თავი 4. დაკითხვა
ამასობაში საუზმის დროც მოვიდა და რესტორანში ჩავიდა. მგზავრები საუზმობდნენ და აღელვებულები საუბრობდნენ, დემნა ნამტირალევი თვალებით იჯდა და ყავას წრუპავდა. ლაშამ ყველას სთხოვა, საუზმის შემდეგ არ დაშლილიყვნენ და რესტორანი არ დაეტოვებინათ. ტურისტებსაც გადაუთარგმნა და მგზავრების დასაკითხად მოემზადა. საუზმემ მძიმე გარემოში ჩაიარა. ლაშა მალევე გავიდა სალონში და დასაკითხი კუთხე მოაწყო. ოთხი სკამი დადგა გვერდიგვერდ, ერთი კი ამ სკამების პირისპირ, რომელზეც თვითონ დაჯდა და დაკითხვაც დაიწყო. – შემობრძანდით, ქალბატონებო! დები გაოცებული სახეებით შემოვიდნენ. – ჩვენ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ გამოძიებას? – იკითხეს ერთხმად – საბრალო ქალი, იქნებ დაისვენა კიდეც, ალბათ, ამ მიზნით ავიდა გემბანზე და განგებამაც არ დაინდო. – თქვა ერთ–ერთმა. – დაისვენა? – გაუკვირდა ლაშას. – ალბათ ... რა იყო მისი ცხოვრება? რა აზრი ჰქონდა მის ცხოვრებას? დრამა ხომ ჩვენ თვალწინ გათამაშდა, რა ელოდა კარგი? ყველასგან უარყოფილი, უხილავი, ჩრდილივით დაიძურწებოდა, ხალხში გამოჩენას ერიდებოდა. რესტორანში ხომ ჩვენს მაგიდასთან იჯდა, პირველ დღეს ნახა, რომ გვიან ვსაუზმობდით, ვსამხრობდით, ვსადილობდით და ვვახშმობდით, ამიტომ თვითონ ადრე მიდიოდა, არ სურდა ჩვენთან შეხვედრა, არ გვენახებოდა. სამხარზე სულაც არ ჩამოდიოდა. – რატომ არ ჰქონდა აზრი მის ცხოვრებას.? შვილი ჰყავდა, რომლის მამასაც დღემდე უყვარს და არაფერს იშურებს მისთვის. მგონი, მამიდაც ჰყავს ... დებმა მხრები აიჩეჩეს – ხომ ნახეთ, შვილს მისი დანახვა არ უნდა. ბატონ დემნას ძველი სიყვარულის გამო ეცოდება. სულ ეს არის, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, გემბანზეც გარიყული იჯდა, მარტო, ჩაცმული. გაჰყურებდა ზღვას და მძიმე ფიქრებში იყო ჩაძირული, წიგნი მოსაჩვენებლადაც კი არ სჭერია ხელში. არაფერი აინტერესებდა. – თქვა მეორემ. – ვინ იცის მომავალში რა იქნება? ელენეს შვილი ეყოლებოდა, ასაკი მოემატებოდა, შეიძლება, სულ სხვა თვალით შეეხედოს ყველაფერს და აწი გულიც კი დასწყდეს, რომ ვერ მოასწრო დედასთან შერიგება, მშვიდობის დამყარება, პატიება.– თქვა ლაშამ. – ჩვენ მხოლოდ იმით ვმსჯელობთ, რაც აქ ვნახეთ, – თქვა მესამემ, – რა იქნება, ვინ იცის? – კარგი, მაშინ გაიხსენეთ, თუ რაღაც განსაკუთრებული შენიშნეთ, ან განსხვავებულ საუბრებს მოჰკარით ყური, რაიმე ხომ არ გენიშნათ? დებმა ერთმანეთს გადახედეს, მხრები აიჩეჩეს და უარის ნიშნად გადაააქნიეს თავები. – ჩვენ იმდენად ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთი გვყავს. ვსაუბრობთ, ვმღერით, ვკითხულობთ, ვტკბებით ცხოვრებით. სხვების მოსმენის და თვალთვალის არავითარი სურვილი არა გვაქვს. – გასაგებია, არ გაგიკვირდეთ, თუ ისევ ვისურვებ თქვენთან გასაუბრებას. გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ. დები ადგნენ, თავები დაუკრეს და ღიმილისმაგვარი სახეებით გავიდნენ.
შემდეგი დემნა ფალავანდიშვილი მოიხმო. ის ნამტირალევი სახით შემოვიდა და დადგა. – დაბრძანდით, დემნა. – გმადლობთ. – რა შეგიძლიათ გვიამბოთ. ვის შეიძლება თამარის მოშორების სურვილი გასჩენოდა? – ეს ხომ უბედური შემთხვევა იყო? გული გაგლეჯაზე მაქვს, ისე მეცოდება. – არ ვიცით, იქნებ ვინმე დაეხმარა სტიქიას? – არა მგონია. ვინ? დედაჩემი 90 წლამდე ასაკის ქალია. ნატაშენკა ინტერესების გარეთაა. ელენეს მშობლები განადგურებულები წვანან. ელენე რისთვის? უცხო ადამიანები რატომ? – თქვენ? – მე? მე დღემდე მიყვარს. – სიყვარულით ძალიან ბევრი მკვლელობა ხდება. – ეჰ, რომ შემძლებოდა ... თუმცა, მართალი ხართ, მე მოვკალი ამ დღეების დრამატურგიით, გავტეხე, გავსრისე და ვეღარ აიტანა, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მე ერთადერთი ვიყავი მისადმი ლმობიერი და მეც არ დავინდე, რა სცენები გავითამაშე. მე ვარ მისი მკვლელი. დიახ, მე ვარ მისი ირიბი მკვლელი. – მე კი ვფიქრობ, რომ მას გემბანზე ვიღაც დაეხმარა სხვა სამყაროში გასამგზავრებლად. – ვინ, ვინმეზე გაქვთ ეჭვი? – ჯერ არა, მაგრამ გავარკვევ. – მე სასოწარკვეთილი ადამიანის ნებაყოფლობითი წასვლა მგონია. – კარგი, დავასრულოთ საუბარი, თუ საჭიროდ ჩავთვლი ისევ გაგესაუბრებით. დემნა ადგა და დაღონებული გავიდა.
შემდეგი ნიკო იყო. – გამარჯობა, ნიკო. რა შეგიძლიათ საინტერესო გვითხრათ ამ ამბავზე. – არაფერი. – იქნებ რაღაც საეჭვო შენიშნეთ, ან მოგესმათ ვინმეს უცნაური სიტყვები, ან უცნაური ქცევა გეცათ თვალში. – არა. – თუმცა, თქვენ თვალს არ აშორებთ ერთ არსებას და სხვა აღარავინ გაინტერესებთ. – დასრულებულია დაკითხვა? – დიახ. ამჯერად კი. ნიკო ადგა და გავიდა.
შემდეგ ელენეს მშობლები შემოლასლასდნენ. – დაბრძანდით! ერთმანეთის დახმარებით ძლივს დასხდნენ. – რა შეგიძლიათ გვითხრათ მომხდარზე? – ჩვეენ? რა შეგვიძლია გითხრათ, უბედურება დატრიალდა. თამარმა თავი მოიკლა. – თქვა ელენეს მამამ. დედა გაუნძრევლად იჯდა თავჩაქინდრული. – მაგრამ თუ თვითმკვლელობა არ იყო, მაშინ? – ვერ დავიჯერებ! ვის რა ხელს აძლევდა მისი მკვლელობა? არავის აწუხებდა. საცოდავად გარიყული ცხოვრობდა. – ესე იგი თქვენ არაფერი შეგიმჩნევიათ ისეთი, რაც თვითმკვლელობაში დაგაეჭვებდათ? – არაფერი. ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ თავი მოიკლა. ჩვენ გაგვაოცა ელენეს ზიზღამდე მისულმა გულგრილობამ, მაგრამ რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, ჩვენთანაც გაუცხოვდა. ისეთი სიხარულით მოვდიოდით სამოგზაუროდ, ბედნიერებით სავსე დღეებს ველობით და ... აჰა! მოვედით! თავს გამოყენებულად და ზედმეტად ვგრძნობთ. მთელი ჩვენი სიყვარული, იმედი, შრომა ჩავაქსოვეთ ელენეს აღზრდაში და უცებ არასაჭირონი გავხდით, თითქოს ჩვენი მისია შევასრულეთ და აწი უნდა გავქრეთ მისი ცხოვრებიდან. ადამიანებადაც კი აღარ ვითვლებით, თითქოს ჭინჭები ვართ, ფართლეული. – ნუთუ ასე გრძნობთ თავს? – დიახ! – თქვა დაღონებულმა დედამ. – დიახ! თამარში ცოტა ჩვენი თავებიც დავინახეთ „ელენეს თვალით“, მას ხომ ახლა სხვა, პრესტიჟული ადამიანები, აინტერესებს. მათეც ჩვენს დღეშია, რომ იცოდეთ. მასაც მიატოვებს, დროის ამბავია, მისი მისიაც იწურება, ჩვენ ასე გვგონია. ხომ ნახეთ, როგორ უყურებენ ერთმანეთს ელენე და ნიკო? მათეს მხოლოდ კლასელი გოგონების ჯინაზე გაჰყვა, სხვას წაართვა. ახლა თვითონვე მიატოვებს, როგორც „გამარჯვებული“. – ძალიან საინტერესო დაკვირვება გამანდეთ. – ეჰ! რა შეიცვლება ამით, თორემ კი .... კიდევ კარგი ერთმანეთი გვყავს. უნდა გავუფრთხილდეთ. როგორმე გადავურჩეთ ამ მოგზაურობას და გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება. ასე გადავწყვიტეთ, ყველასგან და ყველაფრისგან დისტანცირება უნდა შევძლოთ, თორემ ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავებს. სხვა საკითხია თუ გამოგვივა ეს დისტანცირება. – ვფიქრობ, კარგია, რომ საღად გააანალიზეთ სიტუაცია და შესაფერისი დასკვნები გამოიტანეთ. – დრო გვიჩვენებს. თუ შეიძლება, წავალთ, დავისვენებთ. – დიახ, ჯერ–ჯერობით ეს ვიკმაროთ. გასაუბრება დასრულებულია. ელენეს მოტეხილი მშობლები ადგნენ და მძიმედ გავიდნენ.
შემდეგი მათეს მშობლები შემოვიდნენ. – დაბრძანდით და გაიხსენეთ, რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ ამ დღეებში. – ამ დღეებში იმდენი რამ მოხდა, რომ ყველაფერი საეჭვოა, ზოგჯერ ვფიქრობ, მართლა ხდება ეს ამბები, თუ მეჩვენება, – თქვა მათეს მამამ. – მეც ასე ვარ, – შეეხმიანა ცოლი. – ჩვენ, საერთოდ, რა შუაში ვართ ამ ორომტრიალში? ეჰ! მათე, მათე ... სიმდიდრეს დახარბდა, თორემ ლიკა კაჭკაჭიშვილი უყვარდა, ლამაზი და სათნო გოგონა. მოკრძალებული და სასიამოვნო ოჯახისშვილი. მშობლებიც კი კარგად ვიყავით ერთმანეთთან, უკვე მოყვრებად ვთვლიდით თავს და უცებ ... თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემი გადასაწყვეტიაო. ჩვენც ხმა ჩავიგდეთ. დავეთანხმეთ, სხვა რა გზა გვქონდა? არც აქ გვინდოდა წამოსვლა. დაიჟინა, კარგად გაიცნობთ ელენესაც, მის მშობლებსაც და დამეგობრებულები დავბრუნდებითო. ნეტა, არ წამოვსულიყავით. დასვენების მაგივრად, ვნერვიულობთ, ორივეს მაღალი წნევა გვაქვს. თქვენ მაინც დაგვანებეთ თავი, თუ შეიძლება. – ამ სიტყვებზე მათეს მამა ადგა, მიეხმარა ცოლს წამოდგომაში და გავიდნენ.
შემდეგი გივი შემოვიდა. – დაბრძანდით და მიამბეთ, თუ რამე იცით მომხდარის შესახებ. – მე გუშინ საღამოს დერეფანში შევეფეთე იმ ქალს, აწ გარდაცვლილს. უცებ გამოვედი კაიუტიდან და შეეშინდა. შეხტა. ბოდიში მოვუხადე, საბრალო იყო. ძალიან საბრალო. – იმდენს იზამთ ყველა, რომ თავს მომაკვლევინებთო, სასოწარკვეთილმა ამოიოხრა. – გამხნევდით მეთქი, ქალბატონო თამარ. ცხოვრება იცვლება. შვილები იზრდებიან, ცხოვრებისეულ გმოცდილებას იღებენ და ვინ იცის, ერთ დღეს შერიგდეთ კიდეც დედა–შვილი. მადლიერი თვალებით შემომხედა. თავისი მშვენიერი თვალებით, გადამარჩინეთო, მითხრა. მაგრამ ... როგორც ჩანს ვერ გადავარჩინე. – ძალიან საინტერესო ამბავი მიამბეთ, გმადლობთ. რამეს ხომ არ დაამატებდით? – მე ბარისკენ წავედი, ქალი კი, ჩემს უკან, კაიუტაში შევიდა. მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი. – რომელი საათი იქნებოდა? – დაახლოებით, საღამოს ცხრა საათი. – კარგი, თუ შეკითხვები გამიჩნდება, შეგაწუხებთ. გივიც ადგა, თავი დაუკრა და გავიდა.
შემოდი ნატაშა, დაჯექი. მგრძნობიარე გოგონა ლამის ტიროდა. - Я ничего не знаю, бедная женщина, я ничего не понимаю, мне нечего сказать. – მე მაინც უნდა დაგისვა კითხვები, ვინმეს საეჭვო ლაპარაკი ხომ არ გაგიგია, რამე ხომ არ შეგინიშნავს. იმ საღამოს ქალბატონი დორა ხომ არ გასულა სადმე? ან შენ ხომ არ გამოსულხარ კაიუტიდან. – ელენე მოსულა და ერთად წავიდა ორი, მგონია სალონში. მერე ელენე მოაცილა კნიაგინია და წავიდა. – ზუსტად სად წავიდნენ არ იცი? – არა. მე ჩემ კაიუტაში მიმით ერთობა, თამაშობს. – დიდხანს იყვნენ წასულები? – არა. ცოტახნობა. – სხვა ხომ არ გაგიგია რამე? – ელენე მოაცილა, უთხრა: ჯიუტია და წავიდა. მეტი არაფერი იცი. Я больше ничего не знаю, всё сказала. ეხლა მე წადი. – კარგი, ნატაშა, წადი. მათე შემოვიდეს უთხარი. – კარგი.
კარი გაიღო და მათე შემოვიდა. მაშინვე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თქვა: გისმენთ! – ეს მე გისმენ, მათე. გაიხსენე ყველაფერი, რაც შეიძლება მომხდართან კავშირში იყოს. – რა უნდა გავიხსენო. იმ საღამოს ელენე ცოტა ხნით ბებიამისთან წავიდა, დორასთან ერთობოდა ხოლმე. მათი ხმებიც მესმოდა, ზუსტად რას ლაპარაკობდნენ – არა. ხან შედიოდნენ კაიუტაში, ხან გამოდიოდნენ. სხვა არაფერი გამიგია. ელენე მალე დაბრუნდა. მე, გაგიკვირდებათ, და დეტექტივს ვკითხულობდი, მიყვარს დეტექტივების კითხვა. ამასობაში ეს ამბავიც დატრიალებულა. იმ ქალს არასოდეს შევხვედრივარ, არ ვიცნობდი, არც ვიცოდი მისი არსებობა. რაც ვნახე, მებრალებოდა. სულ ეს იყო. – არასოდეს გილაპარაკია მასთან? – არა. რა გვქონდა რო სათქმელი? ან მე, ან იმას? – კარგი. დღეისთვის საკმარისია. ელენე შემოვიდეს.
კარზე დააკაკუნეს. – შემოდი ელენე, დაჯექი და სიმართლე მითხარი. შენ ხომ ყველაფერი იცოდი წარსულზე? ეს ამბები არ ყოფილა შენთვის სიახლე. აბა, გისმენ! – დიახ, მე ყველაფერი ვიცოდი. ასე ცამეტი–თოთხმეტი წლის რომ გავხდი, დავფიქრდი, საიდან იხდიდნენ ჩემი მშობლები იმ ძალიან პრესტიჟული კერძო სკოლის საფასურს, რომელშიც მე ვსწავლობდი. იქ ძალიან მაღალი წრის წარმომადგენლები სწავლობდნენ. ჩვენ ამ წრეს არ ვეკუთვნოდით. მამა სკოლის მასწავლებელი იყო, დედა – დიასახლისი. მიკვირდა. ბრწყინვალე სკოლა დავამთავრე, სავალდებულო საგნებთან ერთად სამ უცხო ენას ვსწავლობდით, ინგლისური აუცილებელი იყო, სხვა ორი ენა – არჩევით. გოგონებს ხელსაქმესაც გვასწავლიდნენ, კერვას, ქარგვას, ქსოვას. კულინარიის გაკვეთილებიც გვიტარდებოდა. მუსიკალური განათლებაც მივიღე და არც თუ ურიგოდ ვუკრავ. მამასთანაც კი ვბედავ ოთხ ხელში დაკვრას. ამ რამდენიმე დღეში ძალიან გავიზარდე როგორც პიანისტი. მამასთან ერთი გაკვეთილი სხვასთან ათს და ოცს უდრის. თხუთმეტი წლის რომ გავხდი, ჩემმა კლასელმა, ყველაზე პოპულარულმა ბიჭმა მათემ, იგივე ჩემმა ქმარმა, ჩამილაპარაკა: – ნეტა, მეც მყავდეს შენნაირი მდიდარი ბებიაო. ბებიები სულ არ მყავდა, ჩემს მშობლებს არა ჰყავთ მშობლები და ამ ნათქვამმა გამაკვირვა. როგორც ჩანს, გარშემო, ჩემს გარდა, ყველამ იცოდა, ვინ მაფინანსებდა. დავინტერესდი. ბუღალტერიაში შევედი და ვიკითხე, ჩემი სწავლის საფასური ხომ გადახდილი იყო. თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს ვღელავდი. რამდენადაც ვიცი კიო, – მიპასუხა სკოლის ბუხჰალტერმა. ახლავე ვნახავ გადმორიცხვასო და იპოვა. თუ შეიძლება, მეც ვნახავ–მეთქი ვთხოვე. მაჩვენა და გადმომრიცხველად დორა გოლიცინა ეწერა. გავვოცდი, არ შევიმჩნიე, მადლობა ვუთხარი და გამოვედი. საღამოს ინტერნეტში მოვძებნე დორა გოლიცინა და კიდევ უფრო გავვოცდი. რუსეთის იმპერიის კარზე დაახლოებული თავადების, გოლიცინების შთამომავალი ყოფილა, ქართველ თავადზე ფალავანდიშვილზე დაქორწინებულა და ერთი შვილი ჰყავს, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულის პიანისტი დემნა ფალავანდიშვილი. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. მშობლებს არ და ვერ ვკითხავდი, რადგან უკვე ეჭვი შემეპარა, რომ ისინი ჩემი ნამდვილი მშობლები იყვნენ და, თითქმის, დავრწმუნდი, რომ მიშვილეს, თან საგვარეულოში არავის ვგავდი. ინტერნეტში ნანახ ბებიის ახალგაზრდობის სურათს მივამსგავსე ჩემი თავი, მხოლოდ თვალები მქონდა განსხვავებული, განსაკუთრებით ფერი. ერთ დღეს სკოლასთან მედიდური და განსაკუთრებულად ჩაცმული ასაკოვანი ქალი დამხვდა და დამტვრეული ქართულით მითხრა. – შენი ლაპარაკი მინდა, საკონდიტრო შევიდეთ და ნამცხვარი ჩაით ვსვათ. შევედით, დავსხედით და ყველაფერი მიამბო. ჩემი თავი დავინახე მასში. ძალიან ვგავდი. დედაჩემი ხშირად ტიროდა, მე კი არასოდეს მიტირია, მგონი, არც ბავშვობაში. ასეთად წარმოვიდგინე ეს ქალიც, ჩემი ბებია. ის აფინანსებდა პირველი დღეებიდან იმ ოჯახს, რომელშიც მე ვიზრდებოდი. ჩემს სრულწლოვანებას ელოდა, რომ თავის კანონიერ მემკვიდრედ გამოვეცხადებინე. მითხრა, თუ ჩემს შვილს კიდევ ეყოლება შვილი, ან შვილები ( მამა ხომ 40 წლისაც არ არის ჯერ, მგონი 38 წლისაა, თუ არ ვცდები), ყველას თანაბრად გაგიყოფთ ჩემს ქონებას. თუ არა – შენ იქნები მემკვიდრეო. ყველაფერში მართალი იყო და დავეთანხმე. პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს და ეს არავინ იცოდა. თექვსმეტი წლის რომ გავხდი, სკოლასთან ის ქალი დამხვდა, დედაჩემს რომ უწოდებდა თავის თავს, ელენემ ზიზღით დაბრიცა ტუჩები. ტიროდა და მთხოვდა დავლაპარაკებოდი, მეპატიებინა მისი საქციელი. ის არ იყო დედაჩემი, მე მასთან არაფერი მქონდა საერთო. ღმერთმა ის გამოიყენა, როგორც ჭურჭელი, რომელშიც მე უნდა განვვითარებულიყავი, მაშინ ის სუფთა და ლამაზი იყო. ჰო, და კიდევ თვალები! ცოდვა იქნებოდა, ეს საოცარი თვალები გადაშენებულიყო. მან გამაჩინა და ამით დამთავრდა მისი მისია ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ აღარაფერი გვქონდა საერთო. ასეც ვუთხარი. ამ სიტყვებზე ლაშა კინაღამ შეხტა, „მან გამაჩინა და ამით დამთავრდა მისი მისია“, ეს სიტყვები გაიმეორა თავისთვის გუნებაში. რა კარგად იცნობენ თურმე ელენეს მისი მშობლები, რა ზუსტად მოირგეს მისი ხედვა. „მათ აღზარდეს და ამით დასრულდა მათი მისია“. რა სიცივეა! ყინვა! – თვრამეტი წლის ასაკში ბებიამ ოფიციალურად გამომაცხადა თავის მემკვიდრედ და მთელი ქონება დამიმტკიცა. მემკვიდრეობაში ის პირობაც ჩაიდო, რომ თუ მამაჩემს სხვა შვილებიც ეყოლება, მაშინ ქონება ყველაზე გადანაწილდება. აი, მამაჩემმა კი დღეს გაამჟღავნა თავი და მასთან შემიძლია მამა–შვილობა. მას ისევ ის ნორჩი თამარი უყვარს ვერ დააღწია მის ხიბლს თავი, დღემდე ვერ შექმნა ოჯახი. ეს ქალი ყველას აბრკოლებდა. – რა სასტიკი ხარ ელენე, ნუთუ არ გეცოდება თამარი. – არა, არ მეცოდება. – ახლაც კი, როცა მოკლულია? – მოკლულია, თუ შტორმიან ამინდში ავიდა გემბანზე და ქარიშხალმა ჩააგდო აუზში? – ქარიშხალს ვიღაც დაეხმარა. – ვინ უნდა დახმარებოდა? დემნას უყვარდა და, მგონი, ისევ უყვარს. ბებიაჩემი უმალ თვითონ გადავარდებოდა, სადა აქვს ამდენი ძალა. ჩემი მშობლები თვითონ დახოცილები არიან ამ ამბებით. ვინ? – შენ? შენზე რას იტყვი? – მე იმ ქალს ახლოს არ მივეკარებოდი არასდროს. – საიდან ასეთი ზიზღი? – არ ვიცი, მაგრამ თავს ხომ ვერ უბრძანებ, ვინ გიყვარდეს და ვინ გძულდეს? – კარგი, დღეისთვის საკმარისია. თუ საჭიროდ ჩავთვლი კიდევ დაგკითხავ.
მობრძანდით კნეინა დორა, დაბრძანდით და სიმართლე მითხარით, დრო მოვიდა ყველაფერი გაირკვეს. - ხო! შვილი, ძალიან მერე, ორმოცდაცხრა წლობისას გააჩინე. როგორ გამიზრდია, როგორ გამიზრდია და ამ ქალი გადაეყარა. ამ ქალი ხომ არ შეეძლო წესიერობა, Всё-таки напакостила, она же не могла иначе. – თავისთვის ჩაილაპარაკა დორამ. – სიმართლე? – მე ვუნახავდი ელენეს ოჯახს, მე ვუხადე სწავლა. მე ვუხადე ელენეს, მათეს და მათი მშობლებს ეს მოგზაურება. მათე бездельник….на деньги падкий …ბევრი ფული ეყვარება, არა ელენა... Enfin... მაგრამ ...ელენა ჩემი შვილიშვილია, ზუსტად გავს ჩემი ახალგაზრდობა. ყველაფერი მას ვუტოვებ. ის ქალი არ მაინტერესობს, ჩემი შვილი ჯადო ქნა და სხვა ქალი არ უყვარობს. Бог отвёл! Мне больше нечего сказать, всё! - არ გეცოდებათ? ახლა ხომ მკვდარია? - არ გეცოდება, არა! ყოველთვის ამოწმებ, ვინ მგზავრია. ეხლა მე, ნატაშა, დემნა, ნიკო, გივი, ელენე, მათე, მათი ოთხი მშობლები. თერთმეტი ადამიანი ჩვენ არის. ოთხი უცხოელიც იცოდი და რა მეგონა, რომ ამ ქალი იქნებოდა აქ. არ გეცოდება, მთელი ცხოვრება ჩვენი გული ჭამა. - კარგი, გასაგებია. არ გეწყინოთ, თუ კიდევ გამიჩნდება კითხვები.
სულ ბოლოს უცხოელების დაკითხვა გადაწყვიტა. მათგან ბევრს არაფერს მოელოდა განსაკუთრებულს, მაგრამ ვინ იცის? იქნებ ზუსტად მათ იცოდნენ რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველად უწევდა უცხო ენაზე დაკითხვის წაყვანა და ღელავდა. თან უხაროდა, რომ ინგლისურს სათანადოდ ფლობდა და მისი პრაქტიკულად გამოყენების საშუალებაც მიეცა. კაცები სწრაფად გამოკითხა, საბრალონი ვერ გარკვეულიყვნენ რა ხდებოდა. ვერც ერთ–ერთის ცოლმა მიაწოდა რაიმე ინფორმაცია. მეოთხე ტურისტმა კი, სახელად შტეფიმ, კითხვაზე, ხომ არაფერი შეუნიშნავს იმ საღამოს განსაკუთრებული, უპასუხა: – საღამოს გადავწყვიტე გამაგრილებელი სასმელის დალევა, აღარ გვქონდა კაიუტაში და ბარში წავედი ავტომატიდან საყიდლად. ამ დროს იმ ქალის კაიუტიდან, რომელიც დაიღუპა, გამოვიდნენ თავადის ქალი და ახალგაზრდა პიანისტი გოგო, მაგრამ ის ქალი ცოცხალი იყო და რაღაც უთხრა ამათ. არ ჩხუბობდნენ, კნეინამ უთხრა ქართულად გამოი ..ნე.(ვერ გავარჩიე) ამინდი (ეს სიტყვა ვისწავლე ამ დღეებში და გავარკვიე). იმ ქალმა მკაცრად თქვა: – არა. – და კარები მოხურა. ჩვეულებრივად ლაპარაკობდნენ. მეტი არაფერი ვიცი. – რომელი საათი იქნებოდა დაახლოებით? – ოცდაორი საათის ირგვლივ. – უღრმესი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ. გემის პერსონალს, კაპიტნით დაწყებული და მზარეულის თანაშემწით დამთავრებული, უფრო ფორმალობისთვის გაესაუბრა. მხოლოდ მზარეულის თანაშემწემ ამცნო, ერთი შეხედვით სრულიად უსარგებლო ამბავი, სამზარეულოში დანა დაიკარგა, როდის არ იციან, სულ ახლახანს შენიშნეს. ამ ინფორმაციას არავითარი კავშირი თამარის დაღუპვასთან არ ჰქონდა და ლაშამ მხოლოდ ცნობად მიიღო. დაკითხვების შემდეგ ლაშა თავის კაიუტაში შევიდა და აღარც გამოსულა. იწვა და ფიქრობდა მომხდარის შესახებ, აანალიზებდა მოსმენილს. უკვირდა, როგორი სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი. გვიან ჩაეძინა. დილით მძიმედ ადგა და მოგვიანებით ჩავიდა საუზმეზე. უმრავლესობას უკვე ესაუზმა, რესტორანში უცხოელები და გივი საუზმობდნენ. დორა და ელენეც იქვე ისხდნენ, ნელა საუზმობდნენ და საუბრობდნენ, როგორც ჩანს, მომხდარის შესახებ. ლაშა მათ მიესალმა და სთხოვა, შორს არ წასულიყვნენ, ისაუზმებდა და შემდეგ ორივესთან გასაუბრება სურდა. სალონში არავინ იყო და იქ არჩია ქალებთან განმარტოება. მობრძანდით, ქალბატონო დორა, ელენე, დასხედით! მე ვიცი, რა მოხდა. მკვლელობის საღამოს ... – უკაცრავად, ან თვითმკვლელობის, ან უბედური შემთხვევის საღამოს, ასე ხომ უფრო სწორია? ასე დავიწყოთ, – თქვა ელენემ. – ჰო, – დაუდასტურა ბებიამ. არა, ქალბატონებო, თვითმკვლელობის იძულების, იგივე მკვლელობის საღამოს. თქვენ ხომ ორივე იმყოფებოდით თამართან „სტუმრად“? თქვენ ორივე ვერ იტანდით მას, ის ზედმეტი იყო თქვენთვის. მის გარეშე რჩებოდით „პატიოსანი“, „მართალი“ და „წესიერი“ ოჯახის წევრები, რომლებსაც „ბედნიერად“ უნდა გეცხოვრათ. თქვენ მას თქვენი სიძულვილი დაუმტკიცეთ, დაუმტკიცეთ რომ ის ვერასოდეს გახდება თქვენი ოჯახის წევრი, რომ მის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, ურჩიეთ, გამოიყენოს ეს ამინდი და მისცეს ბუნებას საშუალება მიიბაროს იგი. თქვენ ვარაუდობდით, რომ მას ქარიშხალი გემბანიდან ზღვაში გადაისროდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი, ქარიშხალმა, თუ ვიღაცამ, ვინც ქარიშხალს დაეხმარა, უბედური ქალი აუზში ჩააგდო, მან თავი დაარტყა, გონება დაკარგა და იქვე გარდაიცვალა. თქვენ, რასაკვირველია, გერჩიათ ზღვაში ჩაკარგულიყო. ამიტომ ჩაილაპარაკეთ თქვენ, კნეინა „Всё-таки напакостила, она же не могла иначе.“.... უბედურ ქალს სიკვდილი ანატრებინეთ. კი გაგიჯიუტდათ და ბოლოს „არა“ გითხრათ, მაგრამ მაინც ავიდა გემბანზე და თავიც დაიღუპა. თვითონ რომ გადამხტარიყო აუზში, პირქვე იქნებოდა დამხობილი. თამარი კი გულაღმა იწვა. ისევ გაგიმეორებთ: მე, როგორც გამომძიებელი ვეჭვობ, რომ ქარბუქს ნამდვილად ვიღაც დაეხმარა. თამარი იმ საღამოს გაამხნევეს და მცირე იმედი ჩაუსახეს. ამის შემდეგ თქვენ ესტუმრეთ მას, ზიზღით სავსე ორი ადამიანი, გემბანზე ასვლა და თვითმკვლელობა ურჩიეთ, „გამოიყენე ამინდი“ – აი, თქვენი სიტყვები. რაზეც მან „არა“ გიპასუხათ. თამარი, თქვენი დაჟინებული მოწოდებით, მაინც ავიდა გემბანზე, მაგრამ შეშინდა, თან ჩაწვეთებული იმედის ნაპერწკალიც ჰქონდა და, როგორც ჩანს, გამობრუნება სცადა. ამ დროს მას ვიღაცამ მკლავებში სტაცა ხელები (მკლავებზე თითების ანაბეჭდებია) და რადგან ასეთი ძიძგილაობით გემის ნაპირზე მისვლა ორივესთვის სახიფათო იყო, აუზში ჩააგდო. ამიტომაც ეგდო თამარი გულაღმა, თუმცა ქარიშხალს და გემის რყევასაც შეეძლო ასე გადაეგდო თამარი აუზში, ამიტომ რთულია სინამდვილის გარკვევა. რაც შეეხება მკლავებზე ანაბეჭდებს, ეს თითების ანაბეჭდები დემნასიც შეიძლება იყოს, რადგან მან იმ საღამოს, ყველას თვალწინ ჩაავლო თამარს მკლავებში ხელი, ამიტომაც ძნელია რამის დაზუსტებით თქმა. მყარი მტკიცებულებების გარეშე კი, მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე, სამწუხაროდ, ვერაფერს დავამტკიცებ. მე შესაბამის მასალებსაც წარვადგენ და, რადგან მკვლელობა ვერ დამტკიცდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ვიტყვი, რომ ეს სიკვდილი, ამ დღეების სტრესით გამოწვეული, უბედური შემთხვევაა, ან სასოწარკვეთილების ქმედებაა, ან ვიღაცის მონაწილეობით ჩადენილი დანაშაული. ალბათ ასე ჩაიფარცხება, მაგრამ თქვენ როგორ უნდა ატაროთ ეს სიმძიმე მთელი ამ და იმ ცხოვრების განმავლობაში? ამ სიცივით და ჯიუტი შეუვალობით ნამდვილად ორი წვეთი წყალივით ჰგავხართ ერთმანეთს ბებია და შვილიშვილი. ქალები უემოციო სახეებით ისხდნენ. – კარგი, წადით და დაფიქრდით და რა ჩაიდინეთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა, რა კარგია, რომ გამოჩნდით და გმადლობთ, რომ კითხულობთ. თქვენი აზრი საინტერესოა. მკვლელობა, პრინციპში, ყოველთვის მოულოდნელია, თუმცა კვანძის გახსნა, რომელიც შორს აღარ არის, ალბათ ახდის ფარდას ყველა საიდუმლოს.
მუხა, რა კარგია, რომ გამოჩნდით და გმადლობთ, რომ კითხულობთ. თქვენი აზრი საინტერესოა. მკვლელობა, პრინციპში, ყოველთვის მოულოდნელია, თუმცა კვანძის გახსნა, რომელიც შორს აღარ არის, ალბათ ახდის ფარდას ყველა საიდუმლოს.
3. ასე სწრაფად საიდულო ამბის გამხელა და ვინმესაგან ამავე დროს შურისმაძიებელი აგრესიის გამოწვევა და მკვლელობის განხორციელება მიზეზ--შედეგობრივში, ფსიქოლოგიურად არ ჯდება, მე ასე ვფიქრობ. ასე სწრაფად საიდულო ამბის გამხელა და ვინმესაგან ამავე დროს შურისმაძიებელი აგრესიის გამოწვევა და მკვლელობის განხორციელება მიზეზ--შედეგობრივში, ფსიქოლოგიურად არ ჯდება, მე ასე ვფიქრობ.
2. გმადლობთ, რომ კითხულობთ. ლაშა ხომ საგამომძიებლო ორგანოების წარმომადგენელი არ არის, არც პოლიციელია, კერძო დეტექტივია, ამიტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს. ვნახოთ, რა იქნება და როგორ დასკვნებს გამოიტანს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ. ლაშა ხომ საგამომძიებლო ორგანოების წარმომადგენელი არ არის, არც პოლიციელია, კერძო დეტექტივია, ამიტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს. ვნახოთ, რა იქნება და როგორ დასკვნებს გამოიტანს.
1. საინტერესოა, მაგრამ ჯერ მსუბუქად მიდის ფაქტობრივი მოკვლევა საინტერესოა, მაგრამ ჯერ მსუბუქად მიდის ფაქტობრივი მოკვლევა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|