარვანა,
მეუფეს  კი მისი სიკვდილიც გამორჩა.

შეშლილი მზერებით სამყარო იღლება,
ანგელოზს სიცოცხლე უქციეს წარსულად..
ტრიალებს ბედი და დღეებიც ირევა,
სიკვდილი ქცეულა ერთადერთ სალბუნად.

კონტრაქტის პირობით წესები ვარღვიე,
ჯოჯოხეთს მამზადებს, – მპატიობს ვერაფრით.
იქნება შევძლო და მის მიღმა გავიდე,
არ მინდა სიკვდილი მეწვიოს ნებართვით.

და ისევ ათვლილი წუთების ძებნაში,
წარსული სისხლიან ცრემლებით რწყულია.
თქვენ ისევ სიცოცხლეს მათხოვრობთ უფალთან,
ჩემთან კი თამაშის შედეგი ნულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები