ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2012


როცა რეჟისორობს აპათია

რაღაც უმადოა ხასიათი,
არც გრძნობა უნდა, არც ემოცია.
აზრი გულის კართან ასინეთობს,
თითქოს, საფიქრალი შემოსცლია...
აღარც მზე მადგება სისხამ დილას,
აღარც მაისის მსურს მაისობა.
დარდი იჯდა... ახლა დიდ სკამზე დგას,
ოღონდ კი ”თავისი გაისწოროს”...
წვიმა ტანზე კაბად მაცვია და,
წვიმის გუბეები არშიად მაქვს.
წუხილს, თავის მტვრიან-ნაცრიანად,
წვიმა ყველა წვეთში ”აშიარებს”...
წამის წუწუნიღა მაკლდა ვითომ,
(დროსაც რა უდროო დარდები აქვს...)
გარეთ გაზაფხული დამაისობს,
არტებს მართავს წითელ ვარდებიანს...
ყველა მოგონება კარს მომადგა
ხსოვნას შერჩენილი ციტატებით.
ალბათ, შემოვუშვებ ერთ-ორ მათგანს,
ჩემი სიმარტოვის ციტადელში.
მინდა სიზმარივით გავატანო
წყალს ამ უიღბლობის თვე და რიცხვი.
იქნებ, შევიცვალო ავატარი,
ჭრელი კატის ბედი გადავიცვა...
ფიქრებს უჩვეულო პიანო აქვთ,
თუმცა, არ იქნება ქარიშხალი.
თმენა თმებით მხოლოდ იან-ს მოაქვს,
ინი ნაწილებად დაიშალა...
გარეთ ქარ-წვიმების კამათია,
მალე დალაგდება ამინდებიც.
გულში რეჟისორობს აპათია,
ალბათ ხვდები, რატომ არ მინდები...

            18.05.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები