ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2020


აღმართი

          ჭაჭიას ეძახდნენ, ჭაჭის არაყი  უყვარდა ნამეტანი.
          რა  იყო მისთვის ის წუთი, როდესაც  ჭაჭის არყით  სავსე მომცრო ჭიქას დახედავდა თავის ცხვირწინ...  ყოველგვარ ნეტარებაზე მეტი იყო. ჩუმად, გულში გაუღიმებდა, ამ ღიმილს სახე არ გასცემდა.  იმ პირველ წუთს სხვა  მომდევნო ნეტარი წუთებიც მიემწკრივებოდნენ და მოსდევდნენ, ჭიქის მოხელთება და აწევა,  სადღეგრძელო (რაც უფრო მოკლე იყო, ის ჯობდა), და ბოლოს ყველაზე  საამური წუთი, არაყს მოწრუპვა, მისი გემოს გასინჯვა.  მაინც, რა საოცრებაა ეს დალოცვილი, ცეცხლოვანი სითხე, სულ დაწვრილებით მოგიყვება ყოველ ნაბიჯს, რაც კი შენამდე გაუვლია. აგერ,  მაშვრალ  კაცს  (მის სახეს მაინცდამაინც ნათლად ვერ ხედავდა, მაგრამ ეს არ ანაღვლებდა)  შეშა  დაუხვავებია,  ცეცხლს ანთებს. ცეცხლზე გამურული ქვაბის შემოდგმული, რომელსაც გულისამაჩუყებლად მარტივი მოწყობილობაა მიერთებული. ცეცხლი ძლიერდება,  გუზგუზებს, ქვაბის შიგთავსი ბორგავს და იწყება ჯადოსნური პროცესი, საწვეთარიდან  ღვთაებრივი წვეთები მოწანწკარებენ, ერთმანეთს მისდევენ და საგანგებოდ შედგმულ ბოცაში გროვდებიან....    და რა უნაკლოდ, რა კარგად  ინახავენ  ყოველივე ამის სურნელს,  როცა  უკვე მომცრო ჭიქაში  გადაინაცვლებენ,  აქ არაფერია გამორჩენილი ან დავიწყებული; ყურძნის  მტევნები, მწიფე თუ გადამწიფებული,  ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ვაზის ლერწები ზედ შემხმარი ფოთლებით,  აყალო მიწის  მომცრო გორმახი,  ქვევრს თავს რომ მოუგოზავენ.  ნაცრისგან მოზელილ კოშტი,  არყით სავსე ბოცის თავსარქმელი...  ყველაფერი ეს  ცრემლივით გამჭვირვალე წვეთებშია უკლებლად შემონახული. თვით იმ პაწია კუმპალის სუნიც  კი,  ნაგვიანევ შემოდგომაზე ვენახს რომ მიახმება, ამ პაწია ჭიქაშია სხვებთან ერთად.    ამას ყოველთვის ცხადად გრძნობდა, უფრო მეტიც,  ხედავდა აშკარად ჭაჭია, ამიტომ მთელი გულით ჩაისუნთქავდა არყის სურნელს პირთან მიტანილი ჭიქიდან, სანამ მის  გემოსაც გაიზიარებდა სურნელთან ერთად, ასეთი ჩვევა ჰქონდა.
        იმ პირველ ჭიქას სხვებიც  მიჰყვებიან, სურნელით დ საამური გემოთი სავსენი,    არყის ჯადო ცეცხლს უკიდებდა ძარღვებს, გული უმატებდა ძგერას, სულ უფრო ახლობელი ხდებოდნენ არყის სურნელით გაცოცხლებული სურათები  და ჭაჭიაც ნეტარებდა,  პირზე ვარდგადაფენილი.  წითელი ვარდი იგულისხმება ცხადია, საკმაოდ ღაჟღაჟა ლოყები ჰქონდა, და ამას შავი წვერულვაში კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.  ბოლოს წაუღიღინებდა კიდეც, ან თვითონ წამოიწყებდა, ან სხვებს აჰყვებოდა.  მართალია, ხმა მაინცდამაინც არ მოსდევდა, არც უნაკლო სმენა გაემეტებინა მისთვის განგებას, მაგრამ მაინც მღეროდა, ასე იყო, უსიმღეროდ არ შეეძლო.  რას მღეროდა?  აბა, ეს რა საკითხავია, როცა გემღერება, იმღერებ კიდეც;  ჩიტო - გვრიტო,  ჩემო ტკბილო მეგობარო,  დამიბრუნდი... და ასე შემდეგ.
        ამქვეყნად ყოველივეს აქვს დასასრული  და არც არყის ბოთლია ამ მხრივ გამონაკლისი, ცარიელდება ბოთლი, სუფრის წევრებიც აიშლებიან,  ყველა თავის გზას ეწევა.  ჭაჭიაც  მიაშურებს  თავის აღმართს,  სასმელისგად ოდნავ  ნაბიჯდამძიმებული.  სუფრიდან გამოყოლილი სანეტარო განცდაც თან ახლავს, მთელს სხეულში უვლის თრობის საამო განცდა და სიმღერის იშტა კვლავ ეძალება, მაგრამ თავს იკავებს,  ჯერჯერობით ხალხმრავალ ადგილებში უწევს სიარული და ცდილობს ნასმურობა არ შეეტყოს.  სავალი გზა აქ სწორია, ანდა თითქმის სწორი, გააჩნია სად ჩაიმუხლებენ საქეიფოდ, ნაბიჯის გამართვაც შედარებით ადვილია. ბოლოს მიადგება პატარა ღელეს, გადაივლის ხის ბოგირს, რომლის მიღმა უკვე  აღმართი იწყება.  შეუყვება ჭაჭია თავის აღმართს.  აქ უკვე აღარ მალავს თავის ნასმურობას, ბანცალბანცალით მიაბიჯებს.  სიმღერსაც სწორედ აქ, აღმართის დასაწყისშივე წამოიწყებს, თრობის სანეტარო განცდას სიმღერით უფრო აძლიერებს.  მიბანცალებს ჭაჭია და მღერის, მღერის გაუჩერებლად,  იშვიათად თუ შეისვენებს  სულის მოსათქმელად.  საერთოდ, ტანმჩატე კაცია,  მაინცდამაინც არ ამძიმებს აღმართში სიარული, მით უმეტეს ნასმურევზე.  ყოველ  შემთხვევაში სამაგისო არაფერი ეტყობა, სახე ბედნიერების ღიმილით უბრწყინავს.  ასევე ღიმილიან თვალს გააყოლებენ გზად შემხვედრნი, უმეტესად ნაცნობები. ჭაჭიას დაულევიაო,  გულში გაივლებენ. ჭაჭიას ეს კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას გვრის. ჰო, დავლიე, თვითონაც გულში ეხმიანება, სიმღერის იშტაც ემატება, ნეტარების ბურუსიც უფრო მეტად მძლავრობს. სულ სიმღერით და ბანცალბანცალით აივლის თავის სულმოუთქმელ აღმართს, როგორც ჩვენში იციან თქმა, სიმღერით შეაღებს თავისი ეზოს ჭიშკარს,  ეზოსაც სიმღერით გადაივლის. მანამდე არ ჩუმდება, სანამ ბალიშს არ მიანდობს თავს გამოსაძინებლად.
    ისე არავინ გაიგოს, თითქოს ჭაჭია არანაირ სხვა სასმელს არ სცნობდა, არყის გარდა.  ასე ნამდვილად არ ყოფილა, ღვინოსაც თავის პატივს მიაგებდა, მისი გემო და ფასიც იცოდა . თუნდაც ლუდი ვთქვათ, მაგრამ არაყს მისთვის გამორჩეული ადგილი ეჭირა  სასმელთა თაიგულში. როგორც იტყვიან, კაცია და გუნებაო. სიმღერის იშტაზე  არყის დალევა უფრო მოიყვანდა,  ვიდრე რომლიმე სხვა სასმელი. ჭეშმარიტად ასე იყო, ჭაჭის არაყის გადაკვრა და იმ აღმართის სიმღერით ამოვლა ყველაფერს ერჩივნა ამ ქვეყანაზე.
    სიმღერა არასდროს არავის ჩაუთვლია  ცოდვად, და მაინც, ჭაჭიას ჰქონდა ერთი ცოდვა სწორედ სიმღერასთან დაკავშირებით.  აქ საქმე  შემდეგში იყო:  ყოველთვის ერთნაირად არ უღიმის იღბალი ადამიანს,  არც ისე ხშირად ხერხდებოდა არყით სავსე ჭიქის აწევა და მოლხენა,  ქეიფს უფერული დროის შუალედები მოსდევდა,    შეიძლებოდა ეს შუალედები ძალიანაც გაჭიმულიყო დროში,  ჭაჭიაუძლებდა ამას, თუმცა ძალიანაც არ მოსწონდა. ვერ გრძნობდა თავს მაინცდამაინც კარგად, როცა თავის აღმართს უსიმღეროდ , ანუ სრულიად ფხიზელი შეუყვებოდა. რა მძიმე იყო ყოველი ნაბიჯი, რა  უსიხარულო იყო გზად შემხვედრთა სახეები.  ჭაჭიას მოთმინებასაც საზღვრები ჰქონდა,  და ერთ მშვენიერ დღეს იპოვა გამოსავალი, სიმღერით და ბანცალბანცალით შეუდგა თავის აღმართს, მიუხედავად იმისა, რომ წვეთი არაყი არ ჰქონდა დალეული.  აი ასე, მთვრალი კაცივით მიბანცალებდა, იფიქრებდი, რა კარგად მოულხენიაო.  მართლაც ჰგავდა მოლხენილს, და რა გგონიათ? მართლაც მოილხინა, სიმთვრალეს მოუხმო თავისთან სიმღერით, თრობაც ეწვია, ძარღვებში დაუარა, სისხლი გაუთბო.... უფრო მეტიც, არყის სურნელიც კი იგრძნო, მისი ცეცხლოვანი  გემო, ძალიანაც ეამა.  სიმღერსიმღერით და ფეხის ოდნავი შეშლით აათავა თავისი აღმართი, სიღერით გადაიარა ჭიშკარი და ეზო, მანამდე არ გაჩუმდა, სანამ ბალიშს არ მიანდო თავი.
        აღარც მოიშალა ჭაჭიამ ეს თავისი პატარა, მეტად უწყინარი  ცოდვა.  თავის ჭიას ახრებდა ამით, ქეიფსა და ქეიფს შუა გაჭიმული დროის  უფერულ შუალედებს ილამაზებდა,  თორემ სხვა რა, ვის რას უშლიდა. ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში სამი დღე მაინც (ხანდახან ოთხიც) სიმღერსიმღერით და ფეხშეშლით  აივლიდა თავის აღმართს. როდის იყო მთვრალი და  როდის  ფხიზელი? ეს არავინ იცოდა, თვითონ მის გარდა...  ისე დახელოვნდა ამ საქმეში, ვერანაირად ვერ შეატყობდი,  მართლა მთვრალი იყო თუ თავს იმთვრალებდა.
        თუმცა ამქვეყნად არაფერი დაიმალებაო, ძველთაგანვე თქმულა, ჭაჭიამაც თავის ტყავზე გამოსცადა ამ სიტყვების სიმძიმე.  გაცხადდა მისი საიდუმლო. გაუგეს ვიღაცეებმა,  თავს რომ იმთვრალებდა.  ჯერ ჩუმჩუმად ქილიკობდნენ ერთმანეთში, დასცინოდნენ ვითომდა მთვრალს; ერთი  შეხედეთ, როგორ ბანცალებს, ვითომ მთვრალი ვარო...სიმღერასაც როგორ აკრიმანჭულებს,  ვის ატყუებს ნეტავი... უნდა ითქვას, ასე საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, პირში არავინ არაფერს ეუბნებოდა, თვითონ ჭაჭია ვერაფერს ხვდებოდა.  თუმცა ბოლოს ამის დროც დადგა,  ერთ მშვენიერ დღს კარის მეზობელმა, მეტსახელად ყიამყრალს რომ ეძახდნენ, წინ  შემოფეთებისას ასეთი რამ მიახალა (თვალებში გესლიანი ნაპერწკალი გაუკრთა ამ დროს):
      - რა გამღერებს, შე უბედურო, მთვრალი კი არა, მშიერი ხარ!
    გაიგონა ჭაჭიამ ეს სიტყვები,  მისი შინაარსიც კარგად გაიგო, ის გესლიანი ნაპერწკალიც  შეამჩნია... და უნდა ითქვას მის საქებრად, წარბიც არ შეუხრია. ვითომც არაფერი გაუგონია, ისე გაატარა.  წამთაც არ შეყოყმანებულა, ისევ ისე გააგრძელა გზა სიმღერით და ბანცალბანცალით.  ყიამყრალი უყურებდა და თავისთვის ქირქილებდა.
  თუმცაღა, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, ყიამყრალის სიტყვები ჭაჭიას არაფრად ჩაუგდიაო.  ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა, ნეტავი ვინ სად და როგორ დამინახაო.  იქნებ თვითონ ყიამყრალმა მომკრა თვალი და იეჭვაო. გაახსენდა,  ძროხა გაუხდათ ავად ჭაჭიას და მის თანამეცხედრეს.  ძროხა ძირს ეგდო და პირიდან დუჟი გადმოსდიოდა,  კინაღამ მოკვდა.  მისი დანახვისას მეტისმეტად სწრაფად  გამოფხიზლდა ჭაჭია,  ეზოში ბანცალით შემოსული, ძროხაც შეეცოდა და თავსი თავიც, მშივრები დარჩებოდნენ  მის გარეშე. მიეხმარა თავის თანამეცხედრეს, უწამლეს ძროხას, საამქვეყნოდ მოაბრუნეს. ახსოვს ჭაჭიას,  სწორედ ყიამყრალი  დაადგა თავზე მაშინ. მერე  სხვებიც მოვიდნენ,ისეთი ამბავი ატეხა  თანამეცხდრემ.  იფიქრა, ჩხრიკა ჭაჭიამ, ვერაფერიც ვერ დაადგინა, და მდომარეობიდან ყველაზე სწორი გამოსავალი იპოვნა, ისევ ისე უწინდებურად  გააგრძელა  თავისი ცხოვრება, მთვრალი თუ ფხიზელი,  ბანცალბანცალით და სიმღერით  ადიოდა თავის აღმართზე,  არ დაგიდევდათ,  ვინ რას და როგორ იტყოდა მასზე. არც ყიამყრალს თვალში მოკიაფე გესლიან ნაპერწკალს აგდებდა რამედ,  ვითომ საერთოდ ვერ ამჩნევდა, თავი ისე ეჭირა.
      ასე მიედინებოდა დრო, რაღაც მიჰქონდა, სანაცვლოდ კი რაღაც მოჰქონდა. ნელნელა ბერდებოდნენ ჭაჭია და მისი თანამეცხედრე. შვილები იზრდებოდნენ... ორი შვილი ჰყავდათ, ორივე ბიჭები. მათაც თავისი ეკუთვნოდათ ჭაჭიას მონაგარიდან და ღებულობდნენ კიდეც. ამას თანამეცხედრეც აღიარებდა. ‘’ეს ერთი ჭირი სჭირს (არყის სიყვარული იგულისხმებოდა), სხვაფრივ რა უჭირს,’’ ასე იტყოდა ხოლმე  ჭაჭიას მეოჯახეობის შესახებ და ამ საქმეში მას ნამდვილად დაეჯერებოდა.…
      განსაჯა განგებამ და მეტად არასასიკეთოდ მოტრიალდა ყოველივე, ქეიფი რას მიქვია, ლუკმაპურიც სანატრელი გაუხდა ჭაჭიას,    აღარავის სჭირდებოდა მისი დახმარება...  დამხმარე ხელი ერქვა ჭაჭიას საქმიანობას, ხან სად დაუძახებდნენ და ხან სად. ეზოს მეურნეობას საკმაოდ კარგად ართმევდა თავს, შეეძლო მიწის დაბარვა და დათოხნა. რაიმეს წაღებამოტანას ავალებდნენ, ესეც შეეძლო, მოსდევდა სამაგისო ჯანი.  თან ბევრსაც არაფერს თხოულობდა თავისი, ასე ვთქვათ, დახმარების სანაცვლოდ. ერთი სიტყვით, გაჭირვების ტალკვესი იყო, სხვასაც რგებდა და თავის თავსაც. ყველაზე მეტად კი ის დახმარება უყვარდა, როცა არყის გამოსახდელად დაუძახებდნენ.  სრულ ნეტარებაში იყო, მიუხედავად მძიმე შრომისა,  რაც ამ საქმიანობას სჭირდებოდა.  სამაგიერო გასამრჯელოსაც დიდი მოწიწებით იღებდა (ახალნახადი არყის რაღაც ულუფაც ხომ შეხვდებოდა, ეს კი სულაც არ გახლდათ პატარა საქმე), თან გუნებაში ასე ფიქრობდა: საცა სამართალია, იქით უნდა გაძლევდე ფულს ამ საქმისთვისო.  თუმცა ხმამაღლა ეს სიტყვები არასდროს უთქვამს, თანამეცხედრემ სასტიკად გააფრთხილა, სადმე მსგავსი არაფერი .წამოგცდესო.  თვითონ ჭაჭიას წამოცდა ეს სიტყვები მასთან და მაშინ მიიღო ეს დარიგება. 
      თავის მხრივ  თანამეცხედრეც  ცოდვილობდა თავისებურად  შეცვლლილი დროის კვალობაზე,  რაღაცას ყიდდა, რაღაცას ყიდულობდა. ზოგიერთ რამეს საკუთარ ეზოში მიკრეფმოკრეფდა, ზოგსაც ეზოს გადაღმა,  ლუკმაპურს აჩალიჩებდა. უკვე წამოზრდილი შვილებიც,  კაცმა არ იცის, სად დაიფანტნენ  სამუშაოს საძებრად....    ასე რომ ჭაჭიას უმეტესწილად მარტო უწევდა ყოფნა თავის გადაბრეცილ  სახლში.  თან რაღაც ავადმყოფობამ ჩაითრია, დაუმძიმდა სხეული, სიარული უჭირდა.  უმეტესწილად იწვა მარტოკა,  ოთხკედელსშუა უთენდებოდა და უღამდებოდა.  და რას ნატრობდა? ერთი კიდევ ამომატარა ჩემს აღმართზე სიმღერით და ბანცალბანცალით, მეტი არაფერი მინდაო.
        თითქოს არ იყო დიდად აუხდენელი ეს ნატვრა, ერთი შეხედვით, ასე ჩანდა. საუბედუროდ,  ვერა და ვერ გამოკეთდა ჭაჭია, საქმე რას მიქვია,  უკვე ფეხზე დგომაც კი დაუმძიმდა.  იწვა და ელოდა,  მაგრამ რას, თვითონაც არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, მაგრამ გუმანით რაღაცას მაინც გრძნობდა... ეგ არაფერი, გაივლებდა გულში. ჩემისთანები წასულან ამქვეყნიდან? მე ვინა ვარ მათთან  შედარებით, ისეთ ხალხს დაუტოვებია ეს საწუთრო. როცა იქნება, მოხდება გარდაუვალი, ეს არ მანაღვლებს. ერთი იმაზე მწყდება გული, ჩემი აღმართი რომ ვეღარ ამოვიარე სიმღერით და ბანცალბანცალით.
    ამ ნატვრაში უთენდებოდა და უღამდებოდა ჭაჭიას, თან როგორც იტყვიან, თვალსა და ხელს შუა დნებოდა. თანამეცხედრე ჟამიდან ჟამს გამოჩნდებოდა, საჭმელსასმელს დაუტოვებდა და მერე ისევ იკარგებოდა. არც ისე დიდხანს  ყოფნიდა ეს დანატოვარი ჭაჭიას, რაც არ უნდა გამოზოგვით ეჭამა.    სადღა იყო მისი ღაჟღაჟა ლოყები, ძვალზე კანი გადაეკრა,  თვალები ბუდეებში ჩაუძვრნენ.  ალბათ შეეშინდებოდა, საკუთარი თავი სარკეში რომ დაენახა, მაგრამ ახლოსაც არ ეკარებოდა სარკეს.  უწინაც არ იხედებოდა სარკეში, ახლა რაღად უნდოდა... ძნელი იყო მარტოობა,  ძალიან ძნელი. რა უღვთოდ იწელებოდნენ ღამეები, გამსაკუთრებით ზამთარში.  ხანდახან იმასაც ნატრობდა,  ყასიდად მაინც შემომიღოს ვინმემ კარები, ეს გაქვავებული სიჩუმე წამით მაინც გაალღოსო. ასეთ გასაჭირში მყოფს, ერთხრელაც არ მოსვლია აზრად, შვილებსთვის მოეხმო, იქნებ რაიმეთი შეშველებოდნენ,  ცოტათი მაინც...თავისი გასაჭირიც ეყოფათ უცხო ქვეყანაში გადაკარგულებს,  მე რაღად უნდა დავუმატოო, ფიქრობდა.  რაც შეეხება მის ოდინდელ საყვარელ დროსტარებას, არყით საამური თრობა, თავისი აღმართის  სიმღერით და ბანცალბანცალით  ამოვლა, უკვე  მეტისმეტად მიუწვდომელი ეჩვენებოდა,  ლამის ოცნებასაც ვეღარ ბედავდა მასზე.
    და ერთხელაც, სწორედ ასეთ უღვთო ღამეს,    კარები  გაიღო და  თავი შემოჰყო...  კარის მეზობელმა,  ყიამყრალმა. 
    შეხედა ჭაჭიამ,  გაუხარდა,  ვისი დანახვა აღარ გაუხარდებოდა მარტოობით გაბეზრებულს. 
    წამით შეყოვნდა ყიამყრალი კარებში, მერე შემოვიდა, ჭაჭიას მიაშურა. ცალი ხელით რაღაც შეხვეული მოჰქონდა.  ჭაჭია ჩუმად შეჰყურებდა,  კარგად შეფერთხილიყო მისი კარის მეზობელი, დროს  თავისი ულმობელი ბეჭედი მასზეც  დაესვა, რაღაცნაირი რუხი ნისლი ჩაჰფენოდა თვალებში, უკვალოდ გაექრო ჭაჭიასთვის კარგად ნაცნობი გესლიანი ნაპერწკალი.    არც ყიამყრალი იღებდა ხმას,    მიიხედმოიხედა, ორი მომცრო ჭიქა მოიძია, ჭაჭიას სასთუმალთან მიდგმულ სკამზე დაალაგა. ასევე უმძრახად შემოხსნა ქაღალდის ნაგლეჯი შეხვეულს, ბოთლი აღმოჩნდა, ცოტა რამ მისაყოლებელიც. 
      ჩამოასხა ყიამყრალმა  ჭიქებში ბოთლის შიგთავსი, ჭაჭის არყის ღვთაებრივი სუნი ეცა ჭაჭიას,  ეს მართლაც არაფერში შეეშლებოდა.
        - მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, მეზობელო, - ჭიქა ასწია ყიამყრალმა.
        - მადლობელი ვარ, შენც ყოველივე კარგს გისურვებ, - დაუბრუნა კეთილი სიტყვა ჭაჭიამ, სანახევროდ ყელში გაჩხირა სათქმელი, ხველება აუტყდა, დამდნარი ხელთ ჭიქას დასწვდა, მოწრუპა სასმელი, ხველებამ მაშინვე გაუარა. 
    ყიამყრალმა პირთან მიიტანა ჭიქა, წამით შეყოვნდა, მერე უკანვე დადგა.
      - ექიმი დალევას მიკრძალავს,  ნუ გეწყინება და ჩემს მაგივრადაც შენ დალიე.
    ყიამყრალმა  კარგად დარჩენა უსურვა და კარს უკან გაუჩინარდა.  დარჩა ჭაჭია თითქმის სავსე ბოთლთან და ერთ დაულეველ ჭიქასთან ერთად.
    ერთი რამ უნდა ითქვას,  ოდნავადაც არ გაკვირვებია ყიამყრალის გამოჩენა,  თანაც ძღვენით.  ამაზე ფიქრს დიდად არ ჩაღრმავებია, უბრალოდ არ უკვირდა და მორჩა.  რაც შეეხება მის მოტანილ ძღვენს, ამის დაჯერება კი გაუჭირდა, სულ ცოტათი მაინც, მაგრამ აბა, სად დაემალები ჭეშმარიტებას, მით უმეტეს, როცა მას ასეთი ღვთაებრივი სურნელი ასდის. ეს ნამდვილი ჭაჭის არაყი იყო, ეს ჭაჭიას არ შეეშლებოდა,  მისთვის კარგად ნაცნობი სურნელის მთელი თაიგული ახლდა უკლებლად, იმ პატარა ყურძნის კუმპალის ჩათვლით, ვენახს რომ შემორჩება ნაგვიანევ შემოდგომაზე.  უწინარეს ყოვლისა,  დასწვდა ყიამყრალის  დანატოვარ ჭიქას, გადახუხა, მისაყოლებელსაც გაუსინჯა გემო. მერე თვითონ ბოთლსაც მიეფერა და მოულხინა.  გაცოცხლდა  ძველი მიმქრალი  განცდა თრობისა... საამო ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში,  ძარღვებში სისხლი აუჩქროლდა, გულმაც ძგერას მოუმატა.  ო, რა ნეტარება იყო  ეს ყოველივე, თითქოს მკვდრეთით აღსდგა, ამოარღვია მიწა, რომელიც ამდენხანს გულზე ეყარა...  თუ რა მოყვებოდა  ამ თრობას, რას დაატეხავდა თავზე ავადმყოფს და ლოგინად ჩავარდნილს, ეს ოდნავადაც არ ანაღვლებდა.  უფრო მეტიც, საერთოდ არ გახსენებია...
      და აი ასე, სრულ ნეტარებაში გალია ის დრო, სანამ ბოთლს ძირი არ გმოუჩინა, როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე. სადღა იყო ავადმყოფობა,  ასე კარგად თავი მგონი ჯერ არასოდს უგრძვნია.
      ეზიარა დიდ  სიხარულს  ჭაჭია კარის მეზობლის საჩუქრით,  პირთმდე აივსო ნეტარებით, თითქოს მეტი აღარაფერი უნდოდა, მაგრამ მაინც დააკლდა რაღაც, და რა იყო ეს ‘’რაღაც?’’ თავისი აღმართის სიმღერსიმღერით და ბანცალბანცალით ამოვლა - აი ეს იყო.
    და ჭაჭიასაც ბევრი აღარც უფიქრია, წამოიწია ლოგინიდან, შეებრძოლა საკუთარ სხეულს, მის სიმძიმეს და დასძლია იგი.  საკმაოდ მხნედ გადადგა ნაბიჯები,  სამსაფეხურიანი კიბე ჩაათავა და აჰა, უკვე ეზოშია.  სიმღერაც მაშინვე წამოიწყო,  თუ რაღაც მისი მსგავსი, მაგრამ მალევე შეჩერდა.    ქუჩაში უნდა გაევლო სიმღერით, როგორც ძველ კურთხეულ დროს,  ეს იქნებოდა ამ სანეტარო წუთების დაგვირგვინება... ჭიშკარს მიაშურა ბანცალბანცალით,  ნაბიჯი, კიდევ ნაბიჯი, ჭიშკარი თანდათან ახლოვდებოდა... უკვე შუა ეზოში იყო, როცა მეტად უსიამო სიმძიმე იგრძნო.  მთელი სხეული წამში მოიარა იმ სიმძიმემ და  მუხლი მოუჭრა. ფეხზე ვეღარ გაძლო ჭაჭიამ, მიწაზე დაეშვა.
    - ცოტას დავისვენებ, - შეეხმიანა აკუთარ თავს, - მერე გავაგრძელებ გზას.
    იწვა მიწაზე და ისვენებდა, მერე ისევ სცადა ფეხზე დადგომა, არ გამოუვიდა. კიდევ ცოტახანსაც დავისვენებო,  გადაწყვიტა.
    ასე არაერთხელ განმეორდა, ერთი რამეც შეამჩნა თავის თავს, ხანდახან გონება  ებინდებოდა.  ასე არ ივარგებს, როგორმე ფეხზე უნდა დავდგეო, თქვა, შეებრძოლა საკუთარ სხეულს, და რა ძნელი  იყო ეს ბრძოლა, ასეთი მძიმე არასოდეს მოსჩვენებია საკუთარი კიდურები, ბოლოს ყოველივე ისევ გონების დაკარგვით დასრულდა.  აი ასე მიდი მოდიოდა უგონობასა და  გონზე მოსვლას  შორის, სიმძიმე კი არა და არ ეშვებოდა...
    და უცბად  როგორც იქნა, მოეშვა ეს წყეულ სიმძიმე, მოეშვა ერთბაშად, თითქოს არც არასოდეს არსებულაო. სხეულში საოცარი სიმსუბუქე იგრძნო,  არანაირი შებრძოლება აღარ დასჭირვებია საკუთარ კიდურებთან,  სრულიად თავისუფლად დადგა თავის ორ ფეხზე. ალბათ ჭიშკართან მისვლასაც შევძლებო, გაიფიქრა გახარებულმა ...თუმცა სადღაა ჭიშკარი,  მისთვის კარგად ნაცნობ სანატრელ აღმართს ხედავს ჭაჭია,  და სწორდ ამ აღმართზე მიაბიჯებს, ოდნავი ფეხშეშლით და ბანცალით, ზუსტად ისე, როგორც უწინ ძველ კურთხეულ დროს სჩვეოდა... მაშინვე სიმღერა წამოიწყო, ერთადერთი, სწორედ სიმღერა აკლდა , რათა თავი ბედნიერების მწვერვალზე ეგრძნო. სიმღერით და ბანცალბანცალით შეუყვა თავის აღმართს.    მიაბიჯებდა  და საამური თრობის  განცდა სულ ურო მძლავრობდა მასში,  მთელი მისი არსება პირთამდე აავსო ამ სანეტარო განცდამ. . .
                                                                    *  *  *

        -...ჩემს დღეში არ მინახავს  ისეთი კმაყოფილი და გახარებული სახე, როგორიც ამ საცოდავს ჰქონდა. ეგდო შუა ეზოში და იღიმებოდა.  რა უხაროდა ნეტავი?
    ეს დიალოგი ორ ქალს შორის გაიმართა , ჭაჭიას თანამეცხედრეს რომ ედგნენ მხარში.  ერთი მუჭა ხალხი მიაცილებდა ჭაჭიას უკანასკნელ გზაზე, შვილებმა ჩამოსვლა ვერ მოახრხეს, სადღაც უცხო ქვეყანაში  გადაკარგულებმა.  ეს არავის გაკვირვებია, ასედაც ხდება. ვერც კი  დაარქმევდი იმ თავყრილობას გასვენებას, ყველასთვის ავადსაცნობი სასახლე რომ არ სჭეროდათ მხრებით.  უახლოესი მეზობლები და ერთი ორი ნათესავი, ეს იყო სულ.  შედარებით შორებლებს სულაც არაფერი გაუგიათ. აკი იკითხა კიდეც ვიღაც გზად შემხვედრმა,  სამი მოსახლის იქით მცხოვრებმა  მეზობელმა, ვის ასაფლავებთო, სასახლეზე მიანიშნა შიშნეული თვალებით. პასუხიც მაშინვე მიიღო:
      - ჭაჭიას ეძახდნენ,  ჭაჭის არაყი უყვარდა ნამეტანი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები