ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

ამინდზე მეტად

ამინდზე მეტად

ყელში ამინდი გასჩხერია ბებერ ნიადაგს,
წვიმს და ჩიტივით მობუზულა ღამე ქალაქთან.
ბოლო დროს ძილშიც შენზე ფიქრი ამეკვიატა,
ფიქრი, რომელიც ამინდივით ვეღარ დალაგდა

ჩემში. ღამეა, ქარი ისევ იწყვიტავს ნერვებს,
ყველა დარდი და საფიქრალი წვიმად ქცეულა...
ჰოდა, ამდენი წვიმების და ლოდინის მერე,
ვგრძნობ, რომ ამინდმაც უშენობით დამასნეულა.

როგორ ვუძლებდი, ახლაც მიკვირს, უშენოდ ამდენს,
ან როგორ გავძლებ! მინდა ვიყო წუთით არცერთით
(უშენოდ). მგონი სიკვდილამდე გვერდით რომ მყავდე,
ჩვენს შორის ჩამდგარ სიშორეზე მაინც დავწერდი.

ახლა კი მესმის, ცაზე წვიმა როგორ გადადის.
ამინდზე მეტად მაფიქრებს და მინდა ის უფრო,
რომ ამოვწუროთ ჩვენ ორს შორის მყოფი ჟანგბადი,
რომ ერთმანეთით უწყვეტად და დიდხანს ვისუნთქოთ...




* * *

სოფელში წვიმებია... უბრალო წვიმებია, უბრალო...
ხეებიც მოხრილან და ქუჩებში მოძრაობენ ქოლგებით;
(ჩვენც ასე დავდიოდით) და ახლა უშენობა დაბრალდა
დროს, რადგან დაგვაშორა: ქუჩებით, ქალაქებით, ოლქებით.

დუმს ახლა პოეზია და შენზე ლაპარაკობს ამინდი...
აპრილსაც შესცივდა და მაისი გადაიცვა ორმხრივად.
ღმერთია ისე ახლოს - სათხოვარს გაიგონებს: -ცა მინდა -
ცოტათი ავამაღლო, რომ დაბლა გავიარო მოხრილმა.

უბრალო წვიმებია. სათქმელსაც მერამდენედ ველევი,
ფიქრი კი ვეღარ სცდება სარკმელთან მოქანავე კვიპაროსს...
წვიმს ასე, უსამშობლოდ... სოფელში დაიტბორა ველები
და შენ კი უცხო ცის ქვეშ დარჩენილს საქართველო გიფარავს!

სოფელში წვიმებია... უბრალო წვიმებია, უბრალო...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები