ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პროზა
17 მარტი, 2009


ავშაგური (თავი მეხუთე - გომურში)

    ტრადიციისამებრ, მეშვიდე დღეს ბერდედის საფლავზე გავიდნენ შიმშერაულები. მოიწვიეს მხოლოდ ძალიან უახლოესი ნათესავები, კარის მეზობლები, მესაფლავეები და პურის მცხობლები. ოჯახის თითქმის ყველა წევრი, თავის სტუმრებიანად, "ხირხატებისაკენ" გაემართა (ასე  ეძახდნენ იმ ადგილს, სადაც სასაფლაო მდებარეობდა). სახლში მხოლოდ ჰანნა, ხოლო გომურში თამარი და მისი ჩვილი პირმშო, ავშაგურიღა დარჩნენ.
    ცივი დღე იყო. მზე ხან გამოეღწეოდა ღრუბლებს, ხან ისევ შეიმალებოდა მათ ნაცრისფერ კრაველებში. ამიტომ საფლავთან დიდხანს არავინ გაჩერებულა. ლუკმა გატეხეს, რამდენიმე შესანდობარი დალიეს და ისევ უკან გამობრუნდნენ.
    ყველაზე ბოლოს, სხვათაგან კარგა მოშორებით, ბერი და გიორგი ზეკური მოდიოდნენ. ისინი სიყრმის მეგობრები იყვნენ, ერთმანეთის კბილანი. ერთად იზრდებოდნენ და ცხოვრებაშიც ბევრი რამ საერთო ქონდათ. ერთად გაიწვიეს ჯარშიც. ერთად მოუწია ფრონტზე ყოფნაც. თუმცა რაღაც პერიოდში მათი ეს ერთობა ისევ ომმა დაარღვია. გიორგი მსუბუქი ჭრილობით უკან, სამშობლოში გამოაბრუნეს, ბერი კი, ავსტრიის ფრონტიდან, ტყვეობაში მოხვდა და ოთხი წელი უცხოეთში მოუწია ყოფნა.
    გიორგი შეძლებული ოჯახისშვილი იყო. ზეკურები, წლების მანძილზე, მეცხვარეობას მისდევდნენ და მათი სამიათასსულიანი ფარა მთელ ილტოს ხეობაზე ყველაზე უფრო მრავალრიცხოვნად ითვლებოდა. მართალია, ეს ცხვარი სამი ძმის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ მაინც დიდი ქონება იყო და იმ არეულ დროში ბევრს უკარგავდა მოსვენებას. ამ მოუსვენრობამ განსაკუთრებით ანტაგონისტური ხასიათი საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ მიიღო. ის ადამიანები, ვისაც არასოდეს არაფერი გააჩნდა და ვინც ზეკურთა ამ დოვლათზე ადრიდანვე ილესავდნენ კბილებს, უკლებლივ ახალი ხელისუფლების გვერდით აღმოჩნდნენ და ახლა უკვე ოფიციალურად დაიწყეს მდიდარი ძმების წინააღმდეგ გალაშქრება. ზეკურებსაც ყავდათ თავისი მხარდამჭერები და მათ შორის ერთ-ერთ პირველ და გავლენიან მხარდამჭერად სწორედ ბერი შიმშერაული ითვლებოდა. იყვნენ სხვებიც, მაგრამ ბერისა მაინც ყველაზე მეტად ეშინოდათ იმიტომ, რომ შიმშერაულები ექვსი ძმანი იყვნენ და საკმაოდ პრინციპული და უსამართლობის მიმართ შეურიგებელი ხალხის სახელიც ქონდათ დავარდნილი.
    ერთი სიტყვით, ამ ორი ადამიანის მეგობრობას გარდა სიყმისდროინდელი სიყვარულისა, საერთო სოციალური სარჩულიც ედო და იმდენად ახლობლებად თვლიდნენ ერთმანეთს, რომ დაფარული თითქმის არაფერი გააჩნდათ.
    - და რას უპირებ მაგ ქაალს? - კითხა გიორგიმ ბერს ისე, რომ ამ წუთას ალბათ არც კი  დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ რთულსა და მძიმე შეკითხვას უსვამდა მეგობრს, - უკვე ერთი კვირაა, რაც აქ იმყოფება... ხომ იცი, შეუძლებელია, რომ თამარი ვერაფერს ხვდებოდეს... მალე ისიც გამოვა გომურიდან და მერე?.. მერე რას შვრები?.. გიფიქრია, რა შეიძლება მოყვეს ყოველივე ამას?..
      ჭკვიანი მკითხველი ალბათ კარგად ხვდება, თუ რა წარმოუდგენლად რთულ ვითარებაშიც იყო ბერი ჩავარდნილი. მოვლენები ისე ელვისებურად წაეწყვნენ ერთიმეორეს, რომ ლამის გაანალიზებაც კი ჭირდა: ჯერ ერთთვალიანი შვილის დაბადება, მერე დედის სიკვდილი, მერე გედევან შიშმელიაშვილის სტუმრობა, მერე ჰანნა ლანგვეგერრის გამოჩენა სოფელში... ეს იმდენად განსხვავებული ასპექტების საქმეები და საფიქრალი იყო, რომ შეიძლება სხვას მის ადგილას საერთოდ აბნეოდა თავ-გზა, სრულიად დაეკარგა ნორმალურად განსჯის უნარი და სტიქიური გამხდარიყო სიტყვასა და ქმედებაში. მაგრამ ბერი თავს ძალას ატანდა და ალბათ უკვე მეათასედ იმეორებდა ვაჟა-ფშაველას სიტყვებს: "გაძლება გმართებს, ნაბადო, ჭექა-ქუხილსა ცისასა"-ო. 
    მეგობრის შეკითხვაც, რას უპირებ მაგ ქალსო, მოულოდნელი არ ყოფილა ბერისთვის. სულ უცდიდა იგი ამ შეკითხვას. მას ან გიორგი დასვამდა, ან გაბრიელი, ან ვინმე სხვა. და რომც არავის დაესვა, ბერს მაინც უნდა ჰქონოდა მასზე პასუხი. ჰო.უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ კი ეპოვა ჯერ. ეს შეკითხვა, სიმართლე რომ ითქვას, გიორგიმდე, თავად ბერს ჯერ კიდევ მაშინ დაებადა, როდესაც ჰანნა მისი ეზის კარს მოადგა პირველად ამ ერთი კვირის წინ ჰანს გეორგ ზალიცმანთან ერთად. დაებადა, რადგან ჰანნას გამოჩენა უკვე თავად იყო ეს შეკითხვა. და მას შემდეგ ბერს ის გონებიდან არ მოშორებია. და ან კი როგორ მოშორდებოდა, როდესაც უმისოდაც ხშირად უტივივებდა ფიქრი ამ ქალის შესახებ. ჰანნას ნათქვამი ჰქონდა ბერისთვის, რომ როგორც კი ამისი საშუალება შეიქმნებოდა, ის აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში და აუცილებლად მოძებნიდა მას. ჰანნა არ იყო მსუბუქი სიტყვის ადამიანი. ის თუ რამეს იტყოდა, გააკეთებდა კიდეც და ბერმა ეს მშვენივრად უწყოდა. მათ უყვარდათ ერთიმეორე. თითქმის სამი წელიწადი იცხოვრეს ერთად და ეს არ იყო პატარა დრო. ამ სამმა წელიწადმა დიდი და მტკიცე ურთიერთობა ჩამოაყალიბა მათ შორის. ჰანნა ბერისთვის ყველაფერი იყო: სიყვარულიც, მეგობრობაც, მფარველობაც, გადარჩენაც, სიხარულიც, იმედიც და და ეს გრძნობათა მრავალფეროვანი პალიტრა ისე მეტასტაზებივით მოდებოდა მის ტვინსა და გონებას, რომ, სურვილის შემთხვევაშიც კი, უკვე შეუძლებელი გამხდარიყო მისგან განთავისუფლება. ამ ორიოდე წლის წინათ  ფიზიკურმა განშორებამაც კი, როდესაც ბერი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მანაც საბოლოოდ დატოვა შიონებეკის სილიანი მიწა,  ვერ გაანავლა, ოდნავადაც ვერ გააფერმკრთალა ბერის გულში მობრიალე ცეცხლი ჰანნას მიმართ. ვერც ოჯახს, ვერც ცხოვრების ყოველდღიურ საზრუნავს, ვერც სხვა უამრავ საფიქრალს არ შეეძლო დაეკავებინა მის ცნობიერებაში ის ადგილი, სადაც ჰანნას სასურველი პორტრეტი ესვენა რაღაც რამ უზენაეს სასოებასავით და რომელსაც ამ მთიელი ვაჟკაცის მზენაპკურები სიყვარული ასე დაჟინებით უბერავდა სულს... სულ მოელოდა ბერი ჰანნას გამოჩენას, ოღონდ იმ სიტუაციაში ნამდვილად არა, როგორშიც ის მას ეწვია. ამან ცოტათი კიდეც შეაკრთო შიმშერაული, თუმცა დიდი ფაფხური არც აქ შეუქმნია. სახლში, ერთადერთ სასტუმრო ოთახში, ქალს თავისი ადგილი მიუჩინა და ცნობისმიყვარეებსაც გასაგებად განუმარტავდა, იმ დამსახურების შესახებ, რომელიც ჰანნას ქონდა ტყვეობისას მისი გადარჩენის საქმეში. ეს ყველაფერი არ იყო მისთვის საძნელო საქმე. სირთულე სწორედ იქ იწყებოდა , სადაც საკითხი ჰანნას შემდგომ მდგომარეობასა და სტატუსს უნდა ეხებოდა. სირთულე იმ შეკითხვაში მდგომარეობდა ახლ გიორგის ენით კიდევ ერთხელ და ასე საჯაროდ რომ დაუსვა რეალობამ - რას უპირებ მაგ ქალსო...
    - სიმართლე რომ გითხრა, გიორგი, - შეჩერდა ბერი ერთ ადგილას და ყალიონი ღრმად მოქაჩა, - ჯერ მეც არ ვიცი, რა პასუხი შეიძლება გავცე მაგ შეკითხვას. ფიქრით ბევრს ვფიქრობ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მაქვს, ვერ მიპოვია. და ეს არცთუ ისე ადვილი საქმეა, როგორც შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს... - მძიმედ, შესამჩნევი პაუზებით ლაპარაკობდა ბერი. თან მეგობრის რეაქციებს აკვირდებოდა მის ყოველ სიტყვაზე, რომელიც ასევე გაჩერებულიყო და პირდაპირ თვალებში მიშტერებოდა მას. - შეიძლება ითქვას, რომ ეს ღამეები საერთოდ არ მძინავს... ვფიქრობ. ვფიქრობ.. და რაც უფრო ვიძირები ამ ფიქრებში, მით უფრო გამოუვალ, გაუხსნელ კვანძად იკვრება ეს ჩემი ფიქრები.. არ ვიცი. არ ვიცი...
    - ის ხომ იცი, რომ იმ ოჯახში, სადაც თამარია და იმ ტრადიციებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შეუძლებელია მაგ გერმანელი ქალისთვის ადგილი გამოინახოს?.. - პირდაპირ მიახალა გიორგიმ მეგობარს, - ის ხომ მაინც ძალიან კარგად იცი, რომ ეს ევროპა არ არის, ბერო, რომ ეს საქართველოა, სოფელია... და თან არც ისეთი სოფელი, რომ მრავალცოლიანობა მისაღებ ნორმად ითვლებოდეს.
      დაუნდობლად ეჩვენა ბერს გიორგის ეს სიტყვები, მაგრამ ამაზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ  ყალიონი, რომელშიც თუთუნი სულ ჩასწვოდა, ნერვიულად შეაბერტყა თხილის მსხვილ ხეს, რომლის  სიახლოვეშიც მისდაუნებურად გაჩერებულიყო და რაღაცნაირად ნაძალადევად, თითქოს თავისთვისო, დაბალი ხმით ჩაილაპარაკა:
      - ვიცი, ყველაფერი ვიცი... თამარიც... ქვეყანაც... სოფელიც... ტრადიციაც... მაგრამ მე ჰანნა დღესაც ისევე მიყვარს, როგორც, მაშინ, იქ მიყვარდა... როგორც აქამდე, უმისობისას, მიყვარდა... - და თითქოს გაახსენდა რომ თანამოსაუბრეც ყავსო, გიორგისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ამჯერად უფრო ხმამაღლა, უკვე აშკარად მიმართა მეგობარს: - მინდა იცოდე, შენ, ჩემო გიორგი, როგორც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რომ მე ჰანნა ძალიან მიყვარს და მოუთმენლადაც ველოდი მის ჩამოსვლას. ისიც კარგად ვიცოდი, რომ დაახლოებით ამ პერიოდში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ცხონებული დედაჩემის სიკვდილი იყო...
    - რაა? - თვალები გაუფართოვდა გიორგის, - იცოდი, რომ უნდა ჩამოსულიყო და ოჯახიანმა კაცმა, რომელიც ისევ შვილის შეძენას ელოდებოდი, არაფერი გააკეთე, რომ მისთვის ასეთი უაზრო გადაწყვეტილება გადაგეფიქრებინა?
    - რატომ უაზრო?.. - ვერ გაუგო ბერმა მეგობარს.
    - როგორ თუ, რატომ! - თავის მხრივ გაკვირვება ვეღარ დამალა გიორგიმ, - ხომ იცოდი, რომ მის აქ ჩამოსვლას არავითარი რეალური პერსპექტივა არ შეიძლებოდა ქონოდა? შენი მდგომარეობა ხომ თავიდანვე გამორიცხავდა ამას?!. და შენ მაინც წახვედი ამაზე? არ გეჩვენება, რომ თავად ჰანნას მიმართაც შეუბრალებლად მკაცრი ხარ?.. და რომ სიყვარულისთვის ასეთ სიტუაციაში ადგილი თითქმის აღარც კი დამრჩალა?..
    - რას ქვია, სიყვარულისათვის აღარ დამრჩალა ადგილი? - თავი ვეღარ შეიკავა ბერმა, - რომ არ მყვარებოდა, ხომ რამენაირად შევეწინააღმდეგებოდი მის აქ ჩამოსვლას?!. ანდა, პირიქით, მას რომ არ ვყარებოდი, განა ასეთ დროს ამხელა გზას გამოივლიდა?!. ამაზე მეტი სიყვარული რაღა შეიძლება იყოს?!. - ამ სიტყვებს ბერი დიდი თავდაჯერებით ამბობდა და ყურადღებას აღარ აქცევდა წვიმის წვეთების ხმაურს ტყეში, რომელიც თანდათან უფრო მატულობდა და თუკი დამასტის მთის მხრიდან წამოსული შავი ღრუბლების ლეგიონების მიხედვით იმსჯელებდა კაცი ,ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შეიძლებოდა სერიოზულადაც გაეავდრა... - მეტიც შემიძლია გითხრა, მინდოდა, გაგიჟებამდე მინოდა მისი აქ ჩამოსვლა და მოუთმენლადაც ველოდი...
    - მითხარი, ბერო, როდესაც თამარი ამ ქალის შესახებ მთელი კატეგორიულობით დასვამს კითხვას, რა უნდა ქნას მაშინ ჰანნამ? - არ ცხრებოდა გიორგი.
    - არ ვიცი... მანამდე ჯერ დროა... - დაბნეულად ჩაილაპარაკა ბერმა და მიხვდა, რომ ეს სიტყვები არავითარ პასუხს არ წარმოადგენდა დასმულ შეკითხვაზე.
    - ეგ იმას ნიშნავს, მეგობარო, - აღარ დაახანა ზეკურმა, - რომ ჰანნამ ილტოს მისცეს თავი და მისი ცოდვა კი შენ დაგაწვეს სულზე... - შეურიგებელი და დაუნდობელი იყო მეგობრის სიტყვები, მაგრამ ალბათ მაინც ყველაზე ადეკვატური იმ რეალური პერსპექტივის შესაფასებლად, რომელიც, მისი აზრით, ასე ულმობლად ექადებოდა ბერისა და ჰანნას განახლებულ რომანს. - მეჩვენება, რომ შენ მას წირავ  და თან გაიძახი, მიყვარსო... ვერ ვხვდები, ეგ რანაირი სიყვარულია?..
    - არ ვწირავ... შენ ყველაზე უარესი ვარიანტი წარმოადგინე! - ხმაში სიმკაცრე გაერია ბერს და მეგობარს მოქუფრულმა აქცია ზურგი, - არ გესმის და არც მე შემიძლია აგიხსნა ამგვარი სიყვარულის სიდიადე...
    წვიმამ მართლაც საგრძნობლად მოუხშირა. ცა უფრო მეტად ჩამობნელდა. ამიტომ მეგობრები იძულებულნი გახდნენ ეს გახიდული საუბარი შეეწყვიტათ და ფეხისთვის აეჩქარებინათ. დაწინაურებული სტუმრები კარგახნისწინ მიფარებოდნენ თვალს. სასაფლაოდან სოფლისაკენ მიმავალი სამოკლეო ბილიკი სულ დაღმართზე ეშვებოდა და დასველებულ თიხნარში ქალამნიანი ფეხი ისე სხლტებოდა და ცურავდა, როგორც ყინულზე თხილამური. დიდი სიმარჯვე ჭირდებოდა ჩვენს მგზავრებს, რომ თავი შეეკავებინათ და  სახლამდე მშვიდობიანად ჩასულიყვნენ.

                                              *      *      *      *      *

    სწორედ იმ დროს, როდესაც ბერი და გიორგი ზეკური ასე გამწარებით ეკამათებოდნენ ერთმანეთს ჰანნას შესახებ, ეს უკანასკნელი დერეფანში გამოსულიყო და, ხის მოჩუქურთმებული მოაჯირის სვეტს მიყრდნობილი, ცნობისმოყვარედ გასცქეროდა შიმშერაულების სახლის წინ აყუდებულ ტყიან მთას... მის თეთრ, ფითქინა სახის კანს თითქოს სევდის რაღაცნაირად მკრთალი მიტკალი გადაკვროდა. ფართე თაფლისფერ თვალებში, რომლებიც ყოველთვის ნაძვისხის სათამაშოებივით ბრჭყვიალებასა და ბრწყინვალებას გამოათოვდნენ ხოლმე, მოწყენილობის ნისლებს დაებუდათ... გვიანი შემოდგომის რუხ-ყვითელი პალიტრა, რომელიც ასე უხვად და გამეტებით მოდებოდა მთელ ილტოს ხეობას ისედაც მელანქოლიურ განწყობას ქმნიდა და ზუსტად შეესაბამებოდა ეხლა მის ფიქრთა დინებას...
    იმ დღიდან, რაც ჰანნა ბუხრევში ამოვიდა, მის ცნობისმოყვარეობას ერთი ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას. ბერთან არაერთგზისი საუბრის შემდეგ მან უკვე კარგად უწყოდა, რომ სადღაც აქ, ამ სახლის რომელიღაც ბნელ კუნჭულში ამ დიდი ოჯახის დიასახლისი მიფარებოდა ადამიანთა მზერას და როგორც რამ გამოუცნობი საიდუმლო ჯიუტად არ აძლევდა ხილვის საშუალებას. მართალია, ბერმა თითქმის დაწვრილებით, ლამის ყოველი დეტალის პირწმინდად გაშიფრვით, აუხსნა თამარის ამ განსაკუთრებული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მისთვის, ევროპის ცენტრში დაბადებული და გაზრდილი ქალისათვის, მაინც გაუგებარი და ამოუხსნელი რჩებოდა ბევრი რამ. რატომღაც ჰანნა თამარში მეტოქეს კი არ ხედავდა, არამედ ეჩვენებოდა, რომ ეს ქალი რაღაც, მისთვის უაზრო და აბსურდული გარემოებების მსხვერპლი გამხდარიყო და ერთგვარი სიბრალულის გრძნობაც კი უჩნდებოდა: "რა სისასტიკეა! - განსჯიდა იგი თავისთვის, - განა შეიძლება მელოგინე ქალის ასე სიბნელის, სრული სიმარტოვისა და უყურადღებობისთვის გამეტება?.. ეს რა ტრადიციაა! ეს ხომ ქალის მიმართ გაუგონარი უსამართლობისა და დისკრედიტაციის გამოვლენაა! მეტიც - ეს ბარბაროსობაა, იქნებ მკვლელობის ტოლფასიც კი... - მას ვერც კი წარმოედგინა ზღვარი ადამიანური დაბეჩავებისა, რომელშიც, მისი შეფასებით, ახლა თამარი უნდა ყოფილიყო და ისიც ძალიან აკვირვებდა, თუ რატომ არ გამოთქვამდნენ აქაური ქალები ამაზე პროტესტს. - ეს შეუძლებელია! - დაასკვნიდა ხანდახან ის და უცაბედად რაღაც ეჭვიც კი გაჰკრავდა გონებაში, - ან კი არსებობს საერთოდ ეს ქალი?!. გომურშია, საქონელთან ერთადო, რომ ამბობს ბერი, იქნებ ტყუის კიდეც?!. როგორ შეიძლება ქალი, ჩვილი ბავშვით, გომურში ძროხებთან ერთად ცხოვრობდეს?.." და ჰანნას გომურში შეხედვის, თამარის ხილვის სურვილი ერთი-ორად უმძაფრდებოდა და სტანჯავდა. და ალბათ აქამდე კიდეც შეიხედავდა და თავისი თვალით ნახავდა ყველაფერს ამისი საშუალება რომ ჰქონოდა,  მაგრამ ბერისაგან ისიც იცოდა, რომ მებოსლე ქალთან გომურში უცხო ადამიანების მისვლა-მოსვლა სასურველ ტონად არ ითვლებოდა. ეგ კიდევ არაფერი. იყო სხვა გარემოებაც, რაც არანაკლებ უშლიდა ხელს. ზედ გომურის კარებთან ება, ან თუ აშვებული იყო, მაინც იქვე იწვა დიდი და ავი ძაღლი "ჯულბასა", რომლის შიშიც მოსვლის დღიდანვე ეკლებივით ესობოდნენ ჰანნას. მხოლოდ დღეს, - ეს კარგად დაინახა მან,- როდესაც ყველანი სასაფლაოზე წავიდნენ, ჯულბასაც ბავშვებს აედევნა და მას მერე უკან არ მობრუნებულა. "რაც არის, არის, შევალ, ვნახავ, რა ხდება გომურში..." - გადაწყვიტა ჰანნამ ბოლოს და ბალკონის კიბეებს ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯით ჩაუყვა...
    გომური, რომლის ხის მძიმე და ტლანქი კარებიც რის ვაი-ვაგლახით შეაღო ჰანნამ, ვერაფერი სანახაობა გამოდგა, ამ სიტყვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით. ეს იყო ნახევრად მიწური, ორსართულიანი, საკმაოდ ვრცელი და დიდი, მასიური ქვებით აშენებული შენობა, რომლის პირველ სართულსაც საკუთრივ გომური წარმოადგენდა, ხოლო მეორე სართული ეკავა საბძელს, რომელშიც თივა-ფუჩეჩს ინახავდნენ ხოლმე.
    შეხსნა თუ არა გომურის კარები ჰანნამ, პირველი რამაც მისი გაოგნება გამოიწვია, საშინელი სიბნელე და მწურ-ნაკელის მძაფრი სუნი იყო. "ო, ღმერთო ჩემო! რა არის ეს? - ელექტრონულად გაუელვა გონებაში და საოცრად დათრგუნულმა ისევ უკან დააპირა გამოსვლა, - განა შეიძლება აქ აქამიანი გააჩერო?!." მაგრამ მოულოდნელი სტუმრის გამოჩენა კარგად შეამჩნია სიბნელისათვის უკვე თვალშეჩვეულმა თამარმა და გომურის იმ კუთხიდან, სადაც ის შვილთან ერთად უხეშ ტახტზე იწვა, სუსტი და გაკვირვებული ხმით გამოეხმაურა დაუპატიჟებელ სტუმარს:
    - რომელი ხარ მანდ? - მაინც იკითხა მან, თუმცა გუმანითა და ქალის უტყუარი ალღოთი კარგად მიხვდა, ვინც შეიძლება ყოფილიყი ეს დაუპატიჟებელი სტუმარი.
      - ჰანნა ვარ! - უპასუხა ჰანნამ და გუმურის კარები ბოლომდე მოაღლიავა იმ იმედით, რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე შესულიყო შიგნით და იმისი დანახვა მაინც მოეხერხებინა, თუ სად გადაედგა მომდევნო ნაბიჯი.
    ცხადია, მათ ერთმანეთის ენა არ ესმოდათ და საუბარიც ამ ორ მწირ ფრაზას არ გაცდენია, მაგრამ რაღაც იდუმალი , მხოლოდ მათ მიერ შეგრძნებადი ველებით, მიუხედავად სიბნელისა, თითქოს დაუსრულებლად აგრძელებდნენ დიალოგს, რომელიც რატომღაც აგრესიულ ტონს კი არ იძენდა, არამედ ორივე მხრიდან ურთიერთსიბრალულისა და თანაგრძნობის მუხტებით იფერებოდა.
    თანდათან ჰანნამაც შეაჩვია თვალი სიბნელეს და მელოგინეს უფრო დასახედ მანძილზე მიუახლოვდა. თამარმა იქვე, ტახტის თავთან, კედელზე საგანგებოდ მიმაგრებული ლამპა აანთო და ლამპის სინათლემ უფრო კარგად გამოაჩინა გომურის ველური და მოუხეშავი შიდაობა: მურყნის სახელდახელოდ ნაჩორკნი ზღავები, რომელიც აქ იატაკის მაგივრობას ეწეოდა; მუხის ბოძებზე მკვიდრად მიმაგრებული მუხისავე ფართე და სქელი ფიცრები,რომლიც ერთიან, გრძელ ბაგას წარმოადგენდა  და რომელთანაც საღამოობით ძროხებს აბამდნენ; და ზემოთ წაბლის მასიურ კოჭებზე უსისტემოდ დაყრილი ფიცარი, რომელიც ჭერი იყო, და რომლის საკმაოდ პირღია ღრიჭოებიდანაც ზოგან ხმელ თივას ჩამოეყო თავი ,ზოგან კი ფუჩეჩის წვერწამახულ კლერტებს.
    ლამპის შუქზე ჰანნა დედა-შვილს უფრო მეტად დააკვირდა და როდესაც ჩვრებში საგულდაგულოდ გადახვეულ ბავშვს მოჰკრა თვალი, მთელ სხეულზე რაღაცნაირმა ცივმა ოფლმა დაასხა. მართალია, ბავშვი სახეზე საკმაოდ ლამაზი და კარგი შესახედავიც კი იყო, მაგრამ შუბლზე ერთადერთი თვალი, რომელიც ახლა მშვიდად და უზრუნველად თვლემდა, შოკისმომგვრელ სანახაობად ეჩვენა და შეძრწუნებული ისე აჩქარებით გამოვიდა გომურიდან, რომ უკან აღარც კი მიუხედავს. შეშინებული და დაზაფრული ჰანნა ისევ სახლში ავიდა და ახლაღა ძლივს შეამჩნია, რომ გარეთ წვიმდა, სტუმრებიც სასაფლაოდან მობრუნებულიყვნენ და ეს-ესაა ჭიშკარი უნდა შემოეღოთ.     
     
                                      ( გაგრძელება იქნება )
   
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები