ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2014


დათვის თვალები ნაწილი 3


უსასრულოდ გაიწელა ის რამოდენიმე წამი, რაც ემზარს დამიზნებისათვის დასჭირდა, მაგრამ უცებ შეტორტმანდა, იარაღიც აუთამაშდა, რა დროსაც იქუხა კიდეც და ხელიდან გამსხლტარი იარაღი ძირს დაეცა. ემზარი კი, თითქოს მას მოხვდაო ტყვია, მუხლებში ჩაიკეცა, მერე წინ წამოიქცა და სახით ბალახში ჩაემხო.

ნასროლმა ტყვიამ დათვს ყურთან ჩაუფრინა და კლდეზე ბრმად აისხლიტა.

თოფის გრუხუნზე დათვი შეხტა, მაგრამ მალევე იგრძნო რომ ტყვია მას არ მოხვედრია, უცებ თათები სახიდან ჩამოიღო, ერთი საშინლად დაიღრიალა, მიტრიალდა და კლდეს შეახტა ასაცოცებლად, მაგრამ დაუსხლტა დაჭრილი ფეხი და ისევ ძირს დაეცა. მერე უცებ წამოხტა, შემოტრიალდა და პირდაპირ გივის მიმართულებით გაქანდა, რა დროსაც გივის თოფმაც დაიგრუხუნა და ტყვიამ დათვს შუბლი ნაფლეთებად უქცია. უსულო დათვი გივისთან ორიოდე მეტრში დაენარცხა მიწაზე.

უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. გივიმ იარაღი დააგდო და ბებრული სიმარდით ემზარისკენ გაიქცა.

მეორე დღეს მთელმა სოფელმა იცოდა დიდი ნადირობის ამბავი. ზოგი აქილიკებდა ემზარს, ზოგიც უფალს ჰმადლობდა, რომ ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

გონდაკარგული ემზარი ძლივს მოუსულიერებია გივის და რის ვაივაგლახით მიუყვანია ოჯახში. დათვზე კი სოფლელი ბიჭები გაუგზავნია, -ეპატრონეთო, არც ხორცი და არც ტყავი თვალად არ დამანახოთო. -გაუფრთხილებია.

მეორე დღეს, ასე ორი საათი იქნებოდა, გივი ემზარის სანახავად გადმოვიდა. რომელიც ლოგინიდან ვერ ამდგარიყო, გატრუნული იწვა. თვალებით ჭერს მისშტერებოდა და ორივე მხარეს ცრემლები თვითდინებით ჩასდიოდა ყურებამდე.

-მიხვდი ბიძიკო რატომ მქონდა დაფიცებული დათვზე სროლა?! ასე იცის მაგ შეჩვენებულმა, პატარა ბავშვივით შეგაცოდებს თავს თუ მიიმწყვდიე და ვეღარ გარბის. -ეუბნება გივი გაოგნებულ ემზარს. -ჭკვიანია ეგ ოხერი და ცბიერი, თან საშინელი მიჩვევა იცის და ძაღლივით ერთგულია.

მე ერთი წლინახევრის უკან ბელით შემხვდა, ვეღარ გავეპარე და იძულებული გავხდი მესროლა. მერე ბელს სადღა დავტოვებდი უპატრონოდ, დავიჭირე რის ვაივაგლახით და წამევიყვანე. ისე შევეჩვიე მერე რომ... -ეეეჰ, ჩაიქნია ხელი უკმაყოფილოდ ბერიკაცმა.
--მერე დიდი რომ გახდა, ავიყვანე ჩემი ვილისით და ორტანთან დავტოვე აგერ ორი თვის უკან. ნადირობა კი უსწავლია მარა სიფრთხილე ვერა და ააა, ისევ ჩემი მოსაკლავი გახდა...
მოხუცი გაჩუმდა, ორივე კურცხალი სახელოთი შეიმშრალა და უცებ უხმოდ გავიდა ოთახიდან...

ერთი კვირა არ ამდგარა ემზარი, ერთი თვის შემდეგ სოფელშიც გავიდა. იმ ამბავს არავინ უხსენებდა, ეშინოდათ დეპრესია არ შეუბრუნდეს კაცსო...  ემზარიც ნელ ნელა დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.

რამდენიმე თვის შემდეგ თანასოფლელი, ძალიან კარგი კაცი, გემრიელი მოხუცი ჰაიდარ ბაბუა გარდაიცვალა. (მისი შვილისშვილი ემზარის თანაკლასელი იყო და მეგობრობდნენ.) ასეთ დროს სოფელმა თავის გამოდება და ხელების აკაპიწება იცის, აქაოდა მოსულ სტუმართან სოფელი არ შერცხვესო და ერთის ჭირი, მთელი სოფლის საზრუნავი ხდება.

ემზარმაც ჩაალაგა ლობიო, კარაქი, მწვანილი, მჭადის ფქვილი, კარტოფილი და გადაიტანა მეზობლისას.

ეზოში ცერემონიის თავკაცმა უთხრა, მაგერ  „ქუხნაში“ შეიტანე, ქალები მანდ ფუსფუსებენო. ემზარმაც აჩქარებული ნაბიჯით შეარბენინა ძღვენი პატარა საზაფხულო ქოხში, რომელიც ეზოს განაპირად ჰქონდათ აშენებული. დაუკაკუნებლად შეაღო კარი და ადგილზე გაიყინა. მოპირდაპირე კედლიდან ნაცნობი თვალები უყურებდა, რომელსაც ცრემლის კვალი ისე შეშრობოდა, რომ იფიქრებდით ახლაც ტირისო...

გონწასული ემზარის მობრუნება სახლის პირობებში ვეღარ მოხერხდა, ამიტომაც მეზობლის მანქანით სასწრაფოდ რაიონის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ლამისაა მთელი სოფელი ჩაჰყვა. მოგვიანებით მას სამაოდ მძიმე ფორმის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს