ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2020


დედამიწაზე უფრო ახლობელი


 
                                                                               
                                                                         


                        „ჩვენ ყველას გვაქვს ფრთები, რომელთა შესახებ
წარმოდგენაც არ გვაქვს“

                                            მერაბ მამარდაშვილი
                                                                                                      .  .  .


              ფრთები ყველა მშვენიერი იყო, კაცს არჩევანის გაკეთება გაუჭირდებოდა. ეს შესანიშნავად უწყოდა დემურიმ, ამიტომაც იყო, დაფიქრებასაც რომ არ გაცდიდა: ,,ეს ყველაზე ლამაზია, სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი~, იტყოდა ხოლმე თავისი დაბალი, ცოტა არ იყოს ბურტყუნა ხმით და ზორზოხა აღნაგობისთვის შეუფერებელი მსუბუქი მოძრაობით ცხვირწინ აგიფრიალებდათ ფერად-ფერად ფრთებს. თან იმწამსვე საქმეზე გადადიოდა; მაშინვე იწყებდა იმ ფრთების თქვენს ტანზე მორგებას. ჯერ არ მომხდარა, ვინმეს წინააღმდეგობა გაეწია ამ დროს დემურისთვის. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე საუკეთესო ფრთები შესთავაზეს. მეც ასევე საგანგებოდ შემირჩია დემურიმ ფრთები; ,,ჩემი ძველი ძმაკაცისთვის რაიმეს დავინანებ? ეს ყველას სჯობია~. (იყო დრო, ერთად ვმუშაობდით საყოფაცხოვრებო კომბინატში). მეც ასე მეგონა, ჩემზე უფრო ლამაზი ფრთები არავის ჰქონდა. აქა-იქ ლაჟვარდისფერი ლაქები ეყარა, ფარშევანგის ფრთებივით. თუმცა ბოლოს მაინც დამრჩა თვალი თოვლივით ქათქათა ფრთებზე, ხანდახან გვერდზე ჩამიქროლებდა ხოლმე და მისი მფლობელი ადამიანისსახიან გედს წააგავდა. როგორც კი თვალს მოვკრავდი, მაშინვე გულში ასე გავივლებდი, როცა ფარშევანგის ფრთები მომბეზრდება, თოვლისფერი ფრთებით გავერთობი-მეთქი ერთხანს. დემური არც ამაზე მეტყოდა უარს.
        საოცარია, საქმოსნის რა იშვიათი ალღო აღმოაჩნდა ჩემს ძველ ძმაკაცს. საყოფაცხოვრებო კომბინატში ამის მსგავსიც არაფერი ეტყობოდა, ერთი საკმაოდ უგერგილო, ცოტა არ იყოს მოთაღლითო ყმაწვილი გახლდათ. ახლა კი, ამ ახალი წამოწყებით, ,,მფრინავი ატრაქციონით~, დემურიმ მიაგნო ჩვენი ქალაქის ყველაზე სათუთ, გრძნობიერ ნერვს. ჰაერში ფრენა ყველას (თითქმის ყველას) მოეწონა. მეტად სასიამოვნოა ჰაერში ლივლივი, როცა ფრთები ფართოდ გაქვს გაშლილი. ფეხი არაფერხე გიდგას. არც ღვედებით ხარ სკამდე მიკრული. გეჩვენება, თითქოს საკუთარი სხეულიდან ამოფრინდი. ვერცერთი სხვა გასართობი ვერ შეედრება მფრინავ ატრაქციონს ამ მხრივ; ვერცერთი გონებამახვილური კარუსელი, ვერც ეშმაკის ბორბალი, ვერც მფრინავი ხალიჩა და საერთოდ ვერაფერი.
      ეს ყველაფერი თითქოს ჯერ ბავშვებისთვის იყო გამიზნული. დემურიმ გამანდო: თავიდანვე ვიცოდი, ასე მოხდებოდაო. მოხდა ის, რომ ფერად-ფერადი ფრთები სწორედ იმათ მოეწონად ყველაზე მეტად, რომლებიც კარგა ხანია იყვნენ ბავშვობის ასაკიდან გამოსულები. რეკორდულად მოკლე ხანში (დემური იფიცება, სამად-სამ დღეშიო) ,,მფრინავი ატრაქციონი~ ჩვენი ქალაქის უსაყვარლეს გასართობად იქცა, ლამის ყველა ფრთებით აღიჭურვა, ყველამ ფრენა მოინდომა. დემურიმაც სასწრაფოდ გააფართოვა თავისი ატრაქციონი ფართო საზოგადოების მხარდაჭერით: ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მწვანე პარკი ,,მფრინავ ატრაქციონს~ დაუთმეს.
      მერედა, რა ადვილია ამ მფრინავ სამყაროში შესვლა; გაშლი ფრთებს, ერთს დაკრავ ფეხს ქვიშამოყრილ ბილიკს და მორჩა, მეტი არაფერია საჭირო; ლაღად დალივლივებ სივრცეში, რომელიც ფერადფრთიანი ზღაპრული არსებებით ავსებულა. ცხადია, აქ გადამწყვეტი სიტყვა წონის შემამსუბუქებელ ქამარს ეკუთვნის, რომლის წყალობით შეგიძლია სრულ უწონადობამდე მიიყვანო შენი სხეული. ამ გასართობიდან მიღებული ეფექტი მაინც საოცრად დიდია, გექმნება სრული ილუზია, თითქოს მხოლოდ ფრთების საშუალებით დაფრინავ. სწორედ ამითაა თურმე განპირობებული, როგორც ჩვენი ქალაქის ღრმად პატივცემული განსწავლული თავები ბჭობენ, რომ ეს ფერადი ფრთები ასეთ სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, კერძოდ, შინაგან ფსიქოლოგიურ წყობაზე. თურმე იმათ, ვინც ამ ფრთებით სისტემატურად დაფრინავს, უქრებათ სიმაღლის შიში, შებოჭილობა. უჩნდებათ შინაგანი თავისუფლების, სილაღის შეგრძნება, თითქოს მთელი სამყარო შენია... სასიკეთოდ ეცვლებათ გუნება-განწყობილება. ვისაც უძილობა აწუხებდა, აღარ სჭირდებათ ძილის წამლების მიღება. უსწორდებათ გამრუდებული ხერხემალი, თურმე შეკრულობასაც კი შველის... უფრო საოცარი რამეებიც კი გავიგე: ერთი სტაჟიანი ,,მფრინავი~ მიმტკიცებდა, ჩემს უახლოეს ნათესავს ფული ვესესხე ფრენის დროს, მაშინვე მომცა და... დღემდე უკან არ მოუთხოვიაო.
      მეც ბევრი საამური წუთი გავატარე ჰაერში ამ ფერადი ფარშევანგის ფრთებით, სხვებივით დიდად მადლიერი გახლდით ჩემი ბუთხუზა ძმაკაცისა, ასეთი მშვენიერი გასართობი რომ გვაჩუქა. მე მაინც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თოვლისფერ თეთრ ფრთებზე მეჭირა თვალი და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც დემურის...
      ცხადად მახსოვს ის დღე. საწყობში ვიყავით... საწყობი კი არადა, უფრო სხვენზე გეგონებოდა თავი, სადაც უამრავი ხარახურა მიუყრიათ. უცნაურია; როგორაა ჩემ ძმაკაცში გაერთიანებული ნამდვილი საქმოსნის უტყუარი ალღო და არხეინი, დაუდევარი ხასიათი. ამ დაუდევრობის წყალობით ალბათ მუდამ ასე არეულ-დარეული იქნება აქაურობა. თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს დაუდევრობა შველის, რომ მუდამ ზომიერება შეინარჩუნოს თავის მართლაცდა ჭკვიანურ წამოწყებაში, დიდ მოგებას არ გამოეკიდოს, დრო არხეინად ფლანგოს, მადიანად სვას და ჭამოს. იქნებ სწორედ ამიტომ ვგრძნობდით თავს ასე მყუდროდ ყველანი მის გვერდით. ის ჩემი ძველი ძმაკაცი იყო, მაგრამ სხვებსაც, სულ ახლახანს გაცნობილებსაც კი, ისე ეჭირათ მასთან თავი, თითქოს არანაკლებ ძველი ძმაკაცები ყოფილიყვნენ.
      -...თეთრი ფრთები? - მკითხა დემურიმ გამოტენილი პირით. იგი გადაბრუნებულ ყუთზე ჩამომჯდარიყო და ცხვრის ბარკალს ღრღნიდა... თვალი მოავლო თავის საწყობს, კედლებზე ფერადი ფრთები იყო ჩამორიგებული. ისე ჩანდა, თითქოს რომელიღაც ზღაპრული ფრინველები ხარახურის გროვიდან აპირებდნენ ამოფრენას. რაღა არ ეყარა საწყობის იატაკზე; სხვადასხვა ზომის ყუთები, სათამაშოები, მუსიკალური საკრავები. ზოგი მთელი, ზოგი დამტვრეული... მუყაოს ფიგურები, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმლის გროვები და კიდევ ვინ მოთვლის რა... - თეთრი ფრთები ჯერ არ მაქვს თავისუფალი. ყველა დაკავებულია. საერთოდ, არცერთი ფრთა არ არის თავისუფალი, ერთის გარდა... - კედლისკენ მიმითითა.
      მივიხედე, საითკენაც მითითებდა და ახლაღა შევამჩნიე, რომ თურმე ფრთები ეკიდა ლურსმანზე. მე იგი უწინ კედელზე მიხატული გამქრქალებული ნახატი მეგონა, ანდა აბლაბუდა, რითაც მდიდარი გახლდათ დემურის საწყობი.
      მაშინვე ჩამოვიღე ლურსმნიდან ის ფერგამკრთალი ფრთები... და იმწამსვე ვინანე. მტვრის ისეთი სქელი ღრუბელი გადმოჰყვა თან, ჰაერში ნისლივით გაიშალა. თურმე მისი მოხაზულობა უმეტესად მტვერს ეკუთვნოდა. თვითონ ფრთები ძალიან უფერული იყო, ასე მეგონა, რაღაც მოჩვენება მეპყრა ხელთ.
      რაღას ვიზამდი, მტვრის მოზრდილი დოზა უკვე გადაყლაპული მქონდა. გავშალე უფერული ფრთები. ჩვეულებრივზე მსუბუქი მეჩვენა, თუმცა ეს შთაბეჭდილება ალბათ მისი უფერულობით იყო გამოწვეული.
      - ამ ფრთებით ალბათ სულები დაფრინავდნენ, - ვუთხარი დემურის.
      - არ ვიცი, იქნებ მართლა სულები დაფრინავდნენ მაგ ფრთებით, - გარკვევით მითხრა დემურიმ. ცხვრის ბარკალი უკვე გამოეხრა, - ერთი  ის კი ნაღდად ვიცი, რომ მშვენიერი გამოგონებაა. ჭრელი ფრთები მაგის მიხედვით დავამზადეთ.
      - ესე იგი, ეს უფერული ფრთები ყველაზე ძველია?
      - ძველია, ძალიან ძველი...
      - დიახ, ზუსტად ისეთივეა, როგორიც ფარშევანგის ფრთებია, - ვთქვი მე, უფერული ფრთების დათვალიერების შემდგომ და ხელი აღვმართე, რათა თავის ძველ ადგილას დამებრუნებინა იგი. მე თოვლივით თეთრი ფრთები მინდოდა და არა რაღაც მოჩვენება.
      - მხოლოდ ერთი განსხვავებით, - მითხრა დემურიმ, - წონის შემამსუბუქებელი ქამარი არ ახლავს.
აი, ამან გადაწყვიტა ყველაფერი შემდგომში.
      ძალიან მეუცხოვა დემურის ნათქვამი. როგორ შეიძლება ამ ფრთებით ფრენა იმავე წონით, რითაც მიწაზე დავდივართ. ეს რაღაც წარმოუდგენელია.
      მაგრამ დემური ჯიუტად იდგა თავისაზე:
      - უფერულ ფრთებს არც არასოდეს ჰქონია წონის შემამსუბუქებელი ქამარი, ეს მე მოვიფიქრე წონის შემამსუბუქებელი ქამრის და ფრთების სინთეზი, - ბოლო წინადადება აშკარა სიამაყით წარმოსთქვა.
      - კი მაგრამ, ამ ფრთებით ნამდვილად დაფრინავდა ვინმე?
      - აბა შენი აზრით, რისთვის სჭირდებოდათ ფრთები, მიწაზე სასეირნოდ?
      უფერული ფრთები აღარ დავაბრუნე იმ ჟანგიან ლურსმანზე, მის ნაცვლად ჩემი ფარშევანგის ფრთები დავკიდე, თან დემურის შევეხვეწე, ჯერჯერობით არავისთვის ეჩვენებინა. მე სულ ცოტა ხნით გავერთობოდი ამ უფერული ფრთებით და მერე ისევ დავუბრუნდებოდი ფარშევანგის ფრთებს, თუ ამასობაში თეთრი ფრთები არ განთავისუფლდებოდა. დემური შემპირდა, ხელსაც არ ვახლებო, თუმცა მე ეჭვი მეპარებოდა მის გულწრფელობაში.
      იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, ყოველ შემთხვევაში, ამ მცდელობა,ს როგორმე უფერული ფრთებით მეფრინა, გართობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ უწოდებდი. უნდა ვაღიარო, წინასწარ არც მქონია დიდი იმედი (და არც ისე დიდი სურვილი), რომ რაიმე საგრძნობ წარმატებას მივაღწევდი ამ ფრთებით, მაგრამ არც ის მეგონა, თუ ასეთ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდებოდი. ალბათ რა სასაცილო გამოვჩნდებოდი გარეშე მაყურებლის როლში, ვინმეს რომ მოენდომებინა ჩემი თვალთვალი. მიწიდან მოწყვეტას ადვილად ვახერხებდი, ზუსტად ისევე, როგორც იმ ჭრელი ფრთებით ვარჯიშისას, ანდა ვთქვათ, უბრალოდ მაღლა ახტომისას. ეს ხომ ყველას უფრთებოდაც მშვენივრად შეუძლია; მუხლებში მოკეცილ ფეხს მაგრად დაჰკრავ ძირს, ორიოდე წამით მოწყდები მიწას და იქვე, სულ ახლოს დაეშვები. როცა წონის შემამსუბუქებელი ქამარი გიკეთია, ეს ნახტომი შეუდარებლად დიდია. ამ დროს ფრთები (ჭრელი ფრთები) ცხადია, შეკუმშული უნდა გქონდეს. ფრთებს მხოლოდ მაშინ გაშლი, როცა რაიმე გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევ. რამდენ ხანსაც გაგიხარდება, იმდენ ხანს ილივლივებ ჰაერში. შემდეგ, დაბლა დაშვებისას, რაც შეიძლება ფართოდ გაშლი ჭრელ ფრთებს, რათა რბილად დაეშვა მიწაზე.
      სწორედ ამ დროს, დაბლა დაშვებისას, წავაწყდი დაბრკოლებას. უცნაური რამ მემართებოდა; ან გვერდზე გადამტყორცნიდა რაღაც ძალა, ანდა ცხვირს წავრგავდი ქვიშამოყრილ ბილიკზე. რამდენიც არ ვეცადე, რა ფრთხილი და გამოზომილი ნახტომიც არ გავაკეთე, ბოლო ყოველთვის ასეთი ჰქონდა. თანაც რა ნახტომები იყო... ერთმეტრიანი განივკვეთის მქონე სფეროს რომ გადაახტე, აი ასეთი გახლდათ ჩემი ნახტომების სიგრძე და სიმაღლე, და ამასაც ვერ ვახერხებდი.
      კარგა ხანს ვიწვალე ასე, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ჩემი მცდელობა, როგორმე უფერული ფრთებით მეფრინა, სრულიად უშედეგო იყო. ერთხელაც ვერ მოვახერხე, ჩვეულებრივზე მოზრდილი ფართო ნახტომი გამეკეთებინა ამ ფრთებით. ისინი მე ოდნავადაც არ მეხმარებოდნენ ნახტომის სიმაღლის გაზრდაში, ასე მეგონა, თითქოს ფრთები სულაც არ მეკეთა. მხოლოდ დაბლა დაშვებისას ამჟღავნებდნენ საკუთარ ძალას და ეს გამომჟღავნება ჩემი მასხრად აგდება იყო, მეტი არაფერი.
      ძალის ამ გამომჟღავნებამ შემაკავა, თორემ ალბათ იმთავითვე უარს ვიტყოდი. რახან ასეთი ოინების მოწყობა შეუძლია ჩემთვის, გამორიცხული არაა, ამ ფრთებს მართლა გააჩნდეთ რაიმე ღირსება, საქმე ამ ღირსების მიკვლევაა. იქნებ დემურის ცოდნოდა რაიმე... ჰა, დემური, ერთი მითხარი, ამ ფრთებით დაფრინავდა თუ არა ვინმე,..
      - დაფრინავდა, ნამდვილად დაფრინავდა...
      - საიდან იცი?
      - ასე ამბობენ.
      - მაინც ვინ ამბობს.
      - რა ვიცი, ყველა...
      - მერე, როგორ დაფრინავდა?..
      ამაზე ვეღარაფერი მიპასუხა დემურიმ, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ოღონდ ჯიუტად იმეორებდა, ამ ფრთებით ნამდვილად დაფრინავდნენო. ეტყობოდა, თვითონ ნამდვილად სწამდა, რასაც ამბობდა, რწმენა კი ისეთი რამეა, რაც ადვილად შეიძლება გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე.
      ეს დიალოგი ხარახურით გამოტენილ საწყობში მიმდინარეობდა. გადავხედე კუთხეში მიჭედილ ჟანგიან ლურსმანს. ზედ ჩემი ფარშევანგის ფრთები ეკიდა... დემური გუნებაში შევაქე... თან ვიფიქრე, ვნახოთ, ხვალ რომელი ფრთებისკენ გამიწევს გული.
მეორე დღეს მე ისევ უფერული ფრთებით აღჭურვილი ვჯახირობდი სავარჯიშო ქვიშამოყრილ ბილიკზე, აქვე ჩემს გვერდით კი სივრცე ზღაპრული ფერადფრთიანი არსებებით ავსებულიყო. ეჰ, კარგი იყო მეც შევცურებულიყავი მათ შორის, ასე იოლად, სწრაფად, მოხერხებულად. ალბათ ბოლოს ასედაც მოვიქცეოდი. აბა, თან ხომ არ გადავყვებოდი ამ უფერულ ფრთებს. კიდევ ცოტა ხანს ვეცდები...
    ეს მოწამეობრივი თავშეკავება იმითაც იყო გამოწვეული, რომ მე უკვე კრიტიკული, შემსწავლელი თვალით შევხედე ჭრელ ფრთებს. ამაში უფერული ფრთები დამეხმარა. ჯერ იმას მივაქციე ყურადღება, თურმე რა სხვადასხვანაირად დაფრინავს ყველა! როგორც სიარული აქვს ყველას თავისებური და განუმეორებელი, ასევე ჰაერში ფრენაც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობითაა აღბეჭდილი. ერთი ლაღად დაფრინავს, თითქოსდა მხოლოდ ჭრელი ფერის ფრთებით ლივლივებდეს ჰაერში. მეორეს თითქოს რაღაც ტვირთი ამძიმებს. მესამე ძალზე მოუქნელია, მეოთხე პირიქით, ჰაერში თევზივით დასხმარტალებს. ზოგი უთავბოლოდ დაფარფატებს, ზოგი მიზანსწრაფულად მიიწევს წინ. უთვალავია მათ შორის განმასხვავებელი ნიშნები. და საკმარისია სულ ოდნავ შეაჩვიო თვალი, რომ მაშინვე გამოიცნობ უკვე ერთხელ ნანახ მფრინავს, ისე როგორც სიარულით იცნობ ადამიანს.
      ამას გარდა, მე საჭიროდ მომეჩვენა იმაზეც გამემახვილებინა ყურადღება, თუ ვინ როგორ ეჩვევა წონის შემამსუბუქებელ ქამარს. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივაც თურმე ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მფრინავები. უმეტესობა თავისი წონის სამოც-სამოცდაათ პროცენტს თმობს, რათა ამ ჭრელი ფრთებით ფრენა შეძლოს. ისინი ახერხებენ ჰაერში ლივლივს, მიხვევ-მოხვევას. შეუძლიათ ფრენის სიმაღლე გაზარდონ ჰაერში, ანუ იმაზე მაღლა აიწიონ ფრთების საშუალებით, რასაც პირველი ნახტომით მიაღწევენ. ზოგიერთებს თითქმის სრულ უწონადობამდე მიჰყავთ საკუთარი თავი. ამას ფრენას ვერც უწოდებ. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ფართო ნახტომი, ფრთები მხოლოდ წონასწორობის შესანარჩუნებლად ეხმარება. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი წონის განახევრებას სჯერდებიან... და როგორც დავრწმუნდი, სწორედ ისინი არიან ყველაზე უფრო მოქნილი, ლაღი მფრინავები. ყველაზე უფრო ფართო ნახტომს აკეთებდნენ, ყველაზე მეტ სიმაღლეს აღწევდნენ. დაშვებითაც სწორედ ისინი ეშვებოდნენ ყველაზე ნარნარად მიწაზე. სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ ჭრელ ფრთებს (ანუ უფერულ ფრთებსაც, ისინი ხომ ერთმანეთის ასლები იყვნენ), ნამდვილად გააჩნდათ რაღაც დაფარული ღირსებები, და ამ ღირსებებს წონის შემსუბუქება ჩქმალავდა, წონის გაზრდა კი პირიქით, ამჟღავნებდა.
    ბოლოს თვით უფერულ ფრთებსაც (ანუ ჭრელ ფრთებსაც) მივაქციე ყურადღება; იგი წარმოადგენს მსუბუქ, დრეკად კარკასზე გადაჭიმულ თხელ აფსკს, ძალიან წააგავს ღამურას ფრთებს. ოღონდ ეს თხელი აფსკი მრავალშრიანია, ჰაერის ზედდაწოლის შედეგად შრეები ერთმანეთს სცილდება. რაც მეტი ძალისაა ჰაერის ზედდაწოლა, შრეებიც მით უფრო მეტად დასცილდება ერთმანეთს. თან მათი რიცხვიც პირდაპირპროპორციულად იზრდება ამ დროს. მთელი საიდუმლოება ამ შრეების ურთიერთგანლაგებაშია, ჰაერის ტალღები როგორღაც თავისებურ, რთულ მოძრაობას ასრულებენ მათ შორის. ანუ, უფრო მოკლედ რომ ითქვას, ადამიანის წონას მრავალშრიანი ფრთები უშუალოდ გარდაქმნის ჰაერში ფრენის ენერგიად. წონის შემამსუბუქებელი ქამარი ამ ენერგიის უმეტეს ნაწილს სრულიად უსარგებლოდ აბათილებს.
      ამ აღმოჩენამ ერთი მხრივ გამამხნევა, მეორე მხრივ კი დიდი თავსატეხი გამიჩინა: კმაყოფილი ვიყავი, სწორედ რომ დავუკავშირე ერთმანეთს ადამიანის წონა და ჰაერში საფრენი ენერგია ამ ფრთებით სარგებლობისას. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალზე უბრალოდ გამოიყურება. ჩვენი სხეულის წონა, ეს ხომ იგივე ენერგიაა, ასე ახლოს მყოფი ჩვენთან. არც მოპოვება გვჭირდება მისი, არც შეძენა. იგი ვეძლევა სიცოცხლესთან ერთად. ჰოდა, რატომ უნდა იყოს ას უგულვებელყოფილი? საითაც არ გაიხედავ, ყველგან ენერგიის მწვავე დეფიციტია. ,,ენერგია~, ,,ენერგია~... ყველგან ერთნაირი გაუმაძღრობით მოითხოვენ. ამ დროს კი არავის არ ახსოვს ასეთი იაფი და ახლობელი ენერგია, საკუთარი სხეულის წონა. მხოლოდ მიწაზე სასიარულოდ ვიყენებთ ამ იაფ ენერგიას, ჩვენი სხეულის წონას. ყოველი ჩვენი ნაბიჯი, ესაა მიწის უკუცემა ჩვენს მიერ. ამ უკუცემის ძალას ჩვენივე წონა განაპირობებს. მის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით მიწაზე სიარულს. ჰოდა, რატომ ჰაერში საფრენადაც არ უნდა გამოვიყენოთ ენერგიის იგივე წყარო, ჩვენი სხეულის წონა? ეს ხომ ძალზე ხელსაყრელი იქნებოდა ყოველნაირად...
      მეორე მხრივ კი, ისიც შესანიშნავად მესმოდა, რომ ენერგიის ამ ახალი წყაროს გამოყენება, ანუ საკუთარი სხეულის წონის გარდაქმნა ჰაერში საფრენ ენერგიად, სულაც არ იქნებოდა ადვილი საქმე. მით უმეტეს, როცა არავინ იყო ისეთი, თუნდაც ერთი სიტყვა შეეწია ჩემთვის. დემურის მე ვერაფერს გამოვრჩებოდი, იმ ოსტატის სახელიც კი ვერ მითხრა, ვინც ეს ძალზე თავისებური საფრენი აპარატი დაამზადა.

                                                                                                          . . .

        აეროდრომის მახლობლად ორი ჩიტუნია გაესაუბრა ერთმანეთს.
        - ძალიან მიკვირს, ეს დიდი ფრინველები მიწაზე დაჯდომისას ფრთებს რატომ არ კეცავენ. ნუთუ არ იღლებიან მუდამ ფრთებგაშლილი, - თქვა ერთმა.
      - მე ის უფრო მიკვირს, რაღა მაინცდამაინც აქ ჯდებიან და არა სხვაგან სადმე, - გამოეპასუხა მეორე.

                                                                                                          . . .


        ეს პატარა, საბავშვო იგავი დიდი ხნის წინ მქონდა სადღაც ამოკითხული და ახლა ძალაუნებურად მომიხდა სწორედ ამ კუთხით შემეხედა ჩემი საქმიანობისთვის, საერთოდ ადამიანის იმ მოუშთობელი მისწრაფებისთვის, რათა რაც შეიძლება სრულყოფილად დაიპყროს და აითვისოს მეხუთე ოკეანე. ამ პატარა იგავში გულისამაჩუყებელი სიცხადითაა წარმოდგენილი მთელი ის უპირატესობა, რაც ჩიტებს გააჩნიათ საფრენ აპარატთან შედარებით. გარდა იმისა, რომ ჩიტები ჰაერში ჩიტივით თავისუფლად გრძნობენ თავს, მიწაზეც არ არიან რამეთი შებოჭილნი. სრულიად თავისუფლად ახერხებენ მიწაზე სიარულს, ფრთები მათ ხელს სრულებითაც არ უშლის. ეს არავითარ შემთხვევაში არ ითქმის თვითმფრინავზე. მიწაზე მოსიარულე თვითმფრინავი პირდაპირ სასაცილო შესახედავია. აბა დაუკვირდით, როცა ასაფრენი ბილიკისკენ იკვლევს გზას, რა დიდი გაჭირვებით უვლის გვერდს გზად შემხვედრ დაბრკოლებებს, სხვა თვითმფრინავი იქნება ეს, ავტობუსი თუ სხვა რამ, თუნდაც თვითმფირნავში ასატანი ბარგის გროვა. დაბნეულივით დაეხეტება, დაკარგულ ბატს გაგახსენებს უნებურად. რაც უფრო ფართო ფრთები აქვს, მით უფრო ფართო რკალების შემოხაზვა დასჭირდება დაბრკოლებებისთვის გზის ასაქცევად, მით უფრო სასაცილო და მოუქნელი ჩანს. ზოგმა შეიძლება გაიკვირვოს, სად თვითმფრინავი და სად ადამიანიო. ვერაფრით ვერ გავიზიარებ მათ ამგვარ განცალკავებას. თვითმფრინავი ხომ ჩვენ, ადამიანებმა შევქმენით. იგი ჩვენი არსების გამოხატულებაა, ჩვენი სულის სიმბოლოა. თვითმფრინავის დაბნეულობა, მისი უთავბოლო ხეტიალი, ეს იგივე ადამიანის დაბნეულობაა, მისი ხეტიალია, მისი მოუხერხებლობა.
      სამაგიეროდ, რა ამაყი შეხედულება აქვს თვითმფრინავს, როცა ბოლოს და ბოლოს მიაღწევს ასაფრენ ბილიკამდე და სტარტზე დადგება. ადამიანის ხელს არაფერი შეუქმნია ამაზე უფრო დიდებული; დგას ერთიანად წელში გაწვართული, კოხტად მოგლუვებული, მშვენიერი სხეულით. ამ წუთში იგი უფართოეს სივრცეს ფლობს. მთელი სამყაროს უშორეს კუნჭულებს ესვრის გამომწვევ, ამაყ მზერას. აი, დაიძრა ადგილიდან, ცოტა გაირბინა ლაღად მხრებგაშლილმა. თანდათან მოუმატა სისწრაფეს. ცხვირი უკვე ასწია მაღლა, წინა ბორბლები ასცილდა მიწას. ცოტაც და... უკვე ჰაერშია. რა ლამაზია, რა მიმზიდველი... შეჰყურებ და მთელ სხეულში საოცარ სიმსუბუქეს გრძნობ. გგონია, საცაა შენ თვითონ აფრინდები ჰაერში.
      და ეს დიდებული სილამაზე, სივრცის ამაყი გამოწვევა, ესეც ხომ ადამიანია, მისი სულის საუკეთესო ნაწილის გამოხატულებაა. ეს ულამაზესი სიამაყე ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ჰაერში ფრენისას. ამავე დროს სასურველია თავიდან მოიშოროს ის უხერხულობა და სიმძიმე, რაც მიწაზე მოღოღიალე თვითმფრინავს ახასიათებს. ჰაერშიც და მიწაზეც ადამიანი ჩიტივით თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს.
      მეორე მხრივ, მე არც ჩიტი ვარ, არც თვითმფრინავი. მე ბევრად მეტი ვარ ერთზეც და მეორეზეც, ამიტომ ჩემი შესაძლებლობებიც შეუდარებლად დიდია, უპირველეს ყოვლისა, ჩიტისებური თავისუფლებისთვის უნდა მიმეღწია, საამისოდ კი ჯერ უფერულ ფრთებს უნდა შევჩვეოდი... შევჩვეოდი ისეთნაირად, თითქოს იგი ჩემი სხეულის ნაწილი იყო, ჩემი კიდურები. ამ მიზნით, ყველაფერს აჯობებდა, ჯერ მიწაზე სიარული მესწავლა ამ ფრთებით. ჰაერში ფრენაზე მხოლოდ მას შემდეგ მეფიქრა, როცა უფერულ ფრთებს საკუთარი სხეულის ნაწილივით გავითავისებდი.
      მე მგონი, ასეთნაირად უნდა მიუდგე საკითხს, როცა მეხუთე ოკეანის ათვისებას აპირებ. ყოველ შემთხვევაში, მე სხვა ვერაფერი ვიპოვე მაშინ ხელჩასაჭიდი. მხრებზე მჭიდროდ მიკრული ფრთებით დავაბიჯებდი ქვიშამოყრილ ბილიკებზე. თან ვცდილობდი გამერკვია, შეიცვლებოდა თუ არა ჩემი ნაბიჯების ხასიათი. როგორც დავასკვენი, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ შემიმჩნევია საკუთარის თავისთვის. უფერული ფრთები ოდნავადაც არ მამიძმებდნენ მიწაზე სიარულისას. ჯერ ერთი, ის ძალიან მსუბუქი იყო, მეორეც, როცა მოკეცავდი, თითქმის შეუმჩნეველი ხდებოდა. ამგვარად, უფერული ფრთები თითქოს ხელს არაფერში არ მიშლიდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, ისინი რომ ნამდვილად არსებობდნენ. და ეს განცდა, ასე თუ ისე, მაინც ტვირთი იყო ჩემთვის, თუნდაც ძალზე მსუბუქი. ამ გარემოებას არ შეიძლებოდა არ შეეცვალა ჩემი ნაბიჯების ხასიათი. სწორედ ამას სჭირდებოდა შეჩვევა. ხოლო იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შევეჩვიე ფრთების ტარებას, ცხადია ისევ სიარული არ გამომადგებოდა. ამისთვის ის პატარ-პატარა ნახტომები იყო საჭირო, რითაც სულ პირველად ვერთობოდი. სწორი ნახტომი გაამჟღავნებდა, თუ რამდენად ავითვისე ჩემთვის უცხო ტვირთი.
    კარგა ხანი ვისეირნე უფერული ფრთებით ქვიშამოყრილ ბილიკზე, მაგრამ ნახტომები ჯერჯერობით ძველებურად უხერხული და უმისამართო გამომდიოდა. ამან საკმაოდ მომაბეზრა თავი. მახსოვს, ერთ საღამოს გაბრაზებულმა მივაგდე უფერული ფრთები. მეორე დღეს დემურის მივაკითხე, მაგრამ საწყობში აღარ აღმოჩნდა ფარშევანგის ფრთები.
      - ორ დღეში განთავისუფლდება, - მითხრა დემურიმ.
      ხმაც არ ამომიღია, დემურისთან სადავო რა მქონდა, ისედაც რამდენ ხანს შემინახა ხელუხლებლად ფარშევანგის ფრთები. მთელი უბედურება ის იყო, რომ არცერთი სხვა ფრთები არ აღმოჩნდა თავისუფალი. რაც დრო გადის, სულ უფრო პოპულარული ხდება მფრინავი ატრაქციონი... თუმცა ვინ იცის, დემურიმ იეშმაკა რაღაც...
      ერთი სიტყვით, იმ დღეს მე ისევ უფერული ფრთებით დავსეირნობდი სავარჯიშო ბილიკზე. ახლა რომ მკითხოთ, ვერაფრით ვერ გიპასუხებთ; ეს შემთხვევა რომ არა, მივუბრუნდებოდი თუ არა ოდესმე ისევ უფერულ ფრთებს. ხანდახან მეჩვენება, ალბათ ისევ გამიწევდა გული-მეთქი მისკენ. მაგრამ იმ წუთში იმასაც ვიტყვი; ფერადი ფრთებით სივრცეში ლივლივი ხომ საბოლოოდ შემაჯავრებდა უკვე საშინლად მობეზრებულ, ჩემს უნაყოფო (იმ მომენტისთვის) მცდელობებს. რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, ვერცერთ ამ მოსაზრებას ვერ ვაძლევ საბოლოო უპირატესობას. ასე რომ, მე ერთნიშნა პასუხი არ გამაჩნდა ზემოთმოყვანილ კითხვაზე.
      ჰოდა, მოსახდენიც ხომ იმ დღეს მოხდა. სწორედ მაშინ შევამჩნიე რაღაც ცვლილებები ჩემს ნახტომში, იგი არ იყო ისეთი უხერხული, როგორც მისი წინამორბედები. თანაც ლამის იქ დავდგი ფეხი მიწაზე, სადაც ვუმიზნებდი.
    ისიც კი ვერ გავბედე მაშინ, გამხარებოდა ეს მიღწევა. იქნებ შემთხვევით გამომივიდა-მეთქი შედარებით მარჯვე ნახტომი. ამის საზომი მეორე იქნებოდა.
      მეორედ, ძალზე ავჩქარდი და ისევ ჩავფლავდი. სამაგიეროდ მერე, როცა უფრო დამშვიდებით შევუდექი საქმეს, აშკარად შევამჩნიე რაღაც ცვლილება. ნახტომი უფრო თავისუფალი, ნარნარი და თან გამიზნულიც იყო. ეს აღმოჩენა, ცხადია, ენერგიის ახალი წყარო იყო ჩემთვის, რათა ისევ გამეგრძელებინა მართლაცდა მოსაბეზრებელი ვარჯიში. თანაც უნდა აღვნიშნო, რომ ამჯერად საქმე საკმაოდ სწრაფად მიდიოდა წინ. ჩემი ყოველი შემდეგი ნახტომი სულ უფრო ზუსტი იყო. უკვე შემეძლო მისი რადიუსის გაზრდაზეც მეფიქრა. როგორც მცენარე მოიკიდებს ფესვებს კლდეზე და დღითი დღე აფართოებს მაღლა შემართული ღეროების რკალებს, მეც ისე ვაფართოვებდი ჩემს ნახტომებს. და მეც ბეღურას ნახტომებიდან (მე თვითონვე ასე მოვნათლე ჩემი პირველი ნახტომები) ირმის ნახტომებზე გადავინაცვლე. მე არც კი მოველოდი ასეთ სწრაფ წარმატებას, გავუგე მუღამი ამ ფრთებს: დაშვებისას იმის ნაცვლად, რომ რაც შეიძლება ფართოდ გამეშალა, პირიქით, ცერად დავხრიდი ხოლმე. დახრის კუთხეს ჰაერის ნაკადი მიკარნახებდა, რაც სხეულით უნდა შეგეგრძნო, სწორედ ამაში იყო მთელი საიდუმლოება. ჰაერის ნაკადები როგორღაც განსაკუთრებული წესით ნაწილდებოდნენ შრეებს შორის. ეს წესი უნდა გაგეთავისებინა, თუ ამ ფრთების გამოყენება გინდოდა. გაგეთავისებინა ისევე, როგორც სიარულისთვის  გვაქვს გათავისებული ჩვენივე სხეულის წონა და სწორედ ამ წონას ვიყენებთ მიწაზე გადასაადგილებლად.
      სიტყვას აღარ გავაგრძელებ... მალე მოაწია ჟამმა, რომ მე შემეძლო მთელი ბაღის თავზე გამეკეთებინა ფართო რკალი, მის ერთ ბოლოში დავკრავდი ფეხს მიწაზე და მეორე ბოლოში დავეშვებოდი, თანაც ეს დაშვება მართლაცდა ყოველთვის ძალზე მსუბუქი და ნარნარი იყო. ნაბიჯი, რითაც მე მიწას ვეხებოდი რკალის დასასრულს, ოდნავადაც არ ყოფილა ჩვეულებრივ ნაბიჯზე მძიმე. მე ამას, მახსოვს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე, ამ გარემოებას ერთ-ერთ მთავარ პირობად ვთვლიდი უფერული ფრთების ათვისების საქმეში.
ერთხელ თურმე დემურის დავუნახივარ მიწაზე დაშვებისას.
    - შენ კი არ დაფრინავ, დადიხარ ჰაერში, - მითხრა აღტაცებით. ჯერ ეჭვით შევხედე მის ნათქვამს, ხომ არ დამცინის-მეთქი, მაგრამ დემურის გულწრფელი აღტაცებით უელავდა თვალები. დაცინვა გულშიაც არ გაუვლია.
      და მეც სრულიად სერიოზული პასუხი გავეცი.
      - ჯერ სიარული უნდა ისწავლო, ფრენაზე მერე უნდა იფიქრო.
      დემურიმ მონდომებით დამიქნია ბომბორა თავი. მართალი ხარ. თუ მოინდომებ, ეჭვიც არ მეპარება, ჰაერში ფრენასაც შეძლებ ამ ფრთებით. აბა, ეს რა ფრენაა, ფრენა კი არა, ფარფატია.
      ამ სიტყვებით აგდებულად გაიქნია ხელი იქითკენ, სადაც ფერადფრთიანი ზღაპრული არსებები დასრიალებდნენ სივრცეში. ერთი უყურეთ, თურმე რა შეხედულების ბრძანებულა თავის ნაქებ ატრაქციონზე. თუმცა ეს მხოლოდ ჩემთან, ძველ ძმაკაცთან გაამჟღავნა. ამას სხვასთან როგორ იტყვის.
      დემურის შექებამ წამახალისა. ყოველთვის საამოა ქება, თან მეც უკვე მომზადებულად ვთვლიდი ჩემს თავს, რათა შემდგომ საფეხურზე გადამენაცვლა, ანუ სიარულიდან ფრენაზე გადავსულიყავი. მე ხომ უკვე საკუთარი კიდურებივით მქონდა გათავისებული უფერული ფრთები, ამას აშკარად მიმტკიცებდნენ ლაღი და ბუნებრივი, ნარნარი ნახტომები...
      ნახტომის დროს მიმართულებაც და სიმაღლეც სულ თავიდანვე, მიწიდან მოწყვეტის ჟამს ჩემთვის მკაცრად იყო განსაზღვრული. ჰაერში მიმართულების შეცვლა ანდა სიმაღლის გაზრდა ჯერჯერობით მე არ მეცადა... მეგონა უკვე შევძლებდი, კარგა დიდი ნახტომი გამეკეთებინა და როცა მაქსიმალურ სიმაღლეს მივაღწევდი, კიდევ უფრო გამეზარდა იგი ფრთების დახმარებით. კიდევ კარგი, ამის გაკეთება რომ წყლით სავსე აუზის თავზე ვცადე; რაღაც უცნაური კორიანტელი დატრიალდა ჩემს ირგვლივ, მერე კი წყალში თავდაყირა მოვადინე ტყაპანი.
      შემდეგი ცდები ბევრად უფრო მოკრძალებული გახლდათ. მაღალი ნახტომი აღარ გამიკეთებია, სულ რაღაც ორიოდე მეტრის სიმაღლეზე ვცადე მიმართულების შეცვლა, ისევ ცივი აბაზანა მივიღე, თუმცა ნაკლები კორიანტელით. მეც დავასკვენი, რომ მე ჯერ კიდევ შორს ვიყავი უფერული ფრთების გათავისებისგან. ანდა ვთქვათ, თუ მივაღწიე გათავისების რაღაც საფეხურს (ეს მაინც აშკარაა) თვით იმ სამყაროს ვიცნობდი ძალიან ცუდად, რომლის დაპყრობასაც ვცდილობდი ამ ფრთებით. მე არ ვიცნობდი ჰაერის ტაღლებს, არ მესმოდა მათი ენა. ეს არ ითქმოდა უფერულ ფრთებზე. ამ საოცარ ნაკეთობას მართლაც რომ ესმოდა ჰაერის ტალღების ენა, ყოველ შემთხვევაში, თუ შეიძლება უსულო არსებას მიაწერთ სულიერის თვისება, სწორედ ეს შედარება იყო ამ შემთხვევაში ყველაზე ზუსტი. იშვიათი გრძნობიერებით ეხმაურებოდა იგი ჰაერის თუნდაც სულ უმნიშვნელო რხევას. უფერული ფრთების შეხვედრა მეხუთე ოკეანესთან, ეს იყო ორი ძვლეი მეგობრის შეხვედრა (იმდენად კი ფლობდი უფერულ ფრთებს, რომ ეს აღმექვა). ამ ორ მეგობარს ესმოდათ ერთმანეთის, სულ ადვილად პოულობდნენ საერთო ენას. მე მათ შორის სრულიად უაზროდ ვიყავი ჩაჩხერილი. ეს ჰგავდა ყრუმუნჯის მოხვედრას ორ მომღერალს შორის. მე არ შემეძლო ხმა შემეწყო მათთვის, ჩემი სიტყვაც მეთქვა მათ თანხმიერ სიმღერაში.
    მდგომარეობის განსაზღვრა კარგი რამეა, ეს უკვე პირველი საფეხურია, რაზედაც შეიძლება ფეხი მოიკიდო. მაგრამ შემდეგ საფეხურზე ასვლა, ეს უკვე სხვა საქმეა. მე უკვე ვიცოდი ჩემი ადგილი, ვიცოდი რომ ყრუმუნჯს ვგავდი ორ დიდ მომღერალს შორის, და არაფრით არ მინდოდა ყრუმუნჯად დავჩენილიყავი. როგორმე უნდა გამეგო ორი დიდი მომღერლის ენა, მათთვის შემეწყო ხმა. ყოველ შემთხვევაში, უნდა მეცადა. მენანებოდა ის გზაც, რომელიც უკვე გავიარე ამ ფრთებით ვარჯიშისას...
      სრულიად მოულოდნელად, ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა ის დრო, როცა ცურვას ვსწავლობდი. სხვათაშორის, ცურვა არც ისე ძალიან მიზიდავდა. შორიდან გადავხედავდი ხოლმე მოცურავეებს, ნიჩბებივით თანაბარზომიერად რომ იქნევდნენ მკლავებს. მაშინ ასე მეჩვენებოდა, საკმარისი იყო მეც ასევე თანაბაზომიერად მექნია მკლავები, ცურვასაც შევძლებდი. თურმე არც ისე ყოფილა საქმე, როგორც შორიდან მეგონა. გამიკვირდა კიდეც, ისეთ წინააღმდეგობას წავაწყდი, როცა პირველად ვცადე ცურვა. რატომღაც იმწამსვე ვიძირებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მონდომებით ვიქნევდი მკლავებს. ასე ვიჯახირე რამდენიმე დღეს. უკვე მრცხვენოდა, ხალხის ყურადღება არ მივიქციო და სასაცილოდ არ ამიგდონ-მეთქი... ეს ამბავი ზღვის პირას ხდებოდა, გახურებული სეზონის დროს, სანაპირო დამსვენებლებით იყო სავსე. ვინ იცის, რამდენჯერ შევაქციე ზღვას ზურგი იმ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ მეტად აღარ მეცადა ცურვა, მაგრამ ერთი-ორი საათის შემდეგ ისევ მიმიზიდავდა ზღვის ლურჯად მოლივლივე, ატლასისებური ზედაპირი. ისევ თავიდან ვიწყებდი ყველაფერს, ღონივრად ვიქნევდი ხელ-ფეხს, ჩემს ირგვლივ წყალს კატერივით ვაქაფებდი. არაფერი არ გამომდიოდა. უკვე ვფიქრობდი, რომ რაღაც განსაკუთრებული სხეული მქონდა და წყალზე ტივტივს ვერასოდეს შევძლებდი. ამ დროს ერთი ჭაღარა კაცი მომევლინა მშველელად, დამადგა თავზე და წყალს რატომ ებრძვიო, მკითხა. გამიკვირდა ეს შეკითხვა; რას ნიშნავს ვებრძვი, როდის ვებრძვი...
      მეტისმეტად ღონივრად იქნევ ხელებს და ტალღებს ურტყამო, ამიხსნა. ტალღების ცემა-ტყეპა ვერაფერს გიშველის, ტალღას ხელი უნდა გადახვიო, როგორც კარგ ძმაკაცს. ისიც მხარში ძმაკაცივით შეგიდგება და გატივტივებსო. მივყევი მის რჩევას. ვცადე უფრო ნელა მომექნია ხელი, ანუ იმ ჭაღარა კაცის თქმით, ტალღისთვის გადამეხვია, თან ვცადე, სხეული მომედუნებინა. ამაზე ცალკე მივიღე შენიშვნა ჩემი მშველელისგან; კუნთები ცოტათი მოუშვი, მეტისმეტად დაძაბული ნუ ხარო, და მაშინვე გაოცებით შევნიშნე, რომ უკვე ვტივტივებდი წყალში. ის იყო და ის, რაკი დავრწმუნდი, რომ განსაკუთრებული სხეული არ მქონდა და წყალში ტივტივი შემეძლო, საქმე თანდათან წავიდა წინ.
      აი, ასეთნაირად ვისწავლე ცურვა. ბავშვები ბევრად უფრო ადვილად სწავლობენ ცურვას. წყალში ტივტივის ბუნებრივი ინსტიქტი მათში ბევრად უფრო ცოცხლად იჩენს თავს. მოზრდილ ადამიანში ეს ინსტიქტი უკვე მოჩლუნგებულია. ამას გარდა, მოზრდილი ადამიანი როგორღაც ყველაფერს ებრძვის თავის ირგლივ, სადმე ახალ გარემოში შესვლა მისთვის ბრძოლით იწყება. ეს თვისება ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს გამომუშავებული. ბავშვი ყველგან ბუნებრივად გრძნობს თავს თანდაყოლილი უშუალობის წყალობით. ო, რა უსაშველოდ იკარგება მერე ეს უშუალობა და რა დიდი ბრძოლის გადახდა გვჭირდება საკუთარ თავთან, რათა ხელახლა მოვიპოვოთ მისი რაღაც ნამცეცი. ბავშვმა რომ მოინდომოს, ალბათ ჰაერში ფრენასაც შეძლებდა. განა ეს ბავშვური უშუალობა რაღაც უცნობი სახის ენერგია არ არის?
    შევეჩვიე ზღვის ტალღებს, მართლა ძმაკაცივით გადავხვევდი ხოლმე ხელს. უწყინარი ზნისანი სულაც არ გახლდნენ ჩემი ახალი ძმაკაცები, მაგრამ მათთან საერთო ენის პოვნა ნამდვილად შეიძლებოდა, თუ მათი მუღამი იცოდი. ერთი წამითაც არ ვივიწყებდი იმ ჭაღარა კაცის შეგონებას, რომ წყალში თავისუფლად მეგრძნო თავი, რომ ისე უნდა მიმეღო იგი, როგორც მშობლიური სტიქია და არა რაიმე უცხო... ჩვენი სხეულიც ხომ უმეტესად წყალია. სიმართლე რომ ითქვას, კარგა დიდი ხნის ვარჯიში დამჭირდა, რათა მესწავლა წყალში თავისუფლად შეტრიალება, მდგომარეობის შეცვლა. სულ მეშინოდა, წონასწორობა არ დამეკარგა ამ დროს. შემდეგ კი, როცა თავი ლაღად ვიგრძენი, სხვადასხვა სტილით ცურვაც შევძელი. განსაკუთრებით გულაღმა ცურვა მომწონდა. გავცურავდი ნაპირიდან მოშორებით, იქ, სადაც მობანავენი ნაკლებად შეგაწუხებენ. რამდენიმე ილეთს გავაკეთებდი ხოლმე ლურჯ წყალში, რათა საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, თუ რა თავისუფლად ვფლობდი ამ ლურჯ წიაღს. შემდეგ გავწვებოდი გულაღმა, მკლავებს თავქვეშ ამოვიწყობდი და შევყურებდი ჩემს მაღლა გადაჭიმულ ლურჯ უსაზღვროებას. რა უძირო იყო ეს სილურჯე. მეჩვენებოდა, თითქოს მთლიანად ვიხსნებოდი მასში. ჩემს გვერდით ლურჯი ტალღები იწვნენ და ჩემთან ერთად შეჰყურებდნენ ლურჯ ცას... რა იცი, რომ არ შეჰყურებენ. რამეს დანახვის უნარი ხომ პირველ რიგში დასანახავი ობიექტის არეკვლის უნარია თავის თავში. ჰოდა, აკი ზღვის ტალღებიც ირეკლავენ ცის უსაზღვროებას და ლურჯ ფერს...
      მთელი სიცხადით და სისავსით აღსდგა ჩემში ეს განცდები, როცა უფერული ფრთების საბოლოო ათვისებას ვცდილობდი... იქნებ ახლაც ვეჩხუბები ტალღებს, ამჯერად უკვე უხილავ ძმაკაცებს. იქნებ ვერ ვგრძნობ თავს თავისუფლად, მეტისმეტად ვარ დაძაბული. მეტისმეტი მონდომება ხშირად საქმეს ვნებს...
      მაგრამ, როგორც შემდგომმა ამბებმა დამარწმუნეს, ჰაერის ტალღები ბევრად უფრო ძნელი მოსახელთებელნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩემი ძველი ნაცნობები, ზღვის ტალღები იყვნენ. მათ ასე ადვილად ვერ გადახვევდი მხარზე ხელს. თუმცა რაღაცას ნამდვილად მივაღწიე, სხეულისათვის თავისუფლების და სილაღის მინიჭებამ თავისი ჰქნა. მე შევძელი ნახტომის სიმაღლის გაზრდა ფრთების დახმარებით, ჰაერში მიმოხვევა, სპირალიც კი გავაკეთე, მაგრამ ჰაერში ჩემი მდგომარეობა ყოველთვის ძალზე არამყარი იყო. ძლივსძლივობით ვიკავებდი თავს, რათა ქვასავით არ დავშვებულიყავი ძირს. ყოველ წამს ვგრძნობდი, რა მერყევი და გაუბედავი იყო ყოველი ჩემი მოხრა. ვფიქრობდი, რომ დრო და ვარჯიში თავისას მოიტანდა. აკი აქამდე მშველოდნენ ხოლმე. აკი შევძელი ის, რაც თითქმის შეუძლებელი ჩანდა; საკუთარი სხეულის წონა ვაქციე ენერგიად, რათა ჰაერში მელივლივა: იმასაც შევძლებდი, რომ ისევე თავისუფლად მეგრძნო თავი, როგორც ზღვის ლურჯ წიაღში ვგრძნობდი.
      დრო გადიოდა მომქანცველ ვარჯიშებში, მაგრამ მე უკეთესობას ვერა და ვერ ვატყობდი ჩემს თავს. ჩემი ახალი ძმაკაცები ჯიუტობდნენ, ზიზღით უკუაგდებდნენ ჩემს ყოველ მცდელობას, ანდა ძალზე უხალისოდ მემორჩილებოდნენ, თან ისეთი უკეთური ხმით გააბამდნენ სისინს, მათში მუქარას ამოვიცნობდი აშკარად.
      ამრიგად, სხვა რაღაცა იყო ამ დროს საჭირო, როგორც დავრწმუნდი საბოლოოდ. წონის შემამსუბუქებელ ქამარზე არც კი მიფიქრია; ვიცოდი, რახან აქამდე მოვედი უიმისოდ, ამის შემდეგაც გზა უიმისოდ უნდა გავაგრძელო, მაგრამ სხვა რა უნდა იყოს ისეთი... ვფიქრობდი და ისევ ვაგრძელებდი მომქანცველ ვარჯიშებს. ჰაერის ტალღები ჯიუტობდნენ, არა და არ სურდათ მეგობრული ხელი გამოეწვდინათ ჩემთვის. მე ძველებურად ვგავდი იმ ყრუმუნჯს, რომელიც ორ მომღერალს შორის შემთხვევით მოხვედრილა, ვერა და ვერ შევუწყვე ხმა მათ თანხმიერ სიმღერას. მე თვით ჩემთვისვე მოულოდნელი სიჯიუტე გამოვიჩინე. არა და არ ვეშვებოდი ამ თითქოსდა უკვე აკვიატებად ქცეულ საქმეს. მენანებოდა ის გზა, რაც აქამდე გავიარე, მიჭირდა მასზე უარის თქმა.
      ერთხელაც, როცა დაღლილ-დაქანცულმა ვცადე ნახტომის სიმაღლის გაზრდა, ერთი საოცრება მოხდა: ჩემთვისვე უნებურად თვალები დავხუჭე, რაც ცხადია, დაღლილობის ბრალი იყო. თვალები ისე მიჭრელდებოდა ამ გაუთავებელი ნახტომებისას, რომ საგნებს წესიერად ვეღარ ვარჩევდი... ჰოდა, უეცრად რაღაც ცვლილება ვიგრძენი თვალდახუჭულმა; ვიგრძენი, რომ ფრთებმა მდორედ, რბილად ამიტაცეს მაღლა. როცა თვალები გავახილე, ჩემი ნახტომის სიმაღლე ორჯერ გაზრდილიყო, ისე სწრაფად ავჭრილიყავი ზევით, ამასთან ერთად, წონასწორობა ოდნავადაც არ დამიკარგავს.
      ცხადია, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, ლამის საკუთარ თვალსაც არ დავუჯერე. მაგრამ როცა ზედიზედ გავიმეორე ნახტომები და სიმაღლე ყოველთვის სრულიად ძალადაუტანებლად გავზარდე თვალდახუჭულმა, მივხვდი, რომ ნაღდად ვიპოვე რაღაცა ხელჩასაჭიდი.
    შემდგომში, ამ ახალი აღმოჩენით ფრთებშესხმულმა, განახლებული ენერგიით გავაგრძელე ვარჯიშები, თვალდახუჭული ვცვლიდი ჰაერში მდგომარეობას, თან ნაღვლიანი დაცინვით ვფიქრობდი ჩემს თავზე, რომ ახლა მე არა მარტო ყრუმუნჯს, არამედ ბრმასაც ვგავარ, ორ მომღერალს შორის მოხვედრილს.
      მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ეს ორი მომღერალი; უფერული ფრთები და ჰაერის ტალღები, ბევრად უფრო გულმოწყალედ სწორედ ბრმას ექცეოდნენ. მე ისე აშკარად ვიგრძენი ამ ნახტომების უპირატესობა, რომ მათი უგულვებელყოფა არაფრით არ შემეძლო. სრულიად თავისუფლად ვახერხებდი ჰაერში მიხვევ-მოხვევას, სიმაღლის გაზრდას, რაც შეეხება მიწაზე დაჯდომის ხელოვნებას, ეს ხომ საბოლოოდ დამუშავებული მქონდა...
      აქ ერთი თავისებურაც უნდა გავიხსენო, რაც ამ უფერულ ფრთებს ახასიათებთ; რამდენიც არ უნდა მევარჯიშა ამ ფრთებით, რა რთლუი სპირალებიც არ უნდა გამეკეთებინა ანდა ნახტომები, იგი არასოდეს არ იწვევდა სხეულის რომელიმე გარკვეული უბნის, ვთქვათ მხარ-მკლავების, განსაკუთრებულ დაძაბვას. ფრენისთვის გაწეული შრომა თანაბრად ნაწილდებოდა მთელ სხეულზე. ასე იყო ყოველთვის, ყოფილა შემთხვევები, რომ მთელი სხეული მტკიოდა დაღლილობისაგან, როცა ძალიან ბევრს ვივარჯიშებდი, გამოკვეთილად სხეულის რომელიმე ნაწილი მე არასოდეს არ მიგრძვნია.
      ახლა კი, ამ ბრმად ფრენამ მე მაგრძნობინა... რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ხერხემალი. დიახ, მე როგორღაც გამოკვეთილად ვიგრძენი საკუთარი ხერხემლის არსებობა. კიდევ ერთხელ გულდასმით დავათვალიერე უფერული ფრთები და დავრწმუნდი; იგი სხეულზე ისეთნაირად მაგრდებოდა, რომ მისი ყოველი შორის ფუძე ხერხემალს ეყრდნობოდა უშუალოდ.
      აი, თურმე რა ყოფილა, ვთქვი გახარებულმა. მართლაც კაცმა არ იცის, სად რას იპოვი, ბრმად ფრენა რომ არ მეცადა, ხომ ვერასოდეს ვერ მივაკვლევდი ამას. საქმე სწორედ ხერხემალშია... ვინ რა იცის, რა ფარული ძალა იმალება ამ საოცარი, ძვლოვანი მექანიზმის მიღმა. თვით სასწაულის მოხდენას შეძლებ, თუ შეძლებ ამ ფარული ძალის გამოფხიზლებას, თუ იპოვი მისკენ მიმავალ ბილიკს. როგორც ჩანს, უფერული ფრთების ერთერთი ძირითადი თვისება ამაში მდგომარეობს: იგი იცნობს ხერხემლისკენ მიმავალ ბილიკს. ალბათ ასეც უნდა იყოს. როცა ფეხი არაფერზე არ გიდგას და ჰაერში ხარ გამოკიდებული, საყრდენ წერტილს, სადაც მოგვხვდება, იქ ვეძებთ. იქნებ ის სწორედ ხერხემალშია მოქცეული, იქნებ სწორედ ხერხემალს შეუძლია ამ ყველაზე საუკეთესო სამსახური გაგვიწიოს.
      ერთი შეხედვით ეს ძალზე უცნაურად შეიძლებოდა ადამიანს მოსჩვენებოდა; თითქოსდა ჩვენმა ხერხემალმა ჩვენზე უკეთესად იცის, თუ რა მდგომარეობის მიღება სჯობს ჰაერში, მაგრამ ფაქტებს სად წაუხვალ. ხერხემალმა რაღაც იცოდა, ჩემზე მეტი. ხერხემლის გასწვრივ ჩამაგრებული უფერული ფრთები სწორედ ამ ცოდნას აღიქვამდნენ... თანაც სრულიად უბრალოდ, ხერხემლის გასწვრივი კუნთოვანი სისტემის მეშვეობით. ეს რაღაც თავისებური შიფრი იყო, რითაც ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, და ამ შიფრის გასაღები მე ასე ბედნიერად ჩამივარდა ხელში. დიახ, ეს მართლაც დიდი ბედნიერება გახლდათ, ხერხემალი და უფერული ფრთები ყოველთვის საჭირო მდგომარეობას იკავებდნენ ჰაერის ტალღების მიმართ, თუ... მე არ შევუშლიდი ამაში ხელს. ეს კი მაშინ მოხდებოდა, როცა ხერხემლისმიერი შიფრი და ცხადი აზროვნება ხელს არ შეუშლიდნენ ერთმანეთს, ანუ როცა საერთო ენას იპოვნიდნენ შინაგანი და ცხადი მხედველობა. ამ ორი სხვადასხვა მხედველობის სინთეზი თავისთავად გააფართოებდა ხედვის არეს, სამოქმედო ასპარეზს, ამის მიღწევა კი უბრალოდ, ტექნიკის საქმე გახლდათ. საბოლოო შედეგს გულმოდგინე ვარჯიშები მოიტანდნენ თავისთავად.
      მართლაც, ყველაფერი ისე წარიმართა, თითქოს რელსებზე მისრიალებდნენ, რომელთა მიმართულება თავიდანვე განსზაღვრულია. იმ იდუმალი შიფრის გასაღები მე აღარ გამიგდია ხელიდან, ჩემეული საკუთარი კავშირი დავამყარე საკუთარ ხერხემალთან. ყოველთვის გულდასმით ვაკვირრდებოდი მის უმცირეს მიდრეკილებასაც კი, რათა რამე გარკვეული მდგომარეობა დაეკავებინა ჰაერში და ძალზე ფრთხილად შემქონდა საკუთარი შესწორებები, ფრთხილად ვუთანხმებდი ერთმანეთს ცხად მხედველობებს და ხერხემლის მიერ ნაკარნახევ, იდუმალ შინაგან ხედვას. ეს იდუმალი კავშირი სულ უფრო მყარი ხდებოდა დროის გასვლის კვალობაზე. უფერული ფრთები და ჰაერის ტალღები თანწყობილად მოქმედებდნენ. მე აღარ ვგავდი იმ ყრუმუნჯს, რომელიც შემთხვევით მოხვედრილა ორ მომღერალს შორის... და აღარც ბრმას. ცხადი მხედველობა ხელს აღარ მიშლიდა. მეც შემეძლო ჩემი სათქმელი მეთქვა, ჩემი სიმღერა შემეწყო ორი დიდი მომღერლის თანხმიერი სიმღერისთვის, ჰაერის ტალღები ხალისით მეხმაურებოდნენ...
      ჰაერის ტალღები... ო, რა ახლოს მომიხდა მე მათ გაცნობა. ჯერ კიდევ მაშინ მაგრძნობინეს მკაფიოდ თავიანთი ძალა და ხუსტურებიანი ხასიათი, როცა ფარშევანგის ფრთებით ვერთობოდი. მე მაშინ წონის შემამსუბუქებელი ქამარი მეკეთა, რომელიც კედელივით იყო აღმართული ჩვენს შორის და ერთმანეთის გაცნობას გვიშლიდა. უფერული ფრთების წყალობით კი შეიძლება ითქვას, პირდაპირ ხახაში ჩავუვარდი მათ. როგორი გულარხეინობით გაგრძნობინებენ ყოველ წამს თავიანთ შეუვალ ნებას, რომელსაც ვერსაით და ვერანაირად ვერ გაექცევი; სულ უმცირესი ნაკადის ქროლვა უნდა აღიქვა, აღმავალი და დაღმავალი დინება, უნდა შეასრულო უამრავი რთული მოძრაობა, დროულად მიტრიალ-მოტრიალდე, თავიდან აიცილო წინააღმდეგობა, გამოიყენო ნაკადის ამწევი ძალა, და ყველაფერი ეს უნდა შეუთანხმო ამ უხილავ არსებათა შეუვალ ნებას, რათა როგორმე ილივლივო ჰაერში...
      და არსად, სხვაგან არსად ისე ახლოს არ არიან ერთმანეთთან მტერი და მეგობარი, მოკეთე და მოწინააღმდეგე, როგორც აქ, ჰაერის ტალღების პირისპირ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ თვითონ რა მდგომარეობა გიჭირავს მათ მიმართ. თუ სიმარჯვეს და მოხერხებულობას გამოიჩენ და არც გამბედაობა გიმტყუნებს, მაშინ ჰაერის ტალღები შენი ერთგული მეგობრები არიან. მართლაც კარგი ძმაკაცებივით ამოგიდგებიან მხარში. დიდ სიმაღლეზე აგიტაცებენ, შეუძლებელს შეგაძლებინებენ. მაგრამ თუ მყარად ვერ დგეხარ ფეხზე (ეს უკანასკნელი გამოთქმა, ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ), თუ მაინცდამაინც მარჯვედ ვერ მოქმედებ, მაშინ მოსისხლე მტრებად გექცევიან. საკმარისია სულ ოდნავ დაკარგო წონასწორობა, იმწამსვე გამოგეცლებიან მხრებიდან, ძირს არხეინად დაგანარცხებენ, თან საზიზღარი ხმით მორთავენ სიცილ-ხარხარს. ყველა-ყველა და, ჰაერის ტალღებმა ნამდვილად არ იციან დანდობა. ბევრჯერ მომიხდა საკუთარ ტყავზე მეწვნია მათი ეს მთავარი, ძირითადი თვისება. სიფრთხილეს შემაჩვია ამან. ნაბიჯ-ნაბიჯ, შორიდან ვეპარებოდი კატისებური ნაბიჯებით. გაუწყვეტლივ ყურებში მედგა ეს შეუბრალებელი დაცინვა და გველისებური სისინი, რითაც ისინი ხვდებოდნენ ჩემს უსასრულო მცდელობებს, რამდენჯერ კინაღამ ხელი ამაღებინეს ყველაფერზე.
      ახლა კი, მე ნამდვილად შემეძლო წარმატება მიმელოცა ჩემი თავისთვის, სრულიად თავისუფლად ვახერხებდი ჰაერში ლივლივს, მიხვევ-მოხვევას სურვილისამებრ, სიმაღლის გაზრდას. ჰაერის ტალღები თავზე ვერ მოხვევდნენ თავიანთ ნებას, პირიქით, ისინი დამყოლად ემორჩილებოდნენ ჩემს ნება-სურვილს, მხრებში მედგნენ ერთგული მეგობრებივით. ახლა უკვე შემეძლო ჰაერში ფრენის ლივლივის მრავალფეროვნებაზე მეფიქრა, ისე, როგორც სხვადასხვანაირი სტილით ცურვას ვეჩვეოდი იმის შემდეგ, რაც წყალში ტივტივი შევძელი. წინასწარვე ვიცოდი, მეხუთე ოკეანის წიაღში ცურვა მრავალფეროვნების მხრივ თუ არ გადააჭარბებდა, არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ლურჯი ოკეანის ტალღებს. მე უკვე, ასე ვთქვათ, ხელს ვიწვდიდი მისკენ, აღარ მაკმაყოფილებდა ეს თუნდაც ძალზე ფართო, ლაღი ლივლივი ჰაერში... აქ კიდევ ერთმა საკითხმა იჩინა თავი, რომლის მოგვარებაც გადაუდებლად ჩავთვალე...
ვერცერთი მოცურავე ვერ იგრძნობს თავს წყალში თავისუფლად და ლაღად, თუ თვითონ ზღვის წიაღს არ გაეცანი ცოტად თუ ბევრად. უნდა შეგეძლოს, თუნდაც სამიოდე მეტრზე დაყვინთო და მერე ისევ ამოყვინთო ზედაპირზე. უნდა შეგეძლოს წყლის სიღრმიდან თავის დაღწევა, როცა მოცურავე ამას ახერხებს, მაშინ მას წყლის სიღრმე აღარ მოეჩვენება რაღაც საშინელ უფსკრულად, უფრო ლაღი და გაბედური იქნება მისი მოძრაობა, და შესაბამისად უფრო კარგად შეძლებს ცურვას. აქაც ასევე, მეხუთე ოკეანის პირისპირ, მე მჭირდებოდა მისი წიაღის მოსინჯვა... ანუ აუცილებელი იყო თავისუფალი ვარდნის, - პიკეს დამუშავება. ჩემთვის აუცილებელი იყო, ყოველწამს მქონოდა იმის იმედი, რომ წონასწორობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ ქვასავით წამოვიდოდი ძირს, ყოველთვის შემეძლებოდა ისევ წონასწორობის აღდგენა... უამისოდ ჩემი მდგომარეობა ჰაერში მაინც არამყარი იქნებოდა, ჰაერში ლივლივის რა ტექნიკისთვისაც არ უნდა მიმეღწია.
      სიმაღლე, ცხადია, ძალზე ზომიერად შევარჩიე, თანაც ფართო აუზის თავზე. პირველივე ცდაზე საკმაოდ მკვეთრად ვიგრძენი, რამდენ მოულოდნელობას მალავენ თავის წიაღში ჩემთვის თითქოსდა კარგად ცნობილი უხილავი ძმაკაცები. როგორც კი ფრთები მოვკუმშე და ძირს ქვასავით დავეშვი, მაშინვე ისეთი უკეთური ხმით გააბეს სისინი, გამბედაობა არ მეყო, ცოტა ხნით მაინც შემეკავებინა თავი, ძალიან მალე გავშალე ფრთები ვარდნის ძალის შესამცირებლად. ჩემს ირგვლივ იმწამსვე ქარიშხლისებური კორიანტელი დატრიალდა და მე გვერდულად ჩავენარცხე წყალში.
      მეორე ცდაც მარცხიანი იყო. მესამეც... ოღონდ უნდა აღვნიშნო, ჩემზე ეს წარუმატებლობა ვერავითარ შთაბეჭდილებებს ვეღარ ახდენდა უკვე. სულ უმცირესი ეჭვიც კი არ მაწუხებდა, ვაითუ ამჯერად დავმარცხებულიყავი. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, დრო თავისას მოიტანდა, მე ჩემსას მივაღწევდი. შევამჩნიე, რომ ფრთის სულ მცირე შერხევაც კი საოცარ გავლენას ახდენდა ვარდნის მიმართულებაზე, ირგვლივ თითქოს ქარიშხალი ბობოქრობდა, ამ დროს წონასწორობის შენარჩუნება ძალღონის უკიდურეს დაძაბვას მოითხოვდა, განსაკუთრებით ფრთხილი უნდა ყოფილიყავი, ფრთხილი და მკაცრად გამოზომილი. თანაც პიკეს დაუფლება ჩემთვის სასინჯ ქვასავით იქნებოდა, იგი მთელ ჩემს გამოცდილებას ერთ წერტილში მოუყრიდა თავს, ამიტომაც სრულიად მისატევებელია ჩემი დიდი აღფრთოვანება საკუთარი თავით, როცა ბოლოს და ბოლოს შევძელი პიკეს გაკეთება. მაღლიდან ქვასავით წამოსულმა, უშუალოდ წყლის ზედაპირთან გავშალე ფრთები, რომლებმაც რაკეტასავით ამისროლეს ისევ მაღლა.
      შემდგომში ერთი ისღა რჩებოდა, თავისუფალი ვარდნის სიმაღლე გამეზარდა. რაც შეიძლება მჭიდროდ ფრთებშეკუმშული ვეშვებოდი დაბლა, ვარდნის სიჩქარე ყოველწამს მატულობდა. ჩემი უხილავი ძმაკაცები, ჰაერის ტალღები ამ დროს უკეთური სისინით და შხუილით ამჟღავნებდნენ თავს, რომელიც ბოლოს აუტანელ ღრიალში გადაიზრდებოდა ხოლმე. წყლის სარკისებური ზედაპირი ელვის სისწრაფით ახლოვდებოდა... ჯერ კიდევ ადრე იყო, ცოტაც უნდა გამეძლო... როცა წყალი უკვე მეტისმეტად ახლოს ამობრჭყვიალდებოდა თვალწინ, მხოლოდ მაშინ ვაძლევდი თავს უფლებას, უფერული ფრთებისთვის გამეხსნა გზა... ჩემი უხილავი ძმაკაცები, ჰაერის ტალღებიც მაშინვე იქ გაჩნდებოდნენ და გამყინავი სტვენით ამიტაცებდნენ მაღლა. შემეძლო მათი სრული იმედი მქონოდა; როცა კი მოვინდომებდი, მაშინვე ჩემთან გაჩნდებოდნენ ზღაპრული რაშებივით.
      ,,აჰა, ბილიკი, ლაღი და ხელთუქმნელი, შეაჩვიე მას თვალი და სხეული, შენს წინაშე განიხვნება ბჭენი ხელთუქმნელ ახალ სამყაროთა~, ცოტა არ იყოს, მაღალფარდოვნად მივულოცე ჩემს თავს, როცა ზედიზედ რამდენჯერმე შევასრულე პიკე და ყოველთვის უნაკლოდ. არცერთხელ ოდნავადაც არ დამიკარგავს წონასწორობა... რას იზამ, ალბათ ესეც საჭიროა ჩვენთვის, ხანდახან საკუთარი თავითაც უნდა დავთვრეთ. ამ დროს თითქოს თვით სამყაროც ფართოვდება. თოვლიანი მთები გზას გითმობენ, ზღვით ლურჯი ტალღები მოკრძალებით იხევენ უკან. შენთვის, მხოლოდ შენთვის ათავისუფლებენ გზას და სავალ ბილიკს, ეს შენ მოგიხმობს ყველაზე მიუწვდომელი სიმაღლე...
      სიმაღლე... რა ახლებურად აჟღერდა ახლა იგი ჩემთვის. პირველ რიგში ის იყო სასიკვდილო საფრთხის საზომი ერთეული; რაც მეტია სიმაღლე, მით მეტია დამსხვრევის შანსი. მაგრამ მეორე მხრივ, როცა უფერული ფრთები ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცნენ, სიმაღლე ჩემთვის აღარ ნიშნავდა უეჭველ სიკვდილს, ანდა თუ მაინც რაღაცით ენათესავებოდა მას, ყოველ შემთხვევაში, მე შემეძლო სრულიად თამამად გამესწორებინა მისთვის თვალი. იმ დროს, როცა ფეხქვეშ არავითარი საყრდენი არ გაქვს და ჰაერში ლივლივებ მხოლოდ საკუთარ ფრთებს მინდობილი, სიმაღლესთან თვალის გასწორება და შეჩვევა თითქმის იგივეა, რაც სიკვდილისთვის თვალის გასწორება. თუ ამას შესძლებ, მაშინ ბევრი საზღვრები წაიშლება შენს წინაშე. ალბათ ასეთი თვალით დაჰყურებენ მიწას ჰაერში მონავარდე ფრინველები. სიმაღლის შიში, დღევანდელ დღეს ასე გავრცელებული სენი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორო თავიდან. უამისოდ მეხუთე ოკეანე სამუდამოდ დახშული დარჩება შენთვის. მე ისევე აღარ მაფრთხობდა სიმაღლე, როგორც კარგ მოცურავეს არ აფრთხობს წყლის სიღრმე.
      და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა საბოლოოდ ისე გავითავისე უფერული ფრთები, თითქოს ჩემი სხეულის ნაწილი იყო, შევძელი სრულიად თამამად გამესწორებინა თვალი სიმაღლისთვის, იმისდა მიუხედავად ჩემს თავს ზემოთ იქნებოდა იგი მოქცეული თუ ფეხსქვემოთ. სრულიად ძალადაუტანებლად ვასრულებდი ყველა აუცილებელ მოძრაობას ჰაერში. ამ დროს ფრთებზე თითქოს არც ვფიქრობდი, მგონი არც კი მახსოვდა მათი არსებობა. მათ თვითონვე იცოდნენ თავიანთი საქმე, ისევე როგორც ჩვენმა კიდურებმა თვითონვე იციან საკუთარი დანიშნულება.
      უფრო მეტი გულისყურით მოვეკიდე ფრენის მრავალნაირობას, უკვე მქონდა ამის უფლება. საყრდენი წერტილი ნაპოვნი იყო, ეს წერტილი საკუთარ ხერხემალზე გადიოდა. მე ვგრძნობდი, რომ შემეძლო ჩიტისებური თავისუფლებისთვის მიმეღწია ჰაერში სხვადასხვა ილეთების შესრულების დროსაც, და არა მარტო მიწიდან მოწყეტის ანდა დაჯდომისას. საჰაერო ილეთების მრავალგვარობა ხომ, გადაჭარბებული არ იქნება ამის თქმა, კიდევ უფრო ამოუწურავია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გარემოს მიერ ნაკარნახევი ილეთები, წყალში იქნება ეს თუ ხმელეთზე. ნებისმიერი კუთხით მოხვევა ჰაერში, მიწისკენ შვეულად დაშვება, ანდა სპირალიდან სპირალზე მდოვრედ გადანაცვლება, ისე რომ ყოველ წამს შეცვალო სპირალის რადიუსი... ყველაფერი ეს საოცრად ადვილად მისაწვდომი აღმოჩნდა ჩემთვის. ჩემს ვარჯიშებს უკვე ვეღარ უწოდებდი ამ სიტყვას, _ ვარჯიშს. ეს უფრო გართობა იყო, საოცრად მსუბუქი, ამაღელვებელი, და ფანტასტიკური ერთობა...
      ღრუბლებზე თუ გისეირნიათ ბავშვობაში? მერა რა ადვილია... მკერდზე მჭიდროდ მიიკრავ სარკეს, რომელიც პირით აღმაა მიმართული და ზეცას ირეკლავს. ჩაციებით დააშტერდები სარკეში არეკლილ ღრუბლებს და ნელ-ნელა გადააგამ ნაბიჯებს. ჰოდა, მორჩა, მეტი არც არაფერია საჭირო. ღრუბლებზე დადიხარ და ესაა. საოცრად საამური გრძნობაა. ქათქათა, ფუმფულა ღრუბლები ურბილეს ხალიჩასავით გეგება ფეხქვეშ. ლამის კოჭებამდე ჩაეფლობი მასში... ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნაცნობ გარემოში სჯობია ასეთი გასეირნება, რათა შემთხვევით ქვას არ წამოჰკრათ ფეხი. მწვანე მოლი ხომ ყველაფერს სჯობია, უდიდეს ნეტარებას ეზიარები.
მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი ის წამია, როცა ბოლოს და ბოლოს დასრულდება ეს ურბილესი ბილიკი, ფეხქვეშ გაისრიალებს ღრუბლის ჩახუჭუჭებული ნაპირი და... ქვასავით ჩაეშვები უძირო, ლურჯ უფსკრულში. რამდენიმე წამით სუნთქვაშეკრული იქროლებ სივრცეში და სწორედ იმ დროს, როცა რაღაცაზე უნდა დაეცე, საიდანღაც აუჩქარებლად გამოცურდება მეორე ღრუბლის ხუჭუჭა, ქათქათა ნაპირი. მაშინვე სრულიად ძალდაუტანებლად შედგამ ფეხს მასზე და ისევ მისეირნობ ურბილეს, უფაფუკეს ბილიკებზე, სანამ ისევ არ ჩაეშვები ლურჯ უსასრულობაში.
      მეგონა, ისევ ამ ბავშვური თამაშით ვერთობოდი, როცა უფერული ფრთებით დავფრინავდი. ღრუბლები გამგონედ მიშლიდნენ ფეხქვეშ ურბილეს, ფაფუკ ხალიჩას. მე მივსეირნობდი მასზე, სანამ არ მომბეზრდებოდა... მერე მჭიდროდ მოვკუმშავდი ფრთებს და ქვასავით ვეშვებოდი ლურჯ უსასრულობაში. და სწორედ ამ დროს, როცა ფრთებს გავშლიდი, ისევ გამოცურდებოდა ღრუბლის ფაფუკი ხალიჩა... ასეთნაირად, ღრუბლიდან ღრუბელზე, სივრციდან სივრცემდე ვინაცვლებდი ნელნელა, თან განუწყვეტლად ვცვლიდი ჰაერში მდგომარეობას. სულ ავდილად დავეუფლე საკუთარი სხეულის ღერძის ირგლივ შეტრიალებას, ერთხელ ჰაერში გულაღმა გავსრიალდი... ამაზე წინასწარ არ მიფიქრია, როგორღაც თავისთავად მოხდა. შემდეგ კი, ჰაერში გულაღმა ლივლივიც უდიდეს სიამოვნებად იქცა ჩემთვის, ისე როგორც წყალში გულაღმა ცურვა. უფერული ფრთები ნებისმიერ მდგომარეობას საოცარი მგრძნობიარობით ეგუებოდნენ, დრეკადი კარკასი მაშინვე ყველაზე ხელსაყრელ ფორმას ღებულობდა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, ჰაერის ტალღები, ახლაც მხრებში მედგნენ ერთგულად. მეც სრულიად არხეინად გავწვებოდი მათ ღონიერ მკლავებზე და თვალმილულული შევცქეროდი ჩემს თავს ზემოთ გადაჭიმულ ლურჯ უსასრულობას. ჩემი უხილავი მეგობრებიც ჩემს გვერდით გაისუსებოდნენ და ჩემთან ერთად შეჰყურებდნენ ზეცის სილურჯეს.
      განსაკუთრებით ღამით იყო საამო ასეთნაირად ჰაერში ლივლივი. ღამით ფრენას მე სულ თავიდანვე მივაქციე ყურადღება, ვცდილობდი შევჩვეოდი მის ცოტა არ იყოს, შიშისმომგვრელ იერს. ახლა გამოიღო ნაყოფი ადრინდელმა მონდომებამ. უჩვეულოდ ლამაზი იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ასე ახლოდან... ისე აშკარად მქონდა ამ სიახლოვის შეგრძნება, ლამის ბოლომდე მერწმუნა, თითქოს მართლა ერთი ხელის გაწვდენაზე მივუახლოვდი მათ. თან მიკვირდა ამ გრძნობის აღმოცენება ჩემში, თანაც ძალიან მიხაროდა. ისევ ჩემი ბავშვური სურათი გამახსენდა უნებურად: მხრებზე შემისვა მამაჩემმა ერთხელ, ღამით და ისე დამასეირნებდა. მახსოვს, მის ღონიერ მხრებზე მოკალათებულმა თავი ავწიე მაღლა და სულ ახლოს დავინახე დიდი, ბრდღვიალა ვარსკვლავები. ხელიც კი გავიწოდე მათ მოსაწყვეტად, იმდენად ახლოს იყვნენ მაშინ ისინი ჩემთან.
      ახლაც, როცა ჩემი უხილავი მეგობრების მხრებს ვეყრდნობოდი, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ ჩემთან საოცრად დიდი, ბრდღვიალა ვარსკვლავები. ერთადერთი, მთვარეს თუ შეეძლო ჩვენს შორის ჩადგომა, მარგალიტისფერი მკრთალი შუქის ფარდას ჩამოუშვებდა ხოლმე, ამ დროს ცბიერი ღიმილი უკრთოდა სანთლისფერ, დანაოჭებულ სახეზე...
      იმის შემდეგ, რაც სიმაღლეს საბოლოოდ შევაჩვიე თვალი და დამყოლ მოკავშირედ ვაქციე, გარკვეულწილად წინანდელი ინტერესიც დამეკარგა მის მიმართ. ის ჩემს ხელთ იყო, როცა კი მოვისურვებდი, თუნდაც დღით, თუნდაც ღამით... როგორღაც ძალიან მიმიზიდა ჰაერში დაბალ სიმაღლზე აუჩქარებლად ლივლივმა, როცა ნელა, სულ ნელა გადაუფრენ თავზე მიწას. არ ვიცი, იქნებ ეს იმის გრძნობის საპასუხო რეაქცია გახლდათ, რაც თვითმფრინავში გვიჩნდება... თვითმფრინავი დიდ სიმაღლეზე დაფრინავს და ელვის სისწრაფით გადაუფრენს თავზე ყველაფერს, დათვალიერებასაც ვერ მოასწრებ ხეირიანად. ახლა, რაკი ფრთები თვითმფრინავს კი არა, უშუალოდ მე მეკუთვნოდა, რკინის უშველებელი კორპუსი აღარ იყო აღმართული ჩვენს შორის, მე შემეძლო ჩემი სურვილისამებრ მომეხმარა ისინი. ნელა, სულ ნელა გადაუფრენდი თავზე ჩემს ქვემოთ გაშლილ პანორამას. უნდა აღვნიშნო, რომ მე კარგა ხანია გავცდი სათამაშო ატრაქციონს. შევარჩევდი ხოლმე მყუდრო ადგილებს მწვანედ დაბურული ტყეების და ბორცვების თავზე, თვალისთვის განსაკუთრებით საამოა ასეთი ადგილების ზემოთ ლივლივი. უჩვეულო გრძნობა მეუფლებოდა, როცა ჩემს ქვევით ნელ-ნელა გაცურდებოდნენ ხეთა მაღალი კორომები, ლამის შევხებოდი მათ მწვანე კენწეროებს. ირგვლივ შემოვუფრენდი ფართოდ ტოტებგაბარჯღულ ხეებს, ჩიტის ბუდეებს ვეძებდი მწვანე ტოტებს შორის. მე აქ ყველაფერს ვერც გავიხსენებ... ასევე ნელა გადავუფრენდი ყვავილოვან, მობიბინე ველებს. შემეძლო ისე დაბლა დავშვებულიყავი, რომ ყვავილი მომეწყვიტა და ისევ გამეგრძელებინა ფრენა, ანდა თვით ყვავილიდან ყვავილზე მეფარფატა პეპლების დარად. თავი სიზმარში მეგონა ამ დროს. პირველ ხანებში მართლა მიჭირდა იმის გარკვევა, სიზმარი იყო თუ ცხადი ეს ყველაფერი.
      ხანდახან შევაკრთობდი ხოლმე თავისთვის მიმავალ ადამიანებს. ჩრდილი დაეცემოდა მათ წინ. ისინიც ამომხედავდნენ და მერე ღიმილით გადააქნევდნენ თავს. მფრინავი ატრაქციონის შესახებ ყველას გაეგონა რაიმე... უკანმოუხედავად საჩქაროდ გავეცლებოდი, სახლებსაც შედარებით სწრაფად გადავუფრენდი, მე ისევ ბუნების პეიზაჟები მერჩივნა. ერთხელ ბავშვებს გავუწიე სამსახური, სახლის სახურავზე სათამაშო თვითმფრინავი დამჯდარიყო, ისევ ბავშვებს დავუბრუნე მათი საკუთრება.
      როცა მიწის სიახლოვეს ლივლივი მომბეზრდებოდა, მერე ისევ სიმაღლეს მივაშურებდი, რათა მაღლიდან დამეხედა თვალისთვის საამო სანახებისთვის. პანორამის ხშირი შეცვლა და განახლება, - ეს ხომ ჩემს ხელთ იყო ყოველ წამს. ო, რა მგრძნობიარედ ეხმაურება ჩვენი სული პანორამის ყოველ შეცვლას, რა სხვადასხვანაირად არის განწყობილი ნებისმიერი რელიეფის მიმართ. ხანდახან თითქოს უაზროდ გეწინააღმდეგება კიდეც რაღაც ძალა... როგორც ჩემს თავს შევამჩნიე, ჰაერში ყველაზე უშიშრად მაშინ გრძნობ თავს, როცა შენს ქვევით ან ვაკეა გადაჭიმული, ანდა ზომიერი სიმაღლის ბორცვებია. მთები როგორღაც შფოთის, მოუსვენრობის გრძნობას ბადებს. ეს განსაკუთრებით ქარაფებზე ითქმის. წარმოიდგინეთ, რომ ნელნელა, აუჩქარებლად მიფრინავთ კარგა მაღალი მთის ანდა ზეგანის თავზე. აი, უკვე გადაუფრინეთ მის ყველაზე მაღალ წერტილს და... უცბად თქვენ ქვევით ისე შვეულად ეშვება კლდის მასივი დაბლა, თითქოს დანით ჩამოუჭრიათო. ქვევით, სადღაც უფსკრული იქმნება ამ შვეული კედლით. რა თქმა უნდა, იმ შვეულ ქარაფსაც ისევე ნელა, აუჩქარებლად, თანაბრად გადაუფრენთ, როგორც მანამდე იმ მწვანე ბორცვების თავზე დაფრინავდით, და ამ დროს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ... არ შეიძლება, რომ კარგა შესამჩნევი თრთოლა არ იგრძნოთ მთელ სხეულში, რომელიც ხერხემლის გასწვრივ ჩაირბენს და სადღაც ფეხის ქუსლებში ჩაიკარგება. ფრენის რიტმი არ დარღვეულა, უფერული ფრთები სრულიად ძალადაუტანებლად მიგაქროლებენ წინ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მაგრამ მაინც, რამდენიმე წამის განმავლობაში თვალწინ გიტრიალებს ის ქარაფი, რომელიც ეს-ესაა უკან მოიტოვეთ.
      ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გადავუფრინე ზემოთ აღწერილის მსგავს ქარაფებს, უფსკრულებს, განგებ ჩავაყოლებდი ხოლმე თვალებს, რათა ბოლოს და ბოლოს შევჩვეოდი მათ. მე ხომ არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავდი წონასწორობას, ანდა თუ დავკარგავდი, მისი აღდგენაც შემეძლო. აბა რისთვისღა ვიწვალე იმდენი პიკეს დამუშავებაზე... ყველაფერ ამის მიუხედავად, როგორც არ უნდა დამემშვიდებინა თავი იშვიათი ოსტატობის და საიმედობის შეხსენებით, მაინც ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა. ჯერ არ მომხდარა, უფსკრულის თავზე გადამეფრინა და ჩემი ხერხემალი არ გამოხმაურებოდა ამას თავისებური თრთოლვით, ვითომ უფსკრული კიდევ უფრო საშიში იყოს, ვიდრე სწორ ადგილის თავზე ფრენაა. სინამდვილეში ხომ პირიქითაა ყვალაფერი. უფსკრულში ჩავარდნისას შეიძლება რამეს მოეჭიდო, ქვას ან შვერილს, ანდა მცენარეს. ბოლოსდაბოლოს დაგორდები მის კედლებზე, თუ ქარაფი ძალიან შვეული არაა. ისიც შეიძლება, ჭაობის მსგავსი სინამე დაგხვდეს მის ფსკერზე. სწორ ადგილის თავზე ფრენისას კი, თუ მიწაზე დაეცი, კატასტროფა გარდაუვალია... ეს ყალბი განწყობა იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანს დაბადებიდანვე გამოუმუშავდა მყარი ინსტიქტი, უფსკრულის მიმართ. უფსკრული იწყება მაშინ, როცა საყრდენი გეცლება ფეხქვეშ, ანუ ეს არის გადასვლა სულ სხვა მდგომარეობაში... ადამიანს სწორედ ეს აფრთხობს ყველაზე მეტად.
      თანაც ხომ სწორედ ამას, ,,გადასვლას~ მიელტვოდა ადამიანი სიზმრებში თუ ოცნებებში. ამიტომაა ასე ამაღელვებელი ზღვის სანაპირო ზოლის თავზე ლივლივი. ნელნელა მილივლივებ ქვიშიან, ანდა კლდოვან ნაპირზე... ამ შემთხვევაში ეს სულერთია, აუჩქარებლად მიიწევ წინ. კიდევ ცოტაც და... უკვე ზღვის ლურჯი მოსარკული ზედაპირი გასრიალდა შენს ქვევით. შენ გადააბიჯე წყალსა და მიწის საზღვრებს, ტალღების ზემოთ მისრიალებ. გულს მოიჯერებ ამ ახალ გარემოში სრბოლით. ტალღებთან ერთად მიიწევ ნაპირისკენ, მათთან ერთად იხევ უკან. მერე, რომელიმე ტალღას აყოლილი, საბოლოოდ გადმოინაცვლებ ისევ ხმელეთის თავზე რათა შემდეგ ისევ ზღვის მოსარკულ ზედაპირს დაუბრუნდე. ძალზე ამაღელვებელი გასართობია ეს ,,გადასვლები~. წყლის ზოლი როგორღაც აკრძალული საზღვარივითაა გავლებული და მისი გადალახვა ყოველთვის უჩვეულო გრძნობას იწვევს ადამიანში.
      დიახ, ასეა... ეს ყველაფერი ერთად აღებული, რაც კი აქამდე გამიკეთებია, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვური გასართობია. ანდა სხვა რისი იმედი მქონდა? მე ხომ საბავშვო ატრაქციონით დავიწყე, ფერადი, ჭრელაჭრულა ფრთებით... ერთი წუთით, ძირითად სათქმელს უნდა გადავუხვიო. ერთხელ ლურჯი ზღვის ზედაპირზე ვლივლივებდი, ხან ზევით ავიჭრებოდი, ხან ისევ დაბლა, ზღვის მოსარკულ ზედაპირზე დავეშვებოდი. ცვალებადი ამინდი იდგა, მზე ხან გამოიჭყიტავდა ღრუბლებიდან, ხან ისევ მიიმალებოდა. სხივების კონები იჭრებოდნენ მათ შორის, ღრუბლებიც იფერებდნენ მათგან მოგვრილ ოქროსფერ არშიებს, ზოგიერთი ღრუბლის ქულა ლამის უშუალოდ ზღვის ზედაპირზე დაფარფატებდა. ჩემს დღეში არ მენახა ასეთი მკვეთრი მწვანე ფერის ზღვა, ნაღდი ზურმუხტივით გაჰქონდა კრიალი.
      მოულოდნელად ამ ზურმუხტის ზღვაზე ცისარტყელა გადაიჭიმა. ცისარტყელას დანახვა ყოველთვის საამოა, არ შეიძლება სიხარული არ იგრძნო ამ დროს, მაგრამ მსგავსი არაფერი მენახა; ასეთი მკვეთრი, უჩვეულოდ ცინცხალი, გამჭვირვალე ფერები... ძვირფას ქვებს მოგაგონებდნენ სიმკვეთრით. როგორც ჩანს, ზღვის ლაპლაპა ზედაპირიდან არეკლილმა შუქმა გააძლიერა ფერების ეფექტი, ამიტომაც საგანგებო ძალით აელვარდნენ ისინი. თუ ვინმეს სურს, რომ ძალზე მკაფიო, მკვეთრი ცისარტყელა იხილოს, უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ ზღვის ზედაპირზეა შესაძლებელი: ძვირფასი ქვებისგან უცხოდ ნაძერწი მნათი სვეტებივით იდგენენ ზღვის ზურმუხტისფერ ზედაპირზე ცისარტყელას ბოლოები.
      მე მაშინვე მისკენ გავეშურე, ცისარტყელას ვეთამაშებოდი. მე ხომ ზღაპარი ვაქციე სინამდვილედ, ახლა კიდევ ერთი ზღაპარი მეძახდა; ცისარტყელას ქვეშ უნდა გავმძვრალიყავი. ამ გადაწყვეტილებით მივფრინავდი მისკენ. ცისარტყელას ფერები სულ უფრო მკვეთრი ხდებოდა, მე ვუახლოვდებოდი მათ... ეს რა თქმა უნდა, ილუზია იყო, მაგრამ ფერები მართლაც სულ უფრო და უფრო მეტი სიმკვეთრით ელვარებდნენ. ღრუბლის ფუმფულა ქულებს ზედ ზღვის ზედაპირზე გაჰქონდათ ფარფატი, მათ ხუჭუჭა ნაპირებს შორის მზის სხივების ნაპეწკლები იფრქვეოდა. რამდენიმე პატარა ცისარტყელას ქმნიდნენ ეს ნაპერწკლები, ისინი ქათქათა ღრუბლებს ეჭირათ ფაფუკი მხრებით.
      მათი თვალიერებაც ფრიად საამო გახლდათ. აქეთ-იქით ვატრიალებდი თავს, რათა ცინცხალი ფერების ამ უჩვეულო შადრევნით დავმტკბარიყავი. უცებ ძალიან ახლოს დავინახე ცისარტყელას ფერები,... კაცმა რომ თქვას, მეტისმეტად ახლოსაც კი... ერთი წამით იმ ამზრმაც კი გამიელვა, იქნებ შევძელი ზღაპრის სინამდვილედ ქცევა, იქნებ მართლა მივეახლე ცისარტყელას და საცაა მის ქვეშ გავივლი... რა თქმა უნდა, ბავშვური იყო ეს აზრი, მაგრამ მე ვერანაირად ვერ შევიკავე თავი, რომ ერთი წამით არ მიმეშვა მისთვის სადავე...
      რა თქმა უნდა, ცისარტყელა მიუწვდომელი იყო ჩემთვის, რამეთუ ეს შეუძლებელია ძე-ხორციელისთვის, მაგრამ ცისარტყელას ჭახჭახა, ძვირფასი ქვებივით მჭვირვალი ფერები ახლაც მეტისმეტად ახლოს იყვნენ ჩემთან, მეტისმეტად ახლოს. ცოტა მეტი ყურადღებით მოვათვალიერე ჩემს ირგვლივ სივრცე... და უცნაური რამ ვიხილე; უფერული ფრთები... უფერული კი არადა, ცისარტყელასფერი ფრთები უნდა მეთქვა,... დიახ, ცისარტყელას ყველა ელფერით ციმციმებდნენ ისინი, რომელიც მე ერთ დროს აბლაბუდა მეგონა, ობობის მიერ გაბმული მტვრიან კუთხეში. ალისფერი, იისფერი, ლურჯი, ოქროსფერი... რიგრიგობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ეს ფერები, ხან ერთი მძლავრობდა, ხან მეორე, ხანაც თითქოს ერთად აბრჭყვიალდებოდა ყველა...
      შემიძლია დარწმუნებითა ვთქვა, რომ ამან კიდევ უფრო გამაოცა, ვიდრე უფერული ფრთების ადრინდელმა ქარაგმებმა, რომლებსაც მე ერთიმეორის მიყოლებით ვხსნიდი. თანაც, თითქოსდა არავითარი აუცილებლობა არ იყო ამისი, რომ ათასფრად ანთებულიყვნენ ჩემი უფერული ფრთები. მე ხომ გარეგნული პეწი არ მიძებნია, ჩემი ნებით ვთქვი უარი იმ თვალისმომჭრელ ფარშევანგის ფრთებზე, მე ის ვარჩიე, რაც ობობას მიერ მტვრიან კუთხეში გაბმულ აბლაბუდას ჰგავდა. თურმე ამ უჩვეულოდ ელვარე ფრთების არჩევანიც გამიკეთებია მაშინ... ამ უფერულ ფრთებში ხომ ყველა შესაძლებელ ფერს ერთად მოუყრია თავი, რაც კი შეიძლება შვას მზის და მიწის ცხოველმყოფელობამ. თვით ქათქათა ფერებიც, მე რომ ასე მხიბლავდნენ, გედს მაგონებდნენ... ისინიც აქ ყოფილა; რაღაც წამებში მოვასწარი შემემჩნია, რომ სხივთა კონების გადაკვეთის წერტილში მოხვედრისას რძისფერმა გადაუარა ჩემს უფერულ ფრთებს.
ყველაფერი ეს ძალზე უბრალოდ აიხსნებოდა: უფერული ფრთების შრეები ძალზე თხელი გახლდათ, მაგრამ მათ გააჩნდათ სხივების გარდატეხის უნარი, ჰო და, როდესაც სხივების განსაკუთრებით ძლიერ ნიაღვარში მოხვდა, რომლებიც ერთდროულად სხვადასხვა კუთხით ეცემოდნენ, მაშინ ეს უნარი განსაკუთრებული ძალით გამოიკვეთა, გარდატეხილი სხივების ფერებიც განსაკუთრებული ალით აელვარდა. მეც მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება. მერე სხვა დროსაც ვამჩნევდი ფერების ლივლივს უფერულ ფრთებში...
კიდევ რას უნდა ველოდო თქვენგან, უფერულო ფრთებო? ვკითხე მე მათ, თითქოს ცოცხალ არსებას ველაპარაკებოდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამქვეყნიურ ყველა ფერთა საგანძური იქნებოდა შენში თავმოყრილი, თუ ამ ზღაპარსაც აქცევდი სინამდვილედ; ცისარტყელას სიმაღლემდე ამიტაცებდი. ნეტავი კიდევ რას მიბოძებდა ეს საოცარი ქმნილება?
      თუმცა ეს ყველაფერი ხომ უბრალო თამაშია და სხვა არაფერი (ისევ ვუბრუნდები მთავარ სათქმელს), რა საოცრებასაც არ უნდა მივაკვლიო, არცერთი მათგანი ერთი გოჯითაც არ სცილდება საბავშვო გართობის სფეროს. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. ჩანს, უფერულ ფრთებს მეტი არაფრის მოცემა არ შეუძლია. ეს არის, როგორც თანდათან დავაზუსტეთ, შესანიშნავი საფრენი საშუალება, რითაც სივრცეში ლივლივს შევძლებთ. მართალია მას აქვს უნიკალური, ივშიათი ღირსება, რაც აქამდე არცერთ საფრენ აპარატს არ ჰქონია: მას არ სჭირდება გადაასწროს საკუთარ წონას, რათა ძირს არ მოადინოს ზღართანი. პირიქით, ამ წონას იყენებს თავის სასარგებლოდ და ჰაერში სრულ თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს. მაგრამ არც ეს ჩაითვლება მაინცდამაინც დიდ მიღწევად, რადგან უფერულ ფრთებს არ შეუძლიათ დიდი სიჩქარის განვითარება, რა სიჩქარის განვითარება შეუძლიათ უფერულ ფრთებს? დიდი-დიდი, შევარდნის სიჩქარეს მიუახლოვდეს, მეტი არა. ამას კი დღევანდელ დღეს, როცა სინათლის სიჩქარე დაბალ სიჩქარედ ითვლება, არავითარი ღირებულება არა აქვს. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება უკარგავს ფასს უფერულ ფრთებს და მხოლოდ საბავშვო სათამაშოებს შორის მიუჩენს ადგილს. მე განგებ არ ვახსენე აქამდე უფერული ფრთების სიჩქარე, რამდენადაც ამაზე ლაპარაკი უხერხულადაც კი მეჩვენებოდა.
      გულს მაკლდა ამის გამო. ერთხელ დემურისაც კი ვკითხე ამის შესახებ. ცხადია, ეს სრული უაზრობა იყო, მაგრამ ვისთვის რა მეკითხა? დემურის ახალი გასართობი მოეწყო: ეს გახლდათ კარუსელი, რომელიც მზის ირგვლივ მსრბოლ ცთომილებს განასახიერებდნენ. დედამიწაც იქვე ბრუნავდა, თავის მესამე რკალში. მფრინავი ატრაქციონის წევრები, ფერად-ფერადი ფრთებით აღჭურვილნი, თავზე დასტრიალებდნენ მბრუნავ ცთომილებს. ხან ერთ ცთომილზე დაჯდებოდნენ, ხან მეორეზე. ეს არც ისე ადვილი იყო, გარკვეულ ოსტატობას მოითხოვდა. ზოგი ახერხებდა ამას, ზოგიც მბრუნავ ცთომილისგან გატყორცნილი, ყირა-ყირა ვარდებოდა ძირს გაშლილ საგანგებო საფენზე. ერთი აურზაური იყო, ყველანი დიდ განცხრომაში იყვნენ. დემური გაბადრული სახით შესცქეროდა თავის მეურნეობას.
      სრულიად მოულოდნელად, ჩემს შეკითხვაზე დემურისგან ყოვლად უცნაური პასუხი მივიღე: ამ ფრთებს თანდაყოლილი სისწრაფე გააჩნიათ, მისი წყალობით ყველაზე დიდი სიჩქარის მიღწევა შეიძლება, რაც კი ძე-ხორციელმა შეიძლება განავითაროსო.
ჯერ ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი, მაგრამ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, იმწუთში უარვყავი ეს მოსაზრება. ამას გარდა, ისიც ვიცოდი; რა ნაკლებადაც არ უნდა ეხერხებოდეს ხუმრობა ჩემს ბუთხუზა ძმაკაცს, ტყუილებით მაინც არ შეეცდება მისი ადგილის შევსებას.
      - კი მაგრამ, რანაირად ახერხებდნენ ამას?
      - აბა, რა ვიცი.
      - თანდაყოლილი სიჩქარე რაღა არის?
      - არც ეს ვიცი...
      მეტი აღარაფერი მიკითხავს. დაფიქრებული მივაჩერდი მბრუნავ კარუსელს. ყველაზე ახლოს ჩემთან დედამიწა იყო, მასზე ვიღაც ე. წ. მფრინავი მოკალათებულიყო და გაბრწყინებული სახით იცქირებოდა. ფარშევანგის ფრთები ეკეთა, სწორედ ის ფრთები, რითაც მე ვერთობოდი ერთ დროს.
      ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც სასიამოვნო გრძნობა აღმიძრა ამან. თითქოს საკუთარ თავს ვხედავდი... ეს ხომ მე ვარ, ოღონდ ერთი განსხვავებით: ის გრძნობს ამ პატარა ცთომილს, პატარა დედამიწის სიჩქარეს, მე ამას ვერ ვგრძნობ.
      წამოსასვლელად მოვტრიალდი, დემურიმ არ გამომიშვა, შენთან პატარა საქმე მაქვსო. ბევრი მიკიბ-მოკიბვა არ დაუწყია, თანამშრომლობა შემომთავაზა, რჩევა-დარიგება უნდა მიმეცა ფრენის მოყვარულთათვის, როგორც ამ საქმის ნამდვილ ოსტატს. მეც მეტი რა მინდოდა, ისედაც თავისუფალი ვიყავი. სხვათაშორის სიტყვამ მოიტანა და როცა მფრინავ ატრაქციონს მივაკითხე, სამუშაოდან კარგა ხნის წამოსული ვიყავი იმ კომბიანტიდან. ცოტაოდენი ფული, რაც იმ სამუშაოდან შემომრჩა აქამდე, არაფრით არ მეყოფოდა, მფრინავ ატრაქციონს რომ არ შევეყოლიებინე. მხოლოდ საჭმელზე მეხარჯებოდა ფული, ისიც ძალზე ზომიერად. წონაში თითქმის მეხუთეთი დავიკელი. სხვა დანარჩენი კი, ჩემი დროსტარებაც და დასვენებაც, მთლიანად უფერული ფრთები იყო, სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. ყველაფერმა ამან ძალიან დაზოგა ჩემი სახსრები და საშუალება მომცა იქამდე მიმეტანა სული, სანამ ასეთი საამური საქმე ჩამივარდებოდა ხელში. თავისუფალი დროც ბევრი მქონდა. იმის შემდეგ როცა ჭკუაზე დავარიგებდი რომელიმე გამოუცდელ მფრინავს, შემეძლო საკუთარი თავისთვისაც მიმეხედა, ისევ გამეგრძელებინა ვარჯიშები, რათა უფერული ფრთების სიჩქარე გამეზარდა.
მე შევეჩვიე უფერულ ფრთებს, ძალიან მომწონდა ისინი. და ამ ფრთებს ხომ წონას ერთი ასად შემატებდა, თუ სიჩქარის ბარიერსაც ავიღებდი. მაშინ მას სულ სხვა თვალით შეხედავდა ყველა. ნეტავი რა ჰქონდა მხედველობაში იმ უცნობ ოსტატს: სიჩქარეზე რაღას ფიქრობდა, როცა ამდენი ღირსება მიანიჭა უფერულ ფრთებს? თავს ვიმტვრევდი ამგვარი ფიქრებით, ყოველი მხრივ ვუტრიალებდი უფერულ ფრთებს, ვცდილობდი მისი ეს უკანასკნელი ქარაგმა, - სიჩქარის ქარაგმაც ამომეხსნა. ვინ იცის, იქნებ დემურის მიერ როყიოდ წამოსროლილ სიტყვებში არის სიმართლის ნატამალი... ასე იქნება ნაღდად. მაშინაც ხომ არ ვირწმუნე მისი სიტყვა, როცა წონის შემამსუბუქებელ ქამარზე მითხრა ის დაუვიწარი ფრაზა, ხომ სრული სიმართლე გამოდგა ბოლოს.
      მერე, როცა გადაულახავ დაბრკოლებას წავაწყდი, ნელ-ნელა შევეშვი ამაზე ჯახირს. უფერულ ფრთებს არ შეეძლო ფრინველის სიჩქარეზე მეტი სისწრაფის განვითარება.
      თუმცა მხოლოდ დაბრკოლების ბრალი არ ყოფილა, თუ ამჯერად უარი ვთქვი სიჩქარის გაზრდაზე. როგორღაც არ მიზიდავდა ეს ამბავი. არ მინდოდა, მაინცდამაინც რაც შეიძლება ჩქარა მეფრინა. თუ სიჩქარე გნებავს, არსებობს უამრავი კონსტრუქციის საფრენი აპარატები. შეგიძლია ისინი გამოიყენო. ეს უფერული ფრთები კი ალბათ იმიტომ შეუქმნია ვიღაც უცნობ ოსტატს, რომ ჰაერში რაც შეიძლება თავისუფლად იგრძნო თავი, ნება-ნება ილივლივო და მერე იქ დაჯდე მიწაზე, სადაც მოგესურვება. ანუ აითვისო ყველა ის უპირატესობა რაც ფრინველს გააჩნია თვითმფრინავთან შედარებით... და კიდევ გადააჭარბო მას. შენ ხომ ადამიანი ხარ და არა ჩიტი. ისევ ჰაერში ნება-ნება ლივლივს მივყევი... ნიავთან ერთად დავსეირნობდი მობიბინე ველებზე. პეპელასავით ვინაცვლებდი ყვავილიდან ყვავილზე. ნელ-ნელა ჩავუფრენდი მწვანე ფერდობებს, ვაკვირდებოდი ხეების მწვანე ვარჯებს. ყოველი ჩემო მოძრაობა თავისუფალი და ლაღი იყო, შემეძლო ნებისმიერი მდგომარეობა მიმეღო, უფერული ფრთები არ მიმტყუნებდნენ. როგორც ზღვის ლურჯ წიაღში, ზუსტად ისევე ნება-ნება შევტრიალდებოდი ხოლმე ჰაერში. დღისით თუ ღამით, ჩემთვის სულერთი იყო.   
      ხან მზე დამნათოდა თავზე, ხან მთვარე და ვარსკვლავები მიპაჭუნებდნენ ცბიერ თვალებს. სად იყო ცა, სად იყო მიწა... იყო წამები, როცა მე ვკარგავდი ამის შეგრძნებას. მე ყველგან ვიყავი, და მთელი სამყარო ჩემთან იყო. მე მასში ვცხოვრობდი, სამყარო ჩემში იყო მოქცეული. მე ისევ ასეთი შეგრძნება მერჩივნა, სიჩქარეზე ფიქრი ბოლოს დამავიწყდა კიდეც.
      ერთხელ, ნება-ნება ვლივლივებდი დახატულივით ლამაზი ხედების თავზე. საოცარი სიწყნარე იდგა ირგვლივ, ჰაერი როგორღაც განაბულიყო. ჩემი უხილავი მეგობრები ისე უჩუმრად მიწვდიდნენ ღონიერ მკლავებს, თითქოს ცდილობდნენ საკუთარი არსებობა არაფრით არ გაემჟღავნებინათ. მიწა და ზეცა რიგრიგობით უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილს, სივრცე ნელ-ნელა ბრუნავდა ჩემს ირგვლივ...
      და უცბად, დროის რაღაც მონაკვეთში, ჰაერში უძრავად შეტივტივებულმა, რაღაც საოცარი სრბოლა შევიგრძენი. მომეჩვენა,  თითქოს სადღაც მივქროდი. ჩემს სიცოცხლეში ჯერ არასდროს მქონოდა სისწრაფის, ქროლვის ასეთი შეგრძნება.
          ერთი წამით მოვავლე თვალი ჩემს ქვევით გაშლილ სანახაობას. დავრწმუნდი,  რომ არსადაც არ მივქროდი. ოდნავადაც არ შევცლილან ჩემს ირგვლივ გადაშლილი ხედები, ისევ ისე ვტივტივებდი ჰაერში ღრუბლის ქულასავით. ამ დროს კი აშკარად მქონდა თავბრუდამხვევი სისწრაფით ქროლვის შეგრძნება. და უცებ მივხვდი, თუ რამ შვა ეს საოცარი განცდა... ეს იყო თვით დედამიწის საკუთარი სიჩქარე, რითაც იგი, ციურ კარუსელში ჩართული, თავის რკალს მიჰყვება და წინ მიისწრაფვის სამყაროს უსასრულო სივრცეში. ანუ თანდაყოლილი სისწრაფე,  რომელიც განუყრელად თან ახლავს ყველა მიწიერ არსებას, ადამიანი იქნება თუ ჭიანჭველა... 
        მართლაც,  რა უცნაურია, არა? თითქოს ადგილდან არც კი  იძვრი, ამ დროს კი მიჰქრიხარ დედამიწასთან ერთად, ოღონდ ამას ვერ შეიგრძნობ...  ვერ შეიგრძნობ იმიტომ რომ  მეტისმეტად  ახლოა შენთან. ანუ, უფრო ახლოს, ვიდრე თვით დედამიწა.
              უფერულმა ფრთებმა შემახსენა ამის შესეხებ.
            აი კიდევ ერთი საჩუქარი,  მათგან ( უფერული ფრთებისგან) მოძღვნილი.
              სხვებსაც  ველი.  ვიცი,  არ დამაღალატებენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები