 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2021 |
ჩვენ ვიყავით არც თუ ისე პატარები, სამნი. სხვენში თავბრუსდამხვევი რკინის კიბე ადიოდა, ათას თავგადასავალს ვიგონებდით, სხვენი იყო შტაბი და თავგადასავლები - მასშტაბური. სხვენში, ალბათ გაგიგიათ, ნაირგვარ ხარახურას ინახავენ სახლის მცხოვრებლები და ჩვენც, რობინზონის ალღოთი, ყველა ნივთს ჩვენებურად ვალღობდით.
ერთხელ, სხვენმა მუყაოს ყუთები გამორიყა, ეს იყო ნამდვილი განძი - ღია ბარათების კოლექცია, რომელსაც მთელი ცხოვრება აგროვებდა მესამესართულელი "ვიოლინო“, ხმელ-ხმელი, თეთრსაყელო-შავპიჯაკა მუსიკოსი. ის, თავის სიმებიან კვარტეტთან ერთად, დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, და საჩუქრებად ცოლისთვის, ჩამოჰქონდა ათობით ფაიანსის ბალერინა ღია ბარათები - თავისთვის. მერე კი ისე, როგორც კომბლეშია, ყუთებში აწყობდა და ჭერში ალაგებდა.
მადლი თქვენ, ღმერთებო ღია ბარათების! რამეთუ პური ჩვენი წარმოსახვის, მოიღეთ ასობით კალორია. სულ დასტა-დასტად დაწყობილი სადმე საოცრება იყო თუკი, იმ დროს სად იყო "გუგლი" და "იუთუბი"?! ყველა მულტფილმი - კადრები არნახული, დისნეი, ლინდგრენი... და მთელი ზაფხული ვდგებოდით ადრიანად, სხვენში ავდიოდით ლაღები, პაროლი, - "სიკოკუზე ვულკანმა ამოხეთქა“, პასუხი, - „ ვიოლინოს გასაღები“. ხოლო, საბრალო მუსიკოსი, ჯერ კიდევ მიწურულს წინა წლის, მოსკოვში წაიყვანეს, ამბობდნენ მეზობლები,- "კიბო აღმოაჩნდა რიღაცის". ჩვენ ეს ამბავი ნაკლებად გვაღელვებდა, ჩვენ ჯერ ამაზე არ ვფიქრობდით, მუყაოს ყუთები, პატრონის უნებართვოდ, სულ ერთიანად გადავქექეთ. ვიცხოვრეთ ყველა სასახლეში, ყველა მწვერვალზე დავეკიდეთ, ყველა გემბანზე გადავძვერით, ყველა მღვიმეში ჩავიჭყიტეთ. მაგრამ ერთ დღესაც დამთავრდა ყველაფერი! სხვენზე ღიად დაგვრჩა სარკმელი და სწორედ იმ ღამით მოვიდა თავსხმა და მთელი იატაკი, მასზე მოფენილი ღია ბარათებით - დაფარა! ეს იყო წარღვნა! ღმერთო, მაღალო! სველი და ერთმანეთზე დაკრული - ნილოსის დელტაში ცურავდა აისბერგი და ძველ ელადაში გადავიდა სტამბული, და ერთი მულტფილმიდან მეორე მულტფილმში გმირები თვითნებურად გადასახლდნენ...
რამდენი ვაშრეთ, - ვერა! ვერ გავაშრეთ ენა - ტირილით და გოდებით და დანაშაულის ვეება ლოდები ვიღაცამ - მოვიდა და, კისრებზე ჩამოგვკიდა. და მერე ჩვენში გაღვივდა შიშის, მხილების, სასჯელის მარცვალი, და სულის სიღრმიდან ზუსტად ერთ ღამეში, როგორც ბამბუკი გაიზარდა. და მერე ვიდექით პატარა კურდღლებად, მესამე სართულის კარებთან აკრული, ცახცახა ყურებით, - "ვაი, თუ ვიოლინო ჩამოვიდა"...
თუმცა, ერთხელაც, დასრულდება ყველა ლოდინი, და რაც არ უნდა აწვეს ლოდივით, თავისუფლდება ადამიანი. გარეთ გვიანი შემოდგომის იყო საღამო, და გავიგონე,- დედაჩემმა, აივნიდან, მეზობელი აივნის დედას როგორ ჰკითხა: -რა მოხდა, ნანა ? -მუსიკოსი გარდაიცვალა.
ღმერთო! როგორი სიხარულით წამოვხტი ფეხზე! თითქოს ჩემს თავზე აღმართული გილიოტინა გაიჭედა ვარდნის მომენტში.
დაუყონებლივ შევიკრიბეთ შტაბში და მახსოვს სიხარულით როგორ ვხტუნავდით, - ტრა ლა ლა ლა ლა! "ვიოლინო" გარდაიცვალა! ეს იმას ნიშნავს - ხახვივით შეგვრჩა და არ დაინგრა მთელი ქვეყანა, ეს იმას ნიშნავს, გადარჩენილ ბარათებზეც რომ შეგვეძლო წილი გვეყარა...
მუსიკოსი ვერ ჩამოვიდა. მუსიკოსი ჩამოასვენეს.
და მისი კუბოს სახურავი კიბის უჯრედზე - გრძელი, შავი და გამოკრული თეთრი ატლასით - დილით, სკოლაში მიმავალს რომ წინ ამეყუდა, ისე ჰგავდა საკუთარ პატრონს, ჩავღუნე თავი, გავიარე და ეგრევე ღრიალი წამსკდა. .... გვიან გავიგეთ, რომ წასვლის წინ სხვენში ავიდა, ამოიღო "ვიოლინომ" გასაღები, ღია დატოვა ბარათებით სავსე კარადა.
2020.დეკემბერი
ნინო ქოქოსაძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორც ყოველთვის , შესანიშნავია,, ძალიან, ძალიან მომეწონა. როგორც ყოველთვის , შესანიშნავია,, ძალიან, ძალიან მომეწონა.
1. ვაჰ, ნინო....
ფილმი იყო ახლა ეს, საუკეთესო ფილმი.
ვაჰ, ნინო....
ფილმი იყო ახლა ეს, საუკეთესო ფილმი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|