ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2013


* * *

* * *


ტკივილებს თუ მიიჩვევ,
ისინი მოვლენ სიხარულის დროს
და, როგორც ბავშვები სახლში,
ყვირილით, ხმაურით, დაუკითხავად
და უდროოდაც
შემოცვივდებიან
შენს უმაღლეს მყუდროებაში.

ვინღა გაყრის სახლიდან ბავშვებს?!.

ნუ მიიჩვევ ტკივილებს.

ირბინონ მათ სახლის გარშემო,
თუნდაც ფანჯრები ჩაგიმტვრიონ,
ან ღამეებში გიძახონ დიდხანს,
კარს ნუ გაუღებ,

მხოლოდ ერთხელ დაენახე, რომ
შენმა სახემ შეაშინოთ და
შეზაროთ და
ისევე ისე,
როგორც ბავშვები,
შორს, შორს წავიდნენ ტკივილები
და სხვის ფანჯრებთან
გააგრძელონ ზრდა და
სიცოცხლე.



* * *


რაც გინდოდა და როგორც გინდოდა
რომ ყოფილიყო,
მხოლოდ იმაზე წერე ლექსები.
რათა, ერთხელ მაინც,
შენმა რთულმა და ახირებულმა ცხოვრებამ
თავი დახაროს და მიგახვედროს,
რომ სხვა თუ ვერაფერი,
ესმის შენი
და გითანაგრძნობს.




* * *



გაზაფხულის თბილ საღამოებში
ყოველთვის ერთად იზრდებიან
ვარსკვლავები
და ყვავილები.



* * *



მარტო თუ ცხოვრობ
და არასოდეს
არავინ გიცდის შენს მყუდრო სახლში,
მაინც ნელა და დიდი ხმაურით
გააღე ხოლმე მთავარი კარი,
რომ იმათ - შენი
სახლის კეთილმა
და უცნაურად მშვიდმა სულებმა
მოასწრონ და კვლავ დაიკავონ
ის ადგილები, სადაც უჩინრად
არიან ხოლმე,
რომ მერე, მთელი ღამის მანძილზე,
არ ჭრიალებდეს იატაკი
ყველა ოთახში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს