ეს - თავისუფალი ლექსის ერთ-ერთი გარდამავალი სახეობაა.
ნინო დარბაისელი სტრონი
არმადილი
რა მოხდებოდა, რომ ამ დილით გვერდით მყოლოდი! ასეთი დილა მე არასდროს გამთენებია. ჩქაროსნულ გზაზე - სრულიად მარტო! ახლა კი რა ვქნა, თავი ხელში ავიყვანო, როგორც ბეღურა, დედის ბუდიდან გადმოვარდნილი თუ გზას ვუცქირო, შუქნიშანი რომ არ გამომრჩეს? დილაადრიან, პიკის საათზე ყველა მოჩქარე - მოგვიანეა, ყველა ნახევრადმძინარეა, მე კი უკვე არ მეჩქარება. თვითმფრინავამდე თუ ვერ მიასწრებ, მაშინ ერთ წუთს და ერთ საუკუნეს ერთი ფასი აქვს. ბედნიერებაც ასე არ არის? ანდა ცხოვრებაც - თუკი გაგასწრო, ვერასოდეს ვერ დაეწევი.
ჩვენ, ორივენი გათენებამდე ორი სხვადასხვა წერტილიდან ერთმანეთისკენ გამოვემართეთ. მე მზად ვიყავი გამოსაფრენად, მაგრამ ცხოველი გავიტანე.
რა მოხდებოდა, რომ ამ დილით გვერდით მყოლოდი! მერამდენედო, ახლა მკითხავდი. პირველია. ასე მგონია, ოდნავ დავლანდე დილის ნისლში, თავისთვის, გზაზე გადადიოდა, ჩემი მანქანა ზედ აახტა და მე ვიგრძენი, იმის ბაქანმა ბორბლებში როგორ გაიჭრიალა, როგორ შევქანდი!
ჰო, არმადილი გავიტანე, მუცელრბილი, ზურგბაქნიანი. აქამდე მხოლოდ სურათებზე მყავდა ნანახი. უკანაც აღარ მიმიხედავს. ხომ გვეკრძალება, თუნდაც სიჩქარე შევანელოთ; ხომ საშიშია მანქანათა გაქანებული მდინარების ასე დარღვევა. შუადღისათვის მერე სატვირთო ჩამოივლის, გზებზე დახოცილ ყველა ცხოველს წამოაგროვებს, მერე სად მიაქვს, აღარ ვიცი. საღამოსათვის, შინმიმავალნი ახალ ნადირებს დახოცავენ და იმ სატვირთოს სამუშაო არ მოაკლდება.
რაც ტყე გაკაფეს, მოტიტვლებულზე ყველგან სახლები ააშენეს. ეს საცოდავი ტურები, მგლები, მელიები და ბობქათები სამეზობლოში არა მხოლოდ რაიმე საზრდოს, წყალსაც ეძებენ, რადგან ის წყაროც დაიკარგა, დილით, ტყეში ხეტიალისას, იმასთან ახლოს, ხავსიან მორზე ჩამოსხდომად რომ ავდიოდით და უხეობით, უბუჩქობით, უპატრონობით ჩვენს ასასვლელში ნიადაგიც ჩამოიშალა.
რა მოხდებოდა, რომ ამ დილით გვერდით მყოლოდი! ახლა მეტყოდი: - ნუ იცი ასე დრამატიზება, ცრემლებიც რომ მუდამ მზადა გაქვს! ტყეს პატრონი ჰყავს, იმ პატრონმა საკუთრება სახლის მშენებლებს თვითონ მიჰყიდა, ხოლო კონტრაქტი და კანონიც , ჩვეულებრივ ითვალისწინებს, იმდენივე და კიდევ მეტი ხე დაირგოს შემოგარენში, მშენებლები რასაც მოჭრიან. გსმენია რამე „აღდგენითი მეტყევეობის“? ეროზიაზეც ნუ ინაღვლებ, მაგ ჩამონაშალს სულ მოჭრიან, ქვეშ ქვა-ცემენტის ბალიშები ჩალაგდება, ჯერ მსხვილი ხრეში, მერე წვრილი, ზედ პირველადი, მერე შავი, გამდიდრებული ნიადაგი გადაეგება, მერე ყველაფერს გაახარებ, რასაც ისურვებ.
გიპასუხებდი მშენებელო: - მერე ირმები, ან კურდღლები მანქანებს რომ უვარდებიან? ან ფრინველები სადღა წავიდნენ, ამ უტყეოდ რა ეშველებათ! ანდა თუ იმდენ ხეს დარგავენ, რამდენიც მოჭრეს, ხომ იგივეა, დედამ სანაცვლოდ იმდენივე შვილი დაბადოს, რამდენიც უკვე აღარა ჰყავს, რადგანაც ყველა შეიწირა ომის ბრმა ტყვიამ, ეს ცინიზმია და თუ მკითხავ, ცინიზმზე მეტიც და უხსოვარი დროიდან მოდის, იობს რომ ყველა დაეხოცა, უკვე დაზრდილი ქალ-ვაჟები და მერე ღმერთმა იმდენივე და კიდევ მეტი - ახალი მისცა.
რა მოხდებოდა, რომ ამ დილით გვერდით მყოლოდი! ვიცი, საუბრის თემას შეცვლიდი, რადგან ლოგიკურს ვეღარაფერს მიპასუხებდი ან მედიდურად გაჩუმდებოდი, ჩვენ ამ თემაზე საუბარი ამოვწურეთო. მე კი ჩემს ფიქრებს გავყვებოდი ამერიკიდან - საქართველოსკენ, სამშობლოსაკენ, სადაც ტყეები შეუსვენებლად იკაფება და სადაც ჯერ არ გაუგიათ, რას ეწოდება „აღდგენითი მეტყევეობა“.
დაე, ნურავინ გაამტყუნებს საქართველოში ხეთა მომჭრელ ადამიანებს! როცა საკითხი ასე დგება, გადარჩეს ხე თუ ერთი ბავშვი, ვინმე უმწეო, ადამიანს რომ აბარია, ეს - არჩევანიც აღარ არის, განაჩენია და აღარავის გაემტყუნება, თუკი შვილების სიცივისა და შიმშილისგან გადასარჩენად უფულო კაცი შემორჩენილი ტყისკენ მიმავალ იმედის ბილიკს გაუყვება, რასაც მოასწრებს, კიდეც მოჭრის და შინ მიზიდავს, ხოლო კანონი... ბევრი კანონი იმისთვისაა, რომ ამა სოფლის ძლიერებმა თავისზე სუსტებს ხელები კარგად შეუბოჭონ და თვით იხარონ... ცეცხლი კი კანონს არას დაგიდევს, რაც ჭრას გადურჩა, ხანძარს მიაქვს. ამბობენ, ცეცხლი - ბებერი ტყისთვის წამალიაო, მაგრამ ტყეს ვინღა დააბერებს, ანდა გაზრდას ვინღა დააცლის, როცა ბავშვს შია..
ან ამისთანა საუბრებში ნეტა სიყვარულს სადღა ვატევდით, არადა გვქონდა, ხომ ჩვენში იყო და შიგ ვიყავით, ლეიბად გვეგო, ჭერად გვეხურა წარმავალი. სამარადისო ჭერქვეშ ხომ მხოლოდ გარდაცვლილნი განისვენებენ, ჩვენ კი ვიდრე ვართ, კენტებიც და დაწყვილებულნიც ვართ უჭერონი და ამ სიცოცხლის შტურმებს, ქარიშხლებს თავგანწირულნი ვებრძვით, ხანაც ვემორჩილებით.
რა მოხდებოდა, რომ ამ დილით გვერდით მყოლოდი! მოგიყვებოდი, რომ მე ამ დილით არმადილი გავიტანე, ავად ვინიშნე და შუა გზიდან მოვტრიალდი, შემორჩენილი ხეების პირას გადავუხვიე, გამოღვიძებულ ტყეს ვუსმენდი და ვისუნთქავდი. ეს მერამდენე მესიჯია, პასუხი კი ჯერ არცერთზე არ გაგიცია. გთხოვ, მაპატიე, რომ გამოფრენა დავაგვიანე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა! ეს და კიდევ ახვს სამი ლექსი, რომლიდანაც ჯერ ყველა არ დსმიდია, დაიწერა ინგლისურენოვანი საერთაშორისო ანთოლოგიისათვის, რომელიც ეკოლოგიის( ტყის გაჩეხვის და აშ.) სოციალური უსამართლობისა და ამგვარ პრობლემებს ეძღვნება. დრამატულობა - პირდაპირი მოთხოვნა იყო. რაკი დავთანხმდი, თანაც სიხარულით, მათი ყველა მოთხოვნა შევასრულე მუხა! ეს და კიდევ ახვს სამი ლექსი, რომლიდანაც ჯერ ყველა არ დსმიდია, დაიწერა ინგლისურენოვანი საერთაშორისო ანთოლოგიისათვის, რომელიც ეკოლოგიის( ტყის გაჩეხვის და აშ.) სოციალური უსამართლობისა და ამგვარ პრობლემებს ეძღვნება. დრამატულობა - პირდაპირი მოთხოვნა იყო. რაკი დავთანხმდი, თანაც სიხარულით, მათი ყველა მოთხოვნა შევასრულე
3. მომეწონა კარგია, მაგრამ მეც ასე გეტყვი "ნუ იცი ასე დრამატიზება" მომეწონა კარგია, მაგრამ მეც ასე გეტყვი "ნუ იცი ასე დრამატიზება"
2. ჯონათან, დიდი მადლობა და მაპატიე, რომ დავაგვიანე. ეს და რამდენიმე ლექსი დაწერილია უცხოეთში გამოსაცემად მზა ერთი ანთოლოგიისათვის. ის საერთაშორისო ანთოლოგია ეძღვნება ეკოლოგიის თემას და არჩეულია ხუთი სხვადასხვა მიმართულება. ეს ლექსი - ტყეების გაჩეხვას შეესაბამება. ჯონათან, დიდი მადლობა და მაპატიე, რომ დავაგვიანე. ეს და რამდენიმე ლექსი დაწერილია უცხოეთში გამოსაცემად მზა ერთი ანთოლოგიისათვის. ის საერთაშორისო ანთოლოგია ეძღვნება ეკოლოგიის თემას და არჩეულია ხუთი სხვადასხვა მიმართულება. ეს ლექსი - ტყეების გაჩეხვას შეესაბამება.
1. ოჰ, რა კარგი იყო, რა ძალიან კარგი!
დიახ, ეს პოეზიაა- ჩვენს პროზაულ ყოფაზე!
ოჰ, რა კარგი იყო, რა ძალიან კარგი!
დიახ, ეს პოეზიაა- ჩვენს პროზაულ ყოფაზე!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|