ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2013


მარტივად...

მე სულ ყველაფერს გეტყვი მარტივად,
აღარც ტკივილის დათვლას მოვყვები,
შენ ჩემში, ალბათ, ვერასდროს დაგტევ
და თუ ამოხვალ - სულს ამოყვები...

შემომეწება ცხოვრება ტანზე,
როგორც სამოსი წვიმისგან სველი.
არც დასარჩენი არსებობს სადმე
და არც ვინმესთან ვარ მისასვლელი.

გუგუნებს ქარი და ბოღმას ანთხევს,
კიდურებს ურტყამს რკინის სახურავს.
ორპირი მანამ დაფლითავს ფიქრებს,
სანამ სულის კარს ვინმე დახურავს.

ვეღარ ვიკავებ შემართულს - სხეულს,
როგორც ქარიშხალს ვერ იჭერს ფარდა,
ისე კედლებზე მაწყდება სული
და ყველგან უნდა ახლა ჩემ გარდა...

მე ისე ჩუმად გთხოვდი დარჩენას,
რომ ფეხადგმული კანი კიოდა,
სათქმელს თვალებით ვამბობდი, მაგრამ
თვალებს ძახილით ყელი ტკიოდათ...

ახლა ყველაფერს გეტყვი მარტივად,
აღარც ტკივილის დათვლას მოვყვები,
შენ ჩემში, ალბათ, ვერასდროს დაგტევ
და თუ ამოხვალ სულს ამოყვები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები