ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
26 მარტი, 2023


* * *

ღამეა. უმანქანო ქუჩაზე მივდივარ მარტო. ზურგს უკან მონეტა ეცემა ასფალტზე. ექო. . . ფიქრები მეფანტება.

გზაში ღრუბლებს ვწყვეტ, ზაფხულის ჭუჭყიან ღრუბლებს. ჰო, ვახშმად, რომ მივირთვა. . . ამასობაში სადარბაზოს ვუახლოვდები.

ლიფტი არ მუშაობს. კიბეზე ავდივარ. ყოველ სართულზე ნათურა ყვითლად ინთება. სინათლე თან დამყვება; ძველად ასე იყო სხვა დროსაც . . .

კარი შევაღე. უკვე ხელს ვიბან. საპონს თითებით ვზელ. მხოლოდ ის გრძნობს ჩემს ნაჯაფარ ხელებს; მან იცის ჩემს გამოვლილ დღეზე კანის ვიწრო ზოლებიდან გაცლილი ჭუჭყის მეხსიერებით. და ეს საპონიც მალე გაქრება, ჩემი დღეების ქრონიკების წაკითხვისას გაუაზრებლად აორთქლდება.

მაცივარი ცარიელია, აქ ყველაფერი ასეა. კუბოკრულ, პურისა და ფიქრის ნამცეცებით სავსე მაგიდაზე დანა-ჩანგლით ვაპობ ჩემს მონაკრეფ ღრუბლებს. ისინი შუაზე იყოფა, როგორც ნახევრად უმი ხორცის ნაჭერი და ყელის მილში მშრალად გადადის.

ვერცხლის ჩანგალი კბილზე გამოსცემს ხმას, თითქოს მახვილი ედება მჭრელი სიმშრალით აღმართულ ლოდს. ექო. . .

კბილის პასტა აღარ ყოფილა. სარძევე კბილებში ვიქცევ საღეჭ რეზინს, რომელსაც ასე ატომურად მცირე დროში აქამდე არასოდეს დაუკარგავს სიტკბო. მუყაოს ფირფიტად იქცა, გემოდ იმ ბეტონის კორპუსებისა, ცაში ნიკოტინამავალ აივნებსა და მრუმე სილუეტებს, რომ ფლობენ.

წამით მეგონა, როგორც იქნა, სიჩუმე დადგა, სანამ შუშის ჭიქიდან, გაზიანი სასმლის შუშხუნი არ მომესმა. თითოეული გაზის ბურთულის გასკდომასა და ზედაპირზე მათ წვეთებად მოპკურებას განვიცდი. მოვსვი.

აივანი. ეს აივანიც ცაში ნიკოტინამავალია. როგორ ხმაურობს, როგორ ხმაურობს თუთუნის მდორე წვა. . .

ვწვები. ჩემი არაცნობიერი ზეწრის ნაოჭებზე მკითხაობს. მე კი სიჩუმეს ვეძებ.
წამით მეგონა, როგორც იქნა, სამყარო დადუმდა, თუმცა ნელ-ნელა საკუთარი გულის ცემა გავიგონე, მორზეს კოდივით არათანაბარი.

აბსოლუტური სიჩუმე მჭირდება,
აბსოლუტური,

თუმცა მაშინ ფიქრსაც ვეღარ შევძლებ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს