ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2019


ოდა წვიმას

ვიცი, რატომაც  უყვართ ხოლმე
სოფელში წვიმა. მორწყავს 
ველ-მინდორს, წვენით აავსებს,
მოეფერება, გამოკვებავს
მზით გაჯერებულ 
მარჩენალ ხეხილს.
ნედლ ყლორტებსაც
გამოაჩენს, გამოახედებს.
გააპრიალებს, გააკრიალებს
დამწიფებულ, გემრიელ ნაყოფს.
ააბიბინებს ხასხასა ბალახს. იგი
ზეციურ წყალს, თავის სამყოფს,
ჩამოურიგებს, არგუნებს  ყველას,
ვინც წვიმისაგან მოელის შველას.
აბა, რატომღა უყვარს ხალხს მაშინ
გაზაფხულის თბილი წვიმა ქალაქში?
რად ენატრებათ რკინა-ბეტონის
ჯუნგლის მცხოვრებლებს?
აქ წვიმა მღვრიე მდინარეებად
მოედინება ხოლმე  დაღმართზე;
სარდაფებს ავსებს,  ქვაფენილს აყრის,
აფუჭებს ასფალტს ქცეული დელგმად,
რომ მოვარდება დიდი ხმაურით.
საცობებში კი გაჭედილ ტრანსპორტს
ერთად გაუდის  აურზაური...
და მაინც უყვარს წვიმის მოსვლა
მოსახლეობის ნაწილს ქალაქში.
იქ ცხოვრობს ხალხი ათასნაირი.
ხანგრძლივი წვიმის გადავლის შემდეგ
ეძლევათ, ჟანგბადს მონატრებულებს,
შესაძლებლობა, რომ ჩაისუნთქონ 
თუნდ  ყლუპი სუფთა ჰაერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები