ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2018


ს ე ს ი ლ ი (ნაკვეთი 2)

                                                                  ნაწილი მეორე

გაჩერებაზე სადაც ჩემი მეგობარი ჩავიდა, ყოველთვის ბევრი მგზავრი ჩადის ტრანსპორტიდან, ახლაც ასე მოხდა.
მე შევყოვნდი და ყველა მგზავრზე გვიან ჩავედი სამარშრუტო ტაქსიდან. რადგან წინასწარ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება ამ საკითხზე.
გზის მეორე მხარეზე გადასვლამდე  კიდევ შევიცადე იქვე გაჩერებაზე, ასე ვირჩიე, თითქოს მოვერიდე  გზის მასთან ერთად გაგრძელებას.
ხელჩანთა გავსხენი და ტელეფონი ამოვიღე.
ხელის წავლება ვიგრძენი გვერდიდან ხელზე. ამოვხედე და ჩემი მეგობარი ელისი კი  შემრჩა,
ელისი, საყვარელი ელი, რომ მახსენდება ჩვენი მეგობრობა და შიგ ჩატეული ჩვენი მშვენიერი წლები. სიხარული მიასკეცდება.
უფალს მადლობას ვწირავ ამ დღისთვის. რა კარგია, დღეს ყველაფერი რა კარგი.
კმაყოფილმა გავუღიმე და ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
ელი, ელის, ელისაბედ, როგორ გამახარე, ჩავხედე თვალებში.
ღრმა და სევდიანი შემოხედვა შემრჩა მისგან, ცოტა არ მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე,  ხალისიანად გავაბი საუბარი მასთან, პირადულს მოვერიდე მაინც, არც ჩაწვრილება მიცდია რაიმე საკითხზე, თუ მოისურვებდა ნებისმიერ ზოგადს კონკრეტულ ხასიათს და მიმართულებას თავად მისცემდა.

სრული თავისუფლება  ყველგან, გავიფიქრე კიდევ ერთხელ და სივრცეს დავაკვირდი ჩემგან მარჯვნივ,  დიდი ჭადრები აღმართულიყვნენ თამამად, უშიშრად, გოროზად, დაღლილებივით იდგნენ, ფართედ გაეშალათ მხარმკლავები, აქა–იქ ფოთლები შეჰყვითლებოდათ, უხალისო გამომეტყველება ჰქონდათ, ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ჩემგან რაღაცას ითხოვდნენ ეს უცნაური ჭადრები, თავისი უხეში ფოთლებით და სქელი ტანით. მაგრამ ვერ მივხვდი რას.

  ნიავმა დაჰბერა მცირედად. შეარხია უხალისოდ  გამტვრიანებული ფოთლები ჭადრისა. თვალი ავაყოლე მათ მოძრაობისას.
ნუთუ ასეთი იყო ელის ცხოვრებაც მანამ დღემდე, მთელი ის დრო, რაც მე არ მინახავს, ვკითხე ჩემს თავს, მაგრამ ვერა ვუპასუხე რა.

ნეტავ სხვაგან შევხვედროდით ახლა  ელი მე და შენ,

სადმე ვარდების ლამაზ ბაღში შევხვედროდით ერთმანეთს, გადაშლილ  ვარდების ბაღში, ჩიტების გალობა და ჟღურტული რომ ისმის და ატკბობს, ახარებს, სიამოვნებს თვალსაც და გულსაც, რატომ მაინცდამაინც ამ ჭადრებთან, ცის დანახვაც რომ ჭირს რიგიანად ელის. ვამბობდი ჩემთვის და მთელი გულით მინდოდა მის სევდიან გამოხედვაში  მოჩვენებითი ყოფილიყო  ყველაფერი და მხოლოდ ჩვენს ბავშვობის ნოსტალგიასთან კავშირი ყოფილიყო ერთადერთი სიმართლე და  სინამდვილე.

  წამებმა გაიტაცეს  ჩემი ფიქრებიც,  წამებში ჩაიკარგა ბავშვობის გაელვებაც და როგორც იქნა ჭადრის ფოთლები გაარღვია ძლივს ჩემმა მზერამ. გაიკვლია გზა და მისწვდა ცის კაბადონს და ახლა უკვე, იქ ვცდილობდი მეგობრის საიდუმლო წუხილის წაკითხვას.

არ მიყვარს, როცა ახლობლებს სულს რაიმე უტანჯავთ, რადგან მათი განწყობა სრულად გადმოდის ჩემზე და ძალიან განვიცდი, მით უმეტეს თუ ვერანაირ დახმარებას ვერ ვუწევ სიტყვიერი თანაგრძნობის გარდა.
სივრცემ მიიწება ჩემი მზერა, თვალს ვეღარ ვწყვეტდი ფოთლებს შუა ფონად გაჩენილ ცის ნარჩენებს.

ალბათ ამიტომ უყვართ ჩემთან მოსვლა მეგობრებს,  მე მუდამ  მთელი არსებით ვუსმენ და  არასოდეს ვწუწუნებ. მხოლოდ კარგი მოსმენილიდან რჩევის მიცემა შემიძლია. არა ამას რჩევას არასოდეს ვეძახი, სულ ასე ვიწყებ მათთან საუბარს: – იციი,  მე ასე ვფიქრობ,  იციი, მე ასე მგონია, იციი ასე უკეთესია....

ერთხელ ერთი მეგობარი მეუბნება:– შენ ამ მისიით მოხვედი დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნადო. მე გამეცინა და თან გამიკვირდა.
რატომ მეც ხომ ვარსებობ, გავიფიქრე ჩემთვის, განა არ შეიძლება რომ მეც მოვიცალო ჩემი თავისთვის ფიქრად? ცოტა რამის სათქმელად?

არა, მე შეიძლება მხოლოდ, გადავანაწილო ჩემი მე იმდენზე,  რამდენსაც ეს სჭირდება, მე იმდენი ვარ, რამდენსაც ვჭირდები, რა უცნაურიც არ უნდა იყოს.
ეს კი ძალიან კარგი და გამორჩეული მდგომარეობაა, აუწერელი, სანატრელი დ ა საოცნებოც.

ხშირად მეუბნებიან, რომ კარგი მსმენელი ვარ, ამიტომ ვხვდები ზუსტად და გზასაც ამის გამო ვხედავ მათი მდგომარეობისთვის გამოსავლის სახით.
არ ვიცი ეს შექებაა, თუ მათი კეთილი განწყობა და სურვილი, მაგრამ მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა და ამგვარი დამოკიდებულება .

როგორ ხარ? ხშირად როცა მეკითხებიან, ვპასუხობ, ახლა კარგად ვარ, მაგრამ  ვიცი კიდევ უკეთესად ისიც უკვე, თუ  როგორ ვიქნები მაშინ, როცა ჩემი სული ზეცისაკენ გაიწევს.

ფიქრებმა  მოგვტაცა წამები, ჩვენს სულში სიჩუმე გაწოლილიყო წამით უძრავად.

ტელეფონმა დარეკა ჩემთან.
დავხედე. 
საათსაც დავხედე უნებურად.
კარგა დრო გასულიყო, ელის მივაწოდე ვიზიტკა, ჩემთან სახლში გელოდები დიდი სიყვარულით ნებისმიერ დროს, ძვირფასო ახლა დაგემშვიდობები, მგონი დავიგვიანე, დაბარებული ვარ ერთ საქმეზე აქ. მაპატიე, რომ მივდივარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

ელის მაგრად ჩაევლო ხელი ჩემი ხელისთვის, ისე გეგონება გაშვება აღარ უნდოდა, თითქოს ძვირფასი და სანატრელი ნაპოვარი რამ ახლახან ძლივს ჩავარდნობა ხელში და მისი დაკარგვა აღარ უნდოდა.

მოდი ჩემთან სახლში ელი, როცა კი შეძლებ, ძალიან გამახარებ ყოველთვის, მინდა მოგისმინო გულით, მინდა მეც მოგიყვე, იქნებ სული დავუამოთ ერთმაეთს, ხომ იცი ზოგჯერ როგორ ვჭირდებით ერთმანეთს და უფალიც ამ დროს გვახვედრებს პირისპირ.

ელი ასეა, მე ისევ ისე გელოდები და მიყვარხარ, როგორც მაშინ ვაშლის ხიდან რომ გადმოვცვივდით ორივე თავდაყირა სხვადასხვა ტოტიდან ერთდროულად, დედას რო გაუკვირდა, ეს როგორ შესძელით , სხვადასხვა ტოტიდან ერთდროულად გადმოვარდნაო, ორივე ზემოთ აბობღებას რომ ვცდილობდით და ორივე უვნებად რომ გადავრჩით.

გახსოვს?  დედამ რომ გვითხრა, უფალს ორივე თანაბრად ჰყვარებიხართ და ჭვიანად და გონივრულად მოიქეცით ამის შემდეგო, უფალი ჭკვიანებს და გონიერებს უფრო ბევრს ეხმარება და ძალიანაც უყვარს ისინიო. რაც არ შეგიძლიათ იმას ნუ მოიწადინებთ, კოკა ყოველთის წყალს ვერ მოიტანს, შეიძლება სადმე გატყდესო  და ჩვენც სხვა თამაში წამოვიწყეთ.

ხომ გახსოვს მუხლის თავი რომ გადამეყვლიფა მაგ დროს და ისე მოვიქეცი დედასთან, ვითომც არაფერი არ იყო, ჩუმად რომ დავიბანე ნატკენი, როგორ ამეწვა წყლის მოხვედრისას ლამის ვიტირე, სიმწრით ორივე ხელს რომ ვიჭერდი ზედ მონაცვლეობით მაგრად, თითქოს ტკივილს შევაჩერებდი,  მაგრამ გავუძელი და რამდენიმე დღეში  მომირჩა  კიდეც, მაგრამ დღემდე მახსოვს.

იმ ღამეს მძინარე რომ ვიყავი დედას სპირტიანი ბამბით გაეწმინდა ჩემთვის ნატკენი  და დილით რომ დამიძახა სპირტიანი ბამბით ხელში, მივხვდი რომ ყველაფერი იცოდა და მასზე  არაფერი მითხრა მაშინ.

ჩვენ და ჩვენი ცხოვრება, მისი სტადიები, ხალხი ჩვენთან ერთად და ჩვენს გარშემო თავისი მოთხოვნილებებით, მისიით და თავისი ავ–კარგით, სიმართლითა და სიცრუით და მაინც ჩვენი ცხოვრება, ცხოვრება ზოგჯერ სასიამოვნო და ზოგჯერ უსიამოვნო მოვლენებით და მოულოდნელი სიხარულითა და ტკივილით,  დაუწერელი და დაწერილი კანონებით, რომელთა გამოყენებასაც  ყველა ცდილობს შეძლებისდაგვარად სათავისოდ.

კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ  ერთმანეთს და წავედი შენობის  შესასვლელისაკენ.

შენობაში შესვლამდე კიდევ ერთხელ მივიხედე  უკან, რატომღაც მომინდა ელის კიდევ ერთხელ დანახვა.
ელისე იდგა იმავე ადგილას უძრავად და მიყურებდა, ისე როგორც სურვილი რომ აგიხდება და მანამ ხელს შეახებ რომ წაგართმევენ, ანდა შვილი რომ  შეგეძინება, დაგაჩვენებენ და წაგართმევენ.

გული ჩამწყდა რაღაცნაირად. ხელი დავუქნიე და გავუღიმე მთელი დაგროვილი სითბოთი და სიყვარულით.
სევდა დამერია,  დავითრგუნე რაღაცნაირად.

ელი,  პატარა ელი გამახსენდა. შავგვრემანი, ცოცხალი გოგო, საკმაოდ მოწესრიგებული,  საუკეთესო მოსწავლე და მზრუნველი ბავშვი. თუ ვინმე ტიროდა ისიც ტიროდა, თუ ვინმეს სტკიოდა რამე და წუხდა ისიც დატანჯული სახით შეჰყურებდა და ტკივილისაგან იტანჯებოდა თითქოს. თანაც ცდილობდა რაღაცნაირად დახმარებოდა შეწუხებულს.

მისი შაოსანი  ბებო ლელი, რომელიც მას ერთი წამით არ აშორებდა თვალს არსად, თავზე დაჰფოფინებდა  მუდმივად. ელისე კი ტკბილი სიტყვებით სულ ემადლიერებოდა ბებოს.

ხშირად ეუბნებოდა დაძახებისას, ბებო აქ ვარ აქ,  მესმის შენი ტკბილი  ჟღურტული, ბედნიერი ვარ შენისთანა ბებო რომ მარგუნა უფალმაო, გარბოდა და დაუსრულებლად ჰკოცნიდა ბებოს. ხან კი,  დახედავდა დაძარღვულ დამჭკნარკანიან  ხელებზე და უცებ დააცხრებოდა კოცნით, ეს ხელებიც მიყვარს ბებო ძალიან, მე რომ მივლიან და არაფერს არ მაკლებენ.

ბებო,  რომ გავიზრდები მეც  მუდამ ძალიან მეყვარები, მეც მოგივლი შენსავით ტკბილად, შენ რომ იცი  ისე, ფერებფერებით.
მერე ვისწავლი, კარგ სამსახურს ვიშოვი და ყველაფერს მოგიტან, არაფერს არ მოგაკლებ.მიყვარხარ ბებო მიყვარხარ, ძალიან.

ახლოს ვცხოვრობდით მე და ელი, სამი სახლი გვყოფდა ერთმანეთთან მხოლოდ. რამდენიმე მეტრი და კიდევ მეტი ნაბიჯი.
ვფიქრობ ახლა და უფრო მეტად ვაფასებ ელის, რადგან მასში ერთბაშად იყო ჯერ კიდევ ბავშვობაში ყველა კარგი თვისება რაც საუკეთესო  ადამიანს შეიძლება რომ ჰქონდეს ქართულ ტრადიციულ სივრცეში.
ბედნიერი ვარ ელი შენი მეგობრობა რომ შევძელი, მაგრამ ამდენი ხნის უნახავობისა და ამბის შეუტყობლობის გამო კი ვწუხვარ ახლა და ჩემ თავს ვკიცხავ, რატომ მოგექეცი შენ ასე. რა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენგან დამოუკიდებლად, შეუმჩევლად, რომ ასე დაგვაშორა ერთმანეთს ფიზიკურად. სული ამეწვა ამის გამო, ვინანე, ვინ იცის რამდენჯერ დაგჭირდი და მე კი არ ვიყავი შენს გვერდზე, რადგან  ახლობელ–ნათესავები მაინდამაინც არასოდეს შემიმჩნევია ვინმე თქვენს სიახლოვეს ადრეც.

ვერ შევძელი ისევ, ვუსაყვედურე თავს, სულში ჩაღრმავების გარეშე ვერ შევძელი, მეგობრის  მოსიყვარულება, ვერ ვისწავლე, ყველაფერი გულში ჩამაქვს.

საშვი დავაშვებინე, გავიარე და მთავარი შენობისაკენ ავიღე გეზი, გავიარე ისევ შემოწმება და ავუყევი კიბეებს მესამე სართულისაკენ.
შევედი ტალანში, ვკითხულობ კაბინეტის ნომრებს ორსავ მხარეს, 

ერთგან ვჩერდები, ვაკაკუნებ და ვხსნი კარებს, დიდი ბოდიში, მგონი ნომერი არასწორად დავიმახსოვრე  ვამბობ ნახევრად შეღებულ კარებთან მდგარი, ისე რომ კარადაში შემძვრალ კაცს ვერ ვხედავ სახეზე, ბატონ თენგიზთან ვარ დაბარებული.
კარადის კარები მიიხურა და კიდევ შედგა დღეს ჩემი მეორედ შეხვედრა ტრანსპორტში დამგზავრებულ მეგობართან.

გავწითლდი, შემოდი, გასწავლი მის კაბინეტს მითხრა კმაყოფილი სახით.
არ ვიცი ეს რა კმაყოფილება იყო, ის რომ ჩვენ, თუმცა ორივე ერთ პროფესიას დავეუფლეთ, მაგრამ ის საკმაოდ მაღალ რანგში ვიხილე თუ, ის რომ მეორედ მნახა კიდევ დღეს და ესიამოვნა, თუ ორივე ერთად განიცადა.
მადლობა ვუთხარი და შევედი მის კაბინეტში. კარები თავად დახურა, სკამი გამოსწია და მიმიპატიჟა.
დავჯექი.
იდგა ჩემთან ძალიან ახლო და ადგილიდან ვეღარ იძვროდა.

სასიამოვნო სიგრილე იდგა მის კაბიეტში.
საუცხოო წესრიგი სუფევდა. ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი და  დამკვიდრებული მთელ სივრცეში.
მიხარია, კიდევ რომ აღმოგაჩინე დღეს მეორედ, ვუთხარი და კალამს მივწვდი მაგიდაზე.

მძიმე ნაბიჯით დაიძრა და მოეწყო სავარძელში.
მე ფანჯრიდან გავიხედე კარგი ხედი იყო, ამწვანებულ გარემოს გადაჰყურებდა მისი ფანჯრები.
შეღმართს მიუყვებოდა მოასფალტებული გზა, ზემოთკენ ავაყოლე  თვალი, ორივე მხრივ მწვანე  ხეები მიცქერდნენ ხალისიანად.
...
რატომ არ თქვი აქ თუ მოდიოდი მკითხა დაბალი ხმით. თენგიზი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩემზე ბევრად გვიან მოვიდა აქ, ხშირად არის ჩემთან საკითხების დასაზუსტებლად, საკმაოდ ნიჭიერი და მცოდნე ადამიანია, კარგი პროფესიონალიც.
სულ ახლახანს იყო შემოსული,  წუთებია რაც გავიდა.

ბოდიში მომიხადა და ტელეფონზე დარეკა,
მეგობარო შემოდი ჩემთან თუ დრო გაქვს უთხრა და გათიშა.
კარი გაიხსნა და შემოვიდა საკმაოდ კარგი გარეგნობის მამაკაცი.

თენგიზ ეს ჩემი საუკეთესო და ძალიან  ძვირფასი მეგობარია, გაიცანი.
შენთან ყოფილა დაბარებული ერთ საქმეზე, მინდა იცოდე რომ არა მარტო კარგი ადამიანია, საკმაოდ ნიჭიერიცაა, იმედია კარგად გაართმევთ თავს საქმეს. გამოვა ცოტა ხანში.
მე მივესალმე, ხელი გავუწოდე, სასიამოვნოა, ოდნავ თავი დამიკრა, მერე უკან დაიწია, გამიღიმა თავაზიანად და თბილად, მეგობრის შეთავაზებულ სკამზე დაჯდა ცოტა ხანს.
მალევე წამოდგა, ბოდიში მოიხადა, მე გავალ,  დაგელოდებით მითხრა მოკრძალებულად, ბოდიში მოიხადა კიდევ  და გავიდა.

ჩვენ ვსაუბრობდით, საუბარში პაუზებს აკეთებდა, ფიქრს უთმობდა ადგილს.  ზოგჯერ მის თვალებში და ხმაში სევდა იგრძნობოდა, ზოგჯერ სინანული, ხან ორივე ვჩუმდებოდით. თითქოს ორთავ, სიჩუმის ერთი მიზეზი და საფუძველი გვქონდა,
თითქოს სადღაც შორს მიდიოდა მისი ფიქრი, სანატრელთან და ძვირფასთან და ცდილობდა მის გასავლელ გზაზე დაბრუნებას, გადმოტანას, ისე რომ  არ აინტერესებდა მისი შესაძლებლობები და მოსალოდნელი შედეგი. აქ ამ ოფიციალურ შენობასა და ატმოსფეროში, მიკვირდა მისი ამჟამინდელი  მოქმედება აქ.

ამაყი იყო მუდამ, ამ მხრივ არ შეცვლილა, დაფიქრებული და საიმედო დასაყრდენიც, უღალატო, გულწრფელიც თუ გენდობოდა.

მის აზრიან და წყნარ თვალებს მცირედი ნაოჭების კვალი დასტყობოდა ნაპირებზე ასაკობრივი და სამსახურებრივი მძიმე ტვირთზიდვის დარად, მის თბილსა და ხავერდოვან  ხმაზე სამსახურებრივ ვალდებულებებსა  და გამოცდილებას თავისი კვალი დაემხო, ოდნავ სიმკაცრე შეპარვოდა და დამაჯერებლობა მის ტონს, მშვიდად და გაწონასწორებულად საუბრობდა,  თითქოს იმახსოვრებდა და სწონიდა ყველა სიტყვას, აზრს, ფრაზას და იტოვებდა თავისთვის.
უხდებოდა ეს ყველაფერი ძალიან, იყო სრულფასოვანი ინტელიგენტი მამაკაცი, საჩინო სრულყოფილებით შემკული სრულად.

სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენში უნებური. თითთქოს ორივეს ერთი ფიქრი გვაჩუმებდა, თითქოს ორივეს ფიქრი ერთ წერტილში მიდიოდა, გროვდებოდა და ტრიალებდა ერთ წრეზე, თითქოს ორივეს ფიქრს ერთი აზრი და საფუძველი ჰქონდა აქ ამ ოფიციალურ შენობასა და გარემოში. რასაც, ამ წუთში თითქოს დაჰკარგვოდა  აზრიც და დანიშნულებაც, მიზანიც  წამიერად, თითქოს ორნივ ჩვენდა უნებურად გავსულიყავით ამ  ოფიციალური სამყაროდან სულ სხვა ადგილას, რომელსაც თავისუფლება ჰქვია, სადაც არც ვალდებულებებია და მხოლოდ უფლებები ბატონობებ და მართავენ ადამიანს.

ცხოვრება ცხოვრებაში, მომისმენია  და გამიგია და ვერც გამიგია სრულად, ეჭვიც შემპარვია მის სრულყოფილებაში, მის არსმყოფადობაში.
რამდენი რამ შეიძლება მოასწრო წამებში, წუთები კი ძალიან დიდი დრო ყოფილა ფიქრისათვის, საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი  პაუზით.

მე კალამს ვატრიალებდი ხელებში, ისე თითქოს ძვირფას ფიქრებს ვახვევდი ზედ, ისე, როგორც  მატყლის ჩამოსთვისას, ძაფადქცეულ ნართს ახვევენ თითისთარზე და თან მისთვის ლამაზ ფორმის მიცემაზეც რომ ფიქრობენ და  ზრუნავენ,  ასე იყო ახლაც.

მე ოდნავ შემაკრთო დაცემულმა სიჩუმემ. 
ისევ მცირე  შეყოვნებები საუბრისას წამიერად, ფიქრიანი და სინანულიანი  გამოხედვა,  ოდნავ შეეფაკლული სახე და ღაწვები. მაკვირვებდა ეს ყველაფერი მაში.
მიხარია შენი ნახვა ძალიან, ახლა კი  წავალ, ალბათ ელოდება ბატონი თენგიზიც.
ჩვენ კი, ალბათ კიდევ შევხვდებით, მე აქ ხშირად მიწევს მოსვლა სამსახურებრივად ვუთხარი და წამოვიწიე სკამიდან.

ავდექი, კალამი დავდე,  სკამი ლამაზად და უხმაუროდ შევდგი თავის ადგილზე და გავემართე კარებისკენ.
ის სწრაფად ადგა და მიმასწრო კარებთან.
ხელი ჩაავლო სახელურს, მის გაღებას კი არ ჩქარობდა.
მესმოდა მისი სუნთქვა ახლოდან.
აფორიაქებული სულის თარეშიც ამხელდა მის ფიქრებს..


                                                       
                                                                          გაგრძელება იქნება


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები