ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2014


მოთხრობის ანატომია, ანუ ფანტაზმაგორიული საკითხავი მკითხველ-თანაავტორებისათვის


მოთხრობის ანატომია, ანუ ფანტაზმაგორიული საკითხავი მკითხველ-თანაავტორებისათვის


ოჰო, გამარჯობა!
მე თქვენ გელოდით!
  ვიმედოვნებ, ინტერაქცია, როგორც ახლა ამბობენ, შედგება.  თქვენ სათაურმა მიგიტყუათ? ძალიან კარგი! ჩემი ცოტაარიყოს საჩოYთირო მიზანიც ხომ ეს იყო. სიტყვა „საჩოთირომ” დაგაინტრიგათ? ასეც ვიცოდი.  ახლავე მოგახსენებთ!
  უნდა ამთავითვე ვაღიარო, რომ ჩემი ეს მისია ერთობ ავანტურულია. მე- მომწერლო სუბიექტმა, თქვენ- მოცლილ ობიექტს მახე უნდა დაგიგოთ. დიახ, უნდა შეგიფუთოთ ჩემი ნაჯღაბნი ისე ოსტატურად, რომ აუცილებლად წაგაკითხოთ ბოლომდე, ისე, რომ თქვენც სიამოვნებით უნდა გაებათ ამ მახეში. ადამიანთა უმეტესობას ხომ მოსწონს, როცა ატყუებენ. აბა რისთვის გადაშალეთ
?  აჰა, უკვე გაიფიქრეთ არა, „ესეც ყოფილა რაო”. ძალიანაც კარგი, მაშასადამე უკვე შეფასებას ახდენთ. ე. ი. ჯერ არ დაგიხურავთ. მე მგონი, დროა თავი ვანებო თქვენი მოთმინების ექსპლოატაციას.
  მე გადავწყვიტე, გავაკეთო ის, რაც არცერთ ნამდვილ მწერალს არ გაუკეთებია. ისინი ხომ მოსაწყენი, დამკვიდრებული ლიტერატურული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ. (უკვე ამბიციურია, არა?) ჩემი განაზრახი კი ისაა, რომ ჩემს- ანუ საკმაოდ საეჭვო მწერლის სამზარეულოში უნდა შეგაჭვრიტოთ, თანაც მოთხრობის წერის პარალელურად. ისე, რომ ჩემი თანაშემწის, მაპატიეთ, სწორად ვერ ვთქვი, თანაავტორის ფუნქცია იკისროთ. თანაც ეს ყველაფერი უნდა განვახორციელოთ ყველანაირი დიალოგების, შინაგანი მონოლოგების, ბუნების აღწერის, დახლართული მეტაფორების, უცნაური შედარებების, ანუ მოძველებული სამკაულების გარეშე. რას იტყვით, ღირს არა?
  მაშ, ასე!!!
  ეპიზოდი I: (ექსპოზიცია).
  მე გიამბობთ, გიამბობთ რა, გთავაზობთ სიუჟეტის მონახაზს, ე.წ. დრავტს, რომელიც თქვენი ფანტაზიით უნდა შეავსოთ თქვენივე წარმოსახვისა და გემოვნების კვალობაზე. რაც უფრო ბუნდოვანი იქნება ეს წარმოსახვები, მით უფრო მეტი შანსია სიღრმის ეფექტის მიღწევისა. ბუნდოვანება ხომ ყოველთვის შეიცავს დაბნევის საფრთხეს.
  მოქმედება მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, 21-ე საუკუნის დასაწყისში. თუ თქვენ უკეთ ჩათვლით, შესაძლოა მე-20-ეს ბოლოშიც, იმედია, შევთანხმდებით. მთავარი გმირი კი სამია. მოდი, მივცეთ სიმბოლოების მაძიებლებს საფიქრალი, ამ რიცხვის საკრალურობის თაობაზე. მეგობარი გოგონები, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, დავარქვათ მათ- მარი, ანანო და თეო გადაწყვეტენ სპირიტუალური სეანსი მოაწყონ.
  მოტივაცია: ანანომ თავის შეყვარებულ იკაზე (სრული სახელი ირაკლი) შეიტყო, თითქოს მის მეგობარ ნინჩოსთან საეჭვოდ დაიარება. დაქალები, რომლებიც ასეთ დროს, როგორც წესი მასზე მეტად ნერვიულობენ, გამოსავალს ეძებენ. ალბათ, არ გაგიჭირდებათ ამგვარი თინეიჯერული „ტუსოვკის” წარმოდგენა. „დაიკიდე”- ასეთია ერთერთი რჩევა, კატეგორიული, მაგრამ უპერსპექტივო.  „გააგიჟე, შენც სხვასთან დაიწყე სიარული”- ეს მეორე- უფრო საქმიანი, მაგრამ ავანტურული. ბოლოს ყველაზე მისაღები აღმოჩნდა მარის თამამი წინადადება, ახლახან გარდაცვლილი ანანოს ბებია ანიჩკას სული გამოიძახოს და მას ჰკითხოს რჩევა. შესაძლოა ამ არგუმენტის გასამაგრებლად ერთი პატარა ისტორიაც ჩავრთოთ ვინმე ლიზიზე ან ხათუნაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზედმეტი იქნებოდა? კი , ბატონო!
  ერთ ღამეს, მარის მშობლების არყოფნის დროს, მისსავე ბინაში გოგონები ამზადებენ ამ საქმისთვის აუცილებელ ატრიბუტებს: ლამბაქი, სანთელი, და ფურცელი შესაბამისი ასოებითა და ციფრებით. (ვისაც ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს ამ საქმეში, შეუძლია შეავსოს თავისი ფანტაზიით).  ლამბაქს ახატავენ ისარს და მიმართავენ სულთა მბრძანებელს ანიჩკას სულის გამოსაძახებლად. ზედა ინსტანცია თანახმაა. სული ხაზზეა. უსვამენ საჭირო კითხვებს. სულეთიდან გამოხმობილი სული ახსენებს სიტყვებს: ბლეფი... სიცრუე....გოგოები გაოგნებულები არიან. რადგან ჩვენზე ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას ის ახდენს, რაც ნაკლებად გასაგებია. ამ დროს დაძაბულ სიჩუმეში მარის ბებიას- კატუშას ნამზითევი კედლის საათის გუგული დარეკავს. გოგოები შეხტებიან, მარის თეფში უვარდება ხელიდან და ტყდება. გაგრძელების აზარტი ეკარგებათ. სული საიქიოს მიღმა რჩება.

    ეპიზოდი II:(მოქმედების განვითარება)
  ამის შემდეგ ანიჩკას მოხეტიალე სული იწყებს მოძრაობას, თუ მოძრაობა შეიძლება ეწოდოს უფორმო, უწონადო და სულაც გაურკვეველი, უკაცრაული პასუხია და ნივთიერების გადაადგილებას სივრცესა და დროში. საქმეში უკეთ გასარკვევად პატარა თეორიული ექსკურსი, ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნებოდა.
  საერთოდ ადამიანების დიდ ნაწილს მცდარად ჰგონია, რომ სული მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ სტოვებს სხეულს და საიქიოში მიემგზავრება. სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არ არის საქმე. გვხვდება შემთხვევები, როცა ადამიანის სხეული ჩVვეულებრივად აგრძელებს სიცოცხლეს, ანუ , ადამიანურ ენაზე ცხოვრობს, სული კი უკვე საიქიოსაა გადასახლებული. (რამდენად ზუსტია ეს ტერმინი, ვერ გეტყვით). უფრო ხშირად გვამი საფლავში წარმატებით აგრძელებს თავის საქმეს, ანუ იხრწნება, სული კი სააქაოსაა და შინაურებს ახსენებს თავს, რათQQქმაუნდა, მის ხელთ არსებული საშუალებებით. ყველაზე მძიმე შემთხვევაა, როცა უკვე დაბინავებულ, ანუ სტატუსგარკვეულ სულს თავისი ადგილიდან ააგდებენ და უპატრონოდ ტოვებენ. ახლა უნდა მოვახერხოთ ზემოხსენებული თეორიის მხატვრულ-პრაქტიკული ხორცშესხმა. ჩვენ უნდა შევძლოთ, უჩვეულო, ცოტათი შემზარავი მოკლე ფრაგმენტების დახატვა. ნუ შეშფოთდებით,ის, რაც უფრო უცნაურია, მით უფრო დამაჯერებელია. 
ფრაგმენტი 1.
  თეო კომპიუტერთან ზის, სკაიპშია. ლაღი და ხალისიანი, როგორიც შეიძლება იყოს თინეიჯერი ჩათაობისას. უცბად ეკრანი შავდება, ნაპერწკლებს ყრის. შეAშინებული გოგო მექანიკურად ცდილობს გამორთოს კომპიუტერი, მაგრამ არ ითიშება. მონიტორზე ჩნდება წარწერა: დამაბრუნეთ!
ფრაგმენტი 2.
  ანანო სერიალს უყურებს. რაღაც საშინელებათა ფილმია.მოულოდნელად მსხვილ პლანში მოჩანს სამარე, ნელ-ნელა საფლავიდან ამოიზლაზნება ჩონჩხი, რომელიც ტელევიზორის ეკრანიდან მისი მიმართულებით იწვდის ხელს და ყვირის: მე შინ მინდა!
ფრაგმენტი 3.
  მარი სარკეში იყურება, კეკლუცობს. ანაზდად შუქი ქრება.მარი სანთლის მოძებნას ცდილობს, მაგრამ ფეხს ვერ ადგამს. მოულოდნელად სარკე თითქოს ნათდებაო და ოთახში გაისმის: გამიშვით, გამიშვით, გემუდარებით!
  გოგოები ფიქრობენ და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ეს ანიჩკას მოხეტიალე სული ითხოვს დახმარებას. დანაშაულის განცდა გადაწყვეტილების რადიკალურობას განსაზღვრავს. გადაწყვეტენ უკან დააბრუნონ, მაგრამ როგორ? ამჯერად თეოს რჩევით მოიფიქრებენ შავი მაგიის მაგისტრს, ვინმე უშანგას მიმართონ. გაზეთის მეშვეობით აგნებენ კიდეც. უშანგა ჯერ გოგოების ფეხებით ინტერესდება, ანანოს ხელის გულს კი მისი დაქალებისგან განსხვავებით ხანგრძლივად აკვირდება. მერე შუქს აქრობს, შავ სანთლებს ანთებს. გაირინდება და ჭერში იყურება. გოგოები ჩუმად მისჩერებიან. ცოტა ხანში მაგისტრი კონტაქტს ამყარებს. (შეფთან, რასაკვირველია) ახსენებს ბნელ ღამეს, ნაცნობ მამაკაცს, სიფრთხილეს. პრიმიტივებისთვის დამახასიათებელი სწორხაზოვნება რომ არ დაგვწამონ, სცენა უნდა გავართულოთ. უშანგა უცებ წყვეტს პროცესს და თავისი მისიის სრულყოფილად შესასრულებლად გარდაცვლილის სახლიდან წამოღებულ უნძრახ წყალს, ნახშირსა და ანიჩკას საფლავიდან უმთვარო ღამით აღებულ მიწას ითხოვს.
  მისტიკით ძალიან რომ არ გადავტვირთოთ ჩვენი ამბავი, საჭიროა მეორე- ლირიკული ხაზი განვავითაროთ, რომელიც პარალელურად წარიმართება, რათა ბოლოს ძირითადს შეერწყას. ეგეც არ იყოს, რომანტიკოსებსაც ხომ უნდა მივუძღვნათ თავისი არჩივი.
  სინამდვილეში იკასა და ნინჩოს ურთიერთობა სულ სხვა ნიადაგს ეყრდნობა. მათი დროებითი ურთიერთობა სულ სხვა მიზნებითაა განპირობებული. უბრალოდ იკას უნდოდა ანანო მორიგი გაბუტვისათვის დაესაჯა. ამიტომ ახდენდა ნინჩოსთან ფლირტის იმიტაციას. თავის მხრივ ნინჩოს პრივატული ინტერესები ამოძრავებდა. მან მოინდომა უბნის ყოჩის- ჩოყლაყას გაღიზიანება იკათი, რადგან ფიქრობდა, რომ ის მის მიმართ საკმარის ყურადღებას არ იჩენდა. შურისმაძიებელი წყვილი კაფეში ერთად დაიარება, გამომწვევად ცეკვავს ფართებზე და ა.შ. პატივმოყვარე ჩოყლაყასთვის ეს შეუმჩნეველი არ რჩება, ანუ ანკესზე ეგება და იკას შეუთვლის შეხვდეს საქმის გასარჩევად. შეხვედრის ადგილად სასაფლაოს აირჩევენ.
ეპიზოდი III (კულმინაცია)
  დათქმულ ღამეს გოგონები საფლავზე ადიან ხელის ნიჩბითა და ცელოფნის პარკით შეიარაღებულები. ანთებენ სანთელს, საფლავზე დებენ გახსნილ ბოქლომს, ანუ ასრულებენ რიტუალს, უშანგას ინსტრუქციით. ის-ის არის მიწა უნდა ამოთხარონ, რომ მოულოდნელად სანთლის მკრთალ შუქზე შენიშნავენ მათკენ მომავალ საშინელი არსების ლანდს ცოცხით, რომელიც გაუგებარ ბგერებს გამოსცემს. დამფრთხალი გოგოები შეჰკივლებენ, ნიჩაბს აგდებენ და გაქცევას ცდილობენ.
აქ უნდა შევწყვიტოთ თხრობის მდინარება და ახალი ინტრიგა შემოვაგდოთ. ასეთ დროს გაწყვეტა ეფექტურია, რადგან მკითხველის ცნობისმოყვარეობას ძაბავს.
  ქალბატონ ზულფია შამოევას ბედი სწყალობდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს სწორედ კუკიის უბანში დაიბადა და ისიც სასაფლაოს მახლობლად. ნუ გეღიმებათ, ბედისწერის ამ წყალობის გამო მას და მის ოჯახს მუდმივი სამუშაო გარანტირებული ჰქონდათ. იმ მარტივი მიზეზით, რომ დასაკრძალი კლიენტის პრობლემა არ არსებობს. ხოდა მისი მეუღლე ნაჩო მესაფლავის საჭირო და მადლიანი ხელობითა და შვილი რეზე საფლავის ქვების მოხატვით იყვნენ დაკავებული. თავად ზულფი მარტო საფლავების მოვლით არ კმაყოფილდებოდა და, ასე ვთქვათ, ზედმეტ შემოსავალზეც არ ამბობდა უარს. ეს ზედმეტი სამუშაო კი ღამ-ღამობით ახალ საფლავებზე ყვავილების შეგროვება იყო, რათა მეორე დღეს მათთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა. იმ ღამეს, როცა ჩვენი გმირები \ჩვენი შეთანხმების შესაბამისად ანიჩკას საფლავზე აღმოჩნდნენ, ზულფია ჩვეულებრივ ღამის შემოვლას აწარმოებდა. უცხო ლანდები, რომელიც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შენიშნა, თავის კონკურენტებად მიიჩნია. და რადგან გაბრაზების ჟამს მშობლიურ ენაზე გადადიოდა, შესაბამისი რისხვა ქურთულად გადმოანთხია. თან ენერგიულად იქნევდა ცოცხს, რომელიც მისი სამუშაო ინსტრუმენტი იყო და ხელს წამოეყოლებინა. რადგან არცერთ გოგონას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახის შესახებ, არც მის ირანულ განშტოებასა და მით უმეტეს, ჩრდილო-დასავლურ ჯგუფზე, ამასთან მათ წარმოდგენებში, რომელიც ძირითადად საბავშვო მულტფილმებით საზრდოობდა, ალქაჯი ყოველთვის ცოცხთან ასოცირდებოდა, შუაღამისას ეს უჩვეულო არსება ალქაჯად მიიჩნია. ისე, სულო ცოდვილო, ზულფიას ფიზიონომია ნამდვილად იძლეოდა ამის საფუძველს.
  ყვავილთა რესტავრატორი, რომელიც რწმუნდება თავისი ეჭვების საფუძვლიანობაში გაქცეულ გოგოებს გამოუდგება.
  ხმაურზე სასაფლაოს მდუმარებაში ორი ლანდი გამოეყოფა სიბნელეს და მათკენ გამოეშურება. ლანდთაგან, რომლებიც შოკირებულ გოგოებს თავდაპირველად, პირი ქვისკენ მიქნიადა ეშმაკებად მოეჩვენებათ, ანანო იკას ამოიცნობს.  იკა თავის მხრივ ამ უცნაურ გარემოში ანანოს ხილვით გაოგნებული იფიქრებს, რომ ის რაღაც სატანური რიტუალის მსხვერპლია. ადამიანები უმეტესად მათთვის აუხსნელ სიტუაციას უცნაურ გასაღებს არგებენ ხოლმე. მისი შეყვარებულის ბოლოდროინდელი კაპრიზები კიდევ უფრო უმტკიცებს ამ ეჭვებს.
  თუ თქვენ გაიფიქრეთ, რომ ახლა Aშეკრული კვანძის გახსნაზე უნდა ვიზრუნოთ, თქვენი შემოქმედებითი ტემპერამენტი სრულ უნისონშია ჩემთან.

  ეპიზოდი IV (კვანძის გახსნა)
  ვერსია 1. რა შეიძლება მოიფიქროს შეყვარებულმა ვაჟმა, როცა საკუთარ სატრფოს ქაჯთა ტყვეობაში იხილავს? ცხადია, მისი განთავისუფლება. ხოდა პირველი, რაც იკას მოუვიდა თავში, მთავარი ალქაჯის განეიტრალება იყო. მან სტაცა ხელი ზულფის სატრანსპორტო საშუალებას (მისი აზრით), გამოგლიჯა და შორს მოისროლა. შეშინებული ზულფი, რომელშიც კრიმინალის თავდაცვის ინსტიქტი სიხარბეზე ძლიერი აღმოჩნდა, იქაურობას გაეცალა, საფიქრებელია, მისთვის ცნობილი სათადარიგო ბილიკით. ჩოყლაყა, რომელსაც, როგორც რაინდს, პირადი მტრობა სულ გადაავიწყდა, ზულფის დაედევნა.აქ საჭირო იქნება, ჩვენი ნაწერის კლასიკასთან მემკვიდრეობითი კავშირის ხაზგასასმელად მკითხველს ცნობილი ნაწარმოების ფინალის, კერძოდ „ქაჯეთის ციხის აღების” რემინისცენცია გაუჩნდეს.
    ნახეს,მზისა შესაყრელად
    გამოეშვა მთვარე გველსა.
  ფიქრობთ, რომ ზედმეტია? არა მგონია. ანანო, რომელიც მიიჩნევს, რომ იკა სწორედაც რომ მის გამოსახსნელად გამოჩნდა ზუსტად იქ და ზუსტად იმდროს,  მადლიერებანარევი სიხარულის ცრემლებით აჯილდოებს მას. იკა კი უხსნის ანანოს, რომ მისთვის ყველაფერი ცხადია და სიტყვები საჭირო არ არის.
  გეჩვენებათ, რომ ცოტა არ იყოს მელოდრამატული ფინალი გამოგვდის? რა პრობლემაა, აი მეორე- სამარქაფო ვერსიაც უფრო მძაფრი განცდების მოყვარულთათვის:
  ვერსია 2. ანანო იკას გამოჩენას სასაფლაოზე, ღამით, თანაც ამ ალქაჯთან სიმბიოზში, მის წინააღმდეგ ავი ძალების, (შესაძლოა რაყიფის შთაგონებითაც) მოწყობილ შეთქმულებად მიიჩნევს. მის გახურებულ გონებაში გაიელვებენ უშანგას სიტყვები: ბნელი ღამე... ნაცნობი მამაკაცი... ის მაგისტრის წინასწარმეტყველურ ძალაში რწმუნდება. ყველაფერ მომხდარს ფატალურად მის სახელთან აკავშირებს და მისდამი იდუმალი სიყვარულით იმსჭვალება. მოვლენათა საბედისწერო დამთხვევა დრამატულ გაუგებრობას ბადებს.

  ეპიზოდი V. (ფინალი)
  ჩვენი ერთობლივი ნუგბარი მთლად დაშაქრული რომ არ გამოგვივიდეს, ცოტაოდენი დრამატული სანელებლების შეზავებაც არ იქნებოდა ზედმეტი. მაგალითად ასეთი:
  მთვარის აღვსების წინ, ერთერთ სასაფლაოზე დროდადრო ყრუ მოთქმის ხმა არღვევს გამეფებულ მდუმარებას. თითქოს შველას ითხოვსო. მაგრამ უპასუხოდ შთენილი მალევე წყდება და ქარის ღრიალში ინთქმება. თუ ვის ეკუთვნის ეს ხმა, ამის ამოცნობა მკითხველს მივანდოთ. როცა ავტორი ამოსაცნობს არაფერს ტოვებს, ის უბრალოდ არ ენდობა მკითხველს.

  მაშ, ასე. დროა, ჩვენი მოკრძალებული შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგი შევაჯამოთ. წესით თქვენი წარმოსახვის პროვოცირებამ შემოქმედებითი ტკბობა უნდა მოგანიჭოთ. აბა ჩაუღრმავდით, მსუბუქ აღმაფრენასა და საამო თვითკმაყოფილებას არ განიცდით? თუ ასე არ მოხდა და იმედგაცრუებამ დაგრიათ ხელი, ნუ იდარდებთ დაკარგულ დროზე, რადგან დაკარგულად მხოლოდ ის ითვლება, რისი ადგილმდებარეობაც არ უწყიან. ჩვენ კი დანამდვილებით ვიცით, რომ ყოველი დრო წარსულის სტომაქში იყრის თავს.  მოკლედ, ისღა დამრჩენია, მადლობა მოგახსენოთ ნდობისათვის!


    2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები