ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2010


არქეოლოგები

არქეოლოგი სამარხებთან

თქვენს ძვირფას გვამებს შავ ძაძებში
აღარ ტირიან,
რული ედება  სევდიან მინდორს,
ეგ სამარხები დამტვერილი
სარკის პირია,
რომელიც უნდა სათუთად
ვწმინდო...

როცა გეხებით, თქვენ მეხებით
ასე მგონია,
ასე ვარსებობთ ქვეყნად
ჩვენ ორნი,
ერთურთს ვამხნევებთ და ვამარცხებთ
დროის გოლიათს,
რომელიც ცივად ჩადგა ჩვენს შორის...

ეს სამკაულიც,რომ შემორჩა
სამარეს სნეულს,
ჩვენ ერთმანეთში ვიპოვეთ მგონი,
მარადისობა ქრისტეს სისხლით
იახლებს სხეულს
და  ჩვენსკენ მოდის...


არქეოლოგი

ცოტაც მადროვეთ,
ცოტაც მაცალეთ,
უკვე დიდ წარსულს
ისე ვნებდები,
მხრებიდან მცვივა
ციხის ნაშალი,
ტანზე მეზრდება
ტაძრის კედლები...

რაც დრომ დამარხა
ისე მაწვალებს,
ისე ღაღადებს მიწა
ფესვებით,
რომ წინაპართა
ძვირფას საძვალეს,
ხელით კი არა
ძვლებით ვეხები...


###

გაკვალულია თოვლი და ხნული,
შეღობილი აქვს საზღვარი ფართობს,
აქ ისე ბევრი რამეა თქმული,
რომ უნდა ვდუმდე და მაინც ვამბობ...

ისე თბილი ხარ და ისე სუფთა,
რომ არც კი მიმძიმს ცოდვის გამხელა,
მე ამ ლექსითაც შენ გპარავ სუნთქვას
და მერე ჩემსას ვარქმევ სახელად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები