ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2009


ფშავის მონატრება

(იდუმალების მზიანი მისტერია - შენთვის...)


ეს უძველესი სამყაროა და მე ამ მთების,
ამ ხორკლიანი ხევ-ხუვების, კლდეთა ფიქლების
შვილი ვარ, ჭლექად და სიმღერად დავემართები
და სამუდამო იარად და ლხენად ვიქნები...

იდუმალია ეს საყარო და პირველყოფილ
მის ხიბლს შერთული ჩემი გულის ყოველი მყესი
ცახცახებს, როგორც ქარიშხალში მწიფე ნაყოფი,
როგორც უფსკრულთან გაყინული ცხოვარი მწყემსის...

ცეცხლის ბურთებად გაკიდულან მწვერვალთა ქიმებს
ხატები ფშავის,  ხევისბერთა ლოცვის შიბები.
მონუსხულივით ვუცქერ ქვათა დიად არქივებს
სულის სიხარულს და სიმშვიდეს მონაშივები...

ხევისბრის დროშას ზარებით და ზანზალაკებით
აკინძულს, დახრილს და მსუბუქი ხმით მოგალობეს
სხივოსან მზეზე სიცხოვლე აქვს არანაკლები,
ხელსანთლიანი როცა მლოცველს დაამწყალობნებს.

შორს ეშურება მშვენიერი ჯვარი ლაშარის,
იახსრის ხმათა ხავერდები შუაფხოს ფეხავს,
გმირი კოპალის კვერთხი, დევებს ნაქარდაქარი,
დევებს კი არა, მთელ სამყაროს წელში გატეხავს...

ენამზიანი ფშალებია მლოცველნი ხატთა,
აგერ, ბილიკებს ვით გოლგოთის გზას, რომ ადგანან...
როგორ მინდოდა, ეგ სურათი გადმომეხატა
და მომერთმია შენთვის, ასე მოგწონს რადგანაც...

წავიდეთ, წამო, ღვთიურია იმ მთების უბე,
წმინდაა, სუფთა ნაკადულთა ჩუმი ღაღადიც,
მთელი სამყაროს აღტაცება და უკვდავება
როგორ კარგად ჩანს, რომ იცოდე, მთიდან ახადის!

მთებო, ნატრული ჭორფლიანი თქვენი ბალთების,
დაღლილი ამ ყრუ და გულგრილი დედაქალაქით,
თქვენს სამუდამო სიმშვიდისკენ მოვემართები,
ისევ მოვყვები თქვენს გზაწვრილებს ფშავის არაგვით...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები