ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2013


ქუჩაა ტანგო

ქუჩაა ტანგო

ერთი ვარსკვლავი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...

თურმე გზა არის არც ისე შორი,
ქუჩაა ტანგო, აუ, რა ნელი,
და ვცხოვრობ ასე პოეტებს შორის,
ჩემი ლექსივით აუტანელი...

ხვადი მგლებივით არა ვართ მარტო,
ღობე - ყორეებს კლანჭით ვეცემით,
და პოეტებიც ჩვენს ციცქნა ფართობს
შემოვინიშნავთ ხოლმე ლექსებით...

ოდისევსივით არ სძინავს სოფელს,
ვგრძნობ ქალის სურნელს, როგორც სახსოვარს...
ნეტავი მთვარეს - ჩემს პენელოპეს,
ვარსკვლავები ვინ შემოაქსოვა?

ერთი მნათობი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...

ზღაპრის ამარა

დარჩა ქალაქი ზღაპრის ამარა
და ვით მელექსე ან კირითხურო,
თვალებით ვფურცლავ ყველა ფანჯარას
და ლექსებივით ჩუმად ვკითხულობ...

მართობენ გზები ვით ოხუნჯები
და მოჩორკნილი თიხა-კირიდან,
მწვანედ მორთული ჩემი ქუჩების
ერთი მამაცი ზღაპრის გმირი ვარ...

ჩემს გაელვებას ჰქვია ნახტომი,
ძიება ჰქვია ჩემს სიმფონიას,
ფურცლებზე თითის ლაქად დავტოვე
ნაცრის ქექვისას რაც მიპოვნია...

დარჩა ქალაქი ზღაპრის ამარა
და ვით მელექსე ან კირითხურო,
თვალებით ვფურცლავ ყველა ფანჯარას
და ლექსებივით ჩუმად ვკითხულობ...


***
გზა არის უკვე იმდენად ვიწრო,
ვერავის ვუსწრებ, ვერავინ მისწრებს
და ხელებს მტვრიან ჯიბეში ვიწყობ,
როგორც დამსხვრეულ საათის ისრებს...

მუჯლუგუნების წვიმა სადამდე?!
მთელი დილაა და საღამოა
ჯიბიდან ხელებს, როგორც საათებს
ისევ უდაბნოს მტვერი ამოაქვთ...

ლექსს ვტოვებ, როგორც პოეტის ნიშას,
ფეხის ტერფებით ვსინჯავ დაბლობებს
მზეც მიუყვება გამომწვარ ქვიშას,
როგორც დაღლილი მეუდაბნოე...

გზა არის უკვე იმდენად ვიწრო,
ვერავის ვუსწრებ, ვერავინ მისწრებს
და ხელებს მტვრიან ჯიბეში ვიწყობ,
როგორც დამსხვრეულ საათის ისრებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები