ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პროზა
5 მარტი, 2009


ავშაგური

( რომანი )


    შეიძლება ბევრს კიდეც გაუკვირდეს, მაგრამ მთაში ამბავი, და განსაკუთრებით სიკვდილთან დაკავშირებული, ელვის სისწრაფით ვრცელდება. ბერდედის გარდაცვალებაც, უკვე შუადღისთვის,  არამარტო  ბუხრევმა, არამედ ლამის მთელმა ხეობამ  იცოდა. ნაშუადღევისთვის ჭირისმოზიარეებმა მოსვლა დაიწყეს.
    მწუხარების გასაზიარებლად თანასოფლელების დენა იმავე დღეს ბუნებრივიც იყო და მოსალოდნელიც, მაგრამ თავად ბერისა და ბუხრეველების გაოცებაც იმან უფრო გამოიწვია, რომ მოულოდნელად ეზოს ერთმა ქვემოსოფლელმა, როგორც იქაურებმა იცოდნენ ხოლმე თქმა, ახალი დროების კაცმა, მოაგდო ოფლში გახვითქული ცხენი. ამ კაცს, გედევან შიშმელიაშვილს, ილტოსხეობელები ერთგვარი ზიზღითა და რიდით უყურებდნენ. ზიზღით იმიტომ, რომ ჯერ 1919 წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, ახალციხის ფრონტიდან  გამოქცეულიყო და მერე კიდევ, 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის წითელ ნაწილებთან ერთად საქართველოს გასაბჭოებაში მიეღო მონაწილეობა. რიდით კიდევ იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლად ითვლებოდა ხეობაში და ბევრისთვის უკვე მოესწრო ცუდი საქმის გაკეთება.
    - ნეტავი გედევანა რაღამ მოიყვნა აქ? - გაკვირვებით გადაულაპარაკა ერთმა გლეხთაგანმა, გიორგი ზეკურმა, მეორეს, გოგოთურ არაბულს.
    - კარგი საქმისთვის, სამძიმრის სათქმელად ეგ აქ არ მოვიდოდა და ეშმაკმა უწყის მაგისი თავი... - უპასუხა ჩოხა-ახალუხში ლამაზად მოხდენილმა გოგოთურმა ტალავარიან გიორგის და ხელი მისდაუნებურად ხნჯლისკენ გაექცა.
    გედევანმა, ისე, რომ წესიერად არც კი მისალმებია ეზოში თავმოყრილ კრებულს, პირდაპირ დერეფანში გამომდგარი ბერისაკენ აიღო გეზი, რაღაც ფრაზები წაუჩურჩულა მგლოვიარე ჭირისუფალს, ხელი მკლავში გამოსდო და  სახლიდან მოშორებით მდგარი საჩეხისაკენ გაიყოლია.  დიდხანს არ უსაუბრიათ ბერსა და მოულოდნელ სტუმარს, ეს უკანასკნელი მალევე გამოემშვიდობა მასპინძელს და ისევ უკან, თავისი სოფლისაკენ გაქუსლა ცხენი - მხედარს სამხედრო მაზარა ეცვა, ხოლო თავზე წითელვარსკვლავიანი ხაკისფერი კეპი ეხურა. ცხენი ზორბა, მარდი და მოხდენილი იყო, მხედარი კი ტანმორჩილი, მფრთხალი და თითქმის მოუქნელიც კი.
საწელე ქამარზე შავი ტყავის კაბურიანი მაუზერი უელავდა, ხოლო გულ-მკერდზე ორი ყავისფერი ქამარი ჯვარედინად გადაეკვალთა. ცხენ-მხედარი უცებ მიეფარა თვალს, რადგან ბილიკი ხეობის მიხვეულ-მოხვეულ, მურყნიან ტყეში იკარგებოდა და მდინარის დაღმართ კალაპოტს თანდათან დაბლა და დაბლა ჩაჰქონდა.
    ბერი იმაზე უფრო გაფითრებული და შეძრწუნებული შემოუერთდა თანასოფლელებს, რა ელდაცა და ზაფრიც დედის უეცარ სიკვდილს დაეფარდაგა მის დაღლილსა და გაფერმკრთალებულ პირისახეზე. ამაოდ ცდილობდა იგი რაიმე სანუგეშოს მოსმენას მეზობელ-მეგობართაგან, რადგან კარგად ხვდებოდა, რომ გედევანის გამოჩენა ყველა მათგანისთვის მხოლოდ უარყოფით ემოციებს თუ აღძრავდა. ერთადერთ იმედად ისღა ესაყრდენებოდა, რომ ვინმე წინმასწარას რაიმე არ ეკითხა ამ უსიამოვნო ვიზიტის შესახებ, რადგან რომ ეკითხათ, უნდა გულწრფელადაც ეპასუხა და ბერს კი ამჟამად გედევანის ნათქვამებზე საუბარს თავადაც სიკვდილი ერჩია.
    არავის არაფერი უკითხავს ბერისთვის. გიორგი ზეკურმა საუბარი იმ კალაპოტით წაიყვანა, რაც ასეთ დროს უფრო მიღებულია. გამოიკითხეს, თუ რა სჭირდებოდა ოჯახს, ვის რაში წაეშველებინა ხელი, გაინაწილ-გამოინაწილეს დავალებები, დაგეგმეს მეორე დღის საქმეები და იმავე საჩეხში სახელდახელოდ გაწყობილი მაგიდისაკენ გალაგდნენ, რომ თითოროლა ჭიქით მიცვალებულის სულისთვის სამოთხის მიმართულება დაელოცათ.
    ეზოში, მცირე ჯგუფებად, ხანაც კენტად, შემოდიოდნენ შაოსანი დედაკაცები და, მთის წესზე, ხმამაღალი მოტირილით მიემართებოდნენ ოთახისაკენ, რომელშიც ბერის მოხუცი დედა დაესვენებინათ. გულისამაჩუყებელი და სულისდამზაფრავი გლოვ-ზარის ხმა გარეთ გამოდიოდა და ჩამავალი მზის არილებივით მძიმედ ეფინებოდა გარემოს. და გარემოც, ფოთოლგანძარცული და ლიტადგამრჩალი ტყე, ნაადრევი სიცივეებისაგან ახრიოკებული ბალახეულობა, ჯანგაროსფრად შეღებილი ველ-მინდვრები, ბინდისფრად გაშორ-სიგრძეგანებული მთა-გორები, უტყვ და ძალაუნებურ მსმენელად ქცეულიყო გლოვის მგოსანთა ცრემლიანი მოძახილისა.
    უკვე კარგად მოსაღამოვებული ეთქმოდა, როდესაც საჩეხში ანამზისა შემოვიდა და მამას ანიშნა,სუფრიდან წამომდგარიყო.
    - რა ხდება, რა ამბავია, ჩემო დედავ? - ასე მიმართავდა ხოლმე ბერი თავის ქალიშვილებს, - რა გინდოდა?
    - ეზოს ბოლოში, ღელესთან, ბექზე, ვიღაც უცხო ადამიანები, ქალი და კაცი, არიან და შენ გკითხულობენ, - მიუგო ანამზისამ მამას და თან იქითკენ მიუთითა, სადაც მართლაც მოჩანდა ორი უცხო პიროვნების საღამოს ბინდ-ბუნდით შემიტკლული სხეული.
    - არაფერი უთქვამთ, ვინებია? უნდა შემოგეყვანა ეზოში, შვილო, - უსაყვედურა მამამ ანამზისას და თან ახალმოსულებისაკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯითა და ყალიონის ენერგიული ბოლებით.
    რაც უფრო უახლოვდებოდა ბერი უცხო სტუმრებს, უფრო კარგად არჩევდა მათ სახესა და პროფილს, მაგრამ ამოცნობით კი ჯერ ვერც ერთი ამოეცნო. ერთადერთი, რაც მან კარგად და გარკვევით დაადგინა ის იყო, რომ მგზავრებს არააქაურად, საკმაოდ სუფთად და მოხდენილად ეცვათ და, ესე იგი, ალბათ, ქალაქიდან უნდა ყოფილიყვნენ. ცხენები, რომლებიც მათ აღვირებით ჯერ ისევ ხელში ეჭირათ, ზომაზე მეტად დაღლილებად გამოიყურებოდნენ, რაც, თავის მხრივ იმაზე მიუთითებდა, რომ მოსულთ ჩქარა ევლოთ.
    - თქვენ ხართ ბერი შიმშერაული? - იკითხა მგზავრთაგან მამაკაცმა, როგორც კი მასპინძელი სათქმელზე მიუახლოვდა.
    - კი. მე ვარ... - უპასუხა ბერმა და შეჩერდა, კიდევ უფრო მეტედ დააკვირდა უცნობებს და მოულოდნელად გულში რაღაც დაჭიმული ძაფების ელექტრონული რხევები შეიგრძნო, რომელმაც წამის მემილიონედ ნაწილში მთელ სხეულში ერთიანად დაუარა და გაკვირვების ისეთი მძაფრი მიმიკები აუთამაშა სახეზე, რომ, ცოტა მეტი სინათლის პირობებში, ალბათ  იანვრის მთვარესავით ცხადად წაიკითხებოდა მისი მღელვარების ყოველი ნიუანსი. - და რატომ გაჩერებულხართ ასე შორს... შემოდით, შემოდით.. სად თქმულლა სტუმრის ასეთ დროს სოფლის ორღობეში გაჩერება?.. - თავს ვეღარ უყრიდა იგი სიტყვებს.
    - ბერ... ბერ... ეს მე ვარ, საყვარელო, შენი ჰანნა!.. ნუთუ ვეღარ მიცანი?!. - გააწყვეტინა ბერს სიტყვა ქალმა თავისი აღელვებული ხმითა და  მისივე თანამგზავრისათვის გაუგებარ ენაზე მეტყველებით, თავისი ცხენის აღვირიც მასვე მიაჩეჩა ხელში და ბერისაკენ წამოვიდა, - როგორ მენეტრებოდი... როგორ... და, აჰა, მაინც გიპოვე... მოგაგენი... ო, ღმერთო!.. ო, ღმერთო!..


                                    ( გაგრძელება იქნება )

   
   








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები