ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2010


ჯენტლმენი ფსიქოპატი

 

იყო მასში რაღაც ფსიქოდელური და ექსპრესიული. იმდენად ჭარბი დოზით იყო ეს ყველაფერი მასში, რომ სარკეში ყურების დროს ის განიცდიდა საშინელ ტკივილსა და ნეტარებას ერთდროულად.
მასში შერწყმული ორი არსება ქაოტურად დაძრწოდა სულის კონტურებს შიგნით და ამ მთლიანობის გარღვევას ლამობდა თითქოს.
ერთი შეხედვით ამოიკითხავდით მის თვალებში ღრმა ზედაპირულობას და მიუხედავად მისი ნისლიანი მზერისა იწამებდით ჭეშმარიტ ღვთიურ და დემონურ კავშირს.
დიახ, მის თვალებში ნათელი ებრძოდა ბნელს და იმდენად ჩახვეულიყვნენ ერთმანეთში, რომ მათი აღქმა მხოლოდ ერთიანად გახლდათ შესაძლებელი.
ნეგატივივით ჰქონდა სხეულში სული და გამჟღავნების მოლოდინში საკუთარ თავთან ჭიდილით ირთობდა თავს.
ქვეყნად ასეთი გასართობებიც არსებობს, როცა მათი მეშვეობით შენი ცხოვრების პრიორიტეტებს დასცინი და გრძნობ როგორ მაიმუნობ ყველაზე ძვირფასით.
სიმართლე რომ ითქვას, ამ კაცს დიდი ხანია არ გააჩნდა რაიმე ძვირფასი და დაბადებიდან თავს იტყუებდა, თითქოს ქვეყნად ყველაზე დიდი ეგოისტი იყო.
მის გარშემო ყველა დაადასტურებდა ამ ფაქტს, ის კი იცინოდა მორღვეული ღიმილით, რადგან იცოდა, რომ მხოლოდ ინტერესი ამოძრავდებდა მის სურვილებს.
მთელი სამყაროს შეცნობა! – აი, რა გახლდათ მისთვის საინტერესო და ამ საქმიანობას ყოველთვის დილით, სარკეში ყურებით იწყებდა.
იმ დღესაც არ უღალატა ჩვეულებას და სახლიდან გამოსვლის წინ დიდ ხანს შეყოვნდა სარკესთან, სანამ საბოლოოდ არ გადაწყვიტა, რომ ქვეყნად მართლაც ყველაზე ეგოისტი ადამიანი იყო.
  სუსხი აკვროდა მის შავ ლაბადას. მიაბიჯებდა ქუჩებში და გეგმები ებადებოდნენ  გონებაში. ყველა მათგანი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ხოლო მათი ამოსავალი წერტილი სიგიჟე იყო.
ოხ, რა სასაცილოა იყო გიჟი და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდე. მერე ხომ ყველა მოისურვებს შენნაირად ყოფნას და იმდენად ბანალურობამდე დაიყვანენ ამ ყველაფერს, რომ საკუთარი თავის ზიზღი გაგიჩნდება ადამიანს, არადა როგორ გინდა გეზიზღებოდეს თავი, როცა ქვეყნად ყველაზე ეგოისტი ვინმე ხარ.
უცებ შუა გზაზე გაჩერდა და მოაგონდა, რომ ვერაფრით წავიდოდა ახლა სამსახურში, რადგანაც დღეს კვირა დღე იყო. ამ აღმოჩენით გადიდგულებულმა სწრაფად გადაჭრა გზა და გეზი უახლოესი სკვერისაკენ აიღო.
სკამებზე შეყვარებული წყვილებისა და მოხუცების გარდა არავინ დახვდა,
ცარიელ სკამზე ჩამოჯდა და გონებაში ანგარიში დაიწყო.
ჯერ ფოთლების თვლით ირთობდა თავს, მერე გაეცინა ხმამაღლა თავის ახირებაზე და როცა მიხვდა, რომ დაგვიანებული შემოდგომა მის ვერახდენილ ოცნებებს ჰგავდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და შუბლზე ნაოჭები გაუმკვეთრდა.
"უფეხებო დედამიწას ღერძით დავკიდებ!

როგორი გიჟი უნდა იყო, რომ ნორმალურ ადამიანად თვლიდე თავს!

სიკვდილი? თუ გამაოცებს რატომაც არა!"

და ასე სიტყვებით თამაშით გართულს ისევ გამოესახა ტუჩებზე გარღვეული ღიმილი.
რა სასაცილონი არიან ადამიანები – სამყაროს მიკროსკოპული სტრუქტურული ნაწილაკები.
ორთქლადენილ გონებას ქალის ხმა მისწვდა.
– შეიძლება თქვენს გვერდით ჩამოვჯდე?
და ისე მოკალათდა შავთმიანი ქალბატონი, რომ მის პასუხს არც კი დალოდებია.
შემკრთალი კაცი უხმოდ დააკვირდა ქალის ნაკვთებს. იყო მის გამოხედვაში უტიფარი ინტერესი. ქალმა ჩანთიდან ყოველკვირეული გაზეთი ამოიღო და კითხვას შეუდგა.
ოხ, რა ბანალურია გამოელაპარაკო ლამაზთვალება ქალბატონს, რომელიც ზის შენს გვერდით და პომპეზური იდეოლოგიის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ ყოველკვირეულ და ყოვლად უინტერესო გაზეთს კითხულობს.
– როგორ გრძნობთ თავს, მის?
დაეკითხა კაცი გარღვეული ღიმილით.
ქალმა ფრთხილად დაკეცა გაზეთი და კაცის უტიფარ თვალებს მიაჩერდა. მისი ჭაობისფერი თვალის ფსკერზე განისვენებდა რაღაც განუზომლად დიდი და საინტერესო. ყოველ შემთხვევაში ქალს ასე მოეჩვენა.
– თქვენ ეს ნამდვილად გაინტერესებთ?
კითხვა შეუბრუნა ქალმა და უცებ მკვეთრი ჟესტიკულაციით განაგრძო.
– ოხ, სულ არ მინდოდა ამის თქმა, უბრალოდ გამაოცა თქვენმა უადგილო შეკითხვამ და… საერთოდაც… ნორმალურად, გმადლობთ.
ხელები ერთმანეთს გადააჭდო და თავის თავზე საშინლად გაბრაზდა. ემოციების კონტროლი იმდენად ვერ გამოსდიოდა, რომ ასეთ დროს სასაცილო თოჯინას ჰგავდა.
კაცს ეამა ქალის ზედმეტად ბუნებრივი რეაქცია და სიცილით მიუგო.
– ღმერთმა დაგიფაროთ ნორმალურად ყოფნისგან! ო, არა, თქვენ ნამდვილად არ მოგეწონებათ ეს.. ეს ხომ რაღაც შუალედური მდგომარეობაა, როცა ვერც ტკივილს ეზიარები და ვერც სიხარულს ბოლომდე.
ქალმა უფრო მეტი ინტერესით დაუწყო მამაკაცს ყურება. არა, ნამდვილად არ ჰგავდა გიჟს. ბოლო–ბოლო ეს ქალბატონი ხომ ექიმი გახლდათ, თანაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა. ეს კაცი კი ისე დალაგებულად ელაპარაკებოდა სიგიჟეებს, რომ ვერაფრით გაარჩევდით გიჟი იყო და თავს ნორმალურ ადამიანად ასაღებდა თუ პირიქით.
მათი საუბარი გვიანობამდე გაგრძელდა, სანამ სკვერი არ დაცარიელდა.





ქალის ჩანაწერებიდან :

“ მისი მდგომარეობა მაოცებს. ის შიზოფრენიის ზღვარზეა. იგონებს საგნებს, რომლებიც რეალურად არ არსებობენ და ყოფით ცხოვრებაში იყენებს მათ.
ეს შობს გარკვეულ პრობლემას მის გონებაში, რადგან მისი ქვეცნობიერი არ ეთანხმება ცნობიერის არჩეულ გზას.
სინამდვილეში ის ნამდვილი მამაკაცია, დახვეწილი და უბრალოდ ჯენტლმენი.
მხოლოდ გზასაა აცდენილი, ცნობიერის გზას…
ჩემი ჩანაწერი უკვე ანკეტურ ჩარჩოებს ცდება და დღიურებს ემსგავსება.
მისი პიროვნება ძალიან საინტერესოა და მისი ღრმა ზედაპირულობის მიღმა აშკარად იმალება რაღაც საშინლად ლამაზი.
მის ხასიათში გაორება დევს, ის წააგავს დღის მონაკვეთს, ღამესა და დღეს, როდესაც მათ შორის მკვეთრი საზღვარია. განსხვავება ერთშია, ვერაფრით გაიგებთ, რომელი რომელს მოსდევს.
არადა, ის მართლაც ნამდვილი ჯენტლმენია.”






– თქვენ შეიშალეთ ალბათ… არა, თქვენ ნამდვილად შეიშალეთ…
ხმამაღლა იცინოდა ქალი და მის გულმკერდს ისე ძლიერ ეკვროდა, რომ მასში იღვრებოდა კაცის გულისცემა.
ზუსტად იმ სკვერში ისხდნენ, სადაც პირველად ნახეს ერთმანეთი.
ირგვლივ სუსხიანი ზამთარი იდგა და მათ ნისლისფერ ამოსუნთქვას ჰაერშივე ყინავდა.
ამის მიუხედავად, კაცი ცხადად გრძნობდა, როგორ ცახცახებდა ქალის ბაგეები…
უსაშველოდ გაიწელა დრო და ღამის ცაზე მიმოიბნა წუთებად…
– მე სიყვარული არ შემიძლია და თუ მაინც შეგიყვარებ, მიმატოვე, რადგან მე მოგკლავ…
ქალი წუთით დაადუმა კაცის აღსარებამ და მერე ისე მკვეთრად გაეცინა, რომ სულის მოთქმა გაუჭირდა. კაცი სერიოზული სახით შეყურებდა და ქალს მოეჩვენა, რომ ეს ერთადერთი სიმართლე იყო, რაც კი ოდესმე მისგან სმენია.
ქალი გაჩერდა…
– ფსიქოპატი ვარ.
მშვიდად განაგრძო კაცმა.
არა, ეს უკვე კომიკურს ხდიდა ამ ყველაფერს. ქალს ისევ მოუნდა რაღაც სასაცილო ეთქვა პასუხად, მაგრამ შენიშნა, როგორ მკვეთრად გაუფითრდა კაცს სახე
და  ვერაფრით მიხვდა ვინ იჯდა ახლა მის წინ, ფსიქოპატი თუ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.
ისე დაიბნა ამ აღმოჩენით, რომ ეგონა საკუთარი თავი სამყაროს ქაოსში დაეკარგა.
შიშმა დაუარა სისხლძარღვებში და ნაკვთები შეუყინა.
უცებ მოდუნდა..  იგრძნო, რომ ქვეყნად არც ისე ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ფსიქოპატია.
– მე შემიძლია მიყვარდე ისე ძალიან, რომ ამ სიყვარულით სამყარო შევშალო და როგორ შემიძლია მიგატოვო მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გიჟი ხარ?
დაღლილი ხმა ჰქონდა ქალს და თვალებში არაადამიანური ტკივილი ჩაზრდოდა.
ქალი ვერ აკონტროლებდა ემოციებს, კაცს კი სიკვდილი საინტერესო გასართობად ესახებოდა.
ყველაზე შეუფერებელ მომენტში კაცმა იგრძნო, როგორ გაურღვია ბაგე ღიმილმა და გაიფიქრა აღელვებულმა, – რა ბანალურია იჯდე სკვერში და სიყვარულის გამო შენს თავს დასცინოდე, მაშინ როცა ქვეყნად ყველაზე დიდი ეგოისტი გგონია თავი.
– არ გეშინია ჩემი?
ჩურჩულით დაეკითხა კაცი და იგრძნო, როგორ ჩაეღვარა სხეულში სიცივე და წვივებში გაიყინა.
– მე მხოლოდ შენი დაკარგვის მეშინია და ეს შიში ყველაზე ძვირფასია, რაც კი ამქვეყნად გამაჩნია.
ახლა ეს გრძნობები ისე უჭერდა ქალს ყელში, რომ სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და მიუხედავად იმისა, რომ დრო უტიფრად ითვლიდა გათენებამდე დარჩენილ წუთებს, ამ ორ სხეულს ახლა უდროობა გადაჰფენოდა.
კაცმა იგრძნო, როგორ გატყდა რაღაც მის არსებაში, წვრილ ნატეხებად დაიშალა და სულის კონტურებს აეკრო. ცოტაც და სულს დაუფლეთდა ნატეხებად ქცეული გრძნობა.






კაცის ჩანაწერები ფსიქიატრიულში:

“ სიკვდილი შვებაა ტკივილებს შორის და გარდაცვალება მხოლოდ ტრანსფორმაციაა სხვა სხეულში. 
ყველა მათგანი იყო ქალბატონი და მათი გამორჩევა ბრბოდან მხოლოდ სევდიანი სახით იყო შესაძლებელი. მე ვიყავი მათთვის “ბარიგა” – სიკვდილით მოვაჭრე. ისინი კი უნებური პაციენტები და მათხოვრები შვებაზე…
კაპიტულაცია გამოცხადდა უზენაესთან და მიქელ–გაბრიელი სხდომას არ დაესწრო, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამინაწყენდა. წარმოგიდგენიათ? როგორ შეიძლება სიკვდილი მხოლოდ ერთი ადამიანის პრეროგატივა იყოს, ღმერთო ჩემო, რა სასაცილოა ეს ყველაფერი!
სიმდაბლე და საშინელი თავხედობა.
მე – სამართლიანობის აღმდგენი, გზა სიკვდილსა და შვებას შორის.
ისინი ვერასოდეს დამიჭერენ მე, რადგან ყოველ დილით, შენობიდან გასვლის წინ, ვიხედები სარკეში, რათა ჩემში მკვლელი ვიპოვო და თუკი თავად მე ვერ აღმოვაჩინე იგი, ისინი როგორ იპოვნიან?”






ქალის ჩანაწერებიდან :

“ ჩემი ყოველი დღე მასთან პალატაში სარკის მიტანით იწყება.
როცა სარკეში საკუთარ ანარეკლს ხედავს, უპეები უმუქდება და ვგრძნობ, როგორ სტკივა… რადგან ფიქრობს, რომ არ არსებობს.
მე საწოლის კიდეზე ვჯდები და ველი, როდის დადებს სარკეს და იმედის ძებნას ახლა ჩემს თვალებში განაგრძობს.
ვუმტკიცებ, რომ მხოლოდ მაშინ არსებობს ადამიანი, როდესაც ქვეყნად ერთი პიროვნება მაინც ატარებს მის სულს თვალებით. ის კი გარღვეული ღიმილით მიყურებს და მიმტკიცებს, რომ მე ერთადერთი ვარ, ვისთანაც თავისუფლებას გრძნობს და არასოდეს ატყუებს.
მას თბილი ღიმილი ესახება სახეზე და მიუხდავად იმისა, რომ საშინლად გაბურძგნული ფიზიონომია აქვს, ის მაინც ნამდვილი ჯენტლმენია.
დილა ჩემი ფსიქოპატით იწყება, რომელსაც ახალი აკვიატება აქვს ახლა – მას უნდა ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად მაქციოს!
მე კი შეშლამდე მჯერა მისი… “

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები