ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2023


ჩემი წილი შვილები

ჩემი წილი შვილები მოვავლინე
მოვიკიდებდი და დავატარებდი
ფიქრიდან ფიქრამდე
სიზმრიდან სიზმრამდე
დილიდან დილამდე
ციდან მიწამდე...
განა მძიმე იყვნენ?!
განა ვწუწუნებდი?
განა რასმე ვჩიოდი?
ვერ გავიგე და ვერ ამოვხსენი
რად შეაბა უფალმა ფრთები
ჩემს უფროსს და გამიფრინა...
დავეცი და წამოვდექი...
დავიფერფლე და აღვსდექი
სიარულიც ვისწავლე, თუმცა
ჩემი წილი უფრო დამძიმდა
ახლა უფრო მოხრილი და მოკაკვული,
თავჩახრილი
ღრმად დახრილი
მიწის გამფხვიერებელ-დამნამველი
ხანდახანობით ცაში ავიხედავ
საყვედურით მოვჭუტავ ისედაც დაკორტნილ თვალებს
მერე შიშით, ჩავიბრუნებ წყენას,
მადლობას ვეტყვი დარჩენილი ორი ცალისთვის
დავაყოლებ-არ მიწყინო მე უბედურს-მეთქი და
დავიარები ჩემი წილი ჯვრითა და შვილებით
სველი ბალიშიდან სველ ბალიშამდე
შაბათიდან შაბათამდე
მარხვიდან მარხვამდე
მიწიდან ცამდე და
ჯერ ვერ გავფრინდი
ფრთები შენთვის ჯერ არ გვაქვსო
მზეც გამოვაო
ქვეშაგებსაც გაამზეურებ-ო.
ალბათ,
ღრმა ჭაც ამოშრება და მეც
ზურგსჯვარგაკრული თუ
ჯვარზეაკრული

გავმთლიანდები და დავისვენებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები