ჯორჯ გორდონ ბაირონი - დროს
თავისუფალი ფრთებით, შენი ძალდატანებით, საათთა წყებას მიაქროლებ, მართავ ცვალებად სწრაფად წარმავალ ნაზ გაზაფხულს და დახანებით მიმავალ ზამთარს, გვიახლოვებ გარდაცვალებას.
სალამი შენდა! მიწყალობე ხვავი მრავალი, არ დაიშურე, რასაც უხვად აძლევ საჩუქრად; თუმც გაცილებით მსუბუქია ტვირთი მაშვრალის თუ მარტო ზიდავს, დაატარებს უფრო ჩაუქად.
შეგინდობ, თუმცა დაუნდობლად ბევრჯერ მაწვალე, აღარ მომიწევს სიმძიმილის მათთვის გაყოფა, ვისაც ამქვეყნად შევხაროდი, რადგან საძვალეს მივაბარე და რა ხელი გაქვს მკვდართა სამყოფთან?!
სასუფეველი დაიმკვიდრეს და მყუდროება, თუკი მერმისში კვლავ შენს მსხვერპლად მოვიაზრები, ფუჭად დაშვრები, გაგისტუმრე უკვე დროებავ, მონიჭებული წლების ვალი მგლოვიარებით.
ტანჯვაში შვებაც შევიგრძენი გაუხარელმა, გადამავიწყა რადგან შენი ძალმოსილება, შეყოვნებული საათებით დამწუხარებამ, მაინც ვერ შეძლო სამუდამოდ დამორჩილება.
ლხინში ის ფიქრი მაწვალებდა, ქროლვით ადვილად მოინელებდი, გააქრობდი სალხენ სიამეს, თუმცა ძალგედვა შავი ღრუბლით ნათლის დაჩრდილვა, ვერ შემატებდი მწუხარებას ზედმეტ სიღამეს.
როცა მოიცვა ჩემი სული ბნელმა გარშემო, მეგონა შენი ცარგვლით მაინც დამიფარავდი, შუქურვარსკვლავი ციმციმებდა შორით საშვებოდ, ჩამჩიჩინებდა - არ იყავი სანდო, მარადი.
ჩაქრა ის სხივი, დამიბნელდა კვალი გზაწვრილის, გწყევლი ცარიელს, ოღონდ ჯერ ვერ განგეშორები, ხარ უმნიშვნელო, მოსაწყენი ყოფის ნაწილი, რასაც ნანობენ, თუმც ელტვიან განმეორებით.
არ შეგიძლია მხოლოდ ერთი სცენის წახდენა, შენს სინელეს და სისწრაფესაც დაჰყვა საზღვარი, ჩვენი შემცვლელი შეგიძლია ტანჯო ამქვეყნად, არ მიგიწვდება ოღონდ ხელი მკვიდრზე სამარის.
პირზე ღიმილი მეფინება ამო ფიქრებით - რარიგ უძალოდ წარმოჩნდება ანჩხლის სიავე, შურისგების შხამს, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, როცა საფლავის უსახელო ცივ ქვას მიანთხევ.
6 მაისი, გიორგობა, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: http://mykeep.com/lordbyron/totime.html
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მართლაც დიდი შრომაა ჩადებული, რთული სათარგმნია.
მართლაც დიდი შრომაა ჩადებული, რთული სათარგმნია.
2. დიდი მადლობა, მუხა, მრავალ გიორგობას დაესწარით! დიდი მადლობა, მუხა, მრავალ გიორგობას დაესწარით!
1. რამოდენა შრომა გაგიწევია,, ისედაც როგორი ძნელია თარგმნა. ბრავო ! რამოდენა შრომა გაგიწევია,, ისედაც როგორი ძნელია თარგმნა. ბრავო !
|
|
მონაცემები არ არის |
|
|