ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
23 ოქტომბერი, 2010


ბავშვთა თავშესაფარში დაწერილი თავისუფალი თემის ანალოგები






ნიკოლოზი, 7 წლის


  გუშინ ლიანა დეიდა მასეირნებდა პარკში. ბავშვები ბურთს თამაშობდნენ და მეც მომინდა მათთან ერთად ყოფნა. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ისინი ხმაურობდნენ და მე კი ხმაურს მიკრძალავენ.
  გუშინ ღამე ლიანა დეიდამ  ხმამაღლი სიმღერის გამო მცემა. მინდოდა მეთქვა, რომ ადრე თუ გვიან დიდი გავიზრდები და ცნობილი მომღერალი გამოვალ! მაგრამ ცრემლების გამო ხმა ვერ ამოვიღე... მთელი ღამე ვფიქრობდი როგორი ტანსაცმელი მეცმებოდა, როცა ტელევიზიით ხმამაღლა ვიმღერებდი და არავინ მცემდა ამის გამო.
  ახლაც ძალიან მინდოდა მეთამაშა ფეხბურთი ბავშვებთან ერთად, მაგრამ გამახსენდა, რომ ლიანა დეიდა ხმაურს ვერ იტანს, რადგან ამ დროს თავზე იკიდებს ხოლმე ხელს და მეუბნება, რომ საზიზღარი ბავშვი ვარ.
არ მგონია ვინმეს ისე ძალიან ეშინოდეს მისი, როგორც მე, მაგრამ მაინც მიყვარს იგი.
რადგან დილაობით ჩემთვის ჩაი შემოაქვს, რომელსაც რაღაცნაირი გემო აქვს და ისეთი გამჭვირვალეა, რომ საათობით ვიყურები მასში, რადგან მგონია რომ მალე ფერი მიეცემა.
საიდან ვიცი ეს? რამდენჯერმე თვალი მოვკარი, როცა ლიანა დეიდა და სხვა დეიდები სვამდნენ ჩაის. ისინი პატარა პაკეტს აგდებნენ ჭიქაში, რომელიც ნელ-ნელა ამუქებდა წყალს.
მე მჯერა, რომ დადგება დღე, როცა ჩემი ჩაი ფერადი იქნება და ტელევიზორში კი ჩემს სიმღერას ყველა ხმამაღლა მოუსმენს.







ბელა, 11 წლის



  მე დედა არ მყავს, მაგრამ ყოველღამე მესიზმრება ქერათმიანი ქალბატონი, რომელიც ჩემი დანახვისას ტირის. მინდება ხოლმე ჩავეხუტო და დავამშვიდო, მაგრამ რაღაც მაჩერებს და შორიდან ვუყურებ, სანამ ის ცრემლებს მოიწმენდს და თვითონ ჩამიხუტებს გულში. ზუსტად მაშინ მეღვიძება, როცა მეუბნება, - აქედან უნდა წაგიყვანო, - და მეც იმედიანად ვიღვიძებ, რადგან მგონია, რომ სიზმრები ცხადდებიან.
  ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა, თუ რამე გინდა და გულით ინატრებ აუცილებლად აგიხდებაო. ამიტომაც ძილის წინ მუდამ ვლოცულობ ქალზე, რომელსაც სიზმარში ვნახულობ, რადგან მას დედის თვალები აქვს..
  მე არ მახსოვს დედა, მაგრამ მისი სურნელი კი ზუსტად მახსოვს. ასეთი სურნელი მხოლოდ გაზაფხულის ნორჩ ყვავილებს აქვთ.
დედაჩემი გაზაფხულია, რომელმაც ძალიან დაიგვიანა...
თავისუფალ თემაზე ალბათ ყველა დაწერს, რომ ბევრი ფული უნდა, საკუთარი სახლი ან ძალაუფლება, მე კი მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს.. უფალს ვევედრები დედაჩემის თვალებთან შემახვედროს.
ამბობენ, თუ გულით ინატრებ, აუცილებლად აგიხდებაო.. უფალო, ნუთუ ასეთი უგულო ვარ, რომ ჩემს თხოვნას ვერ ასრულებ?








გიორგი, 15 წლის



არაფრის დაწერა არ მინდა. ეს ფურცელი თავისუფალი რომ დავტოვო არ შეიძლება?
მამაჩემი ლოთია და დედას სცემს. დედას კი სჯერა, რომ მამას ეს ზედმეტი სიყვარულით მოსდის. მე კი ორივეზე გული მერევა...
წიგნებში მხოლოდ ტყუილებს წერენ, სიყვარული ეს ერთი ადამიანის ძალადობა და მეორეს მორჩილებაა. მე არ მინდა მიყვარდეს და ვიცი ასეც იქნება.
არ მაქვს ოცნებები.




(ეს ჩანაწერი დაჭმუჭნულ ქაღალდად ეგდო ოთახის კუთხეში)







ნატა, 17 წლის




მალე აქედან წავალ და ჩემი ოცნების ასრულებას შევუდგები. მინდა ჟურნალისტი გამოვიდე და ლამაზ-ლამაზი კაბები ვიყიდო.
მშობლები დიდი ხანია დამეღუპნენ, მხოლოდ ბებია მაკითხავს ხოლმე თვის ბოლოს, მაშინ როცა პენსიას იღებს და ხელდამშვენებული მოდის ჩემთან.
სულ მინდა ვუთხრა, რომ ტკბილეულის ნაცვლად ფერადი კაბები მომიტანოს, მაგრამ როცა მის დაკოჟრილ ხელებსა და ცრემლიან თვალებს ვაწყდები, ჩემი სურვილების მრცხვენია..
ის გვერდით მიჯდება და დიდხანს მეფერება თმაზე. ჩუმად ბუტბუტებს, მაგრამ მე მაინც ვარჩევ მის სიტყვებს, მლოცავს...
2 თვეა ბებია არ გამოჩენილა, მე კი ძალა არ მყოფნის, რომ მოვიკითხო. ასე მგონია, ის ჩემთვის ფერად-ფერადი და ლამაზი კაბების საყიდლად წავიდა სადღაც შორს და იმდენად მინდა ეს რეალობა იყოს, რომ ჯიუტად არ ვკითხულობ და უბრალოდ ველოდები.
კარისკაცი მეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ფეხები მაქვს და გრძელი კაბები არ მიხდება. მეც ვეთანხმები, მაგრამ როცა ამას ამბობს ვწითლდები ხოლმე.
იგი მეუბნება, რომ სადღაც სახლი აქვს დაკეტილი და 1 წელში, როცა სრულწლოვანი გავხდები თავისთან წამიყვანს. მე არ მეშინია, მისი სასაცილო კბილების მიუხედავად, რომელსაც ღამით, როცა ჰგონია რომ ვერავინ ხედავს, პირიდან იღებს და ჯიბეში მალავს.
მე ცნობილი ჟურნალისტი გამოვალ და კარისკაცის გარდა ყველა აღნიშნავს იმას, რომ ლამაზი ფეხები მაქვს და მე ქვეყნად ყველაზე ბევრი ლამაზ-ლამაზი კაბა მექნება.











  მათ თქვენი თანადგომა სჭირდებათ, რათა ოცნებები რეალობად აქციონ.
ვიზრუნოთ ერთმანეთის სურვილებზე და დედამიწაც ამ სიყვარულით გააგრძელებს ბრუნვას!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები