| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 16 აგვისტო, 2018 |
ცთომილთა აღლუმზე პირმთვარისას წყალობით აღმოვჩნდი, ამიტომ მისი დიდი მადლობელი უნდა ვიყო. ჯერ თავად ამ არაჩვეულებრივი არსების შესახებ მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, მით უმეტეს, რომ გადაჭარბებით იმსახურებს ამას. პირმთვარისა მთვარეზე სახლობს. უფრო ზუსტად, მთვარის იმ სამყაროს ბინადარია, მარად თვალმიუწვდომელი რომ რჩება ადამიანისთვის. შესახედავად მართლაც პეწიანი ვინმეა. ნამდვილი მზეთუნახავია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სალუქი სხეული თოვლისგან ნაძერწს მიუგავს. თვალები და თმები ფოსფორისფერი აქვს. ლოყაზე მოგრძო ნაიარევი თუ ნაჭდევი ატყვია ვერცხლის სევადის მსგავსად. უცნაურია, მაგრამ ეს ნაჭდევი ოდანავადაც არ ამახინჯებს. პირიქით, ერთგვარ ეშხს და ლაზათს ჰმატებს კიდეც, თუმცა საბედისწერო იერსახე ეძლევა მისი წყალობით. პირველი ვენერა დავინახე. უფრო სწორად, პირმთვარისამ დამანახა. თავი ვერ შევიკავე აღტაცების გამომხატველი შეძახილისგან, რა მშვენი იყო, რა წარმტაცი! რა მომაჯადოებელი სინაზე ეფინა სახეზე. ისეთი სხივმოსილი ღიმილი დაგვაფრქვია, ერთიანად გავეხვიეთ მის ნათელში. სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე, სახეზე კი ალბათ აღტაცებული იერი მეწერა, ვენერას ნაზ იერს კმაყოფილება შეემატა. მინდა ვთქვა მათ გასაგონად, ვინც არასოდეს ყოფილა ცთომილთა აღლუმზე: მშვენიერნი არიან ცთომილნი, როცა მათ დედამიწის ცაზე ვუჭვრეტთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაგავიწყდებათ, როცა იხილავთ იმ მოუხელთებელ არსებებს, მათ იდუმალ სამყაროში რომ ბინადრობენ პირმთვარისას მსგავსად. ეს უმშვენიერესი და უნაზესი არსება, ჩემს თვალწინ რომ იწონებდა თავს (და თანაც ძალზე ტაქტიანად), ცთომილ ვენერაზე სახლობდა და ამავე დროს თვით ცთომილსაც განასახიერებდა აღლუმის დროს. ის იყო ცთომილის სული და გული, მისი ყველაზე სიღრმისეული რაობის გამოხატულება. სიტყვა ვერ აღწერს ვენერას მშვენეიერებას, დაე, ყველამ თავისთვის წარმოიდგინოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იგი. ვენერას მერკური მოჰყვა. არც ის ჩამორჩებოდა სხივმოსილებით თითქოს, ღიმილი მასაც მეტად შვენოდა, ოღონდ ერთი რამ შევამჩნიე; მეტისმეტად დაკვირვებული იერი ჰქონდა. როცა გიყურებდა, იფიქრებდი, რომელიღაც უხილავ სასწორზე მწონისო. დაკვირვებული იერი ალბათ არ შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს. ოღონდ ესაა, მეტისმეტად ცხადად იჩენდა თავს და იყო წუთები, როცა ყოველივე დანარჩეს ჩქმალავდა. ო, როგორ არ ჰგავდა ეს გამსჭვალავი გამოხედვა ვენერას ნაზ, ნებიერ იერსახეს... ჩემის აზრით, მერკური ბევრს აგებდა ამით. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ. ჩემს ადგილას სხვას შეიძლება მერკური უფრო მოსწონებოდა. როცა მე ორ უმშვენიერეს ცთომილს შევყურებდი და გუნებაში მათ ერთმანეთს ვადარებდი, პირმთვარისა სრულებით გადამავიწყდა, მან კი ძალზე მოხერხებულად შემახსენა თავი. პირმთვარისა, ამდენ ხანს გვერდიდან რომ არ მცილდებოდა, მოულოდნელად დამშორდა, მიუახლოვდა მშვენიერ ცთომილებს და მათ შორის მოექცა. ესეც არ იკმარა, ჩემსკენ მოაბრუნა თეთრად მოქათქათე სახე და მთელი გულით გამიღიმა, თითქოს მეუბნებოდა, არავისზე ნაკლები არ ვარო. ასედაც იყო. ძალზე მომგებიანი აღმოჩნდა პირმთვარისასთვის მშვენიერ ცთომილებთან მიახლოება. მან თითქოს ამით თავის თავში გააერთიანა ვენერას მომაჯადოებელი სინაზე და მერკურის გამსჭვალავი თვალმახვილობა. ამას გარდა, ბავშვური სიცელქეც თან ახლდა პირმთვარისას ღიმილს, და საერთოდ, მისმა საქციელმა ბავშვი გამახსენა, რაც ძალიან უხდებოდა. ნამდვილი პატარა ეშმაკუნა იყო, ცელქი, ოინბაზი, მაგრამ მით უფრო საყვარელი და სასურველი. ასე რომ, ფრიად ნასიამოვნები დავრჩი ამ მიმზიდველი სანახაობით, რაც ჩემს თვალწინ გადაიშალა. მისი თვალიერებით ვეღარ ვძღებოდი. მოულოდნელად რაღაც მეწამული ელვარება შევნიშნე. მეც მოვწყვიტე თვალი უცხო ხატებას, მივიხედ-მოვიხედე და აი რა აღმოვაჩინე: თურმე მარსი მობრძანებულიყო... მარსი! თავისი მეწამული ელფერით ცნობილი! მიწიერი ზეცის მშვენიერი სამკაული... აქ, ცთომილთა აღლუმზე უნდა გენახათ, თუ როგორი შესახედავი იყო იგი: ეს გახლდათ მშვენიერი, ტანწყობილი ჭაბუკი, ათლეტივით კუნთმაგარი და ქანდაკებასავით ჩამოსხმული. ქარივით ლაღი და კლდესავით შეუპოვარი. ხშირი გრძელი თმა მეწამულ-ცეცხლისფრად უელვარებდა. ერთი სიტყვით, არაჩვეულებრივად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა, ლამის დაგავიწყებდა სხვა ცთომილებს. მაგრამ ეს მანამდე, სანამ ცოტათი შორიდან შეჰყურებდი. საკმარისი იყო მიახლოებოდი, მის თვალებში ჩაგეხედა, რომ აღტაცებას შიშის ჟრუანტელი შეცვლიდა: ამ მიმზიდველ, ტანწყობილ ჭაბუკს თვალების ადგილას ორი უჩვეულოდ ბნელი ლაქა ეფინა. რა ავბედითად მოჩანდა ეს ბნელი ლაქები მარსის მეწამულ-ცეცხლისფერი თმების ფონზე, შეუძლებელი იყო მისთვის თვალის გასწორება. ყოველ შემთხვევაში, მე ეს ვერ შევძელი. ორი თანამგზავრი, ფობოსი და დეიმოსიც თან ახლდნენ. ერთი შევხედე თუ არა, მაშინვე ავარიდე თვალი, არც მათი ჭვრეტა იყო ადვილი საქმე ჩემთვის. ამიტომ ვერ გეტყვით, თუ როგორი შესახედავნი იყვნენ. პირმთვარისაზე გადავიტანე მზერა, რომელიც მაშინვე გვერდით ამომიდგა, როგორც კი მარსი გამოჩნდა თავის თანამგზავრებიანად და აღარც მომშორებია. პირმთვარისამ ჩემსკენ მოაბრუნა თეთრად მოქათქათე გაბადრული სახე და გამამხნევებლად გამიღიმა. რა მგრძნობიარეა, რა დახვეწილი! მაშინვე მიხვდა, თუ რა ხდებოდა ჩემს სულში. მერე კი საითკენღაც მანიშნა. თურმე იუპიტერი მობრძანებულიყო. აი, რისი ნახვა ღირდა რამედ. თქვენ არაფერი გინახავთ, თუ ერთხელ მაინც არ მოგიკრავთ თვალი იუპიტერისთვის, როცა იგი თავისი ბრწყინვალე ამალის თანხლებით ცთომილთა აღლუმს ეწვევა. აღარ ვიცოდი, რომელი ერთისთვის მეცქირა, მეფური დიდებულებით გაბრწყინებული იუპიტერისთვის თუ მისი არაჩვეულებრივად მრავალრიცხოვანი ამალისთვის, ირგვლივ ბუზებივით რომ ეხვეოდნენ. ნამდვილი მეფე იყო ტანით თუ თვალით. გოროზად და გამსჭვალავად იყურებოდა ჰაერში მონანავე არწივის მსგავსად. შუბლს ძალაუფლების ბეჭედი ესვა და თავზე ელვის ისრები ევლებოდნენ გვირგვინის მსგავსად. ამალას რაც შეეხება, ვთვალე, მაგრამ ვეღარ დავთვალე და თავი მივანებე. კალისტო გამოირჩა მათ შორის, თავისი ცნობილი ხარის თვალით. მომნუსხველად მომაჩერდა. პირმთვარისამ აქაც გამოიჩინა ბავშვური სიცელქე, კვლავ მიიქცია ჩემი ყურადღება თავისი გაბადრული სახით და გულითადი ღიმილით. მეც თითქოს ერთგვარი ტვირთი მომცილდა გულიდან და მაშინ ვიგრძენი, თუ რაოდენ დამთრგუნველად იმოქმედა ჩემზე იუპიტერმა და მისმა ამალამ. დიახ, ვამბობდი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ! არც ისე ადვილი ასატანია ზეციურ მეფეთა ბრწყინვალება. თუ არ გჯერათ, თვითონ ნახეთ და დარწმუნდებით. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად თვალმოყირჭებული იქნები მიწიერ სანახაობათა დიდებულებისაგან. თურმე ჯილდო მელოდა, თანაც სულ მალე: სატურნი გვეწვია, დიდებული ცთომილი, ასე ცნობილი და გამორჩეული მიწიერ ცაზე. მასზე ზრდილობიანს ალბათ ვერავის შეხვდებით მთელ ზეცაში. მომკრა თუ არა თვალი, მაშინვე მოიშვლიპა თავისი ფართო ბრწყინვალე შლიაპა და თავი მდაბლად დამიკრა. ვერ აგიწერთ, როგორ მესიამოვნა მისგან ასეთი თავაზიანობა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იუპიტერმა საწყენი უყურადღებობა გამოიჩინა ჩემს მიმართ, სალამზე პასუხი ძლივს მაღირსა. მერე რა ვუყოთ, თუ ცთომილთა მეფეა. ზრდილობა და თავმდაბლობა ყველას ერთნაირად ამშვენებს. სატურნი სრულიად არაფერს აგებს იმით, ასეთი თავაზიანი რომაა. და საერთოდ, არაფრითაა იუპიტერზე ნაკლები, ზომით ოდნავ თუ ჩამოუვარდება, ამალა კი მასზე არანაკლებ მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალე ჰყავს. ამის შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ; ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. შეიძლება ითქვას, სამივე ერთად გვეახლა. ურანს უჩვეულოდ ულაპლაპებდა სახე, ასე რომ მისი შეთვალიერებაც არ იყო ადვილი. ამას გარდა, თვალები ამიჭრელა ამდენმა უცხო სანახაობამ. ნეპტუნს რომ თევზის სახე ჰქონდა, თავიდანვე ვიცოდი და ასედაც აღმოჩნდა. თავისი განუყრელი სამკაპიც თან ჰქონდა, რომელზეც წყალმცენარეები კონწიალობდნენ. რაც შეეხება პლუტონს, საერთოდ ვერ შევამჩნევდი ალბათ, პირმთვარისას რომ არ მიეთითებინა ჩემთვის. ღამესავით შავი ცთომილი არც ზომით იყო თვალში მოსახვედრი. ამასთან ერთად, თვითონვე ცდილობდა შეუმჩნევლად დარჩენას, როგორც გამოვიტანე დასკვნა. ძალზე იდუმალი და გამოუცნობი არსება გახლდათ. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ის ხომ ჩვენი დიდი ეზოს განაპირა წერტილში სუფევს, ორი სამყაროს მიჯნაზე. ალბათ ბევრი რამ უწყის ისეთი, რაზედაც ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს. ასე რომ, შემოკრიბა მნათობთა წყება, უნათლესი ღიმილით მიესალმნენ ერთმანეთს, კიდევ უფრო დამშვენდნენ და ერთმანეთიც დაამშვენეს. მათ ყურებას არაფერი სჯობდა. აღარ ვიცოდი, რომელი ერთისთვის შემეხედა. ყველა უზომოდ წარმტაცი იყო და თავისებურად განუმეორებელი. უკვე მეგონა, ამაზე დიდებულს ვეღარაფერს ვნახავდი, მაგრამ აი, მობრძანდა მზე და ყოველივე სულ სხვანაირად წარმოჩინდა. მზე! მნათობთა მნათობი! ცეცხლისთვალება! იუპიტერი მეფეა, მაგრამ მზე მბრძანებელია, ვთქვი მე, როცა მისი ბრწყინვალე მობრძანება ვიხილე. აი, სადაც იყო ჭეშმარიტი დიდებულება, სად სუფევდა ნამდვილი ბრწყინვალება. ნაღდი, სიღრმისმიერი და არა მოვარაყებული. მისი ერთი დანახვაც კი წამში აუფერულებდა ყოველივე დანარჩენს. მერე არ იკითხავთ, როგორი უბრალოებით ეჭირა თავი? სალამს ვერ დაასწრებდი. პირველი თვითონ ესალმებოდა ყველას. მერე რა გულიანად უღიმოდა ამ დროს. თბილად, გამამხნევებლად. ამასთან ერთად, არაჩვეულებრივად გულწრფელი იყო, რაც ლამის ბავშვურ გულუბრყვილობაში გადადიოდა ხოლმე. ცთომილები ირგვლივ შემოეხვივნენ თავიანთ ჭეშმარიტ მეუფეს და მბრძანებელს. ყველამ მას მიაპყრო თვალი. ო, როგორ შესციცინებდნენ, როგორ ცდილობდნენ თავიანთი გულითადობა და პატივისცემა გამოეხატათ. მერედა, რა ლამაზად ახერხებდნენ ამას. ყველამ საოცრად იცვალა ფერი, არაჩვეულებრივად განათდა და გაბრწყინდა. და არა მარტო იმის შედეგად, რომ ნათელი მოეფინათ მზისგან. საკუთრივ მათ სიხარულსაც არანაკლები წვლილი მიუძღოდა ამაში. და აქ ერთი თავისებურება აღმოვაჩინე: თურმე ყველა ცთომილს ჩრდილოვანი მხარე გააჩნდა. მზის გამობრწყინება და მათი ჩრდილის წარმოჩენა ერთი იყო. ეს, რა თქმა უნდა, ცთომილთა ამალასაც ეხება. პირმთვარისაც მათ რიცხვში იყო. მუქი ფერის შლეიფივით დასთრევდა ჩრდილი, რაც მეტისმეტად მოუხდა მის ფოსფორისფერ თმებს და თვალებს. გოროზი ქალბატონის იერი მიიღო და ძალიანაც შეიფერა. ერთადერთი, მზე არ ჰგავდა არავის ამ მხრივ, არ ჰქონდა ჩრდილი. არ დასთრევდა მუქი შლეიფი. ყველა მიმართულებით ერთნაირად აფრქვევდა სხივმოსილ ღიმილს. არავისთვის არ იშურებდა, არც არაფერი აკლდებოდა ამით. არავინ დატოვა გულიანი ღიმილის გარეშე. ესეც არ იკმარა: ყველასთან სათითაოდ მივიდა და საცეკვაოდ გაიწვია. ო, როგორ ბრწყინავდნენ ცთომილნი, როცა ასეთი დიდებული კავალერი მიუახლოვდებოდათ. აღარ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ თავიანთი ბედნიერება. თვით ზვიად იუპიტერსაც კი საორად გულაჩუყებული იერი ჰქონდა, როცა მზემ მასთან ცეკვა ინება. ჩემმა რიგმაც მოაწია, მეც მომეახლა მზე. პირველად ვნახე ასე ახლოდან და უნდა ვთქვა, გაოცებული დავრჩი. მზე ძალიან ჰგავდა ბავშვს. რად უნდა ლაპარაკი, რომ ძალზე ლამაზი ბავშვი იყო; ოქროსთმიანი, სახენათელი, ბრიალა თვალებიანი. სახეზე რამდენიმე პაწია წინწკალი დავუნახე ჭორფლის მინაგვარად. მაშინვე გამახსენდა, მზეს ხომ ლაქები აქვს, ჰოდა, ეს პაწია ჭორფლიც მისი გამოხატულება იქნება-მეთქი. პირმთვარისა წამითაც არ მშორდებოდა გვერდიდან. არც მაშინ მივუტოვებივარ როცა მზე მომიახლოვდა. მართალია, მზემ ცოტა თვალები ამიჭრელა, მაგრამ პირმთვარისა მაინც არ გამომრჩენია მხედველობიდან. შევხედე და... ერთი წამით ვერც კი ვიცანი. სულერთიანად გამწვანებულიყო, სახე გვერდზე მოქცეოდა, ასი წლის მოხუცს დამსგავსებოდა. ვერცხლის სევადის მსგავსი ნაიარევიც განსაკუთრებული სიმკვეთრით ემჩნეოდა. ,,ო, ჩემო პირმთვარისავ, მართლაც ამოუცნობი არსება ხარ, ამ ზომამდე ცვალებადი. ხან ბავშვს ჰგავხარ, ხან ამპარტავან ქალბატონს, ხანაც სახედაღმეჭილ მოხუცს.~ გავივლე გულში, ხმამაღლა კი სულ სხვა რამ ვთქვი, რაც სხვათა შორის, დიდი ხანია მადგა ენაზე. - ყველანი აქ არიან, დედამიწის გარდა. - განა ამ წუთას აქ არა ხარ? - მივიღე პასუხად. მინდოდა მეკითხა, მე რა შუაში ვარ-მეთქი, მაგრამ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და გავჩუმდი. დიახ, ჩემო ძვირფასებო ალბათ თქვენც გამოიცანით; დედამიწა, ეს მე ვიყავი. პირმთვარისაც სწორედ იმიტომ არ მშორდებოდა გვერდიდან. ის ხომ ჩემი თანამგზავრი იყო... ვინმეს დიდ თავხედობად რომ არ მოეჩვენოს ჩემი სიტყვები, აქვე დავუმატებდი; ყველა ჩვენგანს შეუძლია იყოს დედამიწა. არც ისაა აუცილებელი, რაიმეთი გამორჩეული იყო. საყოველთაო წესია: საკუთარ ოჯახს განვასახიერებთ, როგორც კი მის კედლებს გავცდებით, ჩემი მაგალითიდან გეუბნებით... ცთომილთა კრებული და თვით ბრწყინვალე მზეც ყველას წყალობის თვალით უყურებენ, ვინც კი ცთომილთა აღლუმზე აღმოჩნდება, მათი სხივები ერთნაირად ეფინება ყველას. ერთნაირად ეძლევა შანსი ხმამაღლა თქვას: "დედამიწა, ეს მე ვარ" აქ მთავარია ბედნიერი შემთხვევა, ანუ, პირმთვარისა თუ გეწვევათ სტუმრად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩვენი პირმთვარისა მაინც ყველას ჯობია მე პირმთვარისასთან ვცეკვავ, დაგასწარით :)
პლანეტების საინტერესო აღწერა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო იყო თქო ალბათ უკვე კარგად რომ ვიცნობ, იმიტომ :)
წარმატებები მის დედამიწას :) ჩვენი პირმთვარისა მაინც ყველას ჯობია მე პირმთვარისასთან ვცეკვავ, დაგასწარით :)
პლანეტების საინტერესო აღწერა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო იყო თქო ალბათ უკვე კარგად რომ ვიცნობ, იმიტომ :)
წარმატებები მის დედამიწას :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|