ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2020


ექსპერიმენტი

(შავი ვერსია, პირველი თხუთმეტი თავი)
                                       

                               

ეძღვნება მათ, ვისი ტკივილიც სხეულში აღარ ეტევა და გარეთ გამოღწევას ცდილობს.



N1 ექსპერიმენტი
ვიღვიძებ, თვალებს წვალებით ვახელ.  ცოტა ხანი  მეძინა. თავი მექავება. მალე ქავილი სხეულის სხვა ადგილებზეც გადადის. მახველებს.  გაციებული ვარ, თუმცა ახლა გაუჩერებლად მახველებს. საათს ვუყურებ - დილის 7 საათია, 3-ზე დავიძინე. ვცდილობ ძილი გავაგრძელო, მაგრამ რამდენიმე გაბრძოლების შემდეგ ვხვდები, აზრი არ აქვს. ხველება, ქავილი, რომელიმე ცუდ მოგონებას ვარჩევ და დადებით ემოციას ვუპირისპირებ. ახლა ემოციების ომი უნდა გაიმართოს ჩემში, მე კი დავაკვირდე რომელი გაიმარჯვებს. ეს ბრძოლა არასდროს მთავრდება კარგად, რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს. შედეგად ვიღლები და ყველაფერს მაინც ცრემლები ასრულებს. ვერ ვისვენებ, ლოგინში ვწრიალებ და საკუთარ თავს ვუმეორებ „დაიძინე, ძალიან გთხოვ დაიძინე“. ქავილი მიძლიერდება, მტკივდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი. თავს მომაკვდავად ვგრძნობ, თითქოს ორგანოები მიყოლებით  იწყებენ გახრწნას, ოღონდ ამ დროს გონებას არ ვკარგავ და სუნიც კი მცემს. არ ვიცი ასეთი შეგრძნება მაქვს თუ ჩემი ფანტაზიები, წარმოდგენები გასცდა ზღვარს. ერთდროულად უამრავ საგანზე ვფიქრობ  და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მეტად მექავება თავი. თავზე კანი მეწვის, საბანს ადგილი ვერ მოვუძებნე, სიცივე და სიცხე მომენტალურად ენაცვლება ერთმანეთს. ვიხსენებ, ამ დროს რა მშველის ხოლმე და სასწრაფოდ აბაზანაში შევდივარ. ვჩქარობ, ფეხი მისრიალებს, ვღელავ, ქავილი წარმოუდგენლად მტკივნეული ხდება და უცბად ცხელი წყალი.
დროს ვერ ვგრძნობ, არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი წყლის ქვეშ და ვიმეორებდი - მალე დავწერ, მალე დავწერ, მალე დავწერ. ეს პირველი მცდელობა იქნება დავწერო რას ვგრძნობ, რატომ მგონია, რომ ვგრძნობ და საერთოდ ყველაფერი დავწერო. ძალიან მომწონს ეს დავალება. მითხრეს, რომ სათაური ჩემით უნდა მომეფიქრებინა, ფსიქოლოგი არასდროს მეძახის პაციენტს, უბრალოდ სახელით მომმართავს. სათაურად უნდა დაგვერქმია ის, რასაც ჩვენს თავს ვუწოდებდით - გამარჯობა, მე ვარ „პაციენტი მეზობელი ოთახიდან“.
ვფიქრობ, ჯერ სახელის ახსნა დავიწყო, თუ იმის მოყოლა, როგორ დაიწყო ყველაფერი. მარტივად გადაებმება, ასე რომ დიდი მნიშვნელობა არც აქვს.
აუცილებლად მკითხავენ,  რატომ დავირქვი ეს სახელი. წარმოუდგენლად გრძელი, დაუსრულებელია ამ „პაციენტის“ ამბავი - უნდა შევეცადო მოკლედ მოვყვე. ყოველთვის მინდოდა საგიჟეთში მოხვედრა, ეს სურვილი ახლაც ხშირად მიჩნდება. ჩემს სულს ერთი დაავადება სჭირს - ჩემი გონება. ზედმეტად გიჟი ვარ იქ შესაშვებად, დარწმუნებული ვარ, ყველა პაციენტს გავურთულებ მდგომარეობას და უფრო გავაგიჟებ. ჩემი პალატა იქნებოდა ყველაზე ჩაკეტილი პაციენტის გვერდით, მე კი მას წერილებს მივწერდი. მე მისთვის ვიქნებოდი „პაციენტი მეზობელი ოთახიდან“ და ოთახიდან იმიტომ, რომ სიტყვა პალატას ვერ აღიქვამდა. შეიძლება კითხვა არც შესძლებოდა, მაგრამ მე მაინც გაუთავებლად მივწერდი წერილებს, მის შეგრძნებებსაც თავად წარმოვიდგენდი, დაუსრულებლად დავწერდი წერილებს.
---
არ მახსოვს ეს ყველაფერი როდის დაიწყო. ელემენტარული ჩხუბის შემდეგ დაუსრულებელი ტირილი დავიწყე, კანკალმა ამიტანა, აუხსნელმა შიშმა. დავიწყე ცუდ რაღაცებზე ფიქრი, გონების ნაწილი რეალობაში დამრჩა, მეორე ფანტაზიებმა შთანთქა და კანკალი აღარ წყდებოდა. შემდეგ ერთი ადამიანი ჩემს ლოგინთან იჯდა და ცდილობდა წამალი დამელია, ხელებს მისრესდა, ძალიან თბილი ხელები ჰქონდა. მისმა თბილმა ხელებმა თითქოს სულამდე ჩააღწია და რაღაც მომენტში დავმშვიდდი. არ მახსოვს მაშინ რამდენი წლის ვიყავი.
მერე მგონი ამის გამოწვევა ვისწავლე. ღამე, როცა ჩემ გვერდით დედა და მამა დაიძინებდნენ, მეწყებოდა. რაც დრო გადიოდა უფრო მტკივნეული იყო, უფრო მეტად მეცოდებოდა ჩემი თავი.
მთელი სხეული მიბუჟდებოდა, ტირილი ჰგავდა უხმო ხავილს სხეულისას და ვგრძნობდი როგორი უუნარო ხდებოდა ყველა უჯრედი. შეიძლება მომწონდა ამის კეთება, მომწონდა საკუთრი თავის შეცოდება. საბანს სახეზე ვიფარებდი და სხეულს ვაძლევდი საშუალებას, ემოციების მწარე ტკივილით ავსებულიყო.
---
არ ვიცი ამ ნაწერიდან რას გაიგებენ, თუმცა თავს უკეთ ვგრძნობ და შევძლებ ძილის გაგრძელებას. ვიცოდი, რომ წერა კარგი იდეა იყო მკურნალობისთვის.
ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია,
ეს მეზობელ ოთახში რომ პაციენტია იმის გონებაა.

ექსპერიმენტი #2
კარზე კაკუნი. გამუდმებით კარზე კაკუნი ჩამესმის. მივრბივარ კართან, იმის მიუხედავად, რომ ვიცი არავინ დამხვდება.  მინდა გავიქცე, ვეძებო ადგილი, საიდანაც ეს ხმა მოდის, თეთრ დერეფანში პერანგისამარა გავრბივარ და წყდება კაკუნი.
ზუსტად დღეს ამ დილით მკითხა ჩემმა ფსიქიატრმა, რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ პრობლემადო. ვერაფერი ვუპასუხე და ამიტომ მომცა დავალება. დავალებაც არ ჰქვია ამას, ეს არის საკუთარი თავის დახსნის მცდელობა.
რა არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა?
ადრე ვუპასუხებდი ხმაური-მეთქი, კაკუნი, ფარდის შრიალი, ფეხის ხმა და კიდევ რაღაცები რომ ჩამესმის პერიოდულად (ძალიან მაინტერესებს რის მიხედვით არის რიგითობა დაცული, ანუ რატომ არ დაიწყო ეს მოჩვენებები კაკუნით და დაიწყო საათის წიკწიკით. რატომ არის ყველაზე დაუსრულებელი ეს ბოლო აკვიატება. უკვე ორი თვეა არსად მიდის. მომწყინდა).
აქ მარიამს მეძახიან, თუმცა საკუთარ სახელად ვერ აღვიქვამ. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საკუთარ თავში ვარ დაკარგული. არ ვიცი ვინ ვარ, არ მახსოვს წარსული და არ გამაჩნია სურვილები. უბრალოდ ტკივილს ვგრძნობ.
თუ დავფიქრდებით, ვინაობის არქონა  სულაც არ არის ცუდი. მე შემიძლია ვიყო ის, ვინც მომინდება, ან ვიყო არავინ. მაგრამ სიცარიელე ძალიან მტკივნეული ყოფილა. საკუთარ თავში ვფათურობ და ერთ აღმოჩენას ვაკეთებ - მე ვივიანი ვარ. ძალიან მომწონს ეს სახელი.
მე ვივიანი ვარ, ყველაზე ნერვიული პაციენტი ამ კლინიკაში. შემოჩენილი ხმაურის გაგებისას კედლებს ვაწყდები, ვყვირი, სადღაც გავრბივარ, ვაღვიძებ ჩაძინებულ პაციენტებს. ამ დროს მოდიან, დამამშვიდებელს მიკეთებენ და თორმეტი საათის განმავლობაში მშვიდად ვარ. აქ ერთი ძალიან დიდი პრობლემაა - ხმა ყოველთვის ერთ დროს მესმის და წამლის მოქმედებაც იმ დროს წყდება, როცა ხმაური უნდა „გამოჩნდეს“. სანამ შეტევა არ დამეწყება, დამამშვიდებლის გაკეთების უფლება არ აქვთ, მთელი გულით ვითხოვ, მაგრამ ამაოდ.  ვხედავ ამ ხმაურს, ვხედავ და ვგრძნობ კაკუნს, რომელიც ჩემს სიცარიელეში აღწევს და მე ნამდვილი ვივიანი ვხდები.
აწეწილი მოკლე ქერა თმა, გაფართოებული ნაცრისფერი თვალები, გაფითრებული სახე, აკანკალებული ხელები, ნერვიული სიარულის მანერა, წელში მოხრილი კუთხეში მიყუჟვა და უცრემლო ტირილი. მე არ ვარსებობ - ეს განცდა მიხუთავს სულს და მქმნის ვივიანად. აქ არავინ მოდის ჩემ მოსანახულებლად, შეიძლება მყავს ვინმე, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. დამავიწყდა? არ ვიცი. დავიწყებაზე მეტად არც არაფერი ყოფილა. მე აქაურობისთვის გავჩნდი. გავჩნდი საკუთარი ვინაობის შესაქმნელად, მაგრამ ამისთვის ძალა არავის მოუნიჭებია. ახლა ღამის 11 საათია, მალე კაკუნის ხმა უნდა გავიგო და ვნატრობ, რომ კაკუნის მაგივრად რამე სხვა ხმა იყოს. ყველა მხრიდან უნდა გავიგო კაკუნის ხმა და საკუთარი სიგიჟე მოვაფრქვიო აქაურობას.

ეს ის ერთადერთი მომენტია, როცა ხმაურის გაგებისას არემარეს არ ვაწყდები, ვზივარ და ვწერ. კაკუნი მატულობს. კაკუნი უკვე ოთახშია, აქ კედლებზე და იატაკზე ისმის. მთელი ოთახი მოიცვა და მე მას ვხედავ. მე საკუთარ სიგიჟეს ვხედავ.
ვზივარ კუთხეში, ვწერ და ვფიქრობ, რომ ვივიანი ვარ, რომ  შევძლებ ამ სიცარიელის ამოვსებას და ნამდვილ, რეალურ ვივიანად გარდაქმნას.
მე არ უნდა ვიყო ვინმე, არ უნდა ვიყო მარიამი, მე ვივიანი უნდა გავხდე.
ხმაური იკლებს,
სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა ჩემი პალატა,
მე ვივიანი ვარ,
მე ვივიანი ვარ და ვწერ.

ექსპერიმენტი #3
მე ნიკო მქვია. 27 წლის ვარ, თუმცა ჩემი გარეგნობის შემხედვარე გაცილებით მეტს მომცემთ.  ნაოჭები ხელებზე და სახეზე წამებში მემატება. რეკლამის სპეციალისტი ვარ და საკმაოდ ბევრი კარგი იდეაც განვახორციელე.
წარმატებების მიუხედავად 2 წლის წინ უცნაურ სიგიჟეს წავაწყდი: მუსიკა  ჩამესმის, საფორტეპიანო მუსიკა ჩამესმის, რომელსაც მე ვუკრავ. უცნაურობა ის არის. რომ დაკვრა არ ვიცი და არც არასდროს მიცდია. ახლა კი ღამე მესიზმრება როგორი გამწარებით  ვუკრავ ძალიან ლამაზ მელოდიას. გაღვიძებისას მინდა სხეული დავიზიანო.
ქალებთან ურთიერთობაზე უარი ვთქვი და ხუთი წლის ურთიერთობა დავანგრიე. იმის გაფიქრებაც კი, რომ ვინმემ შეიძლება ჩემი იარები ნახოს, შიშს მგვრის.
ღამე დაფეთებული ვიღვიძებდი, თვალებით სიბნელეში ფორტეპიანო ვეძებდი. ამაოდ. ერთ დღესაც ძალიან ლამაზი ფორტეპიანო ვიყიდე და საძინებელში მოვუნახე ადგილი. გაღვიძებულმა მაშინვე მივაშურე და აბა, გამოიცანით, რა მოხდა? ვერ დავუკარი. ამ მარცხმა ჩემი მაზოხიზმი გააორმაგა და იმ ღამის ჭრილობებმა სამი დღე სახლში გამომკეტა, სისხლს ვერ ვიჩერებდი.
---
მარია ჩემი ფსიქოლოგია. დაახლოებით ერთი თვის წინ შევაღე მისი კაბინეტის კარი.
კაბინეტს დიდი ფანჯრები აქვს, ამ ფანჯრებიდან წელიწადის ყველა დროს  ძალიან ლამაზი ხედი იქნება.
სავარძელში ჩავჯექი, ფანჯარას მივაჩერდი და კარიც გაიღო.
მარია.
მის დანახვამდე მეგონა, რომ ყველაზე დაღლილი ადამიანი მე ვიყავი.
შეხედავ მის მწვანე თვალებს, დანაოჭებულ შუბლს და იფიქრებ, რომ ყველა პაციენტის ტკივილი საკუთარ თავზე აიღო.
მას განსაკუთრებული სეანსები აქვს. გასმენინებს მუსიკას,  გალაპარაკებს ამინდზე და გეუბნება წერეო. დიახ, როცა გაგიჭირდება უნდა წერო. მერე ის კითხულობს წერილებს, თუ ნაწერებს და შენს ტკივილს თავისთან იტოვებს.
---
წერის დროს მივხვდი, რომ ჩემი განკურნება იმ ადამიანის პოვნაა, რომელსაც ჩემი მუსიკა ესმის.

ახლა ღამე, გაღვიძებისას სარკეში ვიყურები, შემდეგ დაწერილ წერილებს ვკითხულობ, რომლებიც მისთვის არ მიმიცია.
სხეულზე იარებმა იმატა, სიზმარი შეიცვალა - როცა ვუკრავ ფანჯარასთან მაღალი ქალის სილუეტი ნაზად ირხევა მუსიკის თანხლებით, მას ესმის.
---
ეს ის ერთადერთი ნაწერია, რომელსაც მისი კაბინეტის ფანჯარასთან დავდებ და აღარასდროს დავბრუნდები.
მშიშარა ვარ.
მეშინია იმის, რომ ჩემი მუსიკა გესმის და არ მინდა,
შენს დაღლილ თვალებს ჩემმა ტკივილმა უფრო დიდი დაღი დაასვას, ყველაზე დიდი დაღი.

სიზმარს ვერ ვცვლი, ფანჯარასთან მდგომ ქალთან ვერ მივდივარ.
ეს მელოდია იმაზე დაუსრულებელი და მძიმეა, ვიდრე მეგონა.
მაზოხისტი ვარ და გათავისუფლების მეშინია.
მაპატიე.

ექსპერიმენტი #4
აქ ძალიან ბევრი ოთახია და ყველა ოთახში ვიღაც ცხოვრობს. წითელი აგურით აშენებული ძველი შენობაა. აი ისეთი შენობა, კიდევ მრავალი წელი რომ იარსებებს და წლების შემდეგ ეზოში მოთამაშე ბავშვები შეშინებული სახეებით იტყვიან: აქ საგიჟეთი იყო.
გულწრფელად რომ გითხრათ, სულაც არ არის ცუდი ადგილი. ექთნებიც და ექიმებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. აქ არავის აბამენ და არავის კეტავენ ოთახებში. უბრალოდ ყველა თავის წამალს სვამს,  იმაზე მშვიდად რომ იყოს, ვიდრე ამ კედლებს გარეთ იყვნენ. ყველას თავისი თავგადასავალი აქვს, ყველა ცდილობს ტანჯვა და ტკივილი საკუთარ ოთახში დატოვოს და საერთო ოთახში მხიარულება შეიტანოს.
ჩვენთან ბევრ დამამშვიდებლებს სვამენ და ბევრს წერენ, თითქმის ყველა წერს, რადგან ისე საკუთარი ამბის მოყოლა უჭირთ.
მე თუ მკითხავთ, აქ ყველაზე ნაკლებად ცხოვრობენ გიჟები, თუმცა ბლომად არიან მეამბოხეები. თითქმის ყველას მიაჩნია, რომ ადამიანი, რომელსაც ამბოხი არ შეუძლია, ადამიანი არც არის.
პირველი წერილები იწერება. წერს თითოეული ჩვენგანი, ზოგმა უკვე დაწერა, ზოგი მოგვიანებით დაწერს. ასე ნელ-ნელა უნდა მოვყვეთ ჩვენი ამბები. არავინ წერს ნამდვილ სახელს, ჩვენ ვწერთ იმ ადამიანზე როგორადაც აღვიქვამთ საკუთარ თავს.
მე ავტორი ვარ. რაც აქ მოვედი გამუდმებით ვწერ, ოღონდ ეს არავინ იცის. ვიგონებ ამბებს, რომლებიც ჩემი აზრით აქ მცხოვრებ ადამიანებს გადახდათ. ეს ჩემი სახლია, აქაურობა ძალიან მიყვარს, ბევრი ვიბრძოლე აქ მოსახვედრად. ძალიან მინდოდა საკუთარ თავს გამოვქცეოდი, იმ ბოროტებას, რომელიც ფესვებს იდგამდა ჩემში.
არასდროს შემეძლო წონასწორობის შენარჩუნება, ქუჩაშიც ფრთხილად დავდიოდი, რადგან ვგრძნობდი დედამიწის ბრუნვას. ჩემ გარდა ძალიან ცოტას თუ ეცოდინება, რომ გამოუხატავი სიყვარული ფუჭდება. მართლა, გრძნობებს თუ არ გამოხატავ, შენში ლპება და ყროლდება, გაიძულებს სხვენში შემოდო ყველა ღირსება და უფსკრულში თავით გადაეშვა. მე ამ უფსკრულის შემეშინდა. ადამიანების უმრავლესობა გრძნობების ვერ გამოხატვის შემთხვევაში რაღაც ისეთს ირჩევს, რომელიც გრძნობებს შეუცვლის. ეს საკუთარი თავის მოტყუებად ჩავთვალე და ისეთ მორევში გადავეშვი, რომელიც აქამდე მომიყვანდა.
როცა პირველად შემომიყვანეს, უამრავი წამალი მქონდა დალეული. ჩემი ინიციატივით დავლიე და ეს იყო ჩემი ოჯახისთვის ბოლო წვეთი. ასე მოვაღწიე აქამდე.
ყოველთვის გავურბოდი საკუთარ თავს და სხვა პერსონაჟებს ვქმნიდი. ჩემი ამბავი მტკივნეულად არ ჟღერს, მაგრამ თვალებში თუ შემომხედავთ, იგრძნობთ.
მე ყველაზე ჩაკეტილი პაციენტი ვარ. ძალიან იშვიათად გავდივარ ოთახიდან, ვაკვირდები ადამიანებს და მერე მათ ჩემს ფანტაზიად ვაქცევ.
სიგიჟის ერთი გამოვლინება ნამდვილად მახასიათებს. ზოგჯერ მგონია, რომ ყველა და ყველაფერი ჩემი გამოგონილია, ჩემი დაწერილია.
და იქნებ იმიტომ ვარ ყველაზე ჩაკეტილი და მარტოსული პაციენტი, რომ მე აქ მარტო ვარ.

ექსპერიმენტი #5
”დედა! დედა!”, საკუთარი ყვირილი მაღვიძებს მრავალი წელია. მაშინვე უამრავი კითხვა მიჩნდება:  სად ხარ? სად იყავი? ხელს რატომ არ მკიდებ? ხომ მომეშველები? ხომ ჩამეხუტები? ხომ არ მეჩხუბები? ასეთი თვალებით რატომ მიყურებ? გიყვარვარ? სად ხარ?
ამ კითხვებს ჩურჩულით ვიმეორებ, თითქოს ადრესატი აქვე იყოს. სხეულის კანკალს ვერაფერს ვუხერხებ, არ წყდება. მთელ სხეულს მოიცავს და უკვე ლამის კრუნჩხვები მემართება. ვინმეს რომ ესმოდეს, იფიქრებს, გიჟიაო.
ამხელა კაცი ყოველ ღამე დედას ვეძახი. საკუთარი თავის სამკურნალოდ დღიურის წერა დავიწყე, ყოველი შეტევის მერე საკუთარ შეგრძნებებს აღვწერ და ყოველ ღამე იგივე ტექსტი იწერება, რაც წინა ღამით.
მყავს ცოლი და ორი შვილი, მაგრამ რამდენიმე წელია მათთან აღარ ვცხოვრობ. სამსახურის მერე  მივდივარ, რა გრძნობებიც ჩემს დაღლილ სამყაროს შემორჩა სამივეს თანაბრად ვუნაწილებ და ”სახლში” ვბრუნდები.
ჩემი შეტევები ბავშვობის გადმონაშთია, არ მეგონა თუ ოდესმე დამიბრუნდებოდა.
დედას არ მივუტოვებივარ, თვითონ წამოვედი. ხშირად სვამდა, თვალები შუშისას ემსგავსებოდა, ყველა გრძნობა, რომელიც მისდამი მქონდა, თვრამეტი წლისამ სადღაც გადავმალე და სახლიდან წამოვედი. არასოდეს შემიწყვეტია მასთან კონტაქტი, მაგრამ დისტანციას ყოველთვის ვიცავდი. დაახლოებით ხუთი წლის წინ გადამალულმა გრძნობებმა თავი იჩინა, მეც ვერაფერი დავუპირისპირე და ღამეული კოშმარები დამჩემდა. პირველი წელი ვუმკლავდებოდი, მაგრამ მერე სხეულის კანკალი დამეწყო და ოჯახსაც გამოვექეცი. ჩემმა ცოლმა იცის, რომ ვიბრძოლე, თუმცა საუკეთესო გამოსავალი გაქცევა იყო.
ახლა მღვიძავს და ვწერ. ჩემი პატარა კერძო სახლი გარეუბანში, ტყის პირას დგას. შემთხვევით განდეგილად ვიქეცი.
მღვიძავს, მაგრამ მოჩვენება მაინც არ მანებებს თავს, ცხოვრებაში პირველად გაღვიძებისას დამეწყო შეტევა და ისევ ვბუტბუტებ: დედა, დედა, დედა.
ისეთი შეგრძნებაა თითქოს ეს სიტყვა ჩემს სამყაროს ნამსხვრევებად აქცევს და სხეულის თითოეული უჯრედი მტკივა.
ოთახიდან ოთახში დავდივარ, დავბორიალობ და მთელი ხმით ვიხმობ დედაჩემს.
”დედა! ძალიან მტკივა, რამე მიშველე!”.
მიხარია, რომ ვერავინ გაიგებს, რადგან ჩემი სახლი ყველაზე შორს დგას. 

ექსპერიმენტი #6
ალბათ ბავშვობაში ბევრს ჰქონია მომენტი, როცა დაწოლისას საბანში გაეხვეოდა და ბოლოებს კარგად შემოიკეცავდა. თან არაფრით არ უნდა გამორჩენოდა, რომ სხეულის ყველა ნაწილი კარგად ყოფილიყო დაფარული, გარეთ არაფერი არ უნდა დარჩენილიყო. ეს შეიძლება იყო სამზადისი სიზმრებში მოგზაურობისთვის, ან უბრალოდ შიში ვინმე ან რამე არ შემძვრალიყო მის სამყაროში.
ეს ბავშვური ჩვევა მე დიდობაშიც გამომყვა. დაწოლისას საბანს ყველა მხრიდან კარგად ვიკეც და თუ ძილისას ხელს გამოვყოფ შეშინებული ვიღვიძებ. თუმცა ძილი ჩემთვის იშვიათი სიამოვნებაა. ძალიან მიყვარს სიზმრები, ეს არის მრავალფეროვანი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი სამყარო. მაგრამ თითქოს სიზმრებისკენ გამავალი კარი ჩამიკეტეს ან თავისით ჩაიკეტა. ძალიან შორეულ წარსულში  განსაკუთრებულ სიზმრებს ვხედავდი და ყოველთვის მახსოვდა ისინი. შემდეგ ამ სიზმრებს რომ ვყვებოდი ყველას ნამდვილი ამბავი ეგონა. დიდი ყურადღებით მისმენდნენ და მგონი ჩემს შემდეგ სიზმარსაც ელოდებოდნენ.
საერთოდ არ მიმაჩნდა თავი რეალური სამყაროს ნაწილად.
ახლა მეძინება ხოლმე, ძალიან მეძინება და თვალები მეხუჭება, მაგრამ ძილი არ მეკარება. არაფრით გამომდის დაძინება, ყველაზე ძლიერი საძილე საშუალებებიც არ მშველის. ერთხელ მთელი კოლოფი დავლიე და გავითიშე, თუმცა ძილით არ მძინებია და არც სიზმარი მინახავს.
წამითაც აღარ მძინავს.
ყოველ ღამე ვუყურებ სიბნელეს და გათენებას ველოდები. სხეულს წოლით ვასვენებ, მაგრამ თვალების დახუჭვისას ქუთუთოები მძიმედ მაწვება და იძულებული ვხდები გავახილო.
მალე სიბნელის აღქმასაც დავკარგავ, რადგან ღამით ისე შემიძლია უკუნეთ სიბნელეში გადაადგილება, თითქოს დღის შუქზე ვიყო.
საათობით ვდგავარ სარკის წინ და ვხედავ, როგორ ფერმკრთალდება ჩემი სახე. დღითიდღე უფრო ვფერმკრთალდები. თვალები შემიშუპდა და ქუთუთოებიც ძალიან დამიმძიმდა.
სიზმრის კარამდეც ვერ მივდივარ, რომ დავაკაკუნო. საერთოდ, ვეღარ გავდივარ ამ სამყაროდან.
ამ წუთას საკუთარ სახეს ვხედავ ჭურჭლის კარადის მინაში და ისეთი გაფითრებული ვარ, აქამდე რომ არ ვყოფილვარ.
თავს გამოკეტილად ვგრძნობ. დაღლას და სიმძიმეს სიცარიელის შეგრძნება ცვლის, ცოტაც და გამჭვირვალე გავხდები.
ძველი სიზმრების მარაგი დიდი ხანია გამომელია.
სხვა ადამიანები მხედავენ, თორემ ვიფიქრებდი, რომ სული ვარ. ჩემი სხეული ნამდვილად ემსგავსება სულს.

ექსპერიმენტი #7
ყველაზე დიდი პრობლემა რა წარმოგიდგენიათ? დედამიწის ზურგზე უამრავი პრობლემა არსებობს, მათ შორის ჩემი პრობლემა არის ყველაზე დიდი.
მე არფრის არ მჯერა. სიყვარული, მეგობრობა, ოცნება, თანადგომა, სიკეთე, ბოროტება, ღმერთი, ეშმაკი, ოჯახი, იმედი - საერთოდ არაფრის არ მჯერა.
ღამე როცა სიცარიელე შემომაწვება, ცუდ მომენტებზე ვფიქრობ და უცნაური შეგრძნებებით ვივსები. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ არ მაწუხებს ეს სიცარიელე და სიცივე, რომელიც ჩემში არის-მეთქი, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ ამის შესაცვლელად. თუ ცუდი და კარგი არსებობს, მაშინ ჯობია, შუაში ვიყო გამოკიდებული. ვიყო ადამიანი, რომლისთვისაც არავინ და არაფერი  არსებობს, რადგან ყველა და ყველაფერი მისთვის ძალიან მტკივნეულია.
მოვიტყუე, იმდენად მჯერა ყველაფრის, გადავწყვიტე, იმედგაცრუებას შორს გავექცე. მე უკიდურესობა ვარ, ან ცარიელია ჩემი სამყარო, ან ძალიან სავსე.
თუ სამყაროში სიკეთე და ბოროტება არსებობს, მე მათ შორის ვარ გაჩრილი და ვეღარ ვმოძრაობ. ყოველ ღამე გული ჩერდება და სუნთქვა წამზომი ხდება, სუნთქვა ხდება ჩემი გულის წამზომი.
მე ვარ ყველაფერი და არაფერი.
რეალურად ნაღმი ვარ, რომელიც, არავინ იცის, როდის აფეთქდება.
თითოეული ღამე არის ზღვარი, რომელსაც გადის სამყარო, რადგან არ იცის, როდის ავფეთქდები.
დიახ, ჩემი პრობლემა ყველაზე დიდი პრობლემაა.
სამყაროს შუაგულში ჩადებული  ნაღმი ვარ.

ექსპერიმენტი #8
სულ სიბნელეა, აღარ ნათდება. ჩემს ფანჯრებში აღარ აღწევს შუქი. სულ სიბნელეა და ამ სიბნელეში მის სახეს ვხედავ. მარადიულ სასჯელად გადამექცა, ვუყურებდე და ვერ ვეხებოდე.
მას აქვს გრძელი შავი თმა და დიდი ლურჯი თვალები. ყოველთვის ყვავილებიანი სარაფანი აცვია და ჩემს კედლებში ძალიან ბევრს ცეკვავს. თოვლივით თეთრი სახე და ხელები აქვს. ყოველთვის თეთრი იყო, მაგრამ რაც ჩემგან წავიდა, სულ გაფერმკრთალდა.
ზუსტად სამი წლის წინ, როცა ჩემთან მოდიოდა ეპილეფსიის შეტევა დაეწყო და ვერ გადაარჩინეს. არადა, სულ ახლოს იყო ჩემთან, რამდენიმე წუთში ზარი უნდა დაერეკა. მეც ზუსტად სამი წელია ვხედავ, როგორ ცეკვავს ჩაიკოვსკის სენტიმენტალურ ვალსზე და მინდა შევეხო. ძილის დროსაც მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ლოგინზე ვზივარ და ვუყურებ.
აღარ შემწევს ძალა დავიმორჩილო საკუთარი სხეული. სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტ, სილურჯეები სიშავეში გადავიდა.
ადამიანის დაკარგვის გადატანა შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია გაუძლო მოჩვენებას, რომლის მოჩვენებად ყოფნისაც არ გჯერა. როდის გიჟდება ადამიანი ბოლომდე? ან რა მოჰყვება ბოლომდე გაგიჟებას?
თვალებს ვახელ  და ვერსად ვხედავ, პატარა ბიჭივით ვიწყებ ტირილს. წერაც აღარ მიშველის. ახლა უკე ვიცი, რა მოსდით ადამიანებს, რომლებიც ბოლომდე გიჟდებიან.
შავი ტუჩებიდან სისხლი მომდის, ჩემი გონების ნარჩენებში ბოლო ფიქრები ირევა: ჩემო ფაიფურის თოჯინავ, არ გატყდე!
ყვირილი მინდა, მაგრამ ხმა არ ამომდის.
ვიღვიძებ.

ექპერიმენტი #9
-გევედრები თვალები გაახილე. თვალები გაახილე.
არადა, ჩემი შვილი ხედავს, რომ თვალები გახელილი მაქვს. მაგრამ არ იცის, სხვანაირად როგორ გამომაფხიზლოს. ყოველთვის მშვიდად მძინავს, მაგრამ მშვიდად არ მღვიძავს. თვალები მიშტერდება, რომელიმე ერთ წერტილს ვუყურებ და ოფლად ვიღვრები. ადრე ნემსებს მიკეთებდნენ.  ტკივილი, რომელსაც ვგრძნობ, ფანტაზიის ნაყოფია ამიტომ ნემსებსაც აღარ მიკეთებენ. მე კი ტკივილს ყოველ ჯერზე თავიდან ვგრძნობ. უკვე 20 წელია ვგრძნობ, როგორ მწყდება მარჯვენა ფეხი და დაუსრულებელი ზუზუნი მესმის ყურებში. ეს არ არის  ტყვიების ხმა, ეს არის ჩემი სასოწარკვეთილი გონების განწირული ხმაური. მონოტონური და დამთრგუნველია ეს ხმა. ტკივილს ვეღარ ვგრძნობ, სამაგიეროდ საკუთარი ტვინის გათიშვას ვაცნობიერებ. არ მეპარება არაფერი, სანამ გონებას დავკარგავ, ბოლომდე ვგრძნობ უჯრედების გათიშვას. გონებას არ ვკარგავ, ვიღაც აუცილებლად მაფხიზლებს და წამიერად ვხედავ საკუთარ მოწყვეტილ ფეხს. და ეს არის მომენტი, როცა არაადამიანურად ვღრიალებ და წამში ვწყნარდები.
არაფერი მომხდარა, ტკივილი, რომელსაც ვგრძნობ, გამოგონილია, უბრალოდ თავს უნდა მოვერიო. უნდა მოვერიო თავს. დავიღალე, თავს ბალიშზე ვდებ,  თვალებს ვხუჭავ და  მხოლოდ ერთ ბუმბულს ვხედავ.
ერთ ბუმბულს ვხედავ, რომელიც აფეთქებული ბომბის შედეგად გახეთქილი საბნიდან გადმოყრილ ბუმბულებს გამოეყო.
დავმშვიდდი,
მხოლოდ ერთ ბუმბულს ვხედავ.

ექსპერიმენტი #10
ავად ვარ, ძალიან ავად. ჩემი მდგომარეობა იმდენად რთული და გაუსაძლისია, რომ მალე ალბათ ფანჯრიდან გადავხტები. არ ვიცი, რა ჰქვია იმას, რაც მე მჭირს, მაგრამ გაუსაძლისია.
მუდამ მეშინია, კონკრეტულად ერთი ან რამდენიმე რამის კი არა, უბრალოდ შიში გამიჩნდა გონებაში და ჩემი სხეულის მოშხამვაც დაიწყო. შიში არის შხამი, რომლის სათავე გონებაა, შემდეგ კი ნელ-ნელა, ძალიან ნელა მთელ სხეულზე გადადის.
ჩემი კანი  დაბზარულ მიწას ჰგავს, რომელსაც სულ ახლახან გადაუტანია მიწისძვრა. ტუჩები საშინლად გამომიშრა. თმაზე ხელის შეხებისას მგონია პარიკს ვეხები. მუხლებში ყოველ დღე ნაკლებ ძალას ვგრძნობ, ამიტომ ძირითადად ლოგინში წოლას ვამჯობინებ. ზოგჯერ რამდენიმე დღე გადაბმითაც ვწევარ. სისხლის ანალიზმა ვიტამინების ნაკლებობა აჩვენა და მეც ამ წამლებით ისე გავსუქდი, საერთოდ აღარ მინდა ადგომა. ახლა უკვე ჩემი სხეული მარტო გახრწნის პირას კი არ არის, არამედ ძალიან მძიმეცაა.
რომ წარმოვიდგენ,  ჩემი მძიმე სხეული როგორ სწრაფად ჩაიფრენს თორმეტივე სართულს და მიწას დაენარცხება, გული მერევა. თითქმის ყოველ ღამე ვხედავ ამ სიზმარს, არ მაშინებს, გულის რევის შეგრძნებას მიჩენს.
ამბობენ ძალიან გამხდარ ქალებს ასეთი შიშები, ილუზიები და სიზმრები ხშირად ეწყებათ ხოლმე და მაწყნარებენ, მარტო შენ არ ხარ ამ მდგომარეობაშიო. თუმცა გამოფხიზლებულს ღრმად მაქვს გამჯდარი იმის სურვილი და შეგრძნება, რომ ფანჯრიდან გადავხტე.
მერე კი ვაცნობიერებ, რომ ამის გაკეთება სხვისი სახლიდან მომიწევს.
მე ხომ პირველ სართულზე ვცხოვრობ.

ექსპერიმენტი #11
დედა ყოველთვის მსაყვედურობდა, თმას კარგად არ ივარცხნიო. ძალიან გრძელი და სქელი თმა მქონდა, ინასკვებოდა, იწეწებოდა და მერე ძალიან რთული მოსავლელი იყო. დედას არ უნდოდა ჩემთვის თმის შეჭრა. პატარაობაში შემჭრა და ნაწნავს ყუთში ინახავდა, რომელშიც ნემსები და ძაფები იყო. არ მახსოვს თმის შეჭრის მომენტი. ერთხელ ძაფებით თამაშში გართულმა აღმოვაჩინე ნაწნავი და ისტორიაც იქიდან გავიგე. დღემდე არასდროს შემიჭრია. წაბლისფერი თმა მაქვს, ოქროფერი ზოლები დაჰყვება, მხოლოდ მზის შუქზეა შესამჩნევი. რაც დედა გარდაიცვალა, ჩემი თმა კიდევ უფრო შემიყვარდა, ვერ შეველევი.
აქ უცნაურად თეთრი კედლებია, სურვილი მიჩნდება გავაფერადო, ყვავილები დავხატო. თითქოს აქაურებიც კედლებივით უფერულები არიან. ზოგჯერ მგონია, რომ შავ-თეთრ ფილმში ვცხოვრობ.
დედას გარდაცვალებისას ცამეტი წლის ვიყავი. მას მერე ამეკვიატა შიში, თითქოს ყველა ჩემ თმას ებრძვის. სკოლაში უცბათ ისტერიკაში ვვარდებოდი, რადგან მეჩვენებოდა ვიღაც თმის მოჭრას მიპირებდა. კლასელს მივვარდი, ბუნდოვნად მახსოვს, შეიძლება რაღაც დავუშავე კიდეც.
ზოგჯერ მგონია, რომ მთელი სამყარო ერთ ფერშია გადაწყვეტილი და მხოლოდ ჩემს თმას აქვს ბზინვარება, ამ დროს მტრად აღვიქვავ ყველას და ისტერიკა მეწყება. ვიწყებ ყვირილს, ვაწყდები კედლებს, ვეძებ გასაქცევს, შემდეგ მოდიან და მაწყნარებენ. თუმცა მე არასდროს ვარ მშვიდად, გარდა იმ მომენტისა, როცა მახსენდება როგორ მეფერებოდა დედა თმაზე.
უფლება მომცეს ჩემი ოთახი შემეღება, ბევრი ყვავილი და ლურჯი ცა დავხატე, სრულიად უღრუბლო. ლამაზია ფერადი ოთახი. მაგრამ არის მომენტი, როცა მეჩვენება, რომ თმა ბღუჯა-ბღუჯა მცვივა, ნათლად ვხედავ, როგორ მრჩება ხელში უამრავი სქელი თმა. ამ დროს ჩემი ოთახიც თეთრია. ყვირილს აღარ ვიწყებ, კუთხეში ვიკეცები და უხმოდ ვტირი. მე ერთადერთ კავშირს ვკარგავ საუკეთესო მოგონებასთან და ჩუმად ვიმეორებ:
-დედა, მაპატიე. არ მინდოდა, თავისით მოხდა.
---
გუშინ ძალიან ბევრი დამამშვიდებელი გამიკეთეს, დიდხანს მეძინა.
ქიმიოთერაპიამ ჩემი თმის თითოეული ღერი შეიწირა.
თავშალი ძალიან ლამაზია, ფერადი ყვავილებით, ექთანმა მაჩუქა. მაგრამ ხშირად ძალიან თეთრია.
ექსპერიმენტი #12
ჩემი მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის იუმორის გრძნობით გამოვირჩეოდი, მეც არ ვუცრუებდი მათ მოლოდინს და ყოველთვის მზად მქონდა ხუმრობა, სახეზე ღიმილი და საუკეთესო განწყობა. ვმეგობრობდი მეგობრების შვილებთან, უბნის ბავშვებთან, მაღაზიის გამყიდველებთან, საერთოდ ყველასთან ვმეგობრობდი. სიამოვნებას მანიჭებდა სხვებისთვის კარგი განწყობის შექმნა. როცა ერთი უბნიდან მეორეში გადავედი, ძველი მეზობლები მუდამ მკითხულობდნენ და ვახსოვდი. აგარაკზე დამსვენებლებიც ხშირად იკრიბებოდნენ ჩემს ეზოში მხიარული ამბების მოსასმენად. მოკლედ, ყოველთვის ხალისის მომტანი კაცი ვიყავი. და ახლა მიჩნდება კითხვა, როგორ შემეძლო ეს? მე ერთი ალკოჰოლიკი ვარ, ყველამ იცოდა ჩემი ამბავი. მეზობლებთან ფულის სათხოვნელად დავდიოდი, რაიმე იაფასიანი არაყი რომ მეყიდა. შემდეგ მიკეთებდნენ გადასხმებს, ორმოცდათხუთმეტი წლისამ დალევას თავი დავანებე. ამის მერე დაიწყო სადარბაზოს კიბეებზე გათიშვა,  სრულიად უცხო ადამიანსაც ვუპოვნივარ. მაღაზიაში შესვლის დროს ალკოჰოლის განყოფილების დანახვისას,  თვალები მემღვრეოდა, სისხლის წამოსვლამდე ვიკვნეტდი ტუჩს, შინ ვბრუნდებოდი, ლოგინამდე თუ ვერ მივაღწევდი, ნემისმიერ ადგილას ვიკეცებოდი. სახე ჩამიქვრა, ავადმყოფურად გავხდი და სიარულისას ვეცემოდი, თუმცა მაინც ვხუმრობდი, მაინც არ მავიწყდებოდა ღიმილი.
პალატებს შორის დერეფანში გამუდმებით დავდივარ,  აჩრდილს ვგავარ და სხვა პაციენტებს ვაშინებ. სისხლი მეყინება, მაჯებზე სიმძიმედ მაწვება, მაგრამ მაინც ვიღიმი.
ჩემს შვილებს დავეძებ, ორ პატარა ბიჭს, რომლებისთვისაც არასდროს მიმიტანია კარგი განწყობა და ღიმილი, რადგან შინ დაბრუნებულს აღარ მქონდა შემორჩენილი. ახლა დავდივარ და ვეძებ მათ იქ, სადაც ნამდვილად არ იქნებიან. სისხლი კი უფრო და უფრო მაწვება მაჯებზე, ცოტაც და ვენებიდან თავისით ამოხეთქავს. უამრავი დრო გავიდა, წლების სათვალავი დიდი ხანია დავკარგე, მაგრამ ჩემი ორგანიზმიდან მაინც მცემს სპირტის სუნი.
გაუჩერებლად დავდივარ, პალატაშიც და დერეფანშიც. არასდროს მავიწყდება ღიმილი.
სარკეში ჩახედვისას ეს მარადიულად გაცინებული სახე მაშინებს, ვერ ვხვდები ვისია.

ექსპერიმენტი #13
ვწევარ, სიბნელეში ჭერს მივჩერებივარ და პეპლებს ვხედავ. ბავშვობიდან ჩემთან არიან, სიბნელის რომ არ შემეშინდეს. მე მაინც მთელი ცხოვრებაა სიბნელის მეშინია. მასწავლიდნენ შიშს უნდა ებრძოლოო. რამდენჯერმე საკუთარ შიშთან პირისპირ დარჩენის შედეგად ყველაფერი უნდა დამეძლია. სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა. არ მეშინია იმის, რომ რაღაც მოხდება ან რამე დამიშავდება. სინათლის ძებნის უნარიც არ მაქვს, არც ადგომის და გაქცევის.  სრულიად უმოქმედო ვხდები. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ხელებით მაგრად ვეჭიდები რამეს, ამიტომ ფრჩხილები არასდროს მაქვს, თითები კი ჩალურჯებული და დასისხლიანებულია. სხეული მიშეშდება, ვეღარ ვგრძნობ საკუთარ თავს, მხოლოდ ხელები მრჩება და სიბნელით მოცული თვალები.
სინათლეში ვიძინებ, ვინმე შუქს აქრობს, მე კი ღამე აუცილებლად მეღვიძება. თავიდან სიბნელეს ვერ აღვიქვამ, მაგრამ რამდენიმე წამში მთელ სხეულს მოიცავს. დილით ყოველთვის მტკივა თავი.
ბოლო დღეებია შევძელი პეპლებისთვის თვალის გაყოლება და სიბნელეს თავი დავაღწიე.  ამ ომში ხელზე თითები გამიცვდა.
ვეღარ გავძელი და გამოვიქეცი. ეს გაქცევის პირველი შემთხვევაა. საკუთარ სხეულს გაცრეცილი ხელები ჩავჭიდე და სიბნელეს გამოვექეცი, რადგან ვიღაცამ ყველა პეპელა დაიჭირა.
ამ ომში სხეული ისე მიეჩვია დაძაბულობას, მოძრაობაც კი მიჭირს. ეს არის ერთადერთი და უკანასკნელი გაქცევა,  ძალის მოკრებას ვეღარ შევძლებ.
თავში რაღაც მძიმედ და მტკივნეულად ფეთქავს.
ვიღაცამ ჩემი პეპლები დაიჭირა და მე მათ ვეღარ ვხედავ.

ექსპერიმენტი #14
კარს არასდროს კეტავენ ჩემს ოთახში. ვიცი რომ კარი ღიაა თუმცა მაინც ვაწყდები და ვაბრახუნებ. მუდამ იმის შეგრძნება მეუფლება, თითქოს ჩაკეტილი ვარ. მარტო ერთი რამის გაკეთებაა საჭირო, მივიდე და სახელური ჩამოვწიო, მაგრამ არ შემიძლია. ზოგჯერ ფართოდ გაღებულს ტოვებენ, მე მაინც ვხედავ კარს. ყვირილს ვიწყებ, ცრემლები ძალიან ცხელია და სახეს მიწვავს, ტირილს კი ვერ ვწყვეტ.
სარკეში საერთოდ აღარ ვიხედები, ვიცი სახე იარებით მაქვს სავსე. ეს ის  იარებია,  ცრემლებმა რომ დამიტოვა. ერთი ის მიკვირს, რომ იარები აღარ მემატება, მე კი ყოველ დღე ვტირი და  უპეებში საშინელ წვას ვგრძნობ.
ოთახში  ერთი დიდი საწოლი დგას ფერადი გადასაფარებლით, ორი მწვანე სავარძელი და ერთი მაგიდა. მაგიდაზე არაფერი არ დევს. ჩემს ოთახს ძალიან დიდი ფანჯრები აქვს, ზღვას გადაჰყურებს, ლამაზი ხედია. შემიძლია ვუყურო როგორ თამაშობენ ბავშვები სანაპიროზე, როგორ  იჭერენ თოლიები თევზებს, როგორ მშვიდად და ლამაზად იძირება მზე ზღვაში. მე კი ამას არასდროს ვაკეთებ. ყველაფერი მეზიზღება რაც ლამაზია, ყველაფერი მეზიზღება რასაც ბედნიერების მოტანა შეუძლია.
---
ჩემმა ოჯახის წევრებმა გამოსავალი მოძებნეს, ოთახს კარი მოხსნეს. მათ იციან, რომ  გავგიჟდი და კარს მაინც დავინახავ. მივვარდები და შევეცდები თავით  ჩავამსხვრიო კარის მინდა, რომ აღარასდროს დავინახო როგორ მოდის კართან ვიღაც, რომელიც არც შემოსლას და არც წასვლას არ აპირებს. დიდხანს იდგება. მივრბივარ, თავით შუშის ჩალეწვას ვაპირებ და ძირს ვეცემი. ახლა ვხედავ, რომ კარი არ არის. ვღმუი. დედაჩემი მორბის და ადგომაში მეხმარება. თვალები უწყლიანდება. აღარ მახსოვს რამდენი ხანია რაც ხელები აღარ მაქვს.
ექსპერიმენტი #15
ერთადერთხელ ვიგრძენი ის სუნი, რომელსაც ჩემი, ადამიანის სუნი ჰქვია. სუნი გიძებნიათ ოდესმე? მისი სუნი განსაკუთრებულია. ერთხელ თუ იგრძენი, მარადიულად აგიშლის სიზმრებს,  ყველგან წამოგყვება,  გულს აგიჩქარებს და მთელი ცხოვრება პულსი ვენებიდან ამოვარდნას შეეცდება. ეს სუნი არის გადამდები, თუ გადმოგედო, მისით არსებობ და ყველა ადამიანში ეძებ, გიჟდები.
მინდა ადგილიდან მოვწყდე, მოგძებნო. ვხდები სრულიად უკონტაქტო, ვიკეტები, ფანჯარასთან ვიკეცები. მინდა სული ხელშესახები გახდეს, მისი საკუთარი ხელით ამოგლეჯვა მსურს. როცა დამაბავენ, ჩემმა სულმა უნდა აიწყვიტოს და შენი ძებნა განაგრძოს.
მე დავიკარგე. ვეღარაფერს ვეღარ ვხედავ და ვეღარც ვგრძნობ.
ჩემი შეტევები იმით გამოირჩევა, რომ საკუთარი სხეულიდან სულის ამოგლეჯვას ვცდილობ, ჩემი თავისგან უნდა ვიხსნა. მინდა შემეხო, რომ გადავრჩე,  რადგან აქ ძალიან  ბნელა და გზას ვერ ვაგნებ.
ჩემს სიგიჟეს მარტოობა ჰქვია და მისი კანის სურნელი აქვს.

მგონია ცოტაც და მათში ჩავიძირები, ლამაზია.დიდი ხნის ყურების შემდეგ უძირო წყალს ემსგავსება. მესიზმრება, ვხედავ ქუჩაში სიარულის დროს, ტრანსპორტშიც. არ ვიცი ვისი თვალებია, ამიტომ ვინმეს ამოვიჩემებ და მასში ვხედავ. სადაც უნდა ვიყო ვშეშდები, ვაკვირდები და ვიკარგები. ადგილიდან ვეღარ ვიძვრი, ამ თვალებად გადავიქცევი მეც.
თითქოს ღრმა მოგონებებიდან მოდის, არასდროს მტოვებს, მთლიანად მიპყრობს. უკვე აღარ ვიცი ეს თვალებია ჩემი ნაწილი, თუ მე მისი. მთლიანად მომიცვა, ჩემი ცხოვრება აღარაფერია ამის გარდა. თან მაშინებს, თან მიჯაჭვული ვარ. ეს შეიძლება იყოს პატარა გოგოს, ზრდასრული მამაკაცის, ვიღაც უცხო მოხუცი ქალის, ნებისმიერი ადამიანის თვალები. წარმოუდგენლად ლამაზია და მისი ყურებისას ძალა მეცლება.
მე ვარ გოგო, რომელიც გამუდმებით ხედავს ვიღაცის თვალებს, ცდილობს გაექცეს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს, მეტად ეჯაჭვება. მარტო დავრჩი, აღარავინ არსებობს. გავურბივარ და ყველგან ვეძებ, ვპოულობ და მაინც არ მყოფნის. მთელი სამყაროა ეს თვალები, მასში მოქცეულია თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რაც კი არსებობს.
დიდი ხანია ჩავიკეტე, საერთოდ არსად აღარ გავდივარ, მაგრამ მაინც ვარ ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, ბიბლიოთეკაში, საავადმყოფოში,  ვარ ყველგან და თან ვარ არსად.
მე საკუთარ თვალებს ვხედავ სარკის გარეშე. პალატიდან წლებია არსად გავსულვარ, თუმცა ერთდროულად ყველგან ვარ, ვხედავ თვალებს, რომელიც ჩემია.
ვეღარ ვხედავ ვერაფერს, წარმოსახვაში არსებული ჩემი თვალების გარდა.
ჩემი თვალები არის ის, რაც მაიძულებს მივეჯაჭვო ერთ ადგილს, მაგრამ მოვიცვა მთელი სამყარო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები