ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2013


* * *

* * *


თუ სამყაროში,
სხვა პლანეტებზე
არავინ არის

და ისინი მხოლოდ ჩვენ გამო
არსებობენ ამ ვრცელ კოსმოსში,

მაშინ, მე ვხვდები,
როგორ ვცდებოდი,

როდესაც მხოლოდ უარყოფითად
ვფიქრობდი იმ
ადამიანებზე,
რომლებმაც ჩრდილიც არ დაიტოვეს,
საკუთარი ჩრდილი და სახე...

რომლებმაც თითქოს თავიანთი მთელი სიცოცხლე
მხოლოდ სხვათათვის დახარჯეს და
გაუჩინარდნენ.





* * *


განა ზეცაც აიმღვრევა,
თუ იმ გუბეში შეაბიჯებ,
რომელშიც ვარსკვლავები ირეკლებიან.




* * *



მოგჩვენებია,
თითქოს კარზე აკაკუნებენ,
ან თითქოს მხარზე
ხელი გეხება?!.

აღებ და არავინაა,
მიბრუნდები და - არავინ.

განა ოდესმე ვეღარ შეხვდებით!..

უბრალოდ, საქმე ის არის რომ,
ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს,

თუ ისიც არ დგას ფანჯრებთან და არ ეჩვენება,
რომ მის კარზე ზარს რეკავს ვიღაც,
ან ქუჩაში მიდის და მხარზე
შენი ხელის შეხებას ვერ გრძნობს.




* * *



ხომ თქმულა, რომ ქალი ზღაპრულად
უნდა აცხოვრო.

ვერც ბროლის კოშკი,
ვერც ზღვისპირა და ვრცელი მიწები,
თვალ-მარგალიტი, უკვდავების წყალი, თუ სხვა რამ, -
მე ვერაფრი წამოგიღე იმ ზღაპრებიდან,

გარდა ერთისა; იმედისა,
რომ მარტოობის,
განშორებების, დარდისა და ბრძოლების შემდეგ
(რაც ცხოვრებაშიც და ზღაპრებშიც მუდმივად ხდება),
ვიცხოვრებდით ერთად და დიდხანს,
ბედნიერად,
იქამდე, ვიდრე
ქვეყნის გადაღმა გავიღვიძებდით.




* * *



ვეღარ მიმიხმობს ეს გაზაფხული,
ვერ მომამზადებს გასაფოთლად,
გასახარებლად.

მე უკვე ვიცი შემოდგომის
ნამდვილი გემო;

იდგე შიშველი, ვალმოხდილი
ცასთან, მიწასთან
და ქარებსღა დირიჟორობდე.




* * *



რა მწარე არის,
როცა ხეები იფოთლებიან,
იფარება ბალახით მიწა,
აივნებზე გააქვთ ოთახის
მცენარეები
და თითქოს შენს შპალერზე მყოფი -
დახატული ყვავილებიც კი
ფორმას იცვლიან და იზრდებიან.

შენ კი მდუმარედ დგახარ ფანჯრებთან
და მარადიულ ჭკნობას აგრძელებ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს