 | ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა 5 მარტი, 2014 |
-როგორ შეგეძლო, ასე გულგრილად, როგორ?.. კინაღამ მომკლეს, შენ კი... - ბუტბუტებდა ნია. - ვიცი, ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, ჩემს თავს თვითონ ვერ ვიტან, ცუდი „პალასა“ მქონდა, მაგრამ, შენ ჩემი სუფთა ჰაერი ხარ, უშენოდ არ შემიძლია, რომ არ მეგონა, ისე მიყვარხარ!!! - ამბობდა ზურა, მხურვალედ უკოცნიდა აცრემლებულ თვალებს, სახეს, ხელებს და გულში იხუტებდა. ნიასთვისაც ჰაერი იყო ზურა, ციბულსკის ხიბლით და სპეც.ეფექტებით, ოღონდ, ფილტვების დამხეთქი!!! მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდა თოვლზე ვარდები... ისევ დაიკარგა ზურა... ნიამ ტელეფონზე დარეკა, ქალმა უპასუხა, - ზურა მივლინებაშია, ვინ კითხულობსო? ნიას არაფერი უთქვამს, ისე დაკიდა ყურმილი. იმავე საღამოს, ავტობუსით მგზავრობისას ქუჩაში ზურა დაინახა, ვიღაც ორ კაცთან ერთად, რაღაცაზე კამათობდნენ... არც ჩემთან ჩნდება და ოჯახსაც ატყუებს- გაიფიქრა ნიამ. სახლში მისულმა დედას ჰკითხა, ხომ არავის დაურეკავსო, -ვისაც შენ ელოდები, იმას არა!- უპასუხა ქეთევანმა და ნიას ღაპა-ღუპით წასკდა ცრემლები. -ისევ აორთქლდა, არა, არ ვუყვარვარ, კატა-თაგვობანას მეთამაშება, აღარ შემიძლია ასე გაურკვევლობაში ყოფნა! - ლუღლუღებდა ნია. - დედა, შენხელა რომ ვიყო, მეც შემიყვარდებოდა ზურა, მაგრამ, ცოლად რომც გაჰყვე, სისხლს გაგიშრობს, კვირაში ცხრა პარასკევი აქვს და თვითონაც არ იცის, რა უნდა, კარგად ვიცნობ ასეთ სუმბურულ ტიპებს, მასთან ურთიერთობა ტკივილის მეტს არაფერს მოგიტანს, იქნებ, როგორმე მოერიო შენს თავსო! - არიგებდა ქეთევანი. ნიას დედასთან გახსნილი ურთიერთობა ჰქონდა, არაფერს უმალავდა, ეს ქეთევანის დამსახურებაც იყო. - გახსოვდეს, შვილო, დედაზე უკეთესი მეგობარი არავინ არის, რაც არ უნდა მოხდეს, ნუ დამიმალავ, მხოლოდ სიკვდილს არ ეშველება, თორემ დანარჩენი ყველაფერი მოგვარდებაო! ნია კი არა და, ნიას დაქალებიც ესაიდუმლოებოდნენ ქალბატონ ქეთევანს. დედის ნათქვამი „სანთებელა“ ჩაებეჭდა ნიას გონებას. რაღაც ჭორსაც მოჰკრა ყური, ზურა დიდი „კარტოჟნიკიაო“... სიგარეტის მოწევაც დაიწყო... ფიქრის კვადრატის ყველა კუთხეში ზურა იდგა...რადაც არ უნდა დასჯდომოდა უნდა აეკრიბა ბრინჯის მარცვლებივით დაბნეული საკუთარი თავი... ერთ ბიჭს მეცხრე კლასიდან უყვარდა, სანდრო ერქვა, 2 წლით უფროსი იყო ნიაზე, მორიდებული და სიტყვაძვირი „გეპეი“-ს სტუდენტი. ზურას გამოჩენის შემდეგ ვის სცხელოდა მისთვის... ბიჭი შიგადაშიგ მაინც ურეკავდა, უფრო დღესასწაულებზე. მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს. ბიჭმა გამოაცილა. მეორე დღეს უნივერსიტეტთან დახვდა, მერე თეატრის ბილეთებით მიაკითხა. ანშლაგით გადიოდა შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“. მხოლოდ ეს სპექტაკლი არ ჰქონდა ზურასთან ერთად ნანახი... ნია წაყვა. ბიჭი ყოველ საღამოს აკითხავდა. ზურასთან რას მოვიდოდა, მაგრამ, ყოველდღიურმა ყურადღებამ მაინც თავისი ქნა... გაურკვეველ ნისლოვანებაში გამქრალი ზურასგან ისევ არაფერი ისმოდა... ერთი თვის თავზე სანდრომ მთელი წესისა და რიგის დაცვით სთხოვა ხელი და ნიაც დათანხმდა. ნიას მამას მოსწონდა სასიძო - ეტყობა, რომ ოჯახშია აღზრდილი, წესიერი ბიჭი ჩანს, ტრადიციასაც პატივს ცემს, აბა, ჩემი მეგობრის ქალიშვილი, ისე გაიპარა, არავის არაფერი ჰკითხაო... ნია კი ისეთ ჭკუაზე იყო, სიმშვიდის განსახიერება სანდროს კი არა, ეშმაკს გაჰყვებოდა მოუსვლელში... ასე „ფართოდ თვალდახუჭული“ თხოვდებოდა ნია... ნიშნობამ ვიწრო ოჯახურ გარემოში ჩაიარა და ქორწილის დღეც დაინიშნა! ლექციების მერე უკვე ოფიციალური საქმრო აცილებდა. ერთ საღამოს, ხელზე ბეჭედწამოცმულ ნიას სახლში ზურა დახვდა. კიდევ კარგი, ამ დროს მამა რომ არ იყო... ქალბატონი ქეთევანი მღელვარების დასაფარად მარაოს ინიავებდა, ზურა კი ეხვეწებოდა, გადააფიქრებინეთ თქვენს ქალიშვილს ეს სისულელე, თქვენც ხომ იცით, „ის“ რომ არ უყვარს და მასთან ბედნიერი არასდროს იქნებაო!.. ნიამ ამ საუბარს ჰოლიდან მოკრა ყური, ვითომ გულგრილი სახით შეაღო სასტუმრო ოთახის კარი და შენ აქ რა გინდაო! - ოფიციალური ტონით იკითხა. ზურამ თვითმფრინავის ორი ბილეთი ამოიღო ჯიბიდან, მე და შენ საქორწინო მოგზაურობაში მივფრინავთ ტალინში, ხომ აგისრულე ოცნება, ჰოდა, მიუბრუნე ეგ ბეჭედი იმას და ჩაალაგე ჩემოდანიო! -ეს ისეთი ხმით თქვა, რომ მონუსხულმა ქეთევანმა კინაღამ მართლა დაიწყო ტანსაცმლის ჩალაგება... სადღაც, გულის სიღრმიდან ნიას თვალებისკენ მლაშე ტბა დაიძრა... მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილის თვალში ზურას უარყოფითი პორტრეტის შემქმნელი თვითონ იყო, მაინც, ის უფრო მოსწონდა სასიძოდ, მაგრამ ტრადიციული ქართული ოჯახის დედა როგორ იკადრებდა სხვაზე დანიშნული შვილისთვის ზურას გაყევიო -ეთქვა, არადა, ორ ცეცხლშუა კი იყო... წადი, ზურა! - ისეთი სახით თქვა ნიამ, რომ დედამ თვალებზე ხელები აიფარა, ზურამ ნიას თვალწინ დახია ბილეთები, იმასთან ბედნიერი არასდროს იქნებიო! - თქვა და დამდუღრული გავარდა... მერე იყო წლინახევრიანი ქორწინება, ტრადიციული რძალდედამთილიანა, დედიკოს ბიჭი ქმარი, (რომლისთვისაც დედა ერთია და ცოლი მრავალი!!!), შეუღლებამდე შენიღბული კომპლექსების გადმოფრქვევა, ცოლი სად გაიქცევას ამბავში, ნიას ინტელექტით გაღიზიანებაც, რადგან კაცი უჭკუობას უფრო გპატიებს, ვიდრე ჭკუას (თუმცა, ჭკუა რომ ჰქონოდა, ამას ხომ არ გაჰყვებოდა...) და არაფერი საერთო, გარდა პატარა ეკატერინესი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნიას. მამის სახლში არყოფნამ სისტემატური ხასიათი მიიღო. ნია გრძნობდა, რომ დედა რაღაცას უმალავდა... მეხსიერებაში ის კადრიც ამოტივტივდა დაქალის კორპუსთან რომ ნახა მამის მანქანა. იმ ღამეს გვიან მოსულმა - გოგის ნანადირევი მოართვა სიძემ და ბიჭებმა მაგრად ვიქეიფეთო... ნია მიხვდა, სადაც „ნადირობდა“ მამა... ძია გოგი სულ სხვა უბანში ცხოვრობდა... დანამდვილებით არ იცოდა, მაგრამ (შვილებს რას გამოაპარებ), ნია გრძნობდა, მამას სხვა ქალი რომ ჰყავდა, სულ რაღაცას იმიზეზებდა, დედა რომ არ წაეყვანა სტუმრად, არა და, მეტად ხშირი „სტუმრობა“ ჰქონდა... ნიას გაყრაზე ქვეყანა დააქცია, - ოჯახი თუ შექმენი, კეთილი ინებე, რაღაცაზე თვალი დახუჭე და კიდეც მოითმინეო! თვალდახუჭულ გათხოვებას თვალის ახელაც მოჰყვა, მით უფრო, როცა დედამთილმა თავიდანვე გამოუცხადა, დაიმახსოვრე, სანდროსთვის ყოველთვის ჯერ მე ვიქნები და მერე შენო! ჰოდა, დატოვა კიდეც დედის კალთაში... ნიას გაყრისთანავე ზურას ისევ ჰქონდა მისი დაბრუნების მცდელობა და არც თუ უშედეგოდ... ამას უკვე ქალისა და კაცის სავსე ურთიერთობა ერქვა. დაქალებული ნია ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე 18 წლის გოგო. ნიასაც ჰქონდა ბავშვობის დროინდელი კომპლექსები, მიუხედავად იმისა, რომ ტანფეხიც ლამაზი ჰქონდა და სახეც, სულ უკმაყოფილო იყო თავისი გარეგნობით. ზურამ ეს კომპლექსი თანდათან მოუხსნა, შენ ყველაზე მშვენიერი, სექსუალური, და „ყველაზე ქალი“ ხარო! -ეს აზრი კოდალასავით ჩაუჭედა ტვინში... ჰო, ქალს, ისევე როგორც კაცს, ჰაერივით ჭირდება მისი სიკარგის დამნახავიც და დასტურის მომცემიც! და რაც ყველაზე მთავარი იყო, ზურა საკუთარი სხეულის ფლობას ასწავლიდა... სიტყვა სექსს ნაკლებად ხმარობდა, „Заимёмса любовью“-ს ხშირად. ნიას შიშველ ტანზე საკუთარ პერანგს მოაცმევდა, საწოლზე ფეხმორთხმით დაისვამდა და იწყებოდა სექსის „მამის“ გაკვეთილები: - სექსი აუდიო-ვიზუალური ხელოვნებაა, რომლის დაუფლება ყველას არ შეუძლია, იმიტომ რომ, ბევრმა არ იცის, რა „ხილია“, უსმინე შენს სხეულს და შეუსრულე, რასაც გთხოვს, ნუ გცხვენია მისი! - ამას ისეთი ხმით ამბობდა, რომ ნიას ვნებების ჯინი საცობიანად ვარდებოდა სხეულის „ბოთლიდან“... თურმე, რა საოცარი ფერი, გემო და სურნელი ჰქონია სიყვარულს... ზურა ნელ-ნელა უღებდა ამ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროს კარს, საკენკივით უყრიდა საინტერესო აზრებს რჩეული ნაწარმოებებიდან, კლასიკად ქცეული ფილმის სიუჟეტს ისე უყვებოდა, თითქოს ნია იჯდა იმ კინოდარბაზში, იშვიათი მთხრობელი იყო ზურა... ნია ყოჩაღი მოსწავლესავით მოძებნიდა სწორედ იმ წიგნს, მთელ ღამეს გაათენებდა, საჭირო დროს წაკითხულით რომ მოეწონებინა თავი, ცდილობდა ზურასთვის „გაზრდა“ დაემტკიცებინა. ახალ ფილმსა და სპექტაკლზე სულ ერთად დადიოდნენ, მერე იწყებოდა ფილმებიდან ციტატებით დიალოგი. ნიას ლექსიკაში ზურას ფრაზეოლოგია გაჩნდა... ფიზიკოს-ლირიკოსი სულ გარკვეულ თამასას უწესებდა, ისიც „თითის წვერებზე“ მიიწევდა ზურას სიმაღლისკენ... საკუთარ თავში ნიას ყველა დაეჭვებაზე ზურა მრავალწერტილით კი არა, ძახილის ნიშნით პასუხობდა... ნია ზურას გალათეა იყო და შექმნა კიდეც ისეთი, მერე რომ ვერასდროს მოინელა... 7 წელი გაგრძელდა ნიასა და ზურას სიყვარული, თავისი ანთებით, ჩაქრობით, მცირე ხნიანი განშორებებით და თავდავიწყებული ერთად ყოფნით. ზურას სამეგობროც სიყვარულით ექცეოდა ნიას, ზურას ბარტყს ეძახდნენ. მის ერთ-ერთ მეგობართან წვეულებაზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, მასპინძლის ნათესავმა, ერთმა მოძველბიჭო ელემენტმა, რატომღაც ნიას დაადგა თვალი, - ვიცეკვოთო, ნიამ უარი უთხრა და - რა თავს იფასებ, შე ჩემაო! - წამოისროლა ხმამაღლა. ზურამ - ბიჭო, რაღაც მაგრად გეშლება და აზრზე მოდიო! იმან - აჩკარიკ, შენ რა ჭკუას მასწავლიო და თავისზე მაღალიც და მოსულიც ზურამ თვალის დახამხამებაში გაათრია სადარბაზოში. ფერდაკარგულ ნიას მეგობრის ცოლმა დაუწყო დამშვიდება, თუმცა, დამშვიდებაზე უფრო ქალურ წაკბენას ჰგავდა, - ასეა, ჩემო კარგო, აბა, ცოლს კი ვერავინ გაუბედავს ასეთ რამეს, საყვარლის სტატუსი სრული ხელშეუხებლობით არ სარგებლობს ჩვენს ქალაქშიო... ცოტა ხანში ზურა ჩალურჯებული თვალით და სათვალედამტვრეული დაბრუნდა. უსათვალოდ რაღაცნაირი უმწეო გამომეტყველება ჰქონდა, სათვალით - მტაცებლის... ეს ორსახოვნება აგიჭებდა ნიას... იმ ღამეს ზურასთან დარჩა,ზურას მშობლები ქალაქგარეთ იყვნენ. საოცარი ღამე ჰქონდათ, ასეთი არასდროს ყოფილა ნია... - ნეტა, შენი თავი მანახა ერთი 10 წლის შემდეგ, 30-35 წლის ასაკში, ალბათ, ისეთი ქალი იქნები, თავიდან მომიწევს შენი შებმა, „ТАК ДЕРЖАТЬ, НЕ ТЕРЯЙ ВЫСОТУ“-ო!!! - არავინ იცის, ვინ, სად და როგორ, „მერემ“ თქვას მერესი, სიმაღლის შიში კი მგონი, დავძლიეო, - მშვიდად უპასუხა ნიამ. ზურასთვის ეს რაღაც ახალი იყო, თავდაჯერებული ნია!.. მართალია, საკუთარი თავის რწმენას თვითონ უნერგავდა, მაგრამ, რაღაცამ მაინც გააღიზიანა, უფრო ალბათ იმან, ნია არასდროს რომ არ დაინტერესებულა თავისი „სტატუსით“, ერთხელაც არ დაუსვამს კითხვა - რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობასო... ჭირვეული მარტი იდგა გარეთ, ცრიდა. ძილი არ ეკარებოდა ნიას, იჯდა და ჩაძინებულ ზურას ისე უყურებდა, თითქოს უკანასკნელად ხედავდა... ბერძნულ პროფილს, ოდნავ გაპობილი ქვედა ტუჩს, ნიკაპზე ეროსის თითის კვალს, მოკლედ შეჭრილ შავ თმას და უმწეო გამოხედვას ახლა მშვიდად ეძინა... ნია უცებ ადგა, ჩაიცვა, ზურას ქვედა ტუჩზე აკოცა და ჩუმად გაიპარა. სახლში გამთენიას მისულმა უძილო ქეთევანს უთხრა - დედა, დიდი „ზურაობა“ დამთავრდა, თუ დარეკოს, უთხარი, რომ სახლში არ ვარ ან რამე მოიფიქრეო და დასაძინებლად დაწვა. მეორე დილიდან აიკლო ტელეფონი ზურამ. ქალბატონმა ქეთევანმა რამდენჯერმე უპასუხა სახლში არ არისო, მაგრამ ერთ ზარზე კატომ მიასწრო და - დედიკოს არ უნდა და არ გელაპარაკებაო, - უთხრა. იმავე საღამოს სახლში ამოადგა ზურა, მის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილ ქეთევანს აქილევსის მტკივანი ქუსლი - ნიაზე დაუქორწინებლობა იმ „მალამოთი“ მოულბო, რასაც „ნია ცოლად მომყავს“ ერქვა! - შენც და კატოც ჩემთან მიმყავხართ, წერტილს ვუსვამ „თავისუფალ ცხოვრებას“, ჩაალაგეთ თქვენი ბარგი-ბარხანა, მოგვიანებით თქვენს წასაყვანად მოვდივარო! დედა ქეთევანი სასწრაფოდ დაბზრიალდა, სუფრა გააწყო, მაგრამ, ზურამ - ახლა გადაუდებელი საქმე მაქვს, აწი, სუფრის მეტი რა გვექნებაო, თქვა და წავიდა. ნიამ გადარეკა მთელ საახლობლო-სადაქალოში, ქეთევანმაც ქვეყანას მოსდო ნიას და ზურას გადაწყვეტილი ამბავი! ის ღამეც დაღამდა, დილაც გათენდა, ნია კი იჯდა ჩემოდნებზე, კარს მიშტერებული... საგნებმა ფერი და ფორმა დაკარგეს... ორი დღე რობოტივით იქცეოდა, მექანიკურად აკეთებდა ყველაფერს, კატოს აცმევდა, აჭმევდა, სასეირნოდ მიჰყავდა, შვილის კითხვებსაც ისე მექანიკურად პასუხობდა, რომ კატომ - დედიკო, მასე როდის არის, ადრე რომ სხვანაირად მეუბნებოდიო?.. ჰო, დრო და დრო, აფხიზლებდა შვილი, მაგრამ, სიგიჟემდე უნდოდა ამ სიფხიზლისგან გაქცევა! კატო სახლში აიყვანა და ძველ უბანს მიაკითხა, იქ, სადაც ბავშვობა ეგულებოდა... ისევ იქ იდგა ძველი სახლი, ბავშვობის ფერი და სუნიც შერჩენოდა თითქოს... იტალიური ეზოს ხვეული კიბის ქვეშ ადრე „შტაბი“ ჰქონდათ მოწყობილი, როცა ვინმე გააბრაზებდა ან მშობლები დატუქსავდნენ ამ შტაბს აფარებდა თავს. კიბის ქვეშ იჯდა ნია, ხსოვნას კი ძვირფასი ძღვენივით მოჰქონდა უდარდელობით და ხალისით სავსე დღეები... - წლები კი არ მიდიან, უკან მოგვყვებიან, თან საგზალივით მოაქვთ ბაშვობაში ჩარჩენილი სითბო! - ფიქრობდა ნია და ნაცნობ ქუჩას მიუყვებოდა... ტაქსს მექანიკურად აუწია ხელი. -საით? - ჰკითხა მძღოლმა. - პავლოვზე! ზურას სახლის წინ დაიწყო ბორიალი, წინ და უკან ბოლთის ცემა. ვიღაც კაცი ძაღლს ასეირნებდა. ზურასთან პირველი შეხვედრა გაახსენდა, ის მოხუცი და დალმატინელი... თითქოს, თვითონ იქცა შავ-თეთრი კინოს პერსონაჟად ... ფიქრის შავ-თეთრიდან ვიღაც გამოიყვანა, თემო იდგა მის წინ, ზურას ბავშვობის მეგობარი... - ზურა აქ აღარ ცხოვრობს, ნია!.. რაღაც პრობლემების გამო ბინა გაყიდა და აქედან გადავიდა, მე ვიცი, ვიცი, რაც და როგორც, შენთან ასე არ... მაგრამ, თავდაყირა წაუვიდა ყველაფერი, კი არ ვამართლებ, უბრალოდ, არავინ იცის, ვინ როგორ მოვიქცევით ეგეთ სიტუაციაში... - უყვებოდა თემო, თუმცა, ნიას არაფერი ესმოდა, იქნებ, იმიტომ, რომ არ უნდოდა გაგება... ერთი თვის თავზე „კეთილისმსურველებმა“ ამბავი მოუტანეს ცხელი და პირის დამწველი - ზურამ ცოლი მოიყვანაო!.. არც უტირია, არც ისტერიკა დამართნია, ორი დღე ეძინა. დედამ ვინ არ მოიყვანა, რა მღვდელიო, რა კვეთებულისაო, არაფერმა გაჭრა. რატომღაც, ბოლოს გაახსენდათ ექიმი. აცალეთ, თვითონ გაიღვიძებს, ეს ორგანიზმის დამცავი მექანიზმია სტრესზეო - უთქვამს ექიმს. სხვა ქალმა გაიღვიძა! სიზმარში შეხვდა საკუთარ თავს, რაზე ისაუბრეს, ვინ იცის... ერთი რამ ცხადი იყო, გულუბრყვილო, მეოცნებე და სუსტი გოგო სიზმარს გააყოლა... ტკივილმა ბევრი იცურა დარდის წყლებში და როგორც იქნა, გამოვიდა სამშვიდობოს... ნიას ცხოვრებაში სხვა ათვლის წერტილი დაიწყო, თითქოს, ვიღაც უხილავი ჩასძახოდა - შექმენი შენი თავი თვითონ!!! გადაწყვიტა პროფესია შეეცვალა და ფსიქოლოგი გამხდარიყო, იქნებ, უკეთ ამოეხსნა ადამიანი... გახდა კიდეც ქალაქში ცნობილი და წარმატებული ფსიქო-თერაპევტი. ბევრი პაციენტი ჰყავდა, თუ საჭირო იყო, პაციენტს დათქმულზე მეტ დროს უთმობდა. დრო და ნია კარგად უგებდნენ ერთმანეთს... ერთმა მეგობარმა ახლობელზე სთხოვა, იქნებ მიიღო, რაღაც პრობლემები აქვს ოჯახშიო. ნიამ მეგობრის ხათრით დატვირთული გრაფიკი მისწი-მოსწია და პაციენტს კონსულტაციის დღე დაუნიშნა. შუა ხნის ქალი იქნებოდა, კარგად თავმოვლილი, კარგი შესახედი, ოღონდ, ცივი, მედიდური გამოხედვით და წვრილტუჩება. პირველი, რაც თვალში მოხვდა, ასხმული ბრილიანტები იყო. ნიამ - გისმენთ, რა პრობლემები გაქვთო და იმანაც დაიწყო, ლამის ნახევარ საათიან მონოლოგში ყოველი მეორე სიტყვა ქმარს ეხებოდა, რომელიც სულ ვიღაც ქალს ადარებდა, თურმე, იმ ვიღაცას უსიტყვოდ ესმოდა მისი, რომ ცოლი შეშაა და მასაც გაშეშება ემუქრება, რომ ორი რამ აოცებს მხოლოდ, უვარსკვლავო ცა მის თავზე და ათასში ერთხელ სიფხიზლე, რომ ასაკით უფროსი ცოლი ციხის ზედამხედველს ჰგავს და რომ ყელში ამოუვიდა ასე ცხოვრება...ნიამ ყურადღებით უსმინა და კარგი იქნება, თუ მეუღლესთან ერთად მობრძანდებითო. პაციენტმა, ისე რომ ნიას არაფერი უკითხავს ამის შესახებ, მეუღლის სახელი და გვარიც ახსენა, თან გაცვეთილი ტირადაც მოაყოლა ზურაზე ბევრად უკეთეს ხელის მთხოვნელებზე... ნიას გულის ფსკერიდან უცებ ამოტივტივდა დაძირული „გემის კაპიტანი“... პაციენტმა ქმრის მოყვანასთან დაკავშირებით დიდი ეჭვი გამოთქვა, ის ნაკლებად ენდობა ფსიქოლოგებს, მისი აზრით, ადამიანებს სულში უძვრებიან, შველით კი ვერაფერს შველიანო... - ეს ასე რომ იყოს, თქვენ აქ არ მობრძანდებოდით! - მშვიდად უპასუხა ნიამ. სეანსის ბოლოს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა პაციენტს - ყველაფერი, რაც მიამბეთ, მხოლოდ თქვენს მეუღლეს ეხებოდა, პირადად თქვენი განცდების და შფოთის შესახებ მომიყევითო... - მე ის მაშფოთებს, რომ ოჯახი თავზე მენგრევა იმ ძუკნას გამო, რომელიც ოდესღაც ჩემი ქმრის საყვარელი იყო და რით ვერ მოინელა, არ ვიცი! ეგეთები, ვედრო-მანეთად ყრიან, ჩემნაირი ცოლი კი სანთლით არის საძებნელი, ეს ვალებით ამოტენილი ფიზიკოსი „კაცად“ მე ვაქციე! - თქვა თვალებანთებულმა პაციენტმა. ნიამ დუმილიც დაარღვია და პროფესიული ეთიკაც, - ის „ძუკნა“ მე ვარ!!!
პაციენტის სკანდალურად წასვლის შემდეგ აბსოლუტური სიცარილე იგრძნო, ეს არ ჰგავდა შურისძიებას, არც სიბრალულს, არც წუხილს, მიხვდა, რომ ზურას დაწესებულ თამასაზე უფრო მაღლა იდგა!.. გონებაში ზურას საყვარელი ფრაზა ამოტივტივდა -„ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გაიზარდო, გახსოვდეს რომ პატარა დაიბადე“... ახსნაც მოუძებნა მის საქციელს, ზურამ ის სიმაღლე ვერ შეინარჩუნა, რომლისკენაც ასე სულჩამოკაწრული და მუხლგადატყავებული მიდიოდა ნია!... უბრალოდ, ის კაცი აღმოჩნდა, რომელმაც ვერავინ გააბედნიერა... ერთი ძველეგვიპტური ლეგენდაც გაახსენდა, გარდაცვლილ ფარაონს საიქიოს კართან ქურუმები მხოლოდ ორ კითხვაზე სთხოვდნენ პასუხს - იპოვა თუ არა სიხარული და მის გვერდით თუ უხაროდათ ცხოვრება?.. მიუხედავად, უამრავი ცხოვრებადანგრეული ადამიანის ყოველდღიურად მოსმენისა, ნია მაინც გახდა იშვიათი კოლექციონერი - საკუთარი თავის შემქმნელი ადამიანების და „ძვირად-ღირებული" სანთებელების!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. სიამოვნებით წავიკითხე...კარგი თხრობა გაქვთ...წარმატებები... სიამოვნებით წავიკითხე...კარგი თხრობა გაქვთ...წარმატებები...
22. გაგრძელება უფრო მომეწონა , შინაარსი დამაჯერებელია, , არის ადამიანური შეგრძნებები, განცდები, თუმცა მე, როგორც პოეტი თანანას მუდმივი მკითხველი , პოეზია მეტად მხიბლავს .
ფსიქო-თერაპევტი იწერება ერთად, ფსიქოთერაპევტი. გაგრძელება უფრო მომეწონა , შინაარსი დამაჯერებელია, , არის ადამიანური შეგრძნებები, განცდები, თუმცა მე, როგორც პოეტი თანანას მუდმივი მკითხველი , პოეზია მეტად მხიბლავს .
ფსიქო-თერაპევტი იწერება ერთად, ფსიქოთერაპევტი.
21. დიდი მადლობა მეგობრებო საჭირო რჩევებისთვის, გავითვალისწინებ და პროზაც უფრო დაიხვეწება... დიდი მადლობა მეგობრებო საჭირო რჩევებისთვის, გავითვალისწინებ და პროზაც უფრო დაიხვეწება...
19. კარგად წერთ. კარგად წერთ.
17. საინტერესო იყო , არა და მეგონა ერთად დარჩებოდნენ ... პროზაც შესანიშნავად გამოგდით :) საინტერესო იყო , არა და მეგონა ერთად დარჩებოდნენ ... პროზაც შესანიშნავად გამოგდით :)
16. კარგია. ეს ამბავი ძალიან კარგად დაიწერებოდა რომანად. კარგია. ეს ამბავი ძალიან კარგად დაიწერებოდა რომანად.
15. არავითარი ღალატი! :))))) რამდენჯერ მინატრია, ნეტავი, ლექსი დამაწერინა-მეთქი :))) ნეტავი თქვენ! :) არავითარი ღალატი! :))))) რამდენჯერ მინატრია, ნეტავი, ლექსი დამაწერინა-მეთქი :))) ნეტავი თქვენ! :)
14. დავიღვარე მადლობად ჩემო ტენდი! ეს ისე, საკუთარი ძალების მოსინჯვა იყო, თორემ პოეზიას ნამდვილად ვერ ვუღალატებ, ნამეტანი გვიყვარს ერთმანეთი, თუმცა, პროზის ხიბლს, უდაოდ, ვაღიარებ!!! დავიღვარე მადლობად ჩემო ტენდი! ეს ისე, საკუთარი ძალების მოსინჯვა იყო, თორემ პოეზიას ნამდვილად ვერ ვუღალატებ, ნამეტანი გვიყვარს ერთმანეთი, თუმცა, პროზის ხიბლს, უდაოდ, ვაღიარებ!!!
13. ჰოოო! ძალიან კარგია! :)
მაგნაირ კაცს ერთხელ უნდა უთხრა "Иди ты к чёртовой матери и убирайся из моей жизни...", მაგრამ ჰომ ხედავთ, მაინც უყვარს... მისაღებია, როგორც პროზა. :) :) აი, თანანა, თურმე რამდენი რამ შეიძლება არ ჩაეტიოს პოეტურ ჩარჩოებში :) ჰოოო! ძალიან კარგია! :)
მაგნაირ კაცს ერთხელ უნდა უთხრა "Иди ты к чёртовой матери и убирайся из моей жизни...", მაგრამ ჰომ ხედავთ, მაინც უყვარს... მისაღებია, როგორც პროზა. :) :) აი, თანანა, თურმე რამდენი რამ შეიძლება არ ჩაეტიოს პოეტურ ჩარჩოებში :)
12. დიდი მადლობა, ჭა-ნანა! ყოველი ასეთი გამოხმაურება მნიშვნელოვანია ჩემთვის... დიდი მადლობა, ჭა-ნანა! ყოველი ასეთი გამოხმაურება მნიშვნელოვანია ჩემთვის...
11. ისე სწრაფად ხდება მოქმედებები...სულ ქროლვა-ქროლვით გავედი ბოლოში...:) ოღონდაც ძალიან ნაყოფიერი ქროლვა იყო ეს...ყოველ ახალ ეტაპზე რაღაც ახალი ხდებოდა...ჩემს თვალწინ გაიზარდა ნია...სიყვარულმა გაზარდა...ზურამ გაზარდა... ამაშია სიყვარულის დიდი საიდუმლოება სწორედ...ზრდის ადამიანს პიროვნულად... მოთხრობაც ხომ ნიაზეა?...:-* მოკლედ მომეწონა მე ეს ბანალური, მაგრამ საოცრად მომხიბვლელი თავგადასავალი ნია ქალისა...:-* 5
ისე სწრაფად ხდება მოქმედებები...სულ ქროლვა-ქროლვით გავედი ბოლოში...:) ოღონდაც ძალიან ნაყოფიერი ქროლვა იყო ეს...ყოველ ახალ ეტაპზე რაღაც ახალი ხდებოდა...ჩემს თვალწინ გაიზარდა ნია...სიყვარულმა გაზარდა...ზურამ გაზარდა... ამაშია სიყვარულის დიდი საიდუმლოება სწორედ...ზრდის ადამიანს პიროვნულად... მოთხრობაც ხომ ნიაზეა?...:-* მოკლედ მომეწონა მე ეს ბანალური, მაგრამ საოცრად მომხიბვლელი თავგადასავალი ნია ქალისა...:-* 5
10. ძალიან მომეწონა თქვენი პროზა! კარგად იკითხება, ჩამთრევია, და მიუხედავად სიუჟეტის ერთი შეხედვით ბანალურობისა, ეს მაინც განსხვავებული და საინტერესო პროზაა. მთავარია როგორ ყვები, და ეს ხანდახან სიუჟეტზე მნიშვნელოვანიც კი არის. იგრძნობა, რომ ავტორი აქტუალურ თემებზე აკეთებს აქცენტს, რომ მას მიზანი აქვს და ისე უბრალოდ არ ყვება ამბავს. "კაცი უჭკუობას უფრო გპატიებს, ვიდრე ჭკუას" - მართალია, კაცების უმეტესობა ასეა (თუმცა გამონაკლისებიც არიან). ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია! 5! ძალიან მომეწონა თქვენი პროზა! კარგად იკითხება, ჩამთრევია, და მიუხედავად სიუჟეტის ერთი შეხედვით ბანალურობისა, ეს მაინც განსხვავებული და საინტერესო პროზაა. მთავარია როგორ ყვები, და ეს ხანდახან სიუჟეტზე მნიშვნელოვანიც კი არის. იგრძნობა, რომ ავტორი აქტუალურ თემებზე აკეთებს აქცენტს, რომ მას მიზანი აქვს და ისე უბრალოდ არ ყვება ამბავს. "კაცი უჭკუობას უფრო გპატიებს, ვიდრე ჭკუას" - მართალია, კაცების უმეტესობა ასეა (თუმცა გამონაკლისებიც არიან). ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია! 5!
9. ბუდულა, გმადლობ წაკითხვისა და კომენტარისთვის, "ნაჩქარევად განვითარებულ სიუჟეტზე" ვერ დაგეთანხმე, რადგან ეს მოთხრობაა და არა რომანი, ცოტა იქნებ, ჩემი ჟურნალისტობაც მიშლის ან პირიქით, მიწყობს ხელს, არ მიყვარს გაწელილი თხრობა... მადლობა ყველა მკითხველს!!! ბუდულა, გმადლობ წაკითხვისა და კომენტარისთვის, "ნაჩქარევად განვითარებულ სიუჟეტზე" ვერ დაგეთანხმე, რადგან ეს მოთხრობაა და არა რომანი, ცოტა იქნებ, ჩემი ჟურნალისტობაც მიშლის ან პირიქით, მიწყობს ხელს, არ მიყვარს გაწელილი თხრობა... მადლობა ყველა მკითხველს!!!
8. "ისე ვნერვიულობ, როგორც ახალშობილის სანახავად მოსულებს რომ უყურებს დედა თვალებში, აბა, თუ მოგეწონათ ჩემი შვილიო... ეს რა ხათაბალა ავიკიდე, არ მერჩივნა ჩემთვის მშვიდად მეწერა ლექსები?.." :D
ავტორო ახლა მე რა დღეში ვარ წარმოიდგენდით ალბათ :) თანაც როცა მკითხველი "გატერორებს"- ეს ხომ საერთოდ :D
"გარდაცვლილ ფარაონს საიქიოს კართან ქურუმები მხოლოდ ორ კითხვაზე სთხოვდნენ პასუხს - იპოვა თუ არა სიხარული და მის გვერდით თუ უხაროდათ ცხოვრება !.." - ეს ძალიან მაგარი იყო. :) "ისე ვნერვიულობ, როგორც ახალშობილის სანახავად მოსულებს რომ უყურებს დედა თვალებში, აბა, თუ მოგეწონათ ჩემი შვილიო... ეს რა ხათაბალა ავიკიდე, არ მერჩივნა ჩემთვის მშვიდად მეწერა ლექსები?.." :D
ავტორო ახლა მე რა დღეში ვარ წარმოიდგენდით ალბათ :) თანაც როცა მკითხველი "გატერორებს"- ეს ხომ საერთოდ :D
"გარდაცვლილ ფარაონს საიქიოს კართან ქურუმები მხოლოდ ორ კითხვაზე სთხოვდნენ პასუხს - იპოვა თუ არა სიხარული და მის გვერდით თუ უხაროდათ ცხოვრება !.." - ეს ძალიან მაგარი იყო. :)
7. ცოტა ნაჩქარევად არის სიუჟეტი განვითარებული, არადა მთელი ცხოვრებაა აქ ჩატეული და ალბათ კარგი რომანი გამოვა. სიამოვნებით წავიკითხე და არც ასე მალე მინდოდა დამთავრებულიყო :(
ცოტა ნაჩქარევად არის სიუჟეტი განვითარებული, არადა მთელი ცხოვრებაა აქ ჩატეული და ალბათ კარგი რომანი გამოვა. სიამოვნებით წავიკითხე და არც ასე მალე მინდოდა დამთავრებულიყო :(
6. კარგია. საინტერესოც, თუმცა 48 საათის დაკონკრეტება, ჩემი აზრით საჭირო არ არის. ++ კარგია. საინტერესოც, თუმცა 48 საათის დაკონკრეტება, ჩემი აზრით საჭირო არ არის. ++
5. მარტლა კარგია... ერთადერთი როგორაა იცი?აი ძალიან კარგი ფრაგმენტებია და გადაბმისას აი ეს გადაბმებში დამაკლდა... და მომწონს რომ პროზას ეთამაშები და ზუსტად ვიცი რომ კარგად გახედნი მასაც:) მარტლა კარგია... ერთადერთი როგორაა იცი?აი ძალიან კარგი ფრაგმენტებია და გადაბმისას აი ეს გადაბმებში დამაკლდა... და მომწონს რომ პროზას ეთამაშები და ზუსტად ვიცი რომ კარგად გახედნი მასაც:)
4. " წლები კი არ მიდიან, უკან მოგვყვებიან, თან საგზალივით მოაქვთ ბაშვობაში ჩარჩენილი სითბო!"_ ალბათ არა-მარტო ბავშვობაში ჩარჩენილი სითბო, თორემ "სანთებელა"-ც არ დაიწერებოდა. მერე რა, რომ მხოლოდ სანთებელაა! " წლები კი არ მიდიან, უკან მოგვყვებიან, თან საგზალივით მოაქვთ ბაშვობაში ჩარჩენილი სითბო!"_ ალბათ არა-მარტო ბავშვობაში ჩარჩენილი სითბო, თორემ "სანთებელა"-ც არ დაიწერებოდა. მერე რა, რომ მხოლოდ სანთებელაა!
3. ძალიან, ძალიან მაგარი ნაწერია, ქალბატონო თანანა.. მაგრამ ზოგჯერ ძალიან შემაშფოთებელი და შიშის მომგვრელიც ჩემი ასაკის გოგოსთვის... ძალიან, ძალიან მაგარი ნაწერია, ქალბატონო თანანა.. მაგრამ ზოგჯერ ძალიან შემაშფოთებელი და შიშის მომგვრელიც ჩემი ასაკის გოგოსთვის...
2. დიდი მადლობა, ჯონათან, ისე ვნერვიულობ, როგორც ახალშობილის სანახავად მოსულებს რომ უყურებს დედა თვალებში, აბა, თუ მოგეწონათ ჩემი შვილიო... ეს რა ხათაბალა ავიკიდე, არ მერჩივნა ჩემთვის მშვიდად მეწერა ლექსები?.. დიდი მადლობა, ჯონათან, ისე ვნერვიულობ, როგორც ახალშობილის სანახავად მოსულებს რომ უყურებს დედა თვალებში, აბა, თუ მოგეწონათ ჩემი შვილიო... ეს რა ხათაბალა ავიკიდე, არ მერჩივნა ჩემთვის მშვიდად მეწერა ლექსები?..
1. თითქოს ბანალურმა და ტიპიურმა ამბავმა გონიერი ავტორის ხელში ისეთი ხიბლი შეიძინა- მკითხველი გვერდს გულგრილად რომ ვერ აუვლის.
ორჯერ შეიქმნა ჩვენს თვალწინ "გალათეა"- ერთი ზურას ქმნილებაა და მეორე- ნიასი.
და ავტორისთვის ჩვეული ( მისი პოეზიიდან აგრერიგად ნაცნობი) მოქნეული ფრაზებიც ისე მარგალიტებივითაა გაბნეული ტექსტში...
"საკუთარ თავში ნიას ყველა დაეჭვებაზე ზურა მრავალწერტილით კი არა, ძახილის ნიშნით პასუხობდა"
თანანას პროზა თანანას პოეზიას არ უნდა შეეწიროს! :)
თითქოს ბანალურმა და ტიპიურმა ამბავმა გონიერი ავტორის ხელში ისეთი ხიბლი შეიძინა- მკითხველი გვერდს გულგრილად რომ ვერ აუვლის.
ორჯერ შეიქმნა ჩვენს თვალწინ "გალათეა"- ერთი ზურას ქმნილებაა და მეორე- ნიასი.
და ავტორისთვის ჩვეული ( მისი პოეზიიდან აგრერიგად ნაცნობი) მოქნეული ფრაზებიც ისე მარგალიტებივითაა გაბნეული ტექსტში...
"საკუთარ თავში ნიას ყველა დაეჭვებაზე ზურა მრავალწერტილით კი არა, ძახილის ნიშნით პასუხობდა"
თანანას პროზა თანანას პოეზიას არ უნდა შეეწიროს! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|