 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 1 მარტი, 2015 |
„Чтобы сделать соус из зайца, надо зайца. Чтобы уверовать в бога, надо бога“ Федор Достоевский – „бесы“
(1) „იგი მოსახვევიდან გამოვიდა და პირდაპირ მდგარი ქალისკენ აიღო გეზი“. - ო, არა! შეაჩერეთ კადრი. რას ჰგავს ეს? - თუკი გსურთ რეალობას წააგავდეს თქვენი ისტორია, მაშინ ის გულისრევამდე შაბლონური უნდა იყოს. - როგორ, ცხოვრებაში მხოლოდ რეალობით ირთობთ ხოლმე თავს? ამ შეკითხვაზე თანამოსაუბრემ დუმილი არჩია. ცხვირზე ჩამოწეული სათვალე ფრთხილად გაისწორა და უმეტყველო სახე მიიღო. კაცი არ ცხრებოდა, უფრო მეტი აღშფოთებით შეეპასუხა. - სისულელეა ყველაფერი, მათ შორის თქვენი უაზრო მონაჩმახიც იმის შესახებ, რომ ხანდახან ტყუილი არის საჭირო. - აბა, სიმართლეს იტყვით? - არა. წამიერი დუმილი უშნოდ გაიწელა მათ შორის. - ა-აბა? - რას გადამეკიდეთ? ავდგები და უბრალოდ, ძალიან მარტივად ლოყაზე ვეამბორები და კარს გამოვიხურავ. კაცმა უკმაყოფილოდ ჩაახველა და შეეცადა მზერა რაიმე საგანზე გადაეტანა. გრძნობდა, როგორ ეშლებოდა ნერვები და ეს ჯანდაბა სათვალეც ისევ ცხვირის წვერზე ჩამოსცურებოდა. - როგორია? არასოდეს მოგიყოლიათ... უეცრად გაახსენდა სათვალიანს და ისევ შეეცადა მისთვის შეეხედა. ეს კითხვა კი ნამდვილად ეამა თანამოსაუბრეს. წელში გასწორდა, სიამაყისგან სახე გაებადრა და ზედმეტად ნასიამოვნები ხმით წარმოთქვა. - იცით, როგორია? რომ მოდის შენს წინ, აუღელვებელი მანერულობით, გგონია რომ მისი მოახლოებისთანავე ფეხქვეშ მიწა აგიფეთქდება. ო, ლამაზს ნამდვილად ვერ ვუწოდებ იმ ეგზოტიკას, რაც მას ამშვენებს. (რა უგერგილო სიტყვაა „მშვენება“, დამეთანხმებით ალბათ). და ეს აბსტრაქტული, ნორმიდან ამოვარდნილი ფართო პირი, რომელიც მსხვილი ტუჩებით აქვს შემოფარგლული. ცივია მისი ვნება, საშინლად ცივი და ეს უფრო გიზიდავს... რა ჯანდაბის გამო იღიმით ასე? გაჯავრება ვერ დაფარა კაცმა და უკან გადაიხარა, თითქოს ამაზრზენი ობობა დაენახოს. - როგორ გაკარგვინებთ თავს ქალები. - და იქნებ, ზუსტადაც რომ მაგიტომ მოგვცა ღმერთმა თავი, რომ ქალების გამო დავკარგოთ? - ოჰ, რა კოლორიტი დააკლდა პოეზიას თქვენი სახით. - აი, ისევ, ეს უხერხული ირონია, რომელიც რომ ვერც შემხებია თამამად და რომ ვერც ის შესძლებია უკვალოდ ჩამიაროს. - ბრავო, ბრავო. - რა მაგის პასუხია და... ჩემი წერილი ნახეთ? - რომელი? მომაგონეთ. კაცი წამოდგა, ფეხაკრეფით მივიდა მაგიდასთან, თითქოს ვინმეს ემალებაო და იქიდან თაბახის ფურცელი ამოიღო. - ინებეთ. ისევ შეისწორა ეს ჭირვეული სათვალე და მდუმარედ დაიწყო კითხვა.
„ყველაზე სენტიმენტალური ნაბიჭვარი ვარ და თანაც უნიჭო, რადგან წერას ამ ფრაზით ვიწყებ. ალბათ, სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ვეღარასოდეს გნახავთ (ტანჯვაც ხომ შვებაა ზოგჯერ, ძვირფასო). და ამიტომაც ასეთი სითამამით გწერთ წერილს. მე ხომ აღარაფერს მოველი, მით უფრო თქვენგან. არსებობენ ქალთა ისეთი კატეგორია, რომელსაც ვერაფრით მიისაკუთრებ, პირიქითაც კი, - მათგან უნდა ისწავლო თავისუფლება (მერე და როგორ მეშინია მე თავისუფლების). ასე მომივიდა თქვენთან, დაგინახეთ და მივხვდი, რომ აბსურდია ყველანაირი პოეზია, მაღალფარდოვნება და ახლაც კი ნერვები მეშლება, რომ უნებურად ამ ყველაფერში გაგრიეთ. რას გწერთ? ნუთუ რომანტიკული, რაინდული სიყალბით უნდა შევმოსო ის უსიტყვებო განცდები, რომელსაც სხეულის ყოველი უჯრედი დაუკავებია. არა, გამიგონეთ, არ მიყვარხართ! ღმერთო, დამიფარე ამ გრძნობისთვის გაგწიროთ. დამიფაროს უზენაესმა, რომ თქვენზე ფიქრში ღამე ვათიო და სად მაქვს იმის ბედნიერება, რომ თქვენი ღალატის საშუალება მქონდეს (მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი უღალატო, როცა გეკუთვნის). მგონი მართლაც საშინლად სენტიმენტალური ნაბიჭვარი ვარ და ამდენი სიტყვით უკვე კი არ გეფერებით, მგონი გახელებთ. გაშმაგებით გეხვევით თითოეული ასოთი და ვცდილობ სიზუსტით ჩაგტიოთ თითოეულ წინადადებაში. ავავსო ყოველი აბზაცი თქვენით და ხარბად შევისუნთქო ეს უსაზღვრო სიგიჟე, რომელსაც რომ არც რა სცხია შეშლილობისა სინამდვილეში. თქვენ ალბათ იტყოდით, - „ვერ შექმნი რაიმეს, თუკი უპირველესად საკუთარი თავი არ შექმენიო“. მინდოდა მეთქვა პასუხად, რომ წყალობაა ასეთი ჭეშმარიტება ისეთი უგვანი ადამიანებისთვის, რომელნიც ჩვენ ვართ. და რამხელა სასჯელი იქნებოდა მაგ ვნებით სავსე სხეულისთვის, მართლაც რომ ასეთ იდეებს ატარებდეს. ხანდახან გზნებით წამოვდგები ხოლმე ღამით და უთავბოლოდ დავდივარ ჩემი სახლის ოთახებში. სიმარტოვე აყუჩებს ტკივილს, არ შეგინიშნავთ? და თუკი ჭიქა ვისკიც გვერდითაა, ნამდვილი წყალობაა, ქალბატონო (ო, როგორ არ მინდოდა ასე მომემართა თქვენთვის, ძვირფასო. ალბათ მაინც ვერ მიპატიებია თქვენთვის ჩემზე რომ ამხელა გავლენა გაქვთ). რამდენს ვყრანტალებ, იმდენად ბევრს, რომ მგონია ამ წერილს არ დავხევ და აუცილებლად გამოგიგზავნით. იქნებ და შემიძულოთ კიდეც. გაიღოთ მოწყალება და ზიზღით აღივსოთ ჩემდამი. დამერწმუნეთ, ეს უდიდესი ბედნიერება იქნება ჩემთვის, რამეთუ მეცოდინება რომ სრულ არარაობად არ დამტოვეთ თქვენს თვალში. რაებსაა რომ ვროშავ? რამდენ სიმართლეს ვახურდავებ წვრილმან, მტანჯველ დეტალად. მითხარით, ხომ არ მიპასუხებთ? (თუკი მაინც გავბედე და გამოვგზავნე ჩემი უძილობის ჟამს აღწერილი განცდები). საშინელი სირცხვილი იქნებოდა თქვენი თვალები, თუ გადაურბენდნენ ამ ნაწერს. და მაინც, რამხელა სითავხედეა ამ ყველაფერში. ნუღარ შევხვდებით, გთხოვთ, არ გადამეყაროთ სადმე, რადგან უსათუოდ დავიმცირებ თავს. ჩემი წოდების კაცს კი ეს არ შეჰფერის! (მეტადრე მაშინ, როცა თქვენ არ ხართ მარტო). ხედავთ, მეც შემრჩენია სიამაყის ის ნატამალი, რომელიც მჭიდროდ გადახლართულა ჩემი სიცოცხლის ძირითად მარცვალთან, ურომლისოდაც გვამი-ღა შევიქნებოდი მხოლოდ.
ხელს არ ვაწერ განგებ. რაც გსურდეთ ის იფიქრეთ.“
- თუ ვიმსჯელებთ, რომ ეს წერილი ხელში მიჭირავს, ვფიქრობ თქვენ ის არ გაგიგზავნიათ. შენიშნა მრავალმნიშვნელოვნად სათვალიანმა. - წერილს მელნის ლაქები ეტყობა. - და რა ამით? ახლა არ მითხრათ, რომ მაგის გამო არ გაგზავნეთ მხოლოდ. - რატომ არ უშვებთ იმას, რომ მე ის გადავათეთრე და ეს „შავი“ ვარიანტი ჩემი სამარადჟამო სირცხვილის ნიშნად დავიტოვე. - ანუ მაინც გაგზავნეთ? - ბევრ კითხვას სვამთ ჭკვიანი კაცის კვალობაზე. - ბოლოსდაბოლოს გაგზავნეთ თუ არა? - არ ვიცი.
(2) - არ გიფიქრიათ, რომ ქალბატონი ს... თქვენი ქცევის გამო საშინლად დაიტანჯება? - ნუ მესაუბრებით ჭეშმარიტებაზე, ისედაც გაბეზრებული მაქვს თავი. - აბა, ილუზიებით გინდათ გახვიდეთ ფონს. - ღმერთის გწამთ? - რა შუაშია ახლა ეს? - ჰო, თუ არა? - დიახ. - ჰოდა მაშინ გამიგონებთ. ერთ ბედქვეშ ვყოფილვართ. - მეგონა ჯერ კიდევ არ გადაგეწყვ... - ხომ გთხოვეთ, ნუ გამაბეზრებთ თავს-თქო?! - არ იქცევით სწორად, თორემ მე საერთოდ შემიძლია დავიძინო კიდეც. ამაზე კი ხმამაღლა ახარხარდა კაცი. „დავიძინოო“, - მაინც რა სასაცილოდ თქვა. გაიფიქრა გულში და ძლივს მოახერხა სიცილის მოთოკვა. - ნუ გეწყინებათ, მეგობარო. უბრალოდ იმდენად იშვიათად ვხვდებით, რომ არ შემეძლო გულთან ახლოს არ მიმეტანა თქვენი ნათქვამი. - დამცინით. - ოჰ, რა თქმა უნდა! და თქვენ როგორც ყოველთვის გწყინთ. კაცი წამოდგა და ბოლთისცემას მოჰყვა. რა შეიძლება უწოდო ამ ყველაფერს? თუ არა ის ფაქტი, რომ გონება პანდორას ყუთივით არის, რა წამს აამუშავებ, არც კი იცი რას უნდა ელოდო მისგან! - დამშვიდდით. - ო, ჩემი დამშვიდება ნამდვილად არ შედის თქვენს კომპეტენციაში, მერწმუნეთ. - მე რომ თქვენს გვერდით ვიყო მუდამ, მართლაც მშვიდად იქნებოდით. - ცდებით, მეგობარო. მე იმდენად გაფუჭებული, თანაც სენსიმენტალური ნაბიჭვარი ვარ, რომ ვერ გაძლებდით ჩემს გვერდით, რადგან არაერთგზის გიღალატებდით. თქვენ კი, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მიიძინებდით განაწყენებული. - ხანდახან მართლა არ მესმის თქვენი. - ეგ არაფერია, მე არასოდეს მესმის ჩემი თავის და ალბათ ამიტომაც არის რომ ამდენი წელია ვუძლებ მას. ამაზეც სურდა გაეღიმა, მაგრამ იმდენად დიდი დოზით მოუვიდა სიმართლის თქმა, რომ ვერ მოუყარა ტუჩებს თავი. - თქვენ ნახეთ წერილი? - არა, ის ჩემი ჩარევის გარეშე დაიწერა. - ოჰ, რა თქმა უნდა. ჩაიბუტბუტა კაცმა და ისევ ბოლთისცემას მოჰყვა.
(3) - სად ხართ ამდენ ხანს? გელოდით, რა ხანია. შეეგება ოთახის კუთხეში მდგარი მასპინძელი ახალმოსულ კაცს. მან გაურკვევლად აიჩეჩა მხრები და უთქმელად ჩამოჯდა იქვე მითითებულ სკამზე. ჯიბიდან სიგარა ამოიღო და ხარბად მოქაჩა. - გისმენთ, ნუ აყოვნებთ, ყველა დეტალი მაინტერესებს. - ჰმ, თქვენც ხომ მახლდით? არამგონია რამე გამოგრჩენოდათ... ჩაიქირქილა კაცმა და ღრმა ნაფაზთან ერთად სიამოვნებისგან თვალები მილულა. - ერთია, როდესაც საკუთარი თვალებით უყურებ და მეორე, როცა მოქმედი პირი გიყვება. - როგორ, თქვენც დაიწყეთ მსგავსად მეტყველება? - რანაირად? - რა ვიცი, ზედმეტად რაციონალურად, მე ვიტყოდი. - განაგრძეთ. ხელი ჩაიქნია მასპინძელმა და უმისამართოდ გაიღიმა. - თქვენს რჩევებს დავუჯერე, როგორც ყოველთვის და სახლთან დავუხვდი რამდენჯერმე. ალბათ, ვინმე ვიგინდარა ვეგონებოდი, რომ გაეგო მანამდე რამდენჯერ ვნახე ქუჩაში, როგორ მივდიე სახლამდე და გამოვარკვიე მისი ასავალ-დასავალი, მაგრამ რას დაგიდევდით! ასეთი რამ ჩემს დღეში არ მიგრძვნია, ხოლო ახლადაღმოჩენილ სიამეს პატივი უნდა სცეს კაცმა. ისევ მოჰქაჩა სიგარა და საზურგეს მიეყრდნო. სახეზე უმალ აღებეჭდა კადრებად მოგონებები. ყოველი შეხვედრა, ქალის კაბის კალთა, წაგრძელებული თვალები... და ქუჩის კუთხეში შავი კატის სილუეტი. - რად გაჩუმდით? განაგრძეთ. - მაინც რა გინდათ გაიგოთ? როგორ დაგმორჩილდით? მასპინძელმა თავშეკავებით გაუღიმა და თვითონაც აიღო სიგარა. - და დიახ, არად დაგიდევდით, რომ მისი მეუღლე, ეს გენერალი კაცი, იმდენად სიმპატიურად გამოიყურებოდა, რომ წუთით შურიც კი ვიგრძენი ამ ქალისადმი. დიახ, დიახ! ამხელა მომადლებული სიმშვენიერე (ო, ისევ ეს დაწყევლილი სიტყვა!) და თანაც ფორტუნა. ნამდვილად სატანას ხელი უნდა ერიოს ამ ყველაფერში. ეს საკრალური თანხვედრა მშვენიერებისა და იღბალის, ჩემს დაღუპვას წინასწარმეტყველებდა. და მეც არ დავიხიე უკან, იმ საღამოსვე გავეშურე დუქანში და ჩემი ჯიბეში არსებული მთელი ოქროს ფული გავფლანგე. ასე გადავუხადე სამაგიერო იღბალს, რომ ჩემს მხარეს არ ყოფილა არასოდეს. - როგორი ღვარძლიანი ხართ. სიცილით გააწყვეტინა სათქმელი მასპინძელმა. - ეგეც ხომ თქვენი ბრალია. - ნუ ცდილობთ სხვაზე რამის გადაბრალებას. რაც გაგაჩნიათ, სიამე იქნება ეს თუ სიმწარე, ის მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებების შედეგია. - როგორი სულმდაბალი ხართ. - ალბათ, ამიტომაც გამიშინაურდით ასე. ახლა კი, განაგრძეთ თუ შეიძლება. კაცმა თავი ხელებში ჩარგო, არ იცოდა რა ემართებოდა, მხოლოდ საშინელ თავისტკივილს შეეპყრო. - დიახ, ერთხელ გავბედე და გამოველაპარაკე. ოღონდ, მის ქმარს მხოლოდ. ისიც იმიტომ რომ დუქანში შემოვიდა. მახსოვს გაოცებით შევხედე, რადგან ასეთ ღირსშესანიშნავ გენერალს არაფერი ესაქმებოდა ამდენი სალახანას გარემოცვაში. მაგრამ ეს არაფერი, გულის სიღრმეში მეამა კიდეც, რომ რამით მაინც წაეცხო ჩიქრი მის ხატებას ჩემს გონებაში. და იცით? მან სკამი გამოსწია და დაჯდა, ეტყობოდა მარტო იყო, რითაც უმალ ვისარგებლე (ისევ თქვენი გამოისობით) და ჩამოვჯექი. ფეტვისფერი თმა გოროზად ეყარა შუბლზე, ქარვისფერი თვალები კი იმდენად დინჯი ჰქონდა, რომ რეგვენად მივიჩნიე (როგორ შეიძლება ასეთი ქალი გყავდეს შინ და ამ დროს ამდენად მშვიდი იყო კაცი). ჩამოვჯექი დიახ, და დავუწყე დღევანდელ პოლიტიკაზე საუბარი. იმდენად უმნიშვნელო საგნებს შევეხე, რომ მგონი იფიქრა სულელთან მაქვს საქმეო და მოდუნდა, უფრო გამალებით დაიწყო ჭამა-სმა. მეც ლაქლაქს მოვუმატე, მინდოდა საბოლოოდ დამერწმუნებინა, რომ საშიში არ ვიყავი და მხოლოდ მემკვიდრეობით დატოვებული ფულების ფლანგვაში ვიყავი მარჯვე (ჩემს წარმომავლობას ვერაფრით დავმალავდი, რამეთუ უკვე დასვრილი, მაგრამ ძვირფასი სერთუკი მეცვა). ერთი კი წამძლია სულმა, ვნახოთ და რა ვკითხე იცით? - რა? უმალვე შეაგება კითხვა მასპინძელმა. - გატყობთ გაინტერესებთ. ჩაიცინა კმაყოფილებით კაცმა. - რა თქმა უნდა. - და აი, ზუსტად მაშინ, როცა შევატყვე, რომ ჭამის დასრულებამდე სულ ხუთი-ათი წუთი ექნებოდა დარჩენილი, შევეკითხე, თუ სწამდა თავისუფლების. იდუმალი სახე მიიღო კაცმა და მასპინძლის რეაქციას დაელოდა. - და რა მაგით? რისი გარკვევა გეწადათ? მოუთმენლობა და გაღიზიანება ერთდროულად დაეტყო ხმაში. - მან მიპასუხა, რომ დღევანდელობაში ვერავინ იქნება თავისუფალი, რადგან ყველა საკუთარ თავს ეკუთვნის. - ოჰ, ჭეშმარიტი ლიბერალის სიტყვები. - არა, მოითმინეთ! მე ჩავეძიე უფრო მეტად და ვკითხე, რომ საკუთარ თავს თუკი არ ჩავთვლით, შესაძლებელია ადამიანს თავისუფალი ეწოდოს? ბრახ, და იცით რა მიპასუხა? - რა? - დიახო. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. კაცმა ისევ განაგრძო საუბარი. - რამხელა თავხედობაა მისი მხრიდან. გამოდის, თუკი ყველა ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი, ესე იგი ჩვენ არ ვეკუთვნით ერთმანეთს, ეს კი მთელი კაცობრიობის იდეას - „ადამიანი ადამიანისთვის“ - ანგრევს! სწორად გამიგეთ, ღმერთმა შესაძლოა სულ სხვანაირად ჩაიფიქრა ჩვენი ადაპტირება დედამიწაზე (სამოთხის შემდეგ), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ცხვირწინ მივუხუროთ გულისკარი. დიახ, ღვთის მკვლელობაზე უარესია ეს! - მეგონა, თქვენც ასე ფიქრობდით... - როგორ? - თავისუფალი აზროვნების კაცი ვარო, ამბობდით. - ნუ, ურევთ ცნებებს ერთმანეთში. თავისუფალი აზროვნება ნიშნავს, იმას რომ ძალმიძს რამდენიმე ვარიაცია განვიხილო, გავაანალიზო მათი სუსტი თუ ძლიერი მხარე და აქედან დასკვნები გამოვიტანო. ხოლო რაც შეეხება თავისუფლებას, როგორც ცალკეულ მდგომარეობას, აქ ცდებით! მე არასოდეს მიმიჩნევია თავი თავისუფალ არსებად და მთელი ცხოვრება ზუსტად ამას გავურბოდი. და იცით, ყველაზე მეტად ზუსტად მაგიტომ დამატყვევა იმ ქალმა, მან შეძლო დავემონებინე, უმალ თავისუფლება წარმტაცა. - კარგით, გასაგებია. - არაფერიც არ გახლავთ გასაგები, სწორედ ამაშია მთელი ეშხიც და უბედურებაც. - პარადოქსალისტი ხართ და მასხარა. გაცხარდა ბოლოსდაბოლოს მასპინძელი. - პირველი ჩემი ხასიათია, ვერაფერს გავაწყობთ, მეორე კი ცხოვრებისგან შეძენილი სიბრძნეა. - რას არ იტყვით ხოლმე... - ხშირად მხოლოდ სიმართლეს, ეს არის სწორედაც ჩემი უბედურება.
* * *
- ხომ, არ გშიათ? - არა, უკვე დავნაყრდი. - სუნით თუ ვიმსჯელებთ, ისევ დუქანში უნდა ყოფილიყავით. - ნამდვილად არ გამიმართლა და ჭკვიანი ქალი შემრჩა ხელთ. გაიღიმა გენერალმა და გოროზად დაყრილი თმის გასწორებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. - რას ვიზამთ, თუკი გსურთ იყოთ ბედნიერი, მაშინ ხანდახან უბედურებაც უნდა აიტანოთ. ქალმა ორაზროვნად გაიღიმა და ოთახიდან გასვლა დააპირა. - დუქანში ვიღაც დამთხვეული შემხვდა, ერთთავად სისულელეებს როშავდა. - რა უნდოდა? - ჩემგან კერძოდ არაფერი, მაგრამ უცნაურად კი ჩამაჯინდა ბოლოს. - რასთან დაკავშირებით? - თავისუფლებაზე. თუ გჯერათ, რომ ყველა ადამიანი თავისუფალიაო? მგონი ასე მკითხა. - მერე, რა უპასუხეთ? - სიმართლე. - კერძოდ? - რომ ყველა ადამიანი თავისუფალია, თუკი მოინდომებს რომ იყოს. - მაშ, მოგიტყუებიათ. - ეგებ, ალალიც იყოს მასზე. ვიღაც სულელი კი ჩანდა.
(ავტორის შენიშვნა: (1) კაცი ესაუბრება თავის „ჯანსაღ აზრს“ (2) კაცი ესაუბრება თავის „სინდისს“ (3) კაცი ესაუბრება თავის „ინსტინქტებს“
გადახედეთ თავიდან, ბევრი რამ გენიშნებათ უთუოდ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ქეთ! დამაკლდა შენი ფსიქოლოგიური ნაწარმოების წაკითხვა, რატომ აგვიანებ?! ქეთ! დამაკლდა შენი ფსიქოლოგიური ნაწარმოების წაკითხვა, რატომ აგვიანებ?!
4. ოხ, ეს მავნე ჩვევა- ქვემოდან ზემოთ ავყევი ჯერ :) და მერე, წესისამებრ რომ დავიწყე კითხვა, უკვე ვიცოდი "თანამოსაუბრეთა" შესახებ .
ცოტათი მოსაწყენი მომეჩვენა- "წმინდა რუსული სტილის" ბრალი იქნება ეს :)
ოხ, ეს მავნე ჩვევა- ქვემოდან ზემოთ ავყევი ჯერ :) და მერე, წესისამებრ რომ დავიწყე კითხვა, უკვე ვიცოდი "თანამოსაუბრეთა" შესახებ .
ცოტათი მოსაწყენი მომეჩვენა- "წმინდა რუსული სტილის" ბრალი იქნება ეს :)
3. საინტერესო ავტორი ხართ. მომეწონა. 5. საინტერესო ავტორი ხართ. მომეწონა. 5.
2. რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ტყუილი , მართალი , თავისუფლება თუ შეზღუდვა ლოგიკური მოვლენების უწყვეტი ჯაჭვია!
ნაწარმოებს მოწონება!
რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ტყუილი , მართალი , თავისუფლება თუ შეზღუდვა ლოგიკური მოვლენების უწყვეტი ჯაჭვია!
ნაწარმოებს მოწონება!
1. ერთი მოთხრობა "წმინდა რუსული სტილის"-აც ჰომ უნდა მქონდეს )) ერთი მოთხრობა "წმინდა რუსული სტილის"-აც ჰომ უნდა მქონდეს ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|