ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2016


დამივიწყებენ

დამივიწყებენ,
ისე მალე დამივიწყებენ
მიწის ბელტებთან შეგუებას ვერც კი მოვასწრებ.
გამახსენებენ - მიწა იყავ, მიწად იქეცი,
როცა დაბზარულ თიხის ჭურჭლიდან გაპარული
სიცოცხლის ნისლი
ქარაფს იქით გადაეშვება,
სადაც სიკვდილი
პულსზე სწრაფი ფეთქვაა დროთა,
სადაც ფარდებად იფრიალებს მოგონებები
და სიო გამცრის გაყინული გრძნობების ქროლვით.
არ მეშინია,
აღარ დამრჩა შეგრძნების ფლობა,
საფეთქლებიდან ტერფებამდე სიცივეს ვლანდავ.
ძველ აღმართებზე უძნელდება სისხლს ისე ასვლა
გულმა თუ სცადა,
მთასვლელივით მოვიცელები
და ვით თვალები სანთლის ლიცლიცს უცრემლდებიან,
ისე უგულოდ დამიტირონ გლიცინიებმაც.
როცა ვიდგები მარტოობის სურამოდებულ
პალიასტრივით
და იმედით დაძარღვულ ხელებს
ბოლო ოცნება
დასამსხვრევად გაუვარდებათ,
დამივიწყებენ,
რა თქმა უნდა, დამივიწყებენ
რისთვის არსებობს დამტვერილი წარსულის თარო?!
მხოლოდ ნუგეში
ხშირად მოვა სააღდგომოდ და
მოვალეობას გულზე წითლად გამომიგორებს.
არ ვიძაბები
გულის ძაფთა წყვეტაა მხოლოდ,
უბრალოდ მინდა სადმე ფიქრთა კვანძში შემოგრჩეთ
იქნებ ოდესმე გავიელვო განწყობის ცაზე
და მონატრების ჩუმი წვიმა გამოვიწვიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები