ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერსონიმუს ვილჰელმ ლიბენშელი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2015


შპეკის გარდაცვალების სევდიანი ამბავი

ჩვენი ღმერთი გლოვის ღმერთია,
ბალახზე დარჩენილ სისხლს ლოკავს ძაღლი,
მეთევზემ არ იცის სად გაყიდის თევზს,
ბავშვები აფურთხებენ აივნიდან.

მზე არ ჩანს მაგრამ ცხელა,
მოღრუბლულია მაგრამ არ წვიმს,
ტყვიას გვესვრიან მაგრამ არ გვესმის,
გოგონამ ნაგვის ურნაში ჩააგდო ფუნთუშა.
მთავარი ფორმაა, თუმცა არსებობს შხამიანი სოკოც,
გასაგებია თქვენი აზრი,

ცოტა მეტი მომივიდა მარილი,
არ იქნებოდა ურიგო ყიდვამდე მოგერგოთ ფეხსაცმელი,
ზოგ ფრინველს უყვარს ლეში.

რურის საბადოებიდან მოაქვთ რკინა მართულხლართებისთვის,
როგორ ჩაიხუთება ხოლმე ჰაერი ომის შემდეგ.
დღე არ გასულა ტირილის გარეშე,
მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ტერეზამ, როცა რკინაზე ამოტვიფრული სახელი და გვარი ნახა,
სისხლის ჯგუფიც დაემთხვა...

ლოდინში განაწილდა ტკივილი, მატარებლის კივილი აღარ იყო საშინელი.
შავი ფერი არ ყოფილა ისეთი მძიმე, როგორიც ჩანდა ფიქრებში,
ჩვენმა ღმერთმა რამდენიმე ენა იცის.

ფეხსაცმელი ტყავის უნდა იყოს - კაუჩუკის ძირით,
უფრო რბილია,
რა იცი, სად მოგიწევს სიარული,
ჩანთაში რამდენიმე ფუნთუშაა, ორი ჯემით,
ორი შოკოლადით.
ვინ გასწავლა სოკოს გარჩევა?
არა ქალბატონო, თვითონ გავარკვევთ რა გვჭირდება,
დიდი მადლობა რჩევისთვის,
რა კარგი კულონია, როცა დაბრუნდები მაჩუქე,
ყოველდღე ვატარებ.

სარა, იანეკ, შემოდით სახლში,
თევზი მზად არის,
ცოტა მეტი მომივიდა მარილი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები