ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 დეკემბერი, 2014


დრო

                                                     


წავიდა...
მიმატოვა და გაქრა, მაგრამ
ჩემთან დატოვა ფარული სევდა და ტკივილი.
დატოვა, დიდი იმედისფერი ჩემოდნით.
გავხსენი ჩემოდანი იმ მოლოდინით, რომ შიგ ვიპოვიდი მთვლემარე იმედს,
რომელსაც ჩემთან მოსვლა დაავიწყდა,
ან დაატყვევეს და ვერ მოვიდა.

ვერ ვპოულობ. ისევე ვერ ვპოულობ,
როგორც ვერ იპოვი თმის ღერს სიმინდის გადამხმარ ყანაში.
ყანაში, სადაც დამზრალი ტაროები -
ჩემი იღბალივით კრიჭავს კბილებს.
ხოლო სვია, ისე ახრჩობს ისედაც დამხრჩვალ ღეროებს,
როგორც მე შიში. შიში მარტოობისა.

ჰმ. ასემც აგიხდეთ ყველაფერი.
მესტუმრა და გვერდით ჩამომიჯდა მარტოობა. მდუმარე...
არა, მისი მაინც მადლობელი ვარ, რადგან იმან მაინც არ დამტოვა და
შევრჩით ერთმანეთს ერთურთი,
როგორც სამოთხეში ადამს ევა.

დავძმობილდით მე და მარტოობა.
ერთად დავანთეთ კოცონი...
შემოვუსხედით ცეცხლს და...
ის თავის არაფერზე მიყვება,
მე კიდე ჩემს არაფერზე, რაც ახლა ერთადერთია, -რაც შემომრჩა და გამაჩნია.

ვზივართ და ერთად ვუყურებთ ნაკვალევს ალიზზე,
რომელიც შენგან დარჩა.
ღრმა, მძიმე წეღანდელი წვიმით სავსე...
მივედით, ერთად ჩავიხედეთ შენს მოლივლივე ნაკვალევში და გაგვიხარდა. –
მარტონი არა ვყოფილვართ?!!

აგე, პირველ გუბეში მეორე მე ვჩანვარ და მეორე მარტოობა,
მეორე გუბეში მესამე მე და მესამე ის...
რა კარგია, რომ კვალი მაინც დაგვიტოვე და
მარტოობა შეგვიმსუბუქე მე და მარტოობას...

ჩემს სულსაც ასეთი ღრმა ნაკვალევი დაუტოვე იარებად,
რომელსაც მხოლოდ შენ თუ უშველი...
თურმე, ნებისმიერ ტკივილს მხოლოდ შენ აჩენ,
თურმე, ნებისმიერ ტკივილს მხოლოდ შენ ჰკურნავ,
შენ ყოფილხარ ჰო, -შენ! - ძალიან მცირე და თან უსასრულო.
თურმე შენ მეფობ და არა მეფენი.
შენ გვმფარველობ, შენ გვიმეტებ, შენ ხარ ყველაფრის მომცემიცა და წამღებიც.
შენ ხარ ყოვლისშემძლე...
უფალი ყოფილხარ???
უფალი ყოფილხარ!!!

ვესზე ამბობო, -მეკითხება ჩემი მარტოობა.
თავზე ხელი გადავუსვი:
-დროზე ჩემო კარგო, დროზე.
დრო ყოფილა უფალი...


30.12.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს