ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2012


ვინ ამომაცლის ზურგიდან ისრებს...

ვინ ამომაცლის ზურგიდან ისრებს...

ვინ ამომაცლის
ზურგიდან ისრებს,
თუმცა მე მათიც
მესმის ძალიან,
კაცი რომელიც
ყოველ წუთს გისწრებს,
განა ადვილი
ასატანია?!

ჩამოაშორე ლექსს
ღორღის მტვერი,
ბევრჯერ გაგძარცვეს,
ბევრი მოგპარეს
და მაინც გიყვარს
უგნური მტერი.
და სიხარულით
გავსებს მოყვარე...

რადგან სხვაგვარად
ამ გულს არ ძალუძს,
მარტივად ხაზავ
ურთულეს რუკებს,
და ლექსად შობილ
ყველა სასწაულს
ჩვეულებრივად
არიგებ უკვე...

ვინ ამომაცლის
ზურგიდან ისრებს,
თუმცა მე მათიც
მესმის ძალიან,
კაცი რომელიც
ყოველ წუთს გისწრებს,
განა ადვილი
ასატანია?


***

ეს გული არა ბერდება,
უფალი ღმერთი გვფარავდეს,
სიცოცხლე მაინც გრძელდება
და გაგრძელდება მარადის...

ტანზე აცვია ფარაჯა,
ღამეს ათენებს სანგარში
და საქართველოს დარაჯობს
ყოველი ლექსის განგაში.

სივრცეს იმედით გავყურებ,
და ვეფერები გზებივით,
ლექსებს ვაზივით გასხლულებს
და ფეხადგმულებს ჯვრებივით...

გზას მიუყვება რითმიანს
სამშობლო მრავალფერება,
აქ ნოეს ენა იციან
თონეებმა და ქვევრებმა...

გადმოიარეს ზღვა, ყურე,
აკურთხეს მიწა ხნულივით
და თორმეტი მთა დამყურებს
თორმეტი მოციქულივით...

ეს გული არა ბერდება,
უფალი ღმერთი გვფარავდეს,
სიცოცხლე მაინც გრძელდება
და გაგრძელდება მარადის...

ზარი პირველი

გამოიღვიძე შვილო... არ გშია?!
სულ თან დამყვება თბილი სიტყვები,
ასე მგონია ისევ ბავშვი ვარ,
და სკოლისაკენ დედას მივყვები...

მასწავლებელი შეკრავს ირაოს,
მართვეს ასწავლის ფრენას არწივი,
და მართვეები საბედნიეროდ
ზეცას ხაზავენ სკოლის ცარცივით...

ვინ იცის საგზლად ვის რას ატანენ,
მე რაც დავტოვე სკოლის კარები,
ხელი ჩავკიდე და თან ვატარებ
მერხს, ჩანთას დაფას და მასწავლებელს...

დრო გადის, მაგრამ საოცარია,
მხარზე ბავშვობის გვაზის ფრინველი,
დაიცათ, რაის ბოლო ზარია,
ყველა ზარია თურმე პირველი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები