ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2011


ოთახები


  ოთახი N 1


„ უბრალო გრავიტაციაა სიცოცხლისა და სიკვდილის ურთიერთქმედება “


  იგი სკამზე იჯდა, როცა ოთახის კარი შევაღე. თითქოს არ გაუგია ჩემი მოსვლა, რაღაცნაირი იდუმალი მოწიწებით იჯდა თავდახრილი. ღია სარკმელთან მიედგა სკამი და უჩვეულო ინტერესით დაჰყურებდა თავის ხელებს. სარკმლიდან დინჯი ღამე იმზირებოდა.
სადღაც 16-17 წლის იქნებოდა, მეტის არა. იმდენად მეცნო მისი სახე, რომ წამით ვერც კი გავიხსენე საიდან.
- აქ რას აკეთებ?
მკითხა ისე, რომ არც კი შემობრუნებულა. ხმა უფრო მეტად მეცნაურა, მაგრამ არაფერი მითქვამს საპასუხოდ. იქვე მდგომ სკამს მოვკიდე ხელი და მის სიახლოვეს მივაჩოჩე.
- იცი, ცოდვა ხანდახან იმდენად მსუბუქია სატარებლად, რომ ვერც კი გრძნობ, როდის იკიდებ მას ზურგზე. თუმცა..
  გაყუჩდა. სახე ჩემკენ მოაბრუნა და ისე დაჟინებით ჩამაკვირდა თვალებში, ასე მეგონა, მათში ეძებდა პასუხს.
- ჰო, სიკვდილის წინ ხვდები, რომ რაღაც გაწვება და გჭყლეტს, როგორც უხერხემლო ჭიაყელას და მერე ერთიანად გრძნობ ცოდვების სიმძიმეს.
სიკვდილი ხანდახან სწორედ ამ სიმძიმის მარტივი გამოვლინებაა.
ნელ-ნელა ხმას დაუწია მან და სარკმელში დაიწყო ყურება. ასეთი მზერა მხოლოდ მომლოდინე ადამიანებს აქვთ, რომლებიც განცდილით იმდენად გადაიღალნენ, რომ უმეცარი შემთხვევითობის სჯერათ და მისგან ელიან სიახლის კორიანტელს, რომელიც არსებულ ყოფას მთლიანად გარდაქმნის.
- მახსოვხარ, თიკას სახლში გნახე, რამდენიმე წლის წინ.
საოცარი სიზუსტით აღმიდგა ჩემი მეგობრის დაბადების დღე, როცა იგი სევდიანი მდუმარებით სვამდა ღვინოს და ხანდახან ისე უცნაურად გადაკვეთდა ხოლმე ჩემს მზერას, თითქოს იცოდა წლების შემდეგ ამ შეხვედრის ამბავი.
კუპრისფერი, ღრმად ჩამჯდარი თვალები ჰქონდა. მახსოვს, მაშინ გამეფიქრა, ბევრი ტკივილი შეხვდება ამ თვალებს ცხოვრებაში-თქო.
გულდასაწყვეტია რომ იშვიათად ვცდები.
- იმ ღამით ბევრი არ მიფიქრია. უბრალოდ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე. თუმცა კი შემეძლო სადღაც გავქცეულიყავი.
თითქოს არც გაუგონია ჩემი ნათქვამი. ისევ სარკმელში იყურებოდა, სადღაც.. უსასრულობისთვის მიეპყრო მზერა.
- იბადებიან იმისთვის, რათა მოკვდნენ და კვდებიან, რადგან დაბადება ავიწყდებათ.
- ეგ როგორ?
- აი, ასე.. ავიწყდებათ რისთვის დაიბადნენ და ფრთახატულა პეპელასავით მისდევენ სიკვდილის წერას.
გაოცებული ვუყურებდი. საერთოდ არ შეესაბამებოდა მისი აზრები მის ასაკს.
ამ უცნაურობას ოთახის მისტიკურობაც დაემატა და ავწრიალდი.
პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ მოვხვდი აქ? გონების დაძაბვა დამჭირდა გასახსენებლად, თუმცა შეგრძნებების გარდა ვერაფერი გავიხსენე.
- აქ შემთხვევით არ ხვდებიან. მითხარი, რა გინდა აქ?
ჩემს ფიქრებს გამოყვა თითქოს. მკვეთრად გავხედე და ვიგრძენი, როგორ ამიტანა სიცივემ. კიდურები ერთიანად გამეყინა და თითები გადავაჭდე ერთმანეთს.
- მცივა.. შენ არ გცივა?
ვუყურებდი მის თხელ მაისურს და მის მაგივრად მიტანდა კანკალი.
- აქ უსასრულობაა. დრო არ არსებობს და სანამ შენ მისი არსებობის გჯერა, მანამდე იბატონებს ის შენზე. უნდა მოკლა საკუთარი წარმოდგენები, რომ საკუთარ თავს აჯობო. გესმის? ეს თამაშია არა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, არამედ შენსა და შენს შინაგანს შორის.
- ვინ დაადგინა ეს?
- ვერავინ ადგენს მას, ზუსტად ამიტომაც ვერ კლავენ დროს.
- მითხარი, აქედან როგორ გავიდე...
უკვე უსიამოვნო განცდა მეუფლებოდა. სკამზე მიმალურსმეს თითქოს, ფეხებიც დამბუჟებოდა. იქვე მდგარი მაგიდისკენ გავიშვირე ხელი, რომ მასზე მდგომი წყლით სავსე ბოთლი ამეღო, მაგრამ ვერაფრით მივწვდი. მხოლოდ ფრთხილად წავკარი ხელი მაგიდის კიდეს და ბოთლი გადმოვაყირავე. იგი ძირს დაეცა, თუმცა გასაოცარი ის იყო, რომ წყლის ერთი წვეთიც კი არ დაღვრილა. მას ჩაეღიმა.
- აქ გრავიტაციაა, ჭურჭელი მასში ჩაღვრილ სითხეს ინარჩუნებს.
შიშმა ჭიანჭველებივით დამირბინა სხეულში.
- ისევე, როგორც შენს სულსა და სხეულს შორისაა მიზიდულობა.
და ისეთი თვალებით გამომხედა, მეგონა სიცარიელეს უყურებდა ჩემს მიღმა. მძიმედ წამოვმართე დამძიმებული კიდურები და უკუსვლით კარისკენ წავედი. არ განძრეულა, მხოლოდ ხმადაბლა დაამთქნარა.
- აქ უმიზეზოდ არ ხვდებიან, ყველა საკუთარი ცოდვების ქვეშ იჭყლიტება.
და რაც უფრო მეტია ისინი, მით მალე მოეღება ბოლო სხეულს.
არაფერი ვუპასუხე, მდუმარედ გავუჩინარდი კარს მიღმა.




ოთახი N 2


  „ სიმახინჯე ისეთი საუნჯეა, რომელსაც მხოლოდ ჭკვიანები აფასებენ, რეგვენები კი სილამაზეში ცვლიან მას “



  დათრგუნული შევვარდი მეორე ოთახში იმის იმედად, რომ იქ მაინც ვიპოვნიდი სიმშვიდეს. მგონი არც შევმცდარვარ. ინტერიერი სიბნელეში ჩაძირულიყო, თუმცა ეს გაფანტული ბნელი სულაც არ მიფორიაქებდა სულს.
- როგორ მოხვდი აქ?
თითქოს არსაიდან ამოისვეტა ჩემს ზურგსუკან ტანმორჩილი კაცუნა.
თუმცა კარგად თუ დააკვირდებოდით არც იმდენად პატარა ჩანდა. უბრალოდ სიგამხდრისგან კიდურები მოხროდა და თითქოს განგებ წელში გამართვაც კი არ სურდა. სახეზე თხელი წვერი მოუჩანდა და თვალები ისეთი აღტაცებით ჰქონდა სავსე, რომ მალი-მალ აფახურებდა წამწამებს. არ ვიცი, ჩემმა იქ ყოფნამ იმოქმედა მასზე ასე თუ მანამდეც ასეთი უჩვეულო იერის გახლდათ. ტანთ კუბოკრული პერანგი ეცვა, რომელიც უსწორმასწოროდ ჩამოშლოდა ხაკისფერ შარვალზე. ფეხზე მაღალყელიანი ბოტები ეცვა. იფიქრებდით, ეს-ესაა ტყიდან გამოვარდაო.
- რატომ ხარ ჩუმად? მიპასუხე!
მკითხა ნერვიული ტონით და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
- რა უცნაური ვინმე ხარ.
აღმომხდა გაოცებისგან და ეგრევე ვინანე, რადგან მომენტალურად ჩაუქრა აღტაცება და სახეზე ბინდისფერმა გადაურბინა. სასწრაფოდ ზურგი შემაქცია და ლოგინისკენ წავიდა. არც კი ვიცი რამდენად ეთქმოდა ამას ლოგინი, რკინის უგვანო საწოლს უფრო ჰგავდა, ზემოდან გადაფარებული დაძონძილი პლედით.
- მაპატიე, არ მინდოდა შენი წყენინება...
საკუთარი შეცდომის გამოსწორებას შევეცადე და მის ნაბიჯებს მივყევი. იგი უცებ შედგა და ისე სწრაფად მოტრიალდა ჩემკენ, რომ ლამის წამაქცია.
- არასოდეს იმსჯელო საგანზე მისი სამშვენისით!
მომიგდო უხეშად და გაფართოებულ თვალებში უსაშველო ტკივილი ჩაუდგა.
- სულს არშიად დასტანებია სხეული და თქვენ, უმეცარნო! მხოლოდ არშიებს-ღა შეჰყურებთ..
ბუტბუტი დაიწყო მან, თან ზურგი მაქცია და ლოგინის გასწორებას შეუდგა, თუმცა არც არაფერი იყო მოსაწესრიგებელი.
- ხომ ვამბობ, არ არსებობს ეს დასაწვავად მოგონილი სიბრალული.
- როგორ არა. მაშინ, რა უნდა ვუწოდოთ იმას, როცა ერთი ადამიანი მეორე ადამიანის ტკივილს განიცდის?
პროტესტის გრძნობამ მომიცვა და თამამად შევეპასუხე. იგი ყურადღებას არ მაქცევდა, თითქოს არც გაუგონია ბოლომდე და რიგიანად ჩემი ნათქვამი, რომ უცებვე დამიბრუნა პასუხი.
- ადამიანებს საკუთარი თავი სტკივათ, როცა სხვის უბედურებას ისმენენ. წარმოიდგენენ ხოლმე საკუთარ ტყავზე ამ ყველაფერს და ეს სტკივათ სწორედაც. ტკივილის გადმომისამართებაა საკუთარ თავზე ეს შენი სიბრალული და მეტი არაფერი. ან ეს სუდარასავით აფარებული დარდიანი ნიღბები რა უბედურებაა ამ გასვენებებზე. ისინი საკუთარი სიკვდილის რეპეტიციას გადიან და ამას განიცდიან. ხოლო ქელეხი არაფერია თუ არა ხორხოცი იმაზე, რომ სხვა მოკვდა და არა შენ!
  წამით არ გაჩერებულა. პლედს გამალებით ასწორებდა, კუთხეებს უსინჯავდა და თან პათეტიკით ამყრალებდა ყოფას.
- შემაძრწუნებელ რამეს ამბობ.. ესე იგი, ადამიანები ასეთი მახინჯები ვართ?
უცებ გაჩერდა. ჩაიცინა თავისთვის, ეტყობა ეამა კიდეც ჩემი შეკითხვა. ნელა მოტრიალდა ჩემკენ და ძალიან დინჯი მზერა მომაპყრო.
- აბა, შენ რა გეგონა, სიმახინჯე თვალით აღქმადი იყო?
გავჩუმდი.. ანდაც რა უნდა მეთქვა.
ჩემ წინ ჯუჯა კაცი იდგა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზემოდან დამყურებდა.
რა სასაცილოა რეალობა, რა კუთხითაც არ უნდა დაატრიალო მუდამ სხვადასხვა მხარეს იღებს.
- წადი ახლა აქედან, თავიდან მომწყდი.
- რატომ მაგდებ? მინდა კიდევ მოგისმინო.
- ყველაფერი სქემასავით გათვლილია და ნუ მოინდომე ნაბიჯების გადადგმა წლების საზომით.
- როგორ?
ბოლომდე ვერ გავიგე რა იგულისხმა ამ ჩია კაცმა.
- მომწყდი-მეთქი თავიდან!
დამიცაცხანა და ისე დამიბრიალა თვალები, შიშისაგან მომეჩვენა, რომ მათში ცეცხლის ენები აგიზგიზდნენ.
მკვირცხლად მოვტრიალდი და კარისკენ გავიქეცი.
იგი დაკეტილი დამხვდა და უმწეოდ დავეჯაჯგურე სახელურს. ისევ მომესმა ის ნასიამოვნები ჩაცინება და მისი ხმაც მომწვდა.
- იჩქარო პრობლემის გადალახვა, ეს იგივეა, რაც გადააბიჯო ავ ძაღლს იმის იმედით, რომ ის არ აგედევნება.
უცებ ისევ მომინდა ჯუჯას ხილვა და სწრაფად შევტრიალდი მისკენ. იგი სარკეში იყურებოდა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სარკეში დავინახე მისი ანარეკლი. იქიდან გასაოცარი სილამაზის ჭაბუკი იმზირებოდა.
მივხვდი, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავედი.
მივხვდი არა, უფრო ვიგრძენი.
კარში რაღაც გატკაცუნდა და გამოიღო. ისევ უხმოდ დავტოვე ოთახი.





ოთახი N 3


„ შენ მხოლოდ შენ გაჯობებს “




  ყველაზე მეტად მაინც ის მაოცებს, რომ დერეფანი ვერაფრით ვიხილე და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოთახიდან ოთახში გავდივარ.
  და აი, პირველივე ნაბიჯზე ვიგრძენი გუაშის სუნი. მივხვდი, რომ წინ საინტერესო არსებასთან შეხვედრა მელოდა. იგი მოლბერტთან იდგა, მე მხოლოდ მისი ზურგის ხილვა მოვახერხე. განიერი მხრები ჰქონდა და ისეთი სითამამით გაჯგიმულიყო ნახატის წინ, იფიქრებდით, ღმერთს უტოლებს თავს და თავისსავე ქმნილებებს სამყაროს ადარებსო.
- შეჩერდი მანდ!
მომესმა მისი ცივი ხმა და ადგილს შევეყინე. ნეტავ, როგორ გაიგო ჩემი მოსვლა?
- რატომ მოხვედი?
დამეკითხა შეცვლილი, უფრო მეტად დამთბარი ხმით. საშინლად ნაცნობია მისი სხეულის კონტურები და ხმა.. ეს ხმა ხშირად მომისმენია სიმშვიდის ჟამს. ჰო, რაღაც განუზომელ სიმშვიდესთან მიასოცირდებოდა ეს ბგერები.
შეუცნობლად გადავდგი მისკენ ნაბიჯი. ფრთხილად ვუახლოვდებოდი, მას კი ხელში გაშეშებოდა ფუნჯი.
ნახატიდან ახალგაზრდა კაცის სახე მოსჩანდა. მეტად აბსტრაქტული მეჩვენა ნაკვთები და მეტიც კი, ასე მეგონა ამ კაცს ორი ადამიანის სხვადასხვა სახე ჰქონდა აღებული. თვალები კი.. ასე მჭიდროდ გადახლართული სიკეთე და ბოროტება არსად მინახავს. ამ ორის ჭიდილი იყო ასახული მის სახეზე.
საშინლად მომინდა ამ მხატვრის მზერა დამეჭირა. ზურგზე მსუბუქად შევახე ხელები. იგი შეკრთა და ისე მაქცია ზურგი, რომ არც კი გამოუხედავს ჩემკენ.
- შემომხედე..
მუდარა გამიკრთა ხმაში და ვიგრძენი, როგორ ჩაიძირა ოთახის მდუმარება ცრემლების ბურუსში. ვტიროდი.. უხმოდ, რაღაცნაირი დანანებით.
- ბედისწერა ჩვენი არჩევანის შედეგია. ესაა ჩემი ბედისწერა.
თქვა მან და ხელებით მოხაზა ოთახის სივრცე.
დახეული ფარდების მიღმა მოსჩანდა ღამე და შორიდან მოისმოდა მგლის ყმუილი. სად ვარ, კი მაგრამ? - ისევ გამიჩნდა ეს კითხვა, თუმცა მალევე უკუვაგდე იგი.
- მე იმდენჯერ მოვკვდი, რომ ბოლოს მართლაც დავიჯერე ეს.
მითხრა მან და პირდაპირ იატაკზე ჩამოჯდა. მისი სახის დანახვას შევეცადე, თუმცა უშედეგოდ, თავი ხელისგულებში ჩარგო და გაირინდა.
- შენ ქმნი ორსახიან არსებებს, რომლებიც საკუთარი გახლეჩილობის გამო იტანჯებიან და იმას კი არ აღიარებ, რომ თითოეულ ნახატზე თავად შენ ხარ გამოსახული.
ვერც კი ვხვდებოდი საიდან მოდიოდა ეს სიტყვები, მაგრამ ვერაფრით ვჩერდებოდი. რაღაც ლაპარაკობდა ჩემს მაგივრად თითქოს.
- შენ ლაბირინთში ხარ, სადაც იცი, რომ საკუთარ თავს უნდა გადააწყდე და ამიტომაც მონდომებით ცდილობ დამალვას. აღელვებული კედლებს აწყდები და ის კი არ იცი, რომ შენი თავი უფრო მეტად გაგირბის და ცდილობს თავი დააღწიოს შენს შიშს მისდამი.
- ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მას ვემალები, როგორ არ გესმის!
იღრიალა ბოლო ხმაზე და ერთიანად აკანკალდა.
გულში რაღაც ჩამწყდა.. მივუახლოვდი და ფრთხილად შევახე თმაზე ხელი. თრთოლვას უკლო, თითქოს სხეული უფრო ახლოს მოსწია ჩემკენ.
ანგარიშმიუცემლად ვეფერებოდი თმაზე და საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი.
- ჩემი თავის მეშინია შენთან მიმართებაში..
- ჩუ.. ყველა შიშის ტოლია ჩემი სიყვარული და მაინც ვერაფრით გშორდები.
ვუპასუხე მე და გავოგნდი.. პატარა ბავშვის ხმა მქონდა. ხელებზე დავიხედე სასწრაფოდ და შესამჩნევად გავფითრდი. წლები სამოსივით გამეხადა და ბავშვად ვქცეულიყავი.
ამის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ კითხვები აფუთფუთდნენ თავში, - რატომ ვახსენე სიყვარული? რა უცნაური გრძნობა მაქვს ამ ბიჭის მიმართ. ისეთი ახლობელი და ამასთანავე შორეული განცდა მეუფლება, რომ დაბნეულობისგან უფრო მეტად ვცდილობ მის ჩახუტებას, რადგან მგონია, რომ მისი სურნელი გამახსენებს ყველაფერს.
- ჩემიანი ხარ.. ჩემი ხარ..
უსიტყვოდ ვგრძნობ მის ნათქვამს. თითქოს არ ლაპარაკობს და მაინც მესმის მისი აზრები. სხეულის კონტურებს ვარღვევთ, მგონია და ერთმანეთში მიმოვიცვლებით.
- მე არსად წავალ.. არასოდეს მიგატოვებ.. გესმის? არასოდეს..
რა საოცარი განცდაა, როცა შენი გული სხვაში პულსირებს და ამას ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სხეულში გამომწყვდეულ მის სიცოცხლეს.
- არ მინდა აქ დარჩე, აქ ყველაფერი ხრწნადია.
მითხრა მოწყვეტით და ბოლოსდაბოლოს გამისწორა მზერა.
ადგილზე გავქვავდი მისი ხავსისფერი თვალების ხილვისგან.
და უცებ, როგორც ნიაღვარი ისე წამლეკავად მომაწვა ჩემი წარსული.
ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ და განვლილი დღეები, როგორც კადრები ისე გაკრთნენ ერთი-მეორეს მიყოლებით. მხოლოდ ერთს ვგრძნობდი, ეს განუზომელი ტკივილი იყო. ტკივილი იმისა, რომ სხვადასხვა სამყაროში აღმოვჩნდით.
- ხომ გითხარი, არასოდეს გაპატიებ თვითმკვლელობას-თქო, ხომ გითხარი!
ისეთი განცდა მქონდა, რომ ზეცის თაღი მოსწყდა უსასრულობას და ზედ დამემხო. აღელვებისგან ტვინში რაღაც მიფეთქავდა, ხელები მიკანკალებდა და მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეღრიალა, დამელეწა გარშემო ყველაფერი და ბოლოს.. სულ ბოლო წამს, ძალაგამოლეული დავცემულიყავი მის წინ. მინდოდა მეთხოვა იმ სამყაროში დაბრუნებულიყო, სადაც ადრე ვიყავით და თუმცა ვიცოდი ეს ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებდა, მაინც ვერ მოვერიე თავს და ძირს დავემხე.
- წადი, სანამ დროა, წადი..
როგორ შეუძლია ასეთი იყოს, როცა ვიცი, რომ ქვეყნად ჩემზე მეტად არავინ ჰყვარებია.
- ნახატებს შეწირე თავი.. ჯერ ყველა მათგანზე შენი სახე გამოსახე და მერე საკუთარსავე სახეებს შეეწირე.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და მის უკან დაბზარულ ღამეს გავხედე.
თენდებოდა უკვე, მგლის ყმუილიც აღარსაიდან ისმოდა.
იგი იდგა, ამჯერად მხრებში მოხრილი და სახე ისე უცნაურად დანაოჭებოდა, იფიქრებდით, ტკივილები ასხმია რკალებადო.
- ბავშვი ცოცხალია და ფსიქოპატი უყვარს, ეს საკმარისია.
თქვა ღიმილით და მომეჩვენა, რომ მის შიგნიდან რაღაცამ დაიწყო ნათება. გარშემო სილუეტად შემოეკრიბა სინათლე და თანდათან სხეული დაუფარა ამ შუქმა.



  არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როგორ მოვხვდი დერეფანში, რომელიც მანამდე არ მეხილა არასოდეს, მაგრამ კარგად მახსოვს, შავი ხვრელი, რომელიც მნთქავდა. როგორც ჭაობში, ისე ვიძირებოდი მასში და გააზრებაც ვერ მოვასწარი მომხდარის, რომ უკვე საკუთარ ლოგინში ვიწექი. თავზე მეგობრები მადგნენ.
უცებ მივხვდი მომხდარს. იცით, არ გამკვირვებია არაფერი, უბრალოდ მივხვდი, რომ ცოტა უფრო მეტად გავიზარდე და დავაფასე ისეთი რაღაცები, რაც აქამდე სათანადო ადგილზე არ მეყენა.
კლინიკური სიკვდილი ეს უბრალო შუქნიშანია ამ ქვეყანასა და სამოთხეს შორის, მთავარია დიდხანს არ შეჩერდე წითელზე.
  სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან და ჩაცმა დავიწყე. მეგობრები გაოცებული შეყურებდნენ ჩემს არაადეკვატურ ქცევას და კითხვის დასმას ვერ მიბედავდნენ.
დაფეთებული გამოვვარდი ქუჩაში..
რომ ვერ მოგისწრო არასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები