ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2011


მე-შვება...(მინიატურა)

  -აღარ გაბედო გამოჩნდე ჩემს ახლოს, ვინ მოგცა უფლება სადაც საჭირო არ ხარ,იქ რომ მოდიხარ?
  -შენ მიმაჩვიე თავისუფლებას,
  -ნუთუ ვერ ხვდები ზოგჯერ უხერხულად რომ მაგრძნობინებ თავს?
  -შენ მიმიჩვიე  და რა გიკვირს ახლა რომ ვეღარ მაკავებ?
  -ჰო, შენში ვხედავდი შვებას, სიხარულს და დარდს ერთნაირად გიზიარებდი, მაგრამ მეტისმეტია უკვე, მარცხვენ, ხშირად მარცხვენ შენი სითამამით , სისწრაფით და ისე ვბრაზდები,შენს გაქრობას ვეხვეწები გამჩენს.
ვბრაზდები და უფრო მეტად აქტიურობ, ვეღარ გაკონტროლებ. შენც სარგებლობ ჩემი სისუსტით და იშვებ თავს.
-უჩემოდ გაძლებ? სიმართლე მითხარი!
-ნუ ვიკამათებთ, ერთმანეთი გვჭირდება  ხშირად,შენც კარგად იცი...მაგრამ მაბეზრებ ხოლმე თავს,ზოგჯერ აუცილებელია გავეცალოთ ერთურთს.
-რამდენჯერ გინატრივარ, გაიხსენე, გიხსენებივარ, როცა ჯიუტად არ მინდოდა გეგრძნე,თავს ვიკავებდი, გავქრი შენი თვალსაწიერიდან, მერე მივხვდი-აუცილებელი იყო-ღაწვებზე შეგხებოდი ნაზად, თბილად ჩავყოლოდი შენს ნიკაპს ,მერე ყელს….მე შენ გჭირდებოდი იმ წამს...
გაიხსენე,რამდენჯერ არ მოგიშორებივარ ამ დროს,გსიამოვნებდა ჩემი ლაციცი, ტუჩებით ფრთხილად მეხებოდი.შენში მაბრუნებდი.…
    უმადურობაა შენი საყვედური-უხერხულობას მაგრძნობინებო-მე ხომ “შენ” ვარ! შენს გრძნობას –დამალულს მე გამოვხატავ, ჩემი მუდამ შენთან ყოფნით გულს გიმსუბუქებ, დარდს გაცილებ, ჩემი გამოჩენისას თვალები სხვანაირად გიელავენ, თითქოს უფრო კამკამა და სუფთები ხდებიან. .მიდი ჩაიხედე სარკეში რა სხვანაირად ელავ-როცა შენთან ვარ, გიხდები,გესმის,გიხდები!
  მაინც მიშორებ,გრცხვენია-არავინ შემამჩნიოს,მარტო როცა ხარ კი მინატრულებ,მოვალ და ნაჩქარევად ცდილობ-არავინ შემნიშნოს, დამმალო,არადა, რამდენჯერ მოფერებიხარ ჯერ კიდევ ჩემსითბოშერჩენილ ბალიშს.
  ..მე ვიცი,როცა ძალიან გენდომები, მოვალ, ისევ გავიგნებ გზას შენს სახეზე-რომელსაც შენ ხელებს ააფარებ, მომიმწყვდევ მათში და იტყვი-“გული ყელში მომებჯინა, ახლა შვება იყო ეს ცრემლები”….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები