- ფიქრს ნუ ენდობი! -
თავად ამბობდი,
თუმცა, შენს ფიქრში
არ მაქვს დანდობა.
როგორი სიჩუმეა აქ....
სევდის ანატომია...
მზე სხეულიდან ღელვით გავიდა,
დროა, ვარსკვლავთა ენას ვიგებდე...
რატომ მეგონა, სემირამიდას
დაკიდულ ბაღებს მეც ამიგებდნენ...
ხომ ვერ მოვირგე ის ბროლის ქოში,
ვერც დავიმშვენე ეს მხრები ჩინით,
და სასოებით ძლივს ნაპოვნ დოქში
აღარ აღმოჩნდა ზღაპრული ჯინი...
არ გვწყალობს ჟამი- გობსეკი, ძუნწი,
და გზამრუდებზე ეკლებს გვახვედრებს,
ტერფზე აკრული ფოთოლი ძურწის,
შორი წარსულის ცაში მახედებს...
ახლა, სხეულში სული ებმება,
დედამიწაზეც მწუხრი თავშალობს,
აღარ ეგების, რომ ოცნებებმა
ამ ქარიშხლებში ფრთები გაშალოს...
თითქოს, მევსება სული ნემსებით,
ფიქრებიც ცხელ შუბლს ღელვით
სწყდებიან,
და უბინაო სევდის ლექსები
მელნის წვიმებში მისველდებიან..
ღამე პროზაულ თვალებით მიმზერს,
მზეც ცის დარბაზში ისევ გვიანობს,
გავთენდები და,
თოკზე ვფენ სიზმრებს,
ქმარმა რომ აღარ იეჭვიანოს...
შეაბარბაცებს ღამეს ჩრდილები,
ქარი ბალახზე ცის ნამით ლოთობს,
ო, ეს ჩიტები- უფლის შვილები,
ხეებს კაბაზე აქსოვენ ფოთოლს...
მეც ქართლის მინდვრის საკაბეს ვარჩევ,
მაგრამ ვიღაცა მპარავს ამ
ჩითებს,
ვკითხულობ თრთოლვით სამშობლოს სარჩევს,
და მავთულხლართი მიკაწრავს თითებს...
ჟამს მზის და ბინდის ცვალება ახლავს,
კოკის წვიმებსაც მზეებს აბოდებთ,
და აპრილშემჭკნარ თითებზე ახლა,
ვერცხლის ბეჭდებიც უარს ამბობენ...
ვინ არის, ნეტავ, ამ წვიმებს რომ სცრის,
ან ობოლ ხეებს ქარგავს ურვებით?
ცად მივუყვებით კიბეებს ლოცვით,
და, კვლავ გვიტყდება საფეხურები...
ო, ახლა ყველგან ქართა შტორმია,
სიმშვიდე, ალბათ, მხოლოდ ცად სუფევს,
და ჩემი სევდის ანატომიას
ეს უხერხული დრო უპასუხებს...
...მაინც, ვერ ვჰგიებ, ვინ ვარ და, რა ვარ,
სულს ხემის ნაცვლად ვაწვდი სტრადივარს,..
ჩვენ დედამიწის კიდეზე ვდგავართ,
ერთი ნაბიჯი, და....გადავდივართ!....
ლეილა სიჭინავა
მადლობა ყველას, მოლოცვისთვის!
30 მაისი. მწერალთა სახლში გაიმართა ,,ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის" გამარჯვებულების დაჯილდოება. გადმომეცა წმინდა ნინოს ჯვრის მედალი.
გული დამწყდა, გამახსენდა ,,ლილეს" კონკურსი, ერთქულიანი შეფასება და ჩემი ვითომდა გამასხარავება, ჩული ქილიკი, აი ეს არის მაგის პასუხი - გამარჯვება და წინსვლა!
ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ, თხუთმეტი სხვადასხვა ჯილდო მაქვს აღებული,
მათ შორის საერთაშორისოები, დიდი კონკურენციის პირობებში და ,,ლილეს" ორგანიზატორებისაგან ასეთ მიკერძოებას არ ველოდი.
|საინტერესოა, ესენი ჩემს ლექსს რამდენი ქულით შეაფასებდნენ? ალბათ მინუს ერთით, რადგან ნაწარმოები ერთი ქულით შემიფასეს ...
,,სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს".
ვინც პირველივე წყენისას გტოვებს, იცოდე, რომ ის ამ წყენას ელოდებოდა.
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
რა უნდა თვალების დახუჭვას?!
მაგრამ...
მზეს რა ამომფხეკს თვალებიდან,
ამდენ მზეს?
ყველაფერი მაღიზიანებს, რაც პროფესიას ემსგავსება -
პოეზიაც, სიყვარულიც, ადამიანიც.
ვგრძნობ, როგორ მახრჩობს სამუშაო, მჭიდრო გრაფიკი,
დილიდან გვიან საღამომდე, ან - გადაწვამდე.
მინდა, ყოფილი მეგობრების დღე დავაწესო,
მათი ხსოვნის სიმბოლური დღესასწაული.
რა მშვიდად დავთმეთ ერთმანეთი, რა ცივილურად,
ამხანაგურად ერთმანეთსაც გადავეხვიეთ.
დღე დასრულდება, სამუშაო საათებიც გავა ბოლოში,
ნაყოფიერად ჩაივლის და მომგებიანად,
შეგეძლება, შვებით ღრმადაც ამოისუნთქო,
როგორც დაღლილმა მეეზოვემ, ნაგავიც კი გადახვეტო ტროტუარიდან.
პოზიცია: ქალი. შენ ვერ ამოირჩევ, როდის მოვლენ, როდის წავიდნენ -
გრაფიკი მუდამ მცოცავია, პროფესიონალ მუშაკების პატივსაცემად
და ყველაფერი კვლავ გულს აგირევს, რაც რეჟიმში უნდა მოექცეს,
რაც ბავშვობის ტრავმებს უნდა გადაუმალო.
თუმცა, ჩასახვის ცერემონიალს რა შეედრება,
თეთრი მუხლების მესაკუთრედ ყოფნის უფლებას?!
შენ მხოლოდ უნდა აკონტროლო საკუთარი ფერტილურობა,
შეათანხმო სხვების გულისრევის განრიგთან.
„მაინც არასდროს დამავიწყდება, რომ ყველანი საზიზღრები ვართ" -
თეთრ საცვალზე გაჟონილი ბორდოსავით ჩაგაკვდება მისი სიტყვები,
ვეღარასოდეს ამოირეცხავ მისი ენის მოტკბო სისველეს.
რა მარტივია ყველაფერი, თუ პროფესიას ემსგავსება,
მჭიდრო გრაფიკში გამომწყვდეულ სიყვარულს და ადამიანებს,
საწოლის კიდეზე გადაწოლილს ოდნავი ზიზღით რომ აგახედებს:
„წყალობა თქვენდა, ნაბიჭვრებო!“
ნანა ქელეხიძე.
რა შეიძლება იყოს სიცოცხლე?
სულ რაღაც ორი მძაფრი სიზმარი, -
მდგომარეობა,
სადაც სხვა,
უფრო სადა სიზმრები ტივტივებენ,
ამ ორ სიმძაფრეს შორის მოქცეულები.
ისევ დაიწყო მტანჯველი უძილობა. მტანჯველი პირდაპირი გაგებით.
სიარული ოთახში, სიგარეტი, ისევ სიარული, თვლა ნაბიჯების, ისევ სიგაარეტი, ისევ სიარული და თვლა.
არანაირი ფიქრი, გარდა იმის რომ დავიძინო. ხვალ ბევრი სამუშაოა.სამუშაო ხო ყველა სიკეთეზე, ხატზე და ბერზე წმიდათა წმინდაა, + ორი შაბათ-კვირაც ვიმუშავე. თვალებს ვერ ვხუჭავ, გონება ჰიპერაქტიურია, მაგრამ არანაირი ფიქრი. ყველაფერი ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
27 თებერვლიდან 2 ღამე მეძინა დაახლოებით 7-7 საათი, დანარჩენი წუთებით, ხან არც წუთებით.
მგონი, ადამიანი აღარ ვარ???? ხო არაფერში გაინტერესებთ, მაგრამ ჩამოვჯექი ახლა და კარგა თანმიმდევრულად გწერთ, ესეც საქმეა.
რო გავამძაფრო ჩემი "არაადამიანურობა",დავამატებ, რომ წყალს არ ვსვამ საერთოდ. სულ საერთოდ. კიდევ შემიძლია გავამძაფრო რაღაცეებით, მაგრამ ახლა ის დროა, როცა არაფერია მძაფრი. ომმა სულ ბოლო მომიღო. არადა ვის რაში გამოადგება ჩემი ბოლოს მოღება. გამოუსადეგარობა კიდევ ზემოდან.
მოკლედ, ხვალ ამას ალბათ წავშლი. წაშლაში მაგარი ვარ, მაგრამ ამ გაუფასურებულ დროშიც კი უძილობა მაინც მტანჯველია, რომ იცოდეთ. თან უმიზნოდ და უსარგებლოდ უძილობა. სინდისის ქენჯნის უძილობაც საქმე იქნებოდა ახლა, მაგრამ არა ჩემო კარგებო და ლამაზებო.უსინდისოდ მღვიძავს.
მოკლედ, დააფასეთ ძილი, მით უფრო ტკბილი და კიდე მით უფრო ტკბილი გაღვიძება????
ანა ჯავახიშვილი
სანამ წაშლიდეს ))
დაგხატავ
დაგხატავ,
ბუტია შტრიხებით სახეზე,
თვალებში
მყვირალა სიჩუმის დუღილით...
ქალი ხარ,
ბუნება სადედოდ გაქეზებს
და შენში
ჩატეულ ანგელოზს ვუღიმი.
ბრაზობ
და ცის ტილო ხაზებად იხევა...
ვინთები
წარბებს რომ მოზიდავ სამშვილდეს,
მე შლეგი
რითმების ქავი და ციხე ვარ
და შენი სისუსტე
მამღვრევს და მამშვიდებს.
მსუბუქი
მონასმით დავხატავ ჩუმ ფრაზებს
(მეც მიკვირს,
ეს ფონი ნეტავ რამ დაბადა)
ღიმილით
გაწყობილ სიცოცხლის სუფრაზე,
როგორ ზის
სიკვდილი -- უცვლელი თამადა.
ეს კონტრაპუნქტია
(უბრალო შემთხვევა)
ან ყოფნა
რა არის, არყოფნა რომ არა...
ნიავით
სამკალი კულული გეხვევა,
შეგეხო ტუჩზე
და ღიმილი მოგგვარა.
დავბრუნდეთ
ტილოსთან ზაფხულის მზის დარო,
დათრაშულ
ღამეთა ძოწო და აქატო...
ღიმილი
დამალე, რატომღაც მინდა რომ
სახეზე
ბუტია შტრიხებით დაგხატო.
საშა გველესიანი
აქ კი ახალი არაფერი გარეთ ქალაქი
ღამდება ზოგი სახლში მიდის ზოგი სახლიდან
შენი დამღლელი დუმილებით მელაპარაკე
რას ვიფიქრებდი მასზე უფრო რამე დამღლიდა
ახალი თითქმის არაფერი მხოლოდ ლოლიტას
გულის ყრები და მზერამკვდარი დონ კიხოტები
შენს წერილს დღესაც გულნაცარა მტრედი მომიტანს
წერილში ისევ ეწერება როგორ ვშორდებით
ამ თეთრ კედლებში არაფერი ავტობუსების
განათებები გარეთ ყოფნის სურვილს მიმძაფრებს
და ჩემს გამომშრალ სურვილებში შევიბუზები
და რომ შემომყვე აღარასდროს არ დაგიძახებ
ჩემთან ახალი არაფერი მხოლოდ ღერები
სიგარეტის და თავმომწვარი სველი ასანთის
და სანამ მეტყვი ვერ ისწავლე ბედნიერება
ბოლო სიმღერა წამიმღერე ბოლო წასვლამდე
მივდიოდით მხარდამხარ...
ნ.ელიაშვილი
ტკბილი ტრიოლეტი
/ელის/
იმ ერთი ცალი აბილილით ისე მომშაქრე
და პოეზიით ავსებული წინწანაქარით.
ტანმრუდეს აღარ მემწარება ჩემი დოშაქი,
იმ ერთი ცალი აბილილით ისე მომშაქრე.
ისე მომშაქრე, მზეჭამია ერთი ლოქაფი,
ლექსის ლერწმიდან გებნეოდა თითქოს შაქარი.
იმ ერთი ცალი აბილილით ისე მომშაქრე
და პოეზიით ავსებული წინწანაქარით...
***
ჩვენ შორის დარჩეს
ის ამბავი,
რაც არ მომხდარა,
რომელიც მხოლოდ
დავუშვი
ან
წარმოვიდგინე.
მაგრამ ისეთი მძაფრი იყო
ეს წარმოსახვა,
რომ სინამდვილემ, ჩვეულებრივ, იჭვიანა,
თავისი ყოვლად გაცვეთილი
ულტიმატუმით:
"აირჩიე!
ან მე ან ის!" -
და შენც...
შენც
სინამდვილეში
ის
აირჩიე...
გიორგი ლობჟანიძე.
მიყვარდი, მაგრამ ჩემს გარშემო თოვლი მოვიდა .
ვერ შეამაგრა ნაადრევი ყინვა ჯავშანმა,
წელს რა განწყობაც დამიტოვა ღამემ - თოვიდან,
ისეთნაირად მომაბეზრა თოვლი შარშანაც.
ჩვენ ავხდით, მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდა,
დამთავრდა ის, რაც არასოდეს არ დაგვიწყია,
ვერ გამოვძებნეთ სასაუბრო ენა - ზამთართან,
ვეღარ შევძელი მოგხვეოდი თოვლში სიცხიანს.
უცებ დავკარგე გადარჩენის ყველა რეცეპტი...
დღეს ნაფლეთებად გადაქცეულ რუკას მივტირი,
რომლითაც ქუჩებს აღვნიშნავდი და ტურისტივით,
შენი ოთახის აღმოსაჩენ გვირაბს ვეძებდი.
მიყვარდი, მაგრამ არასოდეს არ შეგსწრებივარ,
არც მიფიქრია, შეგხვედროდი სადმე - ფერმიხდილს,
მიყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულს თავად ვერ მივხვდი,
და უშენობის ანაბარა ვცხოვრობ წლებია.
არ მიკვირს, თუ კი ვერ შევავსე გრძნობის ასლებით
შენი უწყვეტი არსებობის ვრცელი არქივი,
წავედი, ვითომც არ ვყოფილვარ და გასასვლელში
შეგროვებული სიყვარული დამრჩა ბარგივით
და მაინც, შენი შეყვარება ისე მინდება,
როგორც ნახატში გაშეშებულ პეპლებს - აკრილი,
მინდა ვისმენდე - შენს სიჩუმეს და გარინდებას,
და არ ვმალავდე მარადიულ გრძნობას ნაკლივით.
მიყვარდე მინდა! თეთრი ფიფქის თითო ნამცეცით,
მინდოდე მინდა! გათოვების ყველა გრანულით,
სულს არ მიჭამდეს არც ტკივილი, არც სინანული,
ამხელა თოვლით შეფხიზლებულს და თმებგაწეწილს.
წადი! და სიტყვაც არ წამოგცდეს ჩემზე, ოღონდაც...
ოღონდაც არ თქვა, რომ გესმოდა ჩემი აქცენტი...
არ თქვა, რომ შენთვის უდაბნოში წყალი მომქონდა
და ვიდრე პირთან მოგიტანდი ჭიქას - ვაქცევდი.
წადი და რიცხვი ჩაინიშნე, რადგან რიცხვია -
ის, რაც ოდესმე მიგაბრუნებს სულის დავთართან,
მერე დამთავრდეს - რაც არასოდეს არ დაგვიწყია,
ანუ რაც ჩვენგან უკითხავად - უკვე დამთავრდა.
გურამ ჯახუტაშვილი
"გახსოვდეთ რომ მხოლოდ თქვენი მოლოდინები გაყენებენ ტკივილს, და არა სამყარო რაშიც ცხოვრობთ. რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში ეს რეალურია, რასაც თქვენ ფიქრობთ რომ უნდა მოხდეს, ეს არარეალურია. ადამიანები იტანჯებიან საკუთარი მოლოდინებით."
ჟაკ ფრესკო
ცხოვრებაში ღმერთი აუცილებლად გამოგიზავნის ისეთ ადამიანს,
რომელიც ტელესკოპით ჩაიხედავს შენში, დაახლოებით ისე, როგორც ასტრონომები აკვირდებიან ვარსკვლავებს...
მთავარია შეგეძლოს მისი შემჩნევა...
ერთხელაც ადგები და თუნდაც ძვლებში გამტვრევდეს, ყველაფერს მოუყვები შენზე
და რასაც ვერ მოახერხებ,
თვალებით ეტყვი...
ასეთ დღეებს შეუძლია დაიტიოს სიყვარული...
არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ განუცდია საკუთარი თავის სულიერი სიშიშვლე მეორის წინაშე...
ზოგჯერ შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოს,
მარტო დარჩენილს, ასეთი რაღაცები, მაგრამ გულს მაინც იმ პურის ნამცეცივით ჩამოფერთხილი იმედით იმშვიდებ,
რომ რაღაც უსათუოდ შეიცვლება... სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია...
გაგა ჩაფიძე.
ნეტა, ეს პეიზაჟი ნახეთ? მოკლედ, წერილები აღარ იგზავნება და ამის თქმა მინდოდა... <3
*. *. *
მე არც ეს ხმა ვარ,
არც -- თვალები,
არც -- ეს სხეული,
მე ის ვარ, როცა სულ
მარტო ხარ და იღიმები...
საშა გველესიანი
გწერ იმ ქუჩებზე,სადაც ახლა მხოლოდ გზებია,
მხოლოდ გზებია და ამ გზებზე მარხვას იცავენ.
მე ვწერდი სხვებზე და სხვებისთვის და შემრჩა მხოლოდ
ღრმა ნაჭდევები, ზოგიერთი სიხლად მდინარი
(ჯერაც) ჭრილობა. არაფერი, უბრალოდ ბოლოს
ვხვდები, რომ მხოლოდ მარტოობის ცივი მდინარის
ფსკერზე დაშვების გამომიტანს წლები განაჩენს.
ალბათ ეს იყო ჩემი ბედი, ბედი უბედო.
მხოლოდ იმედი... ქარი ცამდე აშლის დანარჩენ
გრძნობებს, პირობებს, წარსულ დღეებს და უიმედო
ნაწერებსაც კი. კვამლად ქცევის ძველი სურვილი
ისევ ძველივე თავმდაბლობით ავსებს აივნებს.
მე რა ჯანდაბა უნდა გითხრა? რაღა გირჩიო,
როცა ჩემივე თავისაც კი ვერა გავიგე.
მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ვიცი, არის ნაცარი,
არის ფერფლი და არაფერი, რასაც ვიწამებ.
ცოტა რამ მქონდა და რაც მქონდა ასად გავყავი
და თითქოს მაინც მარტოდმარტო დავრჩი მიწაზე
რადაც ვიქცევი ნაბიჯ-ნაბიჯ, სიტყვა-სიტყვა და
სულ არაფერი არ დავრჩები გარდა მიწისა.
არაფერს ვნანობ - ვწერდი, ვსვამდი, მძულდა, მიყვარდა
და მერე რა თუ ისტორია გადამივიწყებს,
როგორც მილიონ ჩემს მსგავს ნაჭერს შემთხვევითობის.
დრო ჩემთვის დიდი და დროისთვის ერთი ნამცეცი
წაშლის ყველაფერს სადაც მსურდი და დავდიოდი,
თავის ქუჩებით, პროსპექტებით, გრძედით, განედით.
მხოლოდ დაინდობს, საკუთარ თავს, როგორც ჩვევია
ყველა ნაბიჭვარს, ვინც მარტოც კი სიცილს ახერხებს.
დიდი ხანია, რაც მე ვიცი, ყველა მტვერია -
ვინც ვიწამე და ვიყვარე და ვისზეც დავწერე
ერთი სიტყვაც კი. უსასრულო დროის კი არა
ხელის თითებზე დათვლილ წლებით რამდენს მოვშორდი.
რამდენი გაქრა...
მიილია
და დაიკარგა...
მე კი მიყვარდა.
ვსვამდი,
ვწერდი,
მძულდა,
ვცხოვრობდი...
გიო სარალიძე
ეს ლექსი ჩემი არაა, მაგრამ ჩემიანია ????????❤️????????
* * *
არა, არა ვარ ცხოვრებისგან კარგად ნახარში,
თავი ბოლომდე არ მქონია მგლების ხახაში,
არცერთი ლაქა არ მეტყობა ბნელი წარსულის,
დავდივარ თეთრი პერანგით და წვერგაპარსული,
არა ვარ კარგად ნაცემი და კარგად ნათრევი,
თითქმის არცერთი ღამე არ მაქვს გარეთ ნათევი.
ვეღარ ვუჩივი ფულისა და პურის სიმცირეს,
ვეღაც ძვალ-რბილში მყარად გამჯდარ ნესტს და სიცივეს.
პოეტისათვის სათანადო არ მაქ მიმიკა,
სახეგაბადრულ თამადისას უფრო მიმიგავს.
უნდა შევეშვა ბუხრის პირას ხელის მოთბობას,
საფუძვლიანად უნდა მივყო ხელი ლოთობას.
და ვივლი ასე ბოჰემურად თმაგაბურძგნული,
ოდნავ ბეჭებში მოხრილად და მგლური ძუნძულით.
ქალაქის ღამის მოჩვენებად და სალახანად,
რომ თავი თვითონ შემეჯავროს დასანახავად.
უნდა დავუდგე როსკიპებს და ქურდებს ქომაგად
და რაც არასდროს მომხვედრია მომხვდეს ორმაგად,
რომ ყველა არსით უსაფუძვლო მცირე დავაზე,
დაუფიქრებლად წამოვეგო ყველა დანაზე
და მერე სადმე სიცხიანი ვეგდო უგონოდ
და ხიფათები თავს თვითონვე გამოვუგონო.
მერე როგორმე თუ თვალებში გამოვიხედე,
მოვყვე ტრაბახს თუ ბედი როგორ გამოვიხედნე,
რომ ასატანი თქვენზე მეტი ამიტანია,
ყინვა , შიმშილი, ქუჩის ანტისანიტარია,
ცხოვრების ყველა სიმახინჯე და სიბინძურე,
სადაც თვითონაც საკმარისზე მეტი ვიცურე,
მერე ამოვალ, ამოვტოპავ ისევ ლაფიდან,
(თორემ მომბეზრდა, რომ მოვდივარ სულ არაფრიდან)
და მერე უფრო პირნათელი გამოვალ ხალხში,
ცხოვრებისაგან საკმარისად კარგად ნახარში,
ნიშნის მოგებით მზირალი და წვერგაპარსული,
თეთრი პერანგით და ცოტათი შავი წარსულით.
ლევან კესიდი
"ეPISTOLე" ზ.ბუდაღაშვილი
გავს ეს დღე ფოთოლს,
ფურცელი - ხანჯალს,
თბილისი - როსტოვს,
გორი - ფხენიანს
როცა მარტო ხარ,
არავინ არ ჩანს,
და ზიხართ
შენ და შიზოფრენია.
კედელი - ტილოს,
ოქრო - მუყაოს,
ამ მსგავსებებში
არსებობს ხრიკი.
დიდიხანია
არსად ვმუშაობ,
ჩემივე თავის და,
ოთახს იქით.
ოთახს, რომელსაც
არ ააქვს ფორმა.
(ნუ დაეყრდნობი არქიტექტორებს)
ის, რაც ვიცოდით
აქდე ორმა,
დღეს თავის ოქმში
წერს ინსპექტორი.
რომ "ბუდაღაშვილს ღალატობს ნერვი"
რომ "შურღაია ლანძღავს პარტიებს”
რომ “დეისაძეც ამათი წევრი”
რომ “ხალხი ამდენს არ გვაპატიებს”
წერს ოფიცერი და თან იჯერებს,
(მთელი სისტემა ღორის კოლტია)
დასავლეთიდან კიმ ბესინჯერი,
ჩრდილოეთამდე ყრუ ვალოდია.
შევეცი ამათ პოლიტ-ქრონიკებს.
ყველა აბზაცს და ყველა პარაგრაფს.
ერთდღეს, რომ
მართლა ლოცვა მომინდეს,
არცერთი ხატი
ქრისტეს არა გავს
შევეცი ამათ
ვითომ “ჰერიო”_ს
და მოოქროვილ
სტიქრით გალობას.
როცა ბავშვები
სიკვდილს მღერიან,
და “მაიბახით”
დადის სალოსი.
ასე სრულდება
სულის ნაქარი.
ეს ლექსიც სულის
პოლაროიდი.
მე ბოლო ნერვებს
ამ ლექსს ვაფარებ
და, მაპატიე, რომ
ვერ მოვედი
პროცესიაზე,
სადაც ქალაქი,
გამოიყვანა
სანახაობამ.
mareximemanishvili@gmail.com
დღეს გამოქვეყნდა პრესტიჟული საერთაშორისო ლიტ. კონკურსის ნახევარფინალისტების სია. მასში ჩემი გვარიც აღმოჩნდა. ძალიან გამიხარდა. ფინალური ტური თებერვლის ბოლოს გაიმართება.
აი, რატომ ვთქვი უარი ,,ლილეს" ფინალისტობაზე. ტენდენციები კარგია მოდაში, არა კონკურსში. ბეჭდონ და იკითხონ.
მადლობა მათ, ვისაც გაუხარდება ჩემი წარმატება.
ეს ინფორმაციაც შვილიშვილებისთვის, საამაყოდ.
Summertime
გახსოვს
გერშვინი
— ,,პორგი და ბესი",
ქალის თითებზე თამბაქოს
კვალი ?
...და ღმერთო ჩემო
(как оно бесит..!)
უხდება ტუჩზე აფრენა
კვამლის...
თხელი ფალანგა,
მარჯვენა ნები,
რომ იყო
ნელი აღერღვა ჯიშის
და ,,sumertime"
— საღამო ვნებით
ვიყავით ერთად და იყო
შიშიც...
თხელი ტერფები აკავებს
ამ ჭერს,
სასთუმლად ღამის თეთრი
ყდებია,
ოცნებით მღალეს, ოცნებით
დამჭრეს,
მაგრამ ოცნებით აღარ
კვდებიან...
როსკიპებივით ასჯერ
ნახმარი
სიტყვები — ,,სუფლე"
და ,,ნარატივი"
უმთვარო ღამით მწამს
ხელგამხმარი
მიგელ...
რაფაზე სხვა ბარათივით.
მზის ამოსვლისთვის ნაწერი
— ,,კიხოტ..."
გერშვინი
— უცხო ,,კონტრაპუნქტებით"
თუ ვერასოდეს
მოვკვდებით — ვიყოთ,
მგონი, ერთმანეთს მართლა
ვუხდებით.
ჩემს სახეს ნუ ჰგმობ, გეტყვი
ამაზეც,
კარს ნუ ენდობი, მძიმედ
დანახშობს,
დღეს სხვა ღიმილით
მოვიჯამბაზებ,
მერე დილამდე ცრემლი
დამახრჩობს...
ტაში და ტაში, ტაში
და ტაში,
ირევა თვალში რამდენი
კეფა,
რამდენი ქება ირევა
თავში,
ყეფა და ყეფა, ყეფა
და ყეფა.
შეშლის გერშვინი
— ,,პორგი და ბესი",
ჩემი თითები (თამბაქოს
კვალით..)
— შენს თხელ სხეულში გადგმული
ფესვი
და ტუჩებიდან აფრენა კვამლის...
საშა გველესიანი
"...
3 წელი, ყოველ დილით სკოლისკენ მიმავალებს სამ გოგონასთან ერთად მაღალი კაცი გვხვდებოდა ჩანთებით ახუნძლული. თოჯინებივით ლამაზი ბავშვები აჩქარებული ნაბიჯით, თითქმის სირბილით მიუყვებოდნენ სკოლისკენ გზას. ერთი განსაკუთრებით იქცევდა ყურადღებას - გამჭირვალე სახის კანით, ნუშისებრი თვალებით, მზის სხივებად რომ ეფინა თმები. ისეთი ლამაზი იყო ეს გოგო, თავის სილამაზე თვითონვე რომ ეუხერხულებოდა თითქოს და ლოყებსაც სირცხვილის ოდნავი სიწითლე დაჰკრავდა. არ შეიძლება არ გაჩერებულიყავი, არ შეგეხედა და გულში არ გაგევლო, გაიხაროს შენმა გამჩენმაო.
სკოლა დაიწყო... ყველაფერი თითქოს ისევ ისეა... ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს, მივიჩქარით ბედნიერები, ფორმებში გამოწკეპილ მოსწავლეების ჟრიამულს ჩიტების ჟღურტული უერთდება. სასიამოვნო ქაოსია სკოლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს უცნაური სიცარიელეც იგრძნობა. სხვანაირი იერი დასდებია გარემოს, მიკვირს და ვერ ვხდები, რატომ დაუკარგავს ყველაფერს ძველებური ხიბლი და ჰარმონია; რაღაც აკლია იმ ბედნიერ სურათს წლები რომ გვივსებდა და გვიბედნიერებდა ყოველ დილას. თვალებით ვიღაცას ვეძებ, მაგრამ აღარსად ჩანს ის ლამაზი, ნუშისთვალება გოგო ანგელოზის გამომოტყველებით. აღარ მოაბიჯებს საკუთარი სილამაზით აფაკლული; აღარ ავსებს და აბედნიერებს ყველას და ყველაფერს გარშემო... და ვხვდები, კატოს არყოფნის იერი დასდებია გარემოს..."
ნინო ყიფშიძე
(ძველი რვეულიდან)
თუმც გაგაყოლე მზერა - ქამანდი,
ქალს - ცდუნებას და შეფს ადამისა,
ვიცოდი, მე შენ ვერ შეგაბამდი,
და ვერც შეგაბი -
შესაბამისად...
მაშინ იყავი ნაშა - ნარჩიტა,
გამზადებული ნაშა სადამედ...
...შენ სამუდამოდ ნაშად დარჩი და
დამად ვერ იქეც -
მაშასადამე!
ვასილ ბესელია
შენ -- ქარო...
სად დაჰქრი ქარო, ხეთა
წვალებად,
ჩემი ბედივით ფრთა
ამაცილე,
ეგებ მოგვირჩეს
დაცალცალება,
შევეჭმებოდე ვიდრე
მაცილებს.
ღამემ არეკა მთვარე
კეციდან,
სიზმრებით სავსე
დადგა ჩარექა,
სად დაჰქრი, სად ხარ,
ღიმილს შესცივდა
და სადაცაა შობა
დარეკავს.
ქარო, სიჩუმის კვნესას
არ იგებ,
ასე, ცა-და-ცა, ვინ დაგეწია,
სულს, ნაჭერ-ნაჭერ, ვხევ
და ვარიგებ,
როგორც ნაჩუქარ
ინდულგენციას,
რომელსაც,
ყველა მშვიდად ირიგებს,
არადა გზები რა შიშვლებია,
აწი დაათოვს,
წამსვლელ ბილიკებს,
კიდევ ცოტაც
და წაიშლებიან...
სად ხარ და ვისას იცვამ
იალქნებს
ქარო, სად გაქრი, მალე დარეკავს
შობა... და ფიფქი ღამეს
იაკვნებს
— სიზმრებით სავსეს დადგამს ჩარექას...
საშა გველესიანი
ნუციკო დეკანოზიშვილი
მინდა, გითხრა, როგორ არ მიყვარხარ.
ერთი შეხედვით – წარმოუდგენელი ამბავია,
ერთი წაკითხვით – არც დაიჯერებ,
ერთხელ ხმამაღლა, თავშეუკავებლადაც გაგეცინება.
თუმცა, მე ვეცდები, აგიხსნა,
და მე იმდენად კარგად შევეცდები ახსნას,
უფრო გაგიჭირდება დაჯერება –
ამდენ სიტყვას რატომ ვიმეტებ კაცისთვის, რომელიც არ მიყვარს.
თუმცა ჩემი ცარიელი ვნებები დამაჯერებელია,
ჩემი მშვიდი სიტყვები კი უშეღავათოდ კლავენ.
რა უცნაურია, რა უცნაურია ეს არსიყვარული –
როცა შემიძლია ასე შეგიკავო, ასე მოგითმინო,
ასეთი მშვიდად ვიფიქრო შენზე,
და არ მოგიშორო, და არ მოგიკვეთო
და არ შემძულდე.
ისიც კი შემიძლია, მოგეყრდნო და არ მიყვარდე,
ისიც კი შემიძლია, ქარი ამოვარდეს და არ დაგიძახო,
ისიც კი შემიძლია, წვიმდეს და არ მინდოდე,
ისიც კი შემიძლია, მიდიოდე და არ მტკიოდე,
ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დავიკრიფო.
ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დაგიკრიფო.
და ისეც შემიძლია, რომ არ მოგკლა,
არ მოგკლა, როცა არ გეყვარები,
როცა მიხვდები, რომ ჩემი არსიყვარული
ყველაზე ნამდვილი არსიყვარულია
და ყველა სიყვარულზე მეტია.
და თქვან ღმერთებმა:
აქ, რაღაც, ძაღლის თავია დამარხული, –
და მხრები უმწეოდ აიჩეჩონ.
და თქვა შენ:
ღმერთო, რა შესანიშნავია, –
ამ ქალს ყველაზე მეტად
არ ვუყვარვარ.
|