ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: საბავშვო
24 ოქტომბერი, 2018


წიწილა

დიდხანს მიგორავდა ტყეში პატარა კვერცხი, რომელშიც კიდევ უფრო პაწაწინა და საყვარელი წიწილა იჯდა. მოსწყინდა ერთ ადგილას ჯდომა და ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა გარეთ. უცებ კვერცხი გატყდა და გამოჩნდა კვერცხის ნაჭუჭში ჩამჯდარი ყვითელი, ციცქნა წიწილა. მიიხედ-მოიხედა და უცებ გამხიარულდა. შემოესმა ჩიტების ჭიკჭიკი, წყაროს ჩხრიალი, ფოთლების შრიალი და ათასი მშვენიერი ხმა.
- ვინ ხარ? და ასე უცებ საიდან გაჩნდი? - შემოესმა საიდანღაც. 
-შენ ვინ ხარ? ვერ გხედავ. - თქვა წიწილამ.
- ბეღურა ვარ, ხეზე ვზივარ, ამოიხედე.
წიწილამ ზევით აიხედა და მართლაც დაინახა ხის ტოტოზე ჩამომჯდარი პატარა ჩიტი.
- მე გამოვიჩეკე. - თქვა წიწილამ.
-მეც გამოვიჩეკე, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. - უპასუხა ბეღურამ.
- დიდი ხნის წინ? შენ ხომ ისევ პატარა ხარ? - გაიკვირვა წიწილამ.
- ბეღურები ყოველთვის პატარები არიან ტანით.
- მეც ასე პატარა დავრჩები? - იკითხა წიწილამ.
-არ ვიცი, შენ ხომ ბეღურა არ ხარ.
- მაქედან როგორ ჩამოხვალ?
- ეს ხომ სულ ადვილია. - თქვა ბეღურამ, ხიდან ჩამოფრინდა და მალე ფრენით თვალს მიეფარა.
„რა კარგი იქნებოდა, მეც რომ შემეძლოს ფრენა. მთელ ქვეყანას შემოვიფრენდი. თუმცა ფრთები ხომ მეც მაქვს.“ - გაიფიქრა წიწილამ და გაფრენა სცადა. ბევრს ეცადა, ხან დიდ ქვაზე დაჯდა და იქიდან სცადა აფრენა, ხან ბუჩქიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წიწილამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ მიწაზე მოადინა ზღართანი. ეტკინა და უცებ ტირილი დაიწყო. ამ დროს ვიღაცამ წამოაყენა, მერე კი წიწილამ ეკლებს მოჰკრა თვალი. ოღონდ ჩვეულებრივს კი არა, მოსიარულე ეკლებს. „საკვირველია... მადლობა, რომ წამომაყენეთ...“ - ამბობდა გაკვირვებული წიწილა და აღარ იცოდა, საუბარი როგორ გაეგრძელებინა.
- რას გაშეშებულხარ, გზა მომეცი. - შემოესმა წიწილას ეკლებიდან.
- ეს თქვენ ლაპარაკობთ, ეკლებიანო ქალბატონო? მართლაც რა უცნაურია. - უთხრა წიწილამ.
- ჰმ, ეკლებიანო ქალბატონოო... რას არ გაიგებ. - თქვა უცნობმა.
- ზღარბო, რატომ ჩხუბობ? ვერ ხედავ, რომ სულ პატარაა და დაბნეული? თან თვალები ცრემლებით აქვს სავსე. - მოესმა უცებ წიწილას და უკან რომ მიიხედა, ხის ტოტზე შემომჯდარი პუტკუნა, ოდნავ დიდთავა და დიდთვალებიანი ჩიტი დაინახა.
- კარგი, კარგი, ბოდიშს გიხდი პატარავ, უბრალოდ ძალიან მეჩქარება. თავს გაუფრთხილდი. - უთხრა ზღარბმა წიწილას და თვალს მიეფარა.
- მე ბუ ვარ, გამიცანი. - თქვა პუტკუნა ჩიტმა. - ზოგჯერ ბრძენსაც მეძახიან, რადგან ბევრი რამ ვიცი. შენ იცი, ვინ ხარ?
- მე გამოვიჩეკე. - უთხრა დაბნეულად წიწილამ.
- შენი მშობლები სად არიან?
- მშობლები... - კიდევ უფრო დაიბნა წიწილა.
- კარგი კარგი, ალბათ დაკარგული კვერცხიდან გამოიჩეკე. არ შეგეშინდეს, შეგიძლია ჩემს ბუდეში იცხოვრო, თუ გინდა ახლავე წაგიყვან. ჩემს შვილიკოებს, ბუკნაჭოებს, შენც შეემატები. დამიჯერე, ძალიან მოგეწონება ჩვენთან ცხოვრება. ვინ იცის, იქნებ მერე შენი მშობლებიც გამოჩნდნენ.
მიდიოდა წიწილა ტყეში და ყველაფერს გულდასმით აკვირდებოდა. ძალიან მოსწონდა იქაურობა. უამრავი ცხოველი და ფრინველი შეხვდათ გზაში და ყველა სიხარულით ხვდებოდა უცხო სტუმრის გამოჩენას. „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სამყაროში“ - ესმოდა წიწილას ყველა მხრიდან.
- ხედავ, როგორ უხარიათ შენი გამოჩენა? - უთხრა ბუმ წიწილას. ძალიან დააინტერესე ყველა, რადგან ჩვენს ტყეში შენნაირი წიწილა არ ცხოვრობს.
- მართლა? და რომ გავიზრდები, შენნაირი ბუ ვიქნები?
- არა, ბუ არ იქნები, ქათამი იქნები.
- და ფრენა შემეძლება?
- ფრენა? სულ ცოტა.
- ბეღურასავით?
- არა, ბეღურა ხომ შესანიშნავად ფრინავს.
- რა სამწუხაროა... - თქვა წიწილამ და მოიწყინა.
- არა უშავს, ჩემო კარგო, ზოგს ცაში ფრენა შეუძლია, ზოგი მიწაზე გრძნობს კარგად თავს, ზოგი კი წყალში. მთავარია, იქ იყო კარგად, სადაც ხარ.
- წყალშიც? წყალში ვინ ცხოვრობს?
- მაგალითად, თევზები.
მიჰყვებოდა წიწილა ბუს და ძალიან უხაროდა, რომ ამდენი რამ გაიგო ტყის ბინადრებზე.
უფრო მეტად კი იმის გაგება უხაროდა, რომ თურმე ფრენა სულაც არ იყო საჭირო, რომ კარგი წიწილა ყოფილიყო და თავი ბედნიერად ეგრძნო.
„ძალიან კარგი წიწილა ვიქნები, რომ ყველამ იამაყოს ჩემით. მერე რა, რომ ფრენა არ შემიძლია. მთავარია, იქ გრძნობდე თავს კარგად, სადაც ხარ -  მიწაზე, ცაში თუ წყალში.“ - იმეორებდა წიწილა გულში და ბრძენი და კეთილი ბუს გვერდით მხიარულად მიაბიჯებდა ტყის ბილიკებზე.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები