ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2018


ჩხართვი და ჩხავერი

ჭრელი  მოზაიკა


      შეთვალულა ჩხავერი, მწვანე მარცვლებში იისფერი ჩაღვრილა. ნამდვილი ჭრელი მოზაიკაა, ძირითადად ორფერი, ზაფხულის მიწურულისთვის ასე ნაცნობი და საამური.
      მთელი ეს სიჭრელე მკვრივ მტევნებად ჩამორიგებულა ვაზის მოქნილ ლერწებზე, რომლებიც სწორედ ჩემს თავს ზემოთ ეხლართებიან ერთმანეთს. მეტისმეტად ლამაზი, მიმზიდველი სანახაობაა. მიყვარს მათი ცქერა, ხელები ცდებიან საქმეს. უმეტესწილად რაღაცით ვარ დაკავებული ამ ტალავერის ქვეშ, ზაფხულის მსუბუქ სავარძელში მოკალათებული, თუნდაც სამურაბე ლეღვის არჩევა ვთქვათ . . . ახლა სწორედ ამისი დროა . . . ხანდახან წიგნსაც ვკითხულობ, როცა საქმისაგან მოვიცლი. თვალი კი ხარბად გამირბის მზის სხივებზე გაბრწყინებული ორფერი მოზაიკისაკენ. მტევნები თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე შეიმოსონ შემოდგომის მსუყე ფერებით. ზოგი მათგანი ჯერ სულმთლად მწვანეა, იისფერი ჯერჯერობით ვერ გაკარებია, ზოგში მონაცვლეობს ეს ორი ფერი, ზოგშიც იისფერი ჭარბობს, აქა - იქ თუ ურევია მწვანე მარცვლები. აგერ, იმ მტევანს შორს გაუსწრია თავისი და - ძმებისთვის, სულ ერთიანად იისფერია.
      უცბად, სად იყო და სად არა, ჩხართვი მოფრინდა, ჩხავერის ტალავერზე შემოჯდა, თითქოს საგანგებოდ შეარჩია ისეთი ადგილი, რაც შეიძლება კარგად დამენახა. როგორც იტყვიან, სული გავნაბე, არ მინდოდა დამეფრთხო.  რამდენსამე წამს უძრავად იჯდა, კოხტად ყელმოღერებული. რა ლამაზად ჩაეწერა ამ ორფეროვან მოზაიკაში, იისფერი და მწვანე რომ მონაცვლეობენ.  თვითონაც  ხომ ორფერია, თეთრი და ნაცრისფერი, - აი, სულ ესაა ჩხართვის ფრთა - ბუმბულის ფერები, მაგრამ რამდენ პეწსა და ლაზათს იტევენ თავიანთ თავში. აბა ვინ გაბედავს და ვი  იტყვის ამ ორფერი მოზაიკის შესახებ, უღიმღამო ან უფერულიაო, არა, ამდაგვარს ვერაფერს დასწამებ. მერე კიდევ, მისი კოხტად მოყვანილი სხეული, ასევე კოხტა ბოლოთი დაგვირგვინებული. ნაქანდაკარი თავ - კისერი, თეთრ გულისპირზე და მუცელზე უხვად დაყრილი შავი წინწკლები. პეპელა - ჰალსტუხი გაგახსენდება, ბგერათა ჰარმონიის მსახურნი რომ იწონებენ თავს. ხოლო ის ხმები, რასაც ეს მშვენიერი ფრთოსანი არსება გამოსცემს გალობის დროს, მართლაც რომ აღემატება ყოველგვარ ქებას. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია ამ საქმეს შევეჭიდო. ვიცი, ამაოდ მოვცდები. მითუმეტეს, ამისი დრო არ დამდგარა, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი. რამდენი  რამ მაგონდება, როდესაც ტალავერზე შემომჯდარ მგალობელ არსებას შევყურებ. ძალიან მიხარია, რომ ვერ მამჩნევს.
      აჰა, დაიძრა ადგილიდან. აუჩქარებლად მიგოგმანებს თალარის მოქნილ ლერწებზე, აშკარად საითკენღაც აუღია გეზი, ნეტავ საითკენ? აჰა, სწორედ იმ მტევნისკენ მიიწევს, რომელიც ერთიანად იისფრად ჩამუქებულა. მიუახლოვდა მტევანს, ჩაჰკრა ნისკარტი, კიდევ მოუნაცვლა. წამით შედგა, თითქოს რაღაცას დააყურაო, მერე კიდევ ჩაუნისკარტა მტევანს, უფრო და უფრო მოუხშირა.
      - მიირთვი, რამდენიც გინდა, - გულში ასე მივმართე ჩემს ფრთოსან სტუმარს, - ნუ გეშინია, არავის ვეტყვი . . .
      ჩემი სტუმარია ეს კოხტად დაწინწკლული მგალობელი ჩიტუნია, თუმცა თვითონ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ჩემი ამაგიც ურევია ამ მკვრივი მტევნების ორფერ მოზაიკაში. ვაზის გაფურჩქვნა შემიძლია და კიდევ ზოგიერთი რამეებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ რთველის შესახებ. მე არ მენანება მისთვის ჩხავერის იისფრად შემღვრეული მარცვლები, დარწმუნებული ვარ, არც სხვას დაენანება.
      ალბათ გაიგო ჩემი გულის ნადები ჩემმა ფრთოსანმა სტუმარმა. გემრიელად მიირთვა ნუგბარი, ნისკარტი გაიწმინდა და გაფრინდა ბედნიერი და კმაყოფილი. არ დაუნახივარ, თორემ ალბათ მადლობას აუცილებლად მეტყოდა . . .
      შემდგომშიც არაერთხელ დამინახავს იგი, კოხტად დაწინწკლული, მშვენიერი ფრინველი. საგანგებოდ არჩევდა მწიფე მარცვლებს, გემრიელად კენკავდა და მეც გულში სულ მუდამ ვიმეორებდი: მიირთვი, რამდენიც გინდა, არ მენანება შენთვის, არც სხვებს ენანებათ, ვინც კი ამაგი დასდო ამ ორფერ მოზაიკას. ყველას გვეყოფა, მრავლადაა ჩხავერის მკვრივი მტევნები, წელს კარგად ასხია ჩვენს ტალავერს.
      ძალიან მინდოდა როგორმე მიმეწვდინა ეს სიტყვები მისთვის, მაგრამ ვერ ვახერხებდი და ამ დროს გულში გამკრავდა ხოლმე: მაინც რატომ არ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთს დაველაპარაკოთ, მაინც რა არის ის გადაულახავი ზღუდე, რასაც ვერანაირად ვერ დავძლევთ. მეჩვენება, თითქოს სულ სხვადასხვა სივრცეებში ვიმყოფებით.
      არადა, რა ახლოს ვართ ერთმანთთან, რა ახლოს.
     


                                                                      წვიმიანი  დღე


      ბარაქიანად იწვიმა, დიდი, მწვანე ეზოც ერთიანად გადასხვაფერდა. ხეებმა ჩვეულებრივზე დაბლა დაუშვეს დამძიმებული ტოტები, კენწეროებიც დახარეს, თითქოს რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრდნენო, ისეთ რამეზე, უწვიმობის დროს რომ არც კი გაახსენდებოდათ. დამტვერილ - მოთელილი ბალახი კი, პირიქით,  სწორედ ახლა გაიმართა წელში, წვიმის ნამისგან მოღონიერებული. ფერითაც როგორ ახასხასდა. ნამდვილი ზურმუხტივით იწყო ბრწყინვა, როგორც კი მზემ გამოანათა.
      მართლაც რომ მშვენიერი, მყუდრო წამი იყო, ნაწვიმარზე რომ იცის, სწორედ ისეთი. ბავშვები ჯერ არ გამოფენილიყვნენ სათამაშოდ. დანამულ ეზოს ერიდებოდნენ. არც უფროსებს ეხალისებოდათ ნაწვიმარზე სიარული, თუ რაიმე აუცილებლობა არ აიძულებდათ ამას, ვთქვათ და, ხბო თუ შეიპარებოდა ბოსტანში, ან რაიმე ამდაგვარი. ერთი სიტყვით, წვიმის ნამის შეშრობას ელოდა დიდი თუ პატარა. ესეც არ დაახანებდა, ზაფხულის მზის სხივები დაუზარებლად ირჯებოდნენ საამისოდ.
    სად იყო და სად არა, წვიმით დანამულ კორდზე ჩხართვი გამოგოგმანდა, მართლაც ღირდა ნახვად, როგორ მოუხდა ამ ხასხასა სიმწვანეს . . . თანაც რა თავისებურად ინაცვლებდა ადგილს; რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, თუ სწრაფად გაიარა, ვერ ვპოულობ შესაფერ სიტყვას. ასე თუ ისე, სწრაფად მოინაცვლა ადგილი. მერე შეჩერდა, ქანდაკებასავით გაირინდა  კისერაღერილი, მკაფიოდ გამოუჩნდა მოთეთრო გულისპირზე დაყრილი შავი წერტილები. ასე ათიოდე წამს იყო გარინდებული, თითქოს რაღაცას აყურადებდა. მერე თავი დახარა, კვლავ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ანუ სწრაფად გაგოგმანდა, ისევ შეჩერდა, თავი მაღლა აიღო, კვლავ ქანდაკებასავით გაირინდა.
      რამდენჯერმე განმეორდა ასე, გოგმანი და ქანდაკებასავით გარინდება ისევ და ისევ ცვლიდნენ ერთმანეთს. ჟამიდან ჟამს  ნიკსარტს ჩაჰკრავდა ხოლმე რაიმეს, რასაც მე ვეღარ ვხედავდი;  ნაწვიმარზე მიწაში ღრმად ჩამძვრალმა ჭიებმა იციან გამოსვლა, ჩხართვი სწორედ მათ უნისკარტებდა.
      ფართო აივანზე ვიჯექი წვიმის ნამს გარიდებული და ისე შევყურებდი ჩხართვის გოგმანს. არ იყო ძნელი მისი საქციელის ახსნა, ეშინოდა კატა არ წამოპარვოდა საიდანმე, (ოჰ ის წუწკი კატა, ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვი) და საერთოდ, ფრთხილად იყო, როგორც ტყიურ არსებათ სჩვევიათ. მე კი, აბა, რა უნდა მეთქვა ან რა უნდა მენიშნებინა ამ მშვენიერი ფრინველისთვის, ამისი დიდი სურვილიც რომ მქონოდა. ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, შევყურებდი მშვენიერ, კოხტა, შავი წინწკლებით დამშვენებულ  ფრინველს,  ერთი იმას ვნატრობდი, რაც შეიძლება დიდხანს ეგოგმანა მწვანე კორდზე, რათა მეც დიდხანს მეცქირა მისთვის. მაინც, რა ლამაზად, რა კოხტად გამოსდიოდა ეს გოგმანი და გარინდება, თითქოს რაღაც იდუმალ ცეკვას ასრულებსო. როგორც მაშინ, ტალავერთან, ახლაც გამიჩნდა სურვილი, რაიმე სიტყვა მიმეწვდინა მისთვის. მინდოდა მეთქვა, აგერ მეც შენს გვერდით ვარ, მეც ვადევნებ თვალს, საიდანმე არ გამოტყვრეს ის წუწკი კატა, თუნდაც ბავშვი, გართობა რომ მოსურვებია და კენჭებს დაგიშენს სრულიად გაუაზრებლად. მე ვდარაჯობ შენს უსაფრთხოებას, ნურაფრის გეშინია, რაც შეიძლება დიდხანს იგოგმანე მწვანე კორდზე. და, საერთოდ, ჩემი არ უნდა გეშინოდეს, მომიახლოვდი, მომეცი ნება, მოგეფერო, ფრთხილად, სულ ფრთხილად, შენს დაწინწკლულ ყელ - კისერს შევახო ხელი, მაგრამ, აბა, რას გავაგებინებდი მშვენიერ მგალობელ ფრინველს. ერთხანს იგოგმანა თუ იცეკვა დანამულ მწვანე კორდზე, მერე კი, არ ვიცი, რაიმემ დააფრთხო თუ სხვაგან გაუწია გულმა, გაფრინდა  და თან წაიღო ჩემი აუხდენელი ნატვრა, იქნებ როგორმე ხმა მიმეწვდინა მისთვის. 



                                                                ჩხართვი  და  სკვინჩა


      არაფერი არღვევდა მყუდროებას დიდ, ფართო ეზოში, ტალავერი მშვიდად ეფიცხებოდა მზის ალერსიან სხივებს. ქათმები დინჯი კრიახით მიმოდიოდნენ, წყნარად, აუჩქარებლად. კატას გულისძილით ეძინა, ფართოდ თათებგაშლილს, როგორც თბილ დღეებში სჩვევიათ ხოლმე და მგონი ჰაერიც კი თვლემდა აგვისტოს საამურ სითბოში გარინდებული.
      ჩხართვი ისევ გამოჩნდა. შემოსკუპდა ჩხავერის ტალავერზე, ოღონდ შედარებით განაპირას, ქანდაკებასავით გაირინდა კისერაღერილი.
      - მიირთვი რამდენიც გინდა, - გულში ვეუბნები ამ სიტყვებს, არ მინდა დავაფრთხო. ველოდებოდი,  სულ მალე მოჰყვებოდა იისფრად შეფერადებული მტევნების კენკვას.
      მაგრამ არა, ჩხართვი არ იძვრის ადგილიდან, არ მიგოგმანობს წინასწარ შეთვალიერებული მტევნისკენ. ისევ ისე ზის გაბუსხული. ჩანს, უკვე მოასწრო, ნისკარტი ჩაიგემრიელა შეთვალული ჩხავერის მარცვლებით, სანამ მე მის დანახვას მოვასწრებდი. ახლა უბრალოდ ზის და ისვენებს. ცოტაც და თავის სამყოფელს, ზეცას დაუბრუნდება.
      მაგრამ არა, სულ სხვა სცენა გათამაშდა ჩემს თვალწინ. მაღალი მუხის ხე დგას ჩვენი ეზოს განაპირას, სწორედ იმ მუხის კენწეროდან სკვინჩა აიჭრა ცაში, პირდაპირ ჩხართვისკენ აიღო გეზი, თითქმის სწორი ხაზი გაავლო ჰაერში და მკერდით დაეჯახა ჩხართვს, რომელიც ბაიბურშიც არ იყო, რას უპირებდნენ, რა ხდებოდა მის თავს.
      და რა გგონიათ? რა უნდა მომხდარიყო ამ საომარი მანევრის შედეგად? მოხდა ის, რომ ჩხართვი მაშინვე  გადავარდა ტალავერის ლერწიდან, ქვასავით დაექანა დაბლა, ფრთებს უმწეოდ აფართხუნებდა, თუმცა როგორღაც მოახერხა, მიწამდე აღარ დაშვებულა. სადღაც შუა ადგილას, ტალავერსა და მწვანე კორდს შორის აღიდგინა წონასწორობა ფრთების ფართხუნის წყალობით. მოახერხა ჰაერში თავის შეკავება და უკანმოუხედავად გაფრინდა.
      ნანახით გაოგნებული დავრჩი. ეს რა ხდება ჩემს ეზოში, სკვინჩა თავს ესხმის ჩხართვს, რომელიც ზომით მასზე სამჯერ დიდია, ნამდვილი საომარი თვითმფრინავის, გამანადგურებლის ტაქტიკას იყენებს, რომელსაც მფრინავების ენაზე მგონი ტარანი ჰქვია, ამარცხებს მოწინააღმდეგეს და აჰა, ერთი შეხედეთ, რა კარგად შეიფერა გამარჯვება. უკვე მისია ბურთი და მოედანი, უფრო სწორად, იისფრად შეთვალული ტალავერი.
      - აჰა, შენ გინდა მიირთვა მწიფე ჩხავერი? ვერ მოგართვი! - დავუცაცხანე სკვინჩას, თან ხელი ავუქნიე გაბრაზებულმა. ისიც გაფრინდა, დიდად არაფრად ჩაუგდია ჩემი გაცხარება და მგონი, არც კი შევუმჩნევივარ. თუმცა შეიძლება განგებ მომაჩვენა თავი ასე.
    და ახლა, ამ გაბრაზებულ გუნებაზე ძალიან მინდა მოვძებნო ჩხართვი, ასე უკან მოუხედავად რომ დატოვა ბრძოლის ველი და შემდეგი სიტყვები ვუთხრა:
      - რა არხეინად, დაუნდობლად გესხმიან თავს, შენ კი გარბიხარ, არც კი ფიქრობ რაიმე იღონო საპასუხოდ. რა სირცხვილია, შენ ხომ ზომით მასზე სამჯერ დიდი ხარ, როგორ ურიგდები ასეთ სამარცხვინო დამარცხებას, ასე როგორ დაგიბრიყვა იმ, მართლაცდა ნამდვილმა ყაჩაღმა. ეს იმ დროს, როცა ასე გიყვარს ჩხავერის მარცვლებით პირის ჩატკბარუნება.
      ძალიან, ძალიან მინდა ჩხართვს ვუთხრა ეს სიტყვები, სადღაც ახლო - მახლო რომ იმალება,  ალბათ შორს აღარ გაფრინდებოდა, ის ხომ ჩვენს ეზოში ბუდობს, მაგრამ, ვაი, რომ შეუძლებელია. ერთი ისღა დამრჩენია, სკვინჩას დავუცაცხანო, არ მივცე საშუალება ჩხართვის ადგილი დაიკავოს შეთვალული ჩხავერის ლერწებზე.
      ისე, კაცმა რომ თქვას, არც სკვინჩასთან მაქვს რაიმე სადაო. ძალიან ყოჩაღი გამოდგა, რაც მართალია, მართალია. ნამდვილი მეომარივით მოიქცა. ტარანზე წასვლა, ეს მეტად სარისკო მანევრია. ცხადია სკვინჩამაც კარგად იცის ეს და მიდის ამ რისკზე, როგორც ნამდვილი თავზეხელაღებული მეომარი.
      -  რაც არ უნდა იყოს, მაინც არ დაგითმობ ბრძოლის ველს - ვეუბნები სკვინჩას, - ვერ დაიკავებ ჩხართვის ადგილს, ანდა, თუ მაინც გულით გინდა ნისკარტის ჩატკბარუნება, მე უნდა გამიგულო სადმე, ერთი ესღა დაგრჩენია.
      ერთი სიტყვით, ვერაფერს ვაგებინებ ვერც ერთს და ვერც მეორეს, ვერც გამარჯვებულს, ვერც დამარცხებულს, მხოლოდ საკუთარ გულს ვასკდები.


                                                          ჩხართვი  და  წუწკი  კატა


      კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როცა ძალიან, ძალიან ვინატრე მქონოდა ამ მშვენიერი  ფრინველისთვის რაიმეს თქმის, თუნდაც ერთი სიტყვის გაცვლის უნარი.
      ჯერ სრულიად მწვანე იყო ჩხავერი. ზაფხული ის ის იყო, იკრებდა ძალას. ხშირად ვუსმენდი ჩხართვის გალობას და ამითი ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ახლომახლო კომშის ხეზე უნდა ჰქონოდა ბუდე.
      იმ წუთში ჩხართვი არ მახსოვდა, სამურაბე ალუბალს ვარჩევდი, ფრთხილად გადამქონდა ჭურჭლიდან ჭურჭელში, რათა არ დაჭყლეტილიყვნენ. უცბად მომესმა ჩხართვის ხმა, რომელიც გალობას სულაც არ ჰგავდა. თავი ავწიე, ვხედავ, შემოსკუპებულა კომშის ხის ტოტზე, (ტალავერს მიღმა რამდენიმე კომშის ხე იყო ჩამწკრივებული) რაღაცაზე გაცხარებით მეხმიანება. უფრო მეტიც, გაკაპასებულიც კი შეიძლებოდა გვეწოდებინა მისი ხმისთვის. ჩანდა, რაღაცით ძალიან იყო გაჯავრებული და შეწუხებული. აბა საიდან უნდა მცოდნოდა, თუ რას შეიძლებოდა ასე შეეწუხებინა, ამ დროს კი მე მაფრქვევდა ამ გაბრაზებულ ხმებს თავისი კოპწია ნისკარტიდან. ერთგვარი სევდა და ნაღველიც ისმოდა მის ხმებში. იმთავითვე აშკარად შევამჩნიე.
      რა დაგემართა? - ვკითხე ჩხართვს, - მგონი რაღაცით ძალიან უნდა იყო შეწუხებული.
      ჩემი ხმის გაგონებისას ჩხართვმა თავი გვერდზე მიაბრუნა, თითქოს ჩემგან არაფრის გაგონება არ უნდაო, წამით გაჩუმდა, მერე ისევ გააგრძელა გაკაპასებული ხმების ფრქვევა. ტოტიდან ტოტზე გადაფრთხიალდა,  ხმა ისევ შეიმაღლა, კიდევ უფრო სევდით და გაკაპასებით ახმიანდა. დიდი მწუხარება, სასოწარკვეთა, გაბრაზება, კიდევ რა ვიცი, რა აღარ ისმოდა მის ხმაში.
      - ნეტავი მართლა ვიცოდე, ასე რამ შეგაწუხა, - ჩავილაპარაკე ჩემთვის, თან ჩემი საქმე გავაგრძელე. სანამ იქ ვიჯექი, ჩხართვი აღარ გაჩუმებულა, გამწარებით ებრძოდა ვიღაცას თუ რაღაცას თავისი გაკაპასებული, მწუხარებით და სევდით სავსე ხმით. მე კი აბა რა შემეძლო რითი უნდა მეშველა, როცა არ ვიცოდი რა აწუხებდა ასე ძალიან. მოვრჩი ჩემს საქმეს, დავტოვე ჩხართვი თავის მძიმე დარდთან და ტკივილთან ერთად.
      მოგვიანებით კი, დაახლოებით სამიოდე დღის შემდეგ აი, რა მოხდა; სრულიად შემთხვევით ჩიტის ბუდე დავინახე, იმ  კომშის ხის ძირას ეგდო, სადაც ჩხართვი ასე გაკაპასებით ეჩხუბებოდა ვიღაცას თუ რაღაცას, იქვე ეყარა ბარტყების ძვლების ნარჩენები. მაშინ კი მივხვდი, თუ რა დაატყდა თავს ჩვენს მშვენიერ მგალობელ ფრინველს, რატომ გამოსცემდა ასეთ გაკაპასებულ ხმებს, ის წუწკი კატა იყო ყველაფერში დამნაშავე. ბუდე დაუნგრია, ბარტყები ძირს გადმოუყარა. ჩხართვს რაღა დარჩენოდა გარდა იმისა, რომ სასოწარკვეთილი მოთქმა - გოდება დაეწყო ამის თაობაზე. არადა, ვინ იცის,  იქნებ ჯერ კიდევ არ იყო გვიან, იქნებ გადამერჩინა მისი ბარტყები, ერთერთი მათგანი მაინც გამომეგლიჯა იმ წუწკი კატის კლანჭებიდან, რაიმე რომ გამეგო მისი გაკაპასებული ხმიდან. მართლაც დასანანია, რომ ვერაფერს ვაგებინებთ ერთმანეთს.
      ის იყო და ის, ჩხართვი აღარ დამინახავს, გადაიხვეწა ჩვენი ეზოდან. წუწკი კატაა ყველაფერში დამანაშავე.
     


                                                                    ცოცხალი  სივრცე



      ბავშვობაში მეგონა, ყველა ეზოს საკუთარი ცა ჰქონდა (ჩემი დიდი ოჯახი სოფლად ცხოვრობდა. დავაზუსტებ, სოფლის შუაგულში). როდესაც სადმე სხვა ეზოში შევაბიჯებდი, ვთქვათ, სათამაშოდ ვეწვეოდი მეზობლის გოგო - ბიჭებს, დარწმუნებული ვიყავი, სულ სხვა ცა დამყურებდა თავზე. დედაჩემს წავყვებოდი სადმე, მაშინაც ცხადია, სხვა ცის ქვეშ ამოვყოფდი თავს. ჩვენი ეზოს გადაღმა პატარა საჩიხი გამართეს ჩვენებმა საძოვრიდან მოდენილი საქონლისათვის. იქაც კი სხვა ცა იყო.
      და რაღა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და ფართო, მაღალი და გაბრწყინებული ჩემი ეზოს ცა იყო. ამაში ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი.
      ერთი სიტყვით, მთელი ბავშვობა მრავალთაღოვან ციურ სივრცეებში დავაბიჯებდი. თან აზრადაც არ მომდიოდა, თუ რა უდიდეს  მანძილს ვფარავდი ერთი პატარა გარბენით . . . ვთქვათ, როცა ერთი ეზოდან მეორემდე გადავირბენდი ხოლმე.
      ახლა, როდესაც ასე გულით მინდა ჩხართვს დაველაპარაკო და ვერაფრით ვახერხებ, სწორედ ჩემი ბავშვობისდროინდელი წარმოსახვა და განცდა მაგონდება საოცარი სიცხადით. ცნობილია, ბავშვობის მოგონებები სიცოცხლით სავსენი არიან . . . მეჩვენება, თითქოს სულ სხვა ცა ახურავს ჩხართვს თავზე, იმ მშვენიერ მგალობელ ფრინველს. სხვა ცის ბინადარია და სწორედ ამიტომ ვერაფერს ვაგებინებთ ერთმანეთს.
      იქნებ მართლაც ასეა, ვინ რა იცის.
      ერთგვარ შედარებას მოვიყვან, მისი საშუალებით იქნებ როგორმე შევძლო, ბავშვის თვალი მოვარგო ბრძენთა და განსწავლულთა ხედვას.
      ყველა ქვეყანას  თავისი ცოცხალი სივრცე გააჩნია, თავის საზღვრებშია მოქცეული და საკუთარი ცა დაჰყურებს თავზე.
      რაღა თქმა უნდა, ყველას საკუთარი სალაპარაკო ენა აქვს ამ სასიცოცხლო სივრცესა და ცის გუმბათს მორგებული.
      ახლა წარმოვიდგინოთ ვინმე მოგზაური სტუმრად ეწვია ერთ - ერთ ქვეყანას (მნიშვნელობა არ აქვს, რომელს), გაიარ - გამოიარა ქუჩებში, მაგრამ დალაპარაებით ვერავის დაელაპარაკა, რადგან იქაურ  მცხოვრებთა ენა არ იცოდა.
      ანუ ის სივრცე, სადაც ის ქალაქი სუფევდა, უცხო იყო მისთვის.
      მოგზაურს ისღა დარჩენია, ისწავლოს იმ ქალაქის მცხოვრებთა ენა, სხვანაირად ვერავის ვერაფერს გააგებინებს.
      გაივლის დრო, ისედაც მოხდება, იმ ქალაქის მცხოვრებნი ისწავლიან მოგზაურის ენას, მაშინ მართლაც დიდი ურთიერთგაგება დამყარდება მათ შორის.
      ამ მშვენიერ მგალობელ ფრინველსაც მინდა ამ თვალით შევხედო. სხვადასხვა სივრცის მკვიდრნი ვართ, ვერაფერს გავაგებინებთ ერთმანეთს, შეუძლებელია ჩვენს შორის რაიმე საუბარი.
      და ეს მხოლოდ შენ არ გეხება მგალობელო არსებავ. ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი სივრცე გააჩნია, საკუთარი ცა დაჰყურებს თავზე, ამიტომაც არაფერი ესმის ერთმანეთის.
      შეხედეთ ჩვენს ერთგულ მეგობარს, ძაღლს, რა სევდიანი თვალით გვიყურებს. ძალიან უნდა დაგველაპარაკოს, მაგრამ არ შეუძლია. ფისო? ოჰ, მას ლაპარაკი სრულებითაც არ სჭირდება, თათებზე მკიდიხართ ყველანიო - ცხადად ამბობს მისი იერი.
      ბოლოს და ბოლოს ადამიანებმა ისწავლეს ერთმანეთის ენა. სადაც არ უნდა წახვიდე დედამიწის ზურგზე, ყველგან შეიძლება დაელაპარაკო, რაიმე გააგებინო იქაურებს. საამისოდ ბევრი საშუალება არსებობს.
      მაგრამ აი, ჩვენს უმცროს ძმებს ( ასე ვუწოდებ დედამიწის დანარჩენ მკვიდრებს) ვერ დაელაპარაკებით. ვერც ფრინველს, ვერც ცხოველს, ვერც მცენარეს . . . ვერავის და ვერაფერს.
      და ასე მგონია, მთელი დედამიწა უამრავ სივრცეთა გზაჯვარედინია, დედამიწის ზურგზე კვეთენ ისინი ერთმანეთს, რამეთუ ყველა ცოცხალ არსებას თავისი სივრცე გააჩნია.
      რას შეიძლება ეს შევადარო?
      ცოცხალ სივრცეთა ლაბირინთი, სადაც მეტად ძნელია გზის გაკვლევა . . . ანდა, ცოცხალ სივრცეთა თაიგული,  ალბათ ასედაც შეიძლება ითქვას. არ ვიცი განგების რა ძალით, მაგრამ დედამიწაზე შეიკრა ეს თაიგული დროის იდუმალი ნასკვით.
      ეს ბავშვის ხედვაა და მე დიდი სურვილი მაქვს, ბრძენთა და განსწავლულთა ხედვას მოვარგო იგი.
      - მე და შენ (ჩხართვს ვეუბნები) ამ თაიგულის მკვიდრნი ვართ, მასში ვართ ჩაწერილები, განგებამ ერთად შეკონა ჩვენი სივრცეები დროის დრეკადი ძაფით. ვინც ამ ძაფს მისწვდება, ყველა ცოცხალი სივრცის მფლობელი გახდება, ანუ ყველა სულდგმულის ენაზე შეძლებს ლაპარაკს.
      ჩხართვის გალობა მომესმა ამ ფიქრებში გართულს. (ჩვენს ეზოში აღარ ბუდობს, მაგრამ მისი გალობის ხმა ხანდახან მაინც აღწევს ხოლმე ჩემამდე). აჰა, ხმა მომაწვდინა, თვითონ მას ვერ ვხედავ, მაღალ ხეებს თვალმოფარებული გალობს ჩემი ეზოს მიღმა, გულუხვად აფრქვევს უტკბილეს ჰანგებს. რაღაცას მიამბობენ ეს ჰანგები, იმდენად მშვენიერს და აღმატებულს, რომელსაც ვერცერთ სიტყვაში ვერ ჩატევ.  რას მანიშნებენ ეს ტკბილი ჰანგები, მეტისმეტად მიუწვდომელია ჩემთვის ეს ქარაგმა, ოცნებასაც კი ვერ გავბედავ მის ამოხსნაზე.  ერთი რამეს მაინც ვეტყოდი მშვენიერ მგალობელ ფრინველს:  შენ შეუძლებელი შესძელი ამ ხმატკბილი გალობით, ნისკარტი შეახე დროის დრეკად ძაფს, რითაც ცოცხალ სივრცეთა თაიგულია შეკრული დედამიწაზე.  თვითონ ალბათ არაფერი იცის ამის შესახებ, არც სჭირდება, სრულიად გაუცნობიერებლად აღასრულებს ამ დიდ სასწაულს.     





     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები