| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 11 ნოემბერი, 2012 |
გმირის შექმნა
"ვესროლე ბომბი, მოვკალი მხეცი, მაგრამ ჯალათებს ვერ გავექეცი. დედა, ნუ სტირი! მამა ნუ სტირი! მე მოვაშორე ქვეყანას ჭირი."
ძველი ქალაქური სიმღერიდან
1 დახურული ეტლი გაჩქარებით შეუყვა ბარიატინსკის ქუჩას გოლოვინის მიმართულებით. ციოდა, ცხენების ამონასუნთქი ცხელი ორთქლი ქულებად მიიწევდა ზევით.. იანვრის დილის სუსხი უჭერდა. მეეტლე გაყუჩებულიყო, ქვეშევრდომული გუმანით გრძნობდა ხმის ამოღება არ ღირდა. გენერალი უგუნებოდ ბრძანდებოდა. პეტერბურღიდან საყვედურით სავსე დეპეშებს აგზავნიდნენ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. ვერც სამხედრო მდგომარეობის შემოღებამ უშველა საქმეს. პარტიების აგზნებულ რევოლუციონურ სენს აყოლილი მუშების აზავთება არ ცხრებოდა. თბილისი გაფიცვების ტალღას მოეცვა. ქალაქის ფეხისხმას აყოლილი გლეხობა სულ თავს გასულიყო. ბევრ მაზრაში ხელისუფლების უნიათო წარმომადგენლები გამოეძევებინათ და თავად დაუფლებოდნენ სახაზინო მიწებს.ამ მხრივ არც მთელ იმპერიაში იყო უკეთესი მდგომარეობა. გენერალი ამის მიზეზს უმაღლესი ხელისუფლების უნიათობაში ხედავდა. იმის ნაცვლად, რომ გურიის ექსპედიცია ბოლომდე მიეყვანათ, გენერალი ალიხანოვ-ავარსკი უკან გამოიხმეს ჭირიანი ინტელიგენტების თხოვნით, რომელთაც ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა. შუამავალი კრიმ გირეი კი სამხედროების საქმეს რას გააკეთებდა. ხელმწიფის უსუსური მანიფესტები უფრო აქეზებდა ბრბოს თავხედობას. და საერთოდ, გენერალი ვერ მიმხვდარიყო, რატომ თხოვდნენ სამხედრო შტაბის უფროსს ყაზახებისა და პოლიციის გასაკეთებელ საქმეს. საინჟინრო სამმართველოს შენობის მეორე სართულის ერთერთი ფანჯრის ფარდა ეტლის გამოჩენაზე სწრაფად გაიწია. ეტლი შენობას გაუსწორდა, თუ არა, ანაზდად დაიგრგვინა, რასაც ცხენების განწირული ჭიხვინი დაერთო. ჰაერში კვამლისა და მტვრის ნაკადი აილუფხა. ეტლის ნამსხვრევები შორს გაფანტულიყო. აფეთქების ტალღამ ალექსანდრეს ბაღის წინ ვიღაც სალდათთან მოდავე ლურჯხალათიანი მუშა ძირს დაანარცხა ისე, რომ გაოცებაც ვერ მოესწრო.
2 თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს შეფმა- გენერალმა სესტროლეცკიმ ნერვიულად ააკაკუნა თითები მაგიდაზე და მის წინ მობუზულ პოლიცმაისტერ გლურჯიევს შეხედა: -ტერორისტი ისევ არ მოსულა გონზე? -კონტუზირებულია, თქვენო ბრწყინვალებავ, არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი. -გამორიცხული არ არის, სიმულაციას ეწეოდეს დროის გასაყვანად. -აგრეა, თქვენო ბრწყინვალებავ! -რა საბუთების მოქუჩება შესძელით, ერთი დღეღა დარჩა სამხედროების ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე. თუ დამნაშავე არ ავიყვანეთ, ქალაქს მთაწმინდაზე განლაგებული საარტილერიო ბრიგადა ცეცხლს დაუშენს. ვორონცოვ-დაშკოვის სასახლიდან ყოველ საათში ერთხელ კითხულობენ საქმის ვითარებას. -გასაგებია, თქვენო ბრწყინვალებავ! ყველაფერი დავადგინეთ. ბორჩალოს მაზრიდან არის ცოტახნის წინ ჩამოსული, რკინიგზის სახელოსნოში მუშაობდა. ხარფუხში, შახნაზაროვის დაქირავებულ სახლში უცხოვრია. ბინის ჩხრეკისას ხელნაკეთი ბომბია აღმოჩენილი. ოღონდ სოციალ-დემოკრატებთან მისი კავშირები ჯერჯერობით ვერ დასტურდება. -ჯერჯერობით, არა?- ირონიულად ჩაეკითხა შეფი. -როცა საბუთს ვერ პოულობენ, თავად ქმნიან, გესმით ბატონო პოლიცმეისტერო! -მესმის, თქვენო ბრწყინვალებავ! -მოწმეები ხომ ადასტურებენ? -დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, ჩვენი ხალხია. ერთი სალდათი პირდაპირ ადებს ხელს, საათის წართმევას უპირებდა თურმე ტერორისტულ აქტამდე ათი წუთით ადრე.
სესტროლეცკის ნერვებს უშლიდა ამ კაცის ბრიყვული თავდაჯერება. გამოცდილებით იცოდა, რომ თავდაჯერება სიბრიყვის უეჭველი ნიშანი იყო. -სოციალ-დემოკრატებს პროკლამაციების გაკვრა უკვე მოუსწრიათ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ვაგზალსა და ყველა მთავარ ქუჩას პოლიცია აკონტროლებს. იცით, თუ არა ამის შესახებ?! -ჩვენმა ხალხმა უკვე ჩამოჰხია თითქმის ყველგან. -და თქვენ ეს გგონიათ თქვენი საქმე, ბატონო პოლიცმეისტერო? -დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, ტექსტიც კი ვერ შეუდგენიათ წესიერად.- სხაპასხუპით დასძინა პოლიცმეისტერმა, ეტყობოდა ამ არგუმენტს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. -გიგო ლაზიაშვილის მაგიერ გიგო ლაპიაშვილის დასაცავად მოუწოდებენ ხალხს. -და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს შეცდომაა და არა წინასწარგანზრახული თავდაზღვევა? -დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ!
3 წმ.ანდრიას ქუჩაზე, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტის კონსპირაციულ ბინაზე სამი კაცი მისჯდომოდა ჩამქრალ ბუხარს, რომლის შიდა კედელი საიდუმლო გასასვლელს წარმოადგენდა. -მაშ ფოცხვერი უკვე სამშვიდობოს არის.- თქვა კობამ. -მალე ირანში გადავა.- დასძინა ზაქრო დავითაშვილმა. -ჟანდარმერიას უკვე აუყვანია ვიღაც მუშა, საქმის შეტენვას ლამობენ.- ვასო ლაბაძე შეშფოთებული ჩანდა. კობა ჩაფიქრდა. -ეგ ამბავი სწორედაც ჩვენ გვაძლევს ხელს. ჟანდარმერია გამოძიებას ვერ შეძლებს- დრო აღარ დარჩა. -ჩვენ რაღა უნდა ვიღონოთ?- იკითხა ზაქრომ, ის მიჩვეული იყო, რომ კობა ყოველთვის რაღაც უჩვეულოსა და მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებდა. -სასწრაფოდ სტამბაში უნდა წახვიდე და პროკლამაციის ტექსტი გადასცე მელქუმოვს, დღესვე უნდა გავავრცელოთ! -და რისთვის?- ვერ გაერკვა ზაქრო. -ეს უფრო განამტკიცებს პოლიციის ვერსიას. -მაგრამ ის დამნაშავე ხომ არ არის?- ვასო ვერ მიმხვდარიყო. კობა მშვიდად უსმენდა. -მერედა ვინ არის დამნაშავე- ჩვენი კაცი ხომ არა?- კობამ გამომცდელი მზერა მიაპყრო ვასოს. ახალგაზრდა კაცმა თვალი ვერ გაუსწორა. ადრეც შეუნიშნავს მის მზერაში გამკრთალი სისასტიკე, რომლის ყინულისებრ სიბასრეს ვერც სხვები უძლებდნენ. -ხო მაგრამ უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც არაფერშუაშია და ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ ჩვენს მტრებს. -ეგ ინტელიგენტური სენტიმენტები ჩვენთვის უსარგებლო ბარგია. დიდი საქმისთვის ერთეულები არაფერს ნიშნავს. ისტორიისთვის ეს უბრალო სტატისტიკაა.ისტორიას კი ჩვენ ვქმნით. -და ხალხი? -მასა ამ მსხვერპლს ადვილად ინელებს.რა მნიშვნელობა აქვს გმირის სახელს, მთავარია, ის შევქმნათ, რადგან ხალხს კონკრეტული გმირი ესაჭიროება. -თუ სამხედროებმა ულტიმატუმი აღასრულეს,- ჩაერია ზაქრო, -გამწარებული ხალხი ჩვენსკენ გამოიშვერს თითს. ჟორდანიას ხალხსაც მეტი რა უნდათ. -მერედა როგორ ვაღიაროთ დამნაშავედ ის კაცი?- არ იშლიდა თავისას ვასო.ის ორივეზე ახალგაზრდა იყო და გამოუცდელიც. -ტაქტიკაში არის შემთხვევები, როცა დაზუსტება შეცდომას უდრის. არაფერსაც არ დავადასტურებთ, არც უარვყოფთ, უბრალოდ მოვუწოდებთ ხალხს ამადამ კაცის დასაცავად. ირიბი ნათქვამი ბევრად უკეთ ჭრის. დანარჩენს ხალხის ინსტინქტი თავად გააკეთებს. კობა ქაღალდის სიფრიფანა ნაგლეჯზე ქიმიური ფანქრით რაღაცას გამალებით წერდა: -ამას სასწრაფოდ გაუტან ავლაბარში. თუ კუდი აიკიდე, ნაკუწებად აქციე და გადაყლაპე! ზაქრომ ქაღალდი ჩამოართვა და თვალი გადაავლო. -კობა, აქ გვარი შეცდომით დაგიწერია. -დარწმუნებული ხარ, რომ შემეშალა?- ჩაიცინა კობამ.-ჩვენს საქმეში უკანდახევა ყოველთვის უნდა შეგეძლოს.
4 -არა თქვენი ჭირიმეთ, აბა მაგათ მე სად ავდევ! რა საკადრისია რუსთ ხელმწიფის წინააღმდეგ წინ და უკან სირბილი. ჩვენა გლეხი ხალხი ვართ, ეგეები რა ჩვენი საქმეა... გეტყვით ბატონო, რაზე დაგიმალავთ. იმ დასაწვავ ქუჩაზე ჩემმა ბედისწერამ მიმიყვანა, განა არა გული ცუდს მიგრძნობდა. ცხონებულმა დედაჩემმა იცოდა, თუ გული არ გიშვებს... კი ბატონო, მოკლედ მოგახსენებთ. რატოდა, ერთ სალდათს გადავეკიდე, საათსა ჰყიდდა, სამ მანეთად მოურიგდი. ხოდა ფული კი ჩავუთვალე იმ დალოცვილს , მარამა საათი აღარ მამცა. ამ გაწევ-გამოწევაში ვართ, რო, ის ამბავიც მოხდა. მეტი არაფერი მახსომს. ვისა? ე, მაგ კაცებს არც ვიცნობ და არც მანამდე მინახამს... იმ პირგამტეხ სალდათისა კიდენა ხო მოგახსენეთ. ღმერთმა ხო იცის, ემაგისი არაფერი გამეგება. მაგ ეშმაკის მანქანებას ჩემს ბინაზე რა უნდოდა, თანაცა ლოგინის ქვეშა. ჩემ დღეში ბომბი ხელში არა მჭერია. ცელი და სახრე ბავშვობიდან არ გამიგდია. ობოლი ვიყავ და აბა ისე ვინ ოხერი დამაყენებდა სოფლადა. ე, მაგათ ვერცერთსა ვცნობ. სახელოსნოში მილეთი ხალხია, მე ჩემი საქმე მაქ. იგრე გიყურებენ ოსტატები, თუ მოცდენილი გნახეს, მტერს ისინი საქმეს მოგწევენ. არა თქვენი ჭირიმეთ, ნუ გამრევთ სხვის ცოდვაში, აგრემც ღმერთი შეგეწევათ!
5 ხელშეკრული, ტუსაღის შავ ხალათში გამოწყობილი გიგო ლაზიაშვილი ღია ეტლით მიიყვანეს მოედნამდე, რომელსაც ყაზახების რაზმი შემორტყმოდა და ხალხს ახლოს არ უშვებდა. საგანგებოდ მოწყობილ ფიცარნაგზე მღვდელი, პროკურორი და სხვა ოფიციალური პირები ისხდნენ. იქვე ხუთსაფეხურიანი სახრჩობელა აღემართათ. პროკურორმა დუდღუნით ჩაათავა საბრალდებო დასკვნა. დამნაშავე გულგრილად ისმენდა. თვალგაშტერებული გაიცქირებოდა შორს. მისთვის ყველაფერი უკვე სულერთი გამხდარიყო. ჩანდა ამ ქვეყნისა აღარ იყო. მერე მღვდელმა დაიწყო წირვა რუსულად, რომლისაც დამნაშავეს არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მის წამღერებულ კილოს გამგონეს ცრემლები წასკდა. საფეხურებზე ასვლისას მუხლი მოეკვეთა და ორმა სალდათმა აათრია ეშაფოტზე. ოდესიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა ჯალათმა დინჯად, აუჩქარებლად შეუკრა ხელ-ფეხი და თავზე ტომარა ჩამოაცვა. ის თავის საქმეს გულმოდგინედ ასრულებდა, ჩანდა მისთვის ეს წმიდათაწმიდა რიტუალი იყო.როცა მსხვერპლს ფეხქვეშ სკამი გამოაცალა, ის არცკი შეტოკებულა,ჩანდა უკვე ღვთისთვის მიებარებინა სული.
6 საქ. ცენტრალური აღმასკომის თავმჯდომარეს ამხ. ფილ. მახარაძეს! ვეტერანი რეოლიუციონერის, ყოფილი წითელრაზმელის- სილიბისტრო გვარჯალაძის განცხადება
მოგახსენებთ, რომ 1903 წლიდან ვიმყოფები სოც.დემოკრატიული პარტიის წევრად. (პარტიული მეტსახელი- ფოცხვერი). ვმუშაობდი თავიდან ოზურგეთის, მერე ბათომის და თბილისის მუშების ორგანიზაციებში. ვიყავი „ბაევაია დრუჟინის” წევრი ამხანაგ სტალინის ბრძნული ხელმძღვანელობით. მონაწილეობა მიმიღია სახაზინო ფოსტის ექსპოპრიაციაში, ბანკის გატანაში და ბაქო-თბილისის მატარებლის ოპერაციებში. არჩეული ვიმყოფებოდი ნაძალადევის რესპუბლიკის რევკომის წევრად. ჩემი ხელიდან იყო ლიკვიდირებული 1906 წლის 16 იანვარს ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის მეთაური მტარვალი გენერალი გრიაზნოვი. გთხოვთ, სახეში იქონიოთ ჩემი უანგარო დამსახურება პარტიის წინაშე და მომაკუთვნოთ პერსონალური პენსია.
7 ბარიატინსკის ქუჩაზე, ძველი, ორსართულიანი შენობის კედელთან, ხის გადმობრუნებულ ყუთზე შემდგარი მუშა ძველ აბრას ეჯაჯგურებოდა. თუნუქის ნაჭერი თავის დროზე გულმოდგინედ მიეჭედებინათ და არ ემორჩილებოდა. ბოლოს როგორც იქნა მოაძრო და ხმაურით დააგდო ძირს. ძველის ნაცვლად იმავე ადგილას ახალი აბრა ჩამოჰკიდა ახალი წარწერით. ერთი ეგ იყო, რომ ლაზიაშვილის ქუჩის ნაცვლად ლაპიაშვილი ეწერა.ახალი აბრა ოდნავ პატარა გამოდგა თავის წინამორბედზე და კედელზე თუნუქის გარშემო მოთეთრო ზოლი დარჩა.ეს იყო და ეს. გამვლელთაგან არც აბრის და მითუმეტეს არც ასოს შეცვლა არავის შეუნიშნავს.
2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან საინტერესო ნაწერია, ვთქვი ადრე და ახლაც გავიმეორებ ბევრი რამის ცოდნა გაქვს და წერის სტილ შენებური, ისე იცოდე ბაბუაჩემიც იყო პერსონალური პენსიონერი, არც კაცი მოუკლავს და არც ქრთამი აუღია, მთელი ცხოვრება პატიოსან შრომაში გაატარა, მათ სწამდათ ,რომ სიმართლეს ემსახურებოდნენ! ძალიან საინტერესო ნაწერია, ვთქვი ადრე და ახლაც გავიმეორებ ბევრი რამის ცოდნა გაქვს და წერის სტილ შენებური, ისე იცოდე ბაბუაჩემიც იყო პერსონალური პენსიონერი, არც კაცი მოუკლავს და არც ქრთამი აუღია, მთელი ცხოვრება პატიოსან შრომაში გაატარა, მათ სწამდათ ,რომ სიმართლეს ემსახურებოდნენ!
5. კარგი მოთხრობაა, საინტერესო თემაზე. თხრობაც ისეთია, თავიდანვე გიზიდავს. კარგი მოთხრობაა, საინტერესო თემაზე. თხრობაც ისეთია, თავიდანვე გიზიდავს.
4. რა კარგი ავტორია...55555 მეგონა ეს ამბები, გასულ საუკუნეში კიარა, ახლა ხდებოდა...:( იმიტომ რომ არც არაფერი შეცვლილა დღემდე...ხალხმა არასდროს არ იცის სიმართლე...:(
რა კარგი ავტორია...55555 მეგონა ეს ამბები, გასულ საუკუნეში კიარა, ახლა ხდებოდა...:( იმიტომ რომ არც არაფერი შეცვლილა დღემდე...ხალხმა არასდროს არ იცის სიმართლე...:(
3. "რა მნიშვნელობა აქვს გმირის სახელს, მთავარია, ის შევქმნათ, რადგან ხალხს კონკრეტული გმირი ესაჭიროება"
ისტორიას უყვარს გამეორება!.. ტექსტი საინტერესო, გამართული... ეპოქისა და პრობლემატიკის კარგი ცოდნით!
"რა მნიშვნელობა აქვს გმირის სახელს, მთავარია, ის შევქმნათ, რადგან ხალხს კონკრეტული გმირი ესაჭიროება"
ისტორიას უყვარს გამეორება!.. ტექსტი საინტერესო, გამართული... ეპოქისა და პრობლემატიკის კარგი ცოდნით!
2. შეიძლება ასეც იყო , ჯონატან:) ლიჩელი კი კარაგდ მარწმ უნებს ამაში:) შეიძლება ასეც იყო , ჯონატან:) ლიჩელი კი კარაგდ მარწმ უნებს ამაში:)
1. ცნობილი ფაქტის მშვენიერი ლიტრატურული ვერსია.
"როცა საბუთს ვერ პოულობენ, თავად ქმნიან, გესმით ბატონო პოლიცმეისტერო!"- საუკუნეზე მეტი გავიდა და ისევ ის მეთოდებია... ცნობილი ფაქტის მშვენიერი ლიტრატურული ვერსია.
"როცა საბუთს ვერ პოულობენ, თავად ქმნიან, გესმით ბატონო პოლიცმეისტერო!"- საუკუნეზე მეტი გავიდა და ისევ ის მეთოდებია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|