ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2014


# # # # #

ყოველდღე ვუყურებ
ჩემს თვალწინ გაზრდილ სასაფლაოს,
როგორ შეივსო,
დადედაკაცდა...
კვირეობით ევსება მკერდი
შავოსნების მლაშე ცრემლებით
და ხმებით,
დედების, ან ქალების ხმებით, ნატირალით,
მამაკაცების უსიტყვო ბგერით...

ყოველდღე ვხედავ სასაფლაოს...

ხანდახან, როცა შავოსნები მიდიან სახლში,
საფლავები ჩუმად ისმენენ:
მიწის დაპობას მსხვილ-მსხვილ ბელტებად,
ნიჩბის სიმღერას,
მიწასთან ჭიდილს
და გამარჯვებას...
შუბლიდან ოფლის წვეთები სდით მესაფლავეებს,
ეყრდნობიან ნიჩბის ტარებს და თხრილში მზერას ასვენებენ
მორიგეობით,
ეგუებიან...

ღამღამობით ან უფრო მაშინ, როცა არ მძინავს,
ყურს ვუგდებ,
მესმის სასაფლაო ხმით როგორ მოსთქვამს,
როგორ სტკივა ის სავსე მკერდიც,
სიმლაშე რომ სდის
და საკუთარ სხეულს რომ კვებავს.
აბა ვინ იცის სხვამ ჩემს გარდა?
აბა ვინ იცის...
რომ შავოსნების თავსაფრების ქარიშხალამდე,
შავ ღამეებში,
სასაფლაოც მათსავით ტირის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები