| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პროზა 21 აპრილი, 2021 |
გიყურებ. მეოცნებე, ფერადი ადამიანისგან რაღა დარჩი? ორად მოკეცილი, მოკუნტული წევხარ საწოლში. მოძრაობა გიჭირს. პერიოდულად იშმუშნები, ზურგზე სიცივე დაგივლის და გინდა ნეკნებიდან კანი აიგლიჯო. იცი რომ ეგ გაცილებით ნაკლებად მტკივნეული იქნება, ვიდრე ის შინაგანი რყევები, რომლებსაც მუდმივად განიცდი. შენში გამომწყვდეული შენივე თავია ეს. გახსოვს როგორ დაიწყო ყველაფერი? ერთ ჩვეულებრივ დღეს გადაწყვიტე რომ მარტოობა არ შეგეძლო და ნაწილ-ნაწილ უნდა გაგეზიარებინა ადამიანებისთვის შენი პიროვნება, რადგან ადამიანები ერთიანად ვერ იღებდნენ ემოციებს და გრძნობებს, დანაწევრებულად ჩამოარიგე საკუთარი თავი. რა აბსურდია ეს ყველაფერი. გამოაცხადო თითქოს მნიშვნელობა დაკარგე, ზედმეტი ხარ და მარტო დარჩენისგან თავის დასაღწევად ფასი დაუკარგო ყველაზე ღირებულს - საკუთარ თავს. შემდეგ უსახლკაროსავით იხეტიალო და ადამიანების თვალებში პატარ-პატარა აღფრთოვანებებით იკვებო. და სად ხარ ამ დროს შენ? ჩემ გარდა არავინ გეტყვის სიმართლეს. გამომწყვდეული ხარ. დიახ, შენ ხარ გამომწყვდეული საკუთარ თავში და ფიზიკურად აღარ გრჩება ძალა სამყაროს გაუზიარო როგორი ხარ. აი რა გიქნა ადამიანებისგან გარიყვის შიშმა. ის რაც სხვებისთვის მოუსვენრობა, ნერვიულობა იყო, წარმოადგენდა ემოციების ზღვას, რომლებიც გთხოვდნენ გათავისუფლებას. რა უნდა გექნა? გეყვირა. დამდგარიყავი და გეყვირა. მთელ ხმაზე გამოგეხატა რას გრძნობდი. ახლა კი წევხარ, ორად მოკეცილი, მოკუნტული და მხოლოდ საკუთარი სამყაროს მტკივნეული ბიძგები შეგრჩა. ძალიან კარგად მესმის, გინდა რამე დაიშავო, ფიზიკური ტკივილით გინდა გაიყუჩო შენში დაგროვებული, დაბუდებული ემოციები. თუმცა ძალა აღარ შეგრჩა. მეც ვერ გეტყვი რამდენი ხანი იქნები ასე, რამდენი ხანი იზმუვლებ და შეეცდები საკუთარი თავისგან პატიება მიიღო. არ უნდა გამოგემწყვდია. იქით უნდა ეძებნე ადამიანებს, შენ კი ისე ჩამოარიგე შენი მეოცნებე და ფერადი პიროვნება, თითქოს ის არაფერს არ წარმოადგენდა. გიყურებ ახლა თითქმის მომაკვდავს, დაბეჩავებულს. გზაგასაყარზე ვდგავართ და მე ვერ გპატიობ რომ ჩემი წილი სიყვარული ჩამოარიგე და შენში გამომამწყვდიე. იყო დრო გაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდი, როგორ დაინახავდი საკუთარ თავს და ახლა ხედავ. მე კი გეუბნები, არ გპატიობ რომ ჩემზე უარი თქვი და აღარ მინდა შენი ნაწილი ვიყო. ასე გამოიყურება ის ნელი სიკვდილი, რომელზეც წლების განმავლობაში ფიქრობდი. უყურებ საკუთარ თავს ორად მოკეცილს და არ გინდა რომ აპატიო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :( წარმატებები :( წარმატებები
1. ჩამძირეთ თქვენს შინაგან სულიერ მორევში მაგრამ ისე ამოვედი რომ არც კი დავსველებულვარ...
საერთო ჯამში ლამაზი მიგნებები გაქვთ მომეწონა! +2 ჩემგან ♥️ ჩამძირეთ თქვენს შინაგან სულიერ მორევში მაგრამ ისე ამოვედი რომ არც კი დავსველებულვარ...
საერთო ჯამში ლამაზი მიგნებები გაქვთ მომეწონა! +2 ჩემგან ♥️
|
|
მონაცემები არ არის |
|
|