ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
20 მარტი, 2023


ჯალათის ჯალათი

                                                                   

                                                                დასაწყისი

          მათი  შეხვედრა  არ  ჩანდა რაიმეთი გამორჩეული.  ყოველ შემთხვევაში, ჯალათის და მისი მსხვერპლის შეხვედრას ნამდვილად ვერ დაარქმევდი. ჩვეულებრივი ვაჭრობა იყო, ერთი ყიდდა, მეორე ყიდულობდა.  ვინც ყიდდა, იმას  ხისგან გამოთლილი მომცრო ზარდახშა ედო ხელისგულზე, ნახეთ, რა კარგი, რა კოპწია  რამეაო, ყველას აჩვენებდა. ვარსკვლავებით რა ლამაზად არის მოხატულიო. მუშტარიც მალე გამოჩნდა,  ფულიან - ბარაქიანი ცხოვრების  სუნს  რომ შორიდანვე გაგრძნობინებს,  ზუსტად ისეთი.  მისი ხშირი, ჟღალი ფერის თმაც კი ამავეს მეტყველებდა, სქელ კისერზე ბარაქიანად დაფენილი. მუშტარი ყურადღებით დაცქერდა ზარდახშას.
        - ერთი ისიც ნახე, რა მოხერხებულად იხსნება და იკეტება, - გააგრძელა პატრონმა თავისი საქონლის ქება. ნამდვილად არ უნდოდა ასეთი მუშტრის ხელიდან გაშვება, კარგად შემოსილ- მოვლილის და თან სავარაუდოდ გულუხვისაც. მისი ღიმილიანი თვალები ცხადად მიანიშნებდნენ  ამაზე.
      მუშტარიც  დაეთანხმა,  ნამდვილად კარგი რამეაო, თქვა.  განსაკუთრებით იმას მიაქცია ყურადღება, ვარსკვლავებით რომ იყო ზარდახშა მოხატული.
      ერთმანეთს ღიმილიანი სახეებით შეხედეს, ორივეს გულითადი იერი ჰქონდა. დაახლოებით ერთი ასაკის  იყვნენ, ოცდაათს ახლად მიტანებულები, ამანაც შეუწყო ხელი ამ გულითადობას. რა ღირსო, ზარდახშაზე  ანიშნა  მუშტარმა. 
      მალე მორიგდნენ, კოპწია ზარდახშამ ახალი პატრონის ხელისგულზე გადაინაცვლა.
      - სულ მალე ოქროთი აგევსოს ეს ზარდახშა, - დალოცვა დაადევნა  ზარდახშის გამყიდველმა.  კმაყოფილი რომ იყო, ეტყობოდა. მუშტარმა  თავის დაქნევით მისცა დასტური,  თმა ამ დროს  მოწითალო ფაფარივით  წამოეშალა.  ჯიუტიც იყო მისი თმა,  ყველა სხვა სიკეთესთან ერთად,  ხშირად წამოეშლებოდა ხოლმე და ხელის ჩვეული მოძრაობით ისწორებდა.
      - რა კარგად დაგიხატავს  ვარსკვლავები, - თქვა მან, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, - მთელი ცაა დატანილი ამ ერთი ბეწო ადგილას. 
      - მიყვარს  ვარსკვლავები, - ასეთი იყო ზარდახშის ძველი პატრონის პასუხი, - ყველგან ვხატავ,  ოღონდ მათი საკადრისი და შესაფერი ადგილი იყოს სადმე.
      ამ სიტყვებთან ერთად ხელი ასწია დამშვიდობების ნიშნად,  თავის გზას უნდა გადგომოდა.  წითელთმიანმა მუშტარმა შეაჩერა.
      - დაიცა ერთი წამით, - უთხრა და ხელი მსუბუქად მოავლო მკლავზე, - გეტყობა მადლიანი ხელი გაქვს. საქმეს გამოგიძებნი, სახლში მოსახატი მაქვს რაღაცრაღაცეები.
      ყოყმანგარეული პასუხი მიიღო,  სახლეული არ გამიფრთხილებია, უკვე მიმელიან...
      - დიდხანს არ დაგაკავებ,- უთხრა მუშტარმა,  - შეათვალიერე იქაურობა და მერე შენი ნებაა, -ღიმილიანი  თვალები განუყრელად თან ახლდნენ ამ სიტყვებს.  ბარემ შენი სახელიც მითხარიო, ბოლოს თქვა.
      - სეხნიას მეძახიან, - იყო პასუხი.
      - რას ამბობ, მეც სეხნია მქვია, - ღიმილი  კიდევ უფრო ფართოდ გამოისახა  მუშტრის  სახეზე. ისე ჩიჩილაკსაც  მეძახიან ამ თმების წყალობითო, თმებზე მოისვა ხელი.
        - რომელი ერთი დაგიძახო? - ჰკითხა სეხნიამ, გულში კი გაივლო, ასეთი სქელი და ჯიუტი  თმის პატრონს ბურძგლა უფრო მოუხდებოდაო.
        - რომელიც გინდა... 
        ცოტა ხნით კიდევ იყოყმანა სეხნიამ, ბოლოს კი  გადაწყვიტა, მგონი არ ღირს ამ საქმის  ხელიდან გაშვებაო. კარგი მუშტარია, თხემით ტერფამდე ფულს და ბარაქას ასხივებს. ჯერ ისა თქვი, ფეხსაცმელები როგორ უბზინავს, ეტყობა ძალიან ძვირფასი  ტყავისაა... (სხვათა შორის, ის ფეხსაცმელები თავიდანვე მოხვდა თვალში, მართლაც  საგანგებოდ ბზინავდა, მეტად თვალშისაცემად ამჟღავნებდა თავის ძვირფასობას,  თან ისიც მოწითალო ფერისა იყო  მისი პატრონის  თმასავით).  წუწურაქიც არაა, არც კი შემვაჭრებია, ისე იყიდა  ზარდახშა, ალბათ არც იქ დამტოვებს გულნაკლულს, ოჯახს  კი როგორმე ხმას მივაწვდენო.
        ერთად გაუყვნენ გზას.  კარგა ხანს იარეს, უკან მოიტოვეს სეხნიასთვის ნაცნობი ადგილები, მისთვის უცხო მიხვეულმოხვეულ გზას დაადგნენ. ერთი ის იყო ცხადი, რომ აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ გეზი აღებული, სხვა აღარაფრი ჩანდა მეტნაკლებად საცნაური.  წინ ბურძგლა (სეხნიასთვის ჩიჩილაკი ბურძგლად დარჩა, როგორც გუნებაში უწოდა)  მიდიოდა  უმეტესწილად, როგორც გზაკვალის მცოდნე,  სეხნია  კვალდაკვალ მიყვებოდა. ამდენად, ხშირად უხდებოდა თავისი  მუშტრის ძვირფასად მბზინავი ფეხსაცმელების შეთვალიერება,  საკუთარს კი შეძლებისდაგვარად  თვალს არიდებდა.  რა იცოდა ზარდახშის ძველმა პატრონმა, თუ რა ვითარებაში მოუწევდა ერთ მშვენიერ დღეს ამ მბზინავი ფეხსაცმელების დანახვა...  არა, ისეთ რამეს, რისი მოწმე და მხილველიც მოგვიანებით გახდა,  ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.

        - კარგა შორს გიცხოვრია, - თქვა სეხნიამ. რომ მცოდნოდა, ასე ნაუცბათევად აღარ წამოგყვებოდიო, დააყოლა. 
        - იმდენიც არაფერი,- არხეინად ეხმიანებოდა  ბურძგლა, მხნე და უდარდელი იერი ჰქონდა,  ამით ნამდვილად მოინადირა  სეხნიას გული. უბრალო ხელოსნის გული, რომლის ყოველი წუთი ათასგვარ საზრუნავზე ფიქრითაა გაჯერებული.  მის გვერდით როგორღაც ყველაფერი ეადვილებოდა.  დაღლით ხომ საერთოდ არ დაღლილა, რამდენიც არ უნდა ევლოთ, პირიქით, ძალების  ერთგვარ მოზღვავებასაც კი გრძნობდა. განსაკუთრებით მას შემდეგ მოეძალებოდა ეს განცდა, როცა ბარაქიან საუზმეს მიუჯდებოდნენ, ხან გზისპირა დუქანში, ხან  პირდაპირ მწვანეზე გაშლილს. თავისი თავის პატივისცემა უყვარდა ბურძგლას  და არც თანამეინახეს ივიწყებდა.  თან რა ენაწყლიანი იყო, საქებარ  სიტყვებს ხოშკაკალივით აფრქვევდა თავზე სეხნიას, შენისთანა ხელმარჯვე ოსტატი სანთლით საძებარიაო, ამბობდა.
        სეხნიაც აჰყვა, სცადა მხარი აება  ენამზეობაში,  რაღაცრაღაცეები მანაც უამბო ენაწყლიან მოსაუბრეს.  ზღაპარიც კი გაიხსენა,  ბავშვობისას ყურმოკრული.  იმ ზღაპარში  ამომავალი მზის ქვეყანას ეძებდნენ უფლისწულები,  ახლაც ასე მგონია, სწორედ ამომავალი მზის ქვეყნისკენ მივდივართო... მზე ხომ მართლაც აქედან ამოდის,  ჩემი ეზოდან სწორედ ასე ჩანსო.
        მაშინვე შეეხმიანა  ბურძგლა, ჩემგან კი შენი საცხოვრისი დასავლეთითაა, ასე გამოდის, ჩამავალი მზის ქვეყანაში გიცხოვრია, ჩვენც სწორედ იქედან  მოვდივართ  ამჟამად.  ამაზე ორივემ გულიანად გაიცინა, თითქოს მართლაც ზღაპრის გმირებად იგრძნეს თავი.
        ცოტა რამ ლუკმა გაღეჭეს (ეს ბურძგლას  სიტყვით, თორემ ეს  „ცოტა’’ სეხნიასთვის საკმარისზეც ბევრად მეტი იყო) და კვლავ გაუდგნენ გზას. სეხნიას სახეზე სრული კმაყოფილება ეწერა,  მართლაც მეტად სასიამოვნოდ დაურჩა ეს ნაუცბათევი გასეირნება.  თავისი თავიც მოსწონდა,  რომ ჭკუა ეყო და ასეთი მუშტარი,  (მართლაც ღვთით მოვლენილი, სანაქებო მუშტარი) ხელიდან  არ გაუშვა.  მგონი  მეტისმეტად ჩამითრია ხელოსნობამ, ხანდახან მიხედმოხედვაც საჭიროაო, ფიქრობდა და მხნედ მიაბიჯებდა ამომავალი მზის ქვეყნისკენ.  უკვე  მზად იყო, თუ დასჭირდებოდათ,  ღია ცის ქვეშ გაეთია ღამე, მაგრამ ამის საჭიროება აღარ დამდგარა,  მოვედითო, თქვა ბურძგლამ  და ჭიშკარი შეაღო. მიიხედმოიხედა სეხნიამ, ალბათ ეზოს და სახლსაც დავინახავო, ფიქრობდა. მხოლოდ სახლის სახურავი დაინახა ცოტათი მოშორებით, მაღალი ხეების მიღმა. იქვე ახლოს  ქვის მაღალი ყორე აღმართულიყო,  ნაირნაირი ფერებით მოხატულ - გაფორმებული; იყო ყვავილები, ჩუქურთმები, ციური მნათობებიც.  ყორე  საკმაოდ მომაღლოდ ერტყმოდა რაღაცას ირგვლივ. ბურძგლამ  სწორედ იქითკენ წაიყვანა სეხნია,  მოხატულ ყორეზე  ერთერთ  ადგილს ჰკრა  მბზინავი ფეხსაცმლის ჭვინტი. იქ  კარები აღმოჩნდა, გააბიჯეს კარებს მიღმა. სეხნია  უკვე ახლა იმ აჭრელებული ყორეს  მიღმა ელოდა რაიმეს შენობის  მსგავსს.  ჭის გვიმს  მიადგნენ შენობის ნაცვლად.   
        -  საღებავები  ღია სივრცეს ვერ უძლებენ, - თქვა სეხნიამ. იფიქრა, ალბათ  ჭის გვიმის გალამაზება მოხატვა უნდაო,- წვიმა და მზე სულ მალე შეუცვლიან იერს.
        - ჭაში ჩაიხედე, - მიიღო პასუხად.
        ჩაიხედა სეხნიამ,  ჭა მშრალი აღმოჩნდა, სრულიად მშრალი. ერთი წვეთი წყალიც კი ვერ დალანდა  ფსკერზე. მომრგვალებული კედლები სუფთად იყო გალესილი. 
        დაათვალიერა  რა ეს უცნაური ჭა, სეხნიამ თავის სანაქებო მუშტარს მიაპყრო კითხვის გამომხატველი თვალი, ჩემგან რას ელიო, მიანიშნა. ისიც  ხმის გაუცემლად შებრუნდა ამ გამოხედვის პასუხად, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,  კიბეს დასწვდა, ყორის გასწვრივ მიყუდებულს (სეხნიამ იგი ახლაღა დაინახა, მანამდე არ შეუნიშნავს). აიღო კიბე, გვიმთან მიიტანა და ჭაში ჩაუშვა.  აქ სეხნიამაც წაახმარა ხელი, ნელნელა ხვდებოდა რაღაცას.
      - ამ ჭიდან დღისითაც მოჩანს ვარსკვლავები, - თქვა სანაქებო მუშტარმა  და გაბრწყინებული თვალებით შემოხედა,  ძალიან მიყვარს მათი ჭვრეტაო, დააყოლა. დღე ისე არ გავა, ამ ჭაში არ ჩავიდე და ვარსკვლავებით მოფენილ ცის ღიობს არ მივესიყვარულოო, დაუმატა.
      - მართლა ძალიან გყვარებია ვარსკვლავები, - თქვა სეხნიამ.
      - ძალიან, ძალიან მიყვარს... აქ მხოლოდ ჩვენ ვართ, მე და ვარსკვლავები. აქ  სხვა ვერავინ შემოვა, ჩემი ნებართვის გარეშე. 
      - მე რაში გჭირდები? - იკითხა სეხნიამ.  გულში დაივლო, სიმდიდრით არის გაყოყოჩებულიო, დიდად არაფერი უკვირდა. სხვა დროსაც ენახა სიმდიდრით გაზულუქებული ადამიანები.
      - ჭის კედლები უნდა გამილამაზო,- არ დააყოვნა პასუხმა, - არ მსიამოვნებს, როცა ვარსკვლავების მერე ამ ქვის ხაროს  შევხედავ, ასე მგონია, ცოცხლად ვარ დამარხული.  მინდა ყოველი მხრიდან  ვარსკვლავები მიყურებდნენ. აქაურობა  ვარსკვლავებით  უნდა მომიხატო. 
      სეხნიამ თავი დაუქნია, გასაგებიაო. კიდევ უფრო განუმტკიცდა ეჭვი, სიმდიდრით გაყოყოჩებულს ველაპარაკებიო. იცოდა, ამისთანებთან მორიდება სჯობდა. ჩიჩილაკიც  არასოდეს დაუძახია მისთვის, და არც ბურძგლა, მაინც ასე ამჯობინა.
      - არც ისე ცოტა სამუშაოა, - თქვა მან, - ჭა კარგა ღრმა არის...
      - ზუსტად ის სიღრმე აქვს, ვარსკვლავები ლურჯ ცაზე რომ დაინახო,- სანაქებო მუშტარმა თავი მოაბრუნა, სეხნიას ახედდახედა, - შენი სიმაღლის ხუთი  კაცი რომ ერთმანეთის  მხრებზე შედგეს, ალბათ მიწვდება გვიმს.  ანდა,  იქნებ ათი...- სიცილიც თან ახლდა ამ სიტყვებს. სეხნიამაც გაიცინა ამის საპასუხოდ.   
      -  წინასწარ ვერ ვიტყვი, რამდენი დღე დამჭირდება, -  თქვა  მან. 
      ბურძგლა  მშვენივრად მიუხვდა სათქმელს,  როგორმე მოგიხერხებ ღამის სათევს, ლაღი სახის იერით თქვა. სეხნია ყურადღებით  ათვალიერებდა ჭის შიგთავსს, გუნებაში იმასღა ფიქრობდა, ოჯახს  როგორღა მივაწვდინო ხმაო. აჯობებს არ ვიჩქარო, ერთიორი დღის მერე ვეტყვი ამის შესახებ, ვთხოვ, ან ვინმე გამომძებნოს, თუ არის იქითკენ წამსვლელი, ან მე თვითომ დავეთხოვები ცოტა ხნითო.
        - ჯერ აქ მოვრჩეთ საქმეს,  მერე სახლშიაც  მოიძებნება რამე, -  ჩაესმა  ფიქრებში წასულ სეხნიას, -  არ დაინანო ვარსკვლავები, გუნდებად მიაყარე ამ კედლებს. რაღას უყურებ, ჩადი ჭაში,  იქედან  უკეთესად მონიშნავ, სად რა გჭირდება და როგორ...
        სეხნიამ ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, შედგა ფეხი გვიმზე მიდგმულ დაბალ ჯორკოზე,  იქიდან გვიმზე გადაინაცვლა, კიბეს მოეჭიდა და ნელნელა იწყო მის საფეხურებზე ნაბიჯების მონაცვლება, დაეშვა მშრალი ჭის ფსკერისკენ.
        ვინ იცის, რამდენჯერ გაიხსენებს მერე ამ წამს, ამ ერთადერთ საბედისწერო წამს სეხნია, როცა ფეხი ამ დაწყევლილ კიბეზე შედგა. არც კი დაფიქრებულა, ოდნავადაც არ შეყოყმანებულა, ისე დაეშვა ჭის ფსკერისკენ, ისე დაუჯერა და მიყვა სრულიად უცნობი ადამიანის  ნაბრძანებ  სიტყვას. როგორ შეურჩია დრო, ვითომ სასხვათაშორისოდ მოაყოლა, რაღას უყურებ, ჭაში ჩადიო.  თაღლითის ნაცადი ხერხია, დაფიქრება არ აცალა, ერთი წამიც არ დაუტოვა ამისთვის, თორემ იქნებ არ დათანხმებოდა ასე მყისიერად,  ეთქვა,  დამხმარე მჭირდება, ჯერ ის მოვიძიოთ, ამ  საქმეს თავს ისე ვერ გავართმევო. ანდა სხვა რაიმე მოესაზრებინა, დაღლილობა, შიმშილი თუ წყურვილი, განა ცოტა მიზეზი არსებობს...  ვეღარაფერი  მოასწრო,  ვითომ სასხვათაშორისოდ გადმოგდებულმა სიტყვამ თავისი საქმე გააკეთა.
        მაშინ კი არანაირი ეჭვი არ შეპარვია რაიმეში, ისე არხეინად ჩაათავა კიბის საფეხურები, ფეხი ნედლ მიწას, თითქმის ჭენჭყოს დაადგა. ჭენჭყო სანახევროდ  ხის გაურანდავი ფიცრებით  იყო მოგებული, სეხნიამაც მათზე გადაინაცვლა.
      - ჭის ფსკერიც მისახედია,  -  ასძახა  მაღლა, ლურჯ ზეცას, ბურძგლა  თვალს მიფარებოდა, - ეჰეი, სად ხარ!
      მუშტარი  მაშინვე გამოჩნდა, ჟღალი თმა  წამოეშალა, თავის ირგვლივ განეფინა,  უცნაურად გაბურძგვნილ  ჩვენებას დაემსგავსა.  ბურძგლა და  ჩიჩილაკი, ერთიც არის და მეორეც, გაივლო გულში სეხნიამ.
      - ფსკერსაც მივხედავთ, - ჩამოსძახა ზემოდან, ეტყობა გაიგო მისი სიტყვები. 
      სეხნიამ კვლავ მიმოავლო თვალი ჭას,    გუნებაში დაიანგარიშა, რამდენი საღებავი დასჭირდებოდა. რაც კი მარაგში მაქვს, ყველაფერს ეს ჭა შეჭამს. სხვაც კიდევ რამდენი რამ დამჭირდება, წინასწარ ძნელია ამის თქმა, დაასკვნა ბოლოს.
        - ერთი შეხედე, ვარსკვლავები ხომ ჩანს მაქედან, - ჩამოესმა ხმა ზემოდან.
        სეხნიამ თავი უკან გადასწია,  ცას გაუსწორა მზერა. ლურჯად კამკამებდა ცა, გვიმის ვიწრო ღიობში მომწყვდეული. როგორ დაპატარავებულხარო, გუნებაში უთხრა ცას  სეხნიამ, მერე ვარსკვლავები მოიძია. 
        - ჰო, დავინახე ერთი ორი.
        - რას ამბობ, უფრო მეტი უნდა ჩანდეს.
        - ჯერჯერობით მეტი არ ჩანს, ალბათ მერე გამოჩნდებიან. ისინი ხომ ადგილს იცვლიან.
        - უფრო კარგად შეხედე, -  მოისმა დაჟინებული მოთხოვნა.
        - გეუბნები, მეტი არ ჩანს, - თქვა სეხნიამ, გააბეზრა ამ  დიალოგმა. დაღლილობამაც თავი შეახსენა,-
        -ამოვდივარ, - ასძახა  ზემოთკენ და კიბის საფეხურზე შედგა ფეხი.
        - დაიცა, - დაფაცურდა მისი სანაქებო მუშტარი, კიბეს დაებღაუჭა, მაღლა აიტაცა, -  დაბლა რომ ეშვებოდი, შევამჩნიე, კიბე არაა საიმედო. საფეხურები სულ მოყანყალებულა. ვხედავდი, როგორ იზნიქებოდნენ შენს ფეხქვეშ.  ერთი კარგად უნდა დავხედო, შევაკეთო, თუ სადმე რამე ჭირდება.
        სეხნია სახტად დარჩა, ამას ნამდვილად არ ელოდა. კიბე ხელიდან გამოგლიჯეს და მაღლა აიტაცეს, როცა ფეხი უკვე საფეხურზე ედგა, ეს  ნამდვილად არ ეჭაშნიკა.
      - სხვა კიბე არ გაქვს? - ასძახა ცოტაოდენი დუმილის მერე  ლურჯი ცის ღიობს.
      - არა, არ მაქვს, - ლურჯ ცაზე კვლავ გამოიკვეთა გაბურძგვნილი  თავი და ისევ მიიმალა.
      თავიღა მოიქექა გაოცებულმა სეხნიამ, ეს რა დღეში ვარო, გულში გაივლო.  იდგა ერთხანს ხმისამოუღებლად  ელოდა ზემოდან ხმებს, ფეხიც რამდენჯერმე მოინაცვლა იმ ხის უხეშ ფიცრებზე, ჭენჭყოს ზემოდან რომ ელაგა.  მერე კი დაჯდა კიდეც იმ ფიცრებზე. იჯდა და ელოდა, როდის ჩამოეშვებოდა ზემოდან კიბე, თუმცა რაღაც ეჭვი უკვე გაუჩნდა, ბნელზე ბნელი ეჭვი.  შეძრწუნებულმა გაიქნია თავი, გაუჭირდა მისთვის გონების თვალი გაესწორებინა.  რას ჩამოვეხეტე ამ ჭაშიო, თავის თავს ლანძღავდა, თანაც პირველივე დაძახილზე.
      კარგა ხანი გავიდა ამასობაში  და ზემოდან რაღაც ხმა ჩამოესმა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები