#ლექსები
ნინო დარბაისელი
იერიქონი. რეჰაბი. ფერფლი
(ციკლიდან: ეროტიკა ბიბლიაში)
კარგით რა, ერთი! რა სამშობლოს სიყვარული, რა ერთგულება! მე მეძავი ვარ. იერიქონში ყველა მიცნობს, ჩემით რომ მეფემ გული იჯერა, ჰარამხანიდან ძველები გარეთ რომ გამოგვიშვეს, ახლებისთვის მეტი ადგილი რომ დარჩენოდათ, მეღირსა ჩემი მეძავური თავისუფლება. ციხე-ქალაქის გალავანშია დატანებული პაწაწინა ჩემი ოთახი, თავშესაქცევად მოწყობილი, შორი სტუმარი მოსალხენად ჩემთან ჩერდება, გულიც მრავალს გადაუშლია. ისიც ყოფილა, გათენებულზე მეფის კაცს რომ გამოუკითხავს, რაო, სტუმარმა, რა გითხრაო და ყველაფერიც მომიყოლია. აბა, რისთვის ვართ მეძავები, ჩვენზე ძლიერებს თუ არ ვარგეთ, ხოლო მოსულს - თუ არ ვაამეთ!
2. დიახაც ეგრე, მე შევიფარე ორი მზვერავი, იეშუას გამოგზავნილი, ვასვი, ვაჭამე, კიდეც ვუმღერე და ვუცეკვე, თავიც წრფელად შევთავაზე, ჩემი ხელობა სხვა რა არის, მათ კი არაო, ღმერთის ძალი გაგვეცლებაო, ამას სჯობია, ყველაფერი მოგვითხროო, იერიქონის დასაპყრობად რაც გვჭირდებაო. უკვე ძრწის მთელი არემარე ამათი შიშით, სადაც მივიდნენ, ერთიანად ამობუგეს, გაანადგურეს, კატის კნუტივით დამახრჩობდნენ, რომ სდომებოდათ, ბავშვმაც კი იცის, საიდუმლო გარიგებას ან შეთქმულებას თუ გთავაზობენ, დათანხმდები - ხომ კარგი და, თუ იუარე, სიცოცხლე აღარ გიწერია.
3. რა სამშობლო, რის ერთგულება! მე აღარც მახსოვს, სად დავიბადე, ვისზე ვიყავი შეყვარებული, აღარც ის მახსოვს, თხების მწყემსს ქვედა ტუჩთან რომ ჰქონდა ნაიარევი, ხუჭუჭა თმების ბოლოებს თუ ჩამოქაჩავდი, ბეჭის ბოლომდე ჩამოსწვდებოდა, გაუშვებდი და იმავეწამს ბეჭის თავამდე აეხვეოდა; არც ის, შინიდან დიდედას რომ ვეპარებოდი, მერე ჩანჩქერთან, მღვიმეში როგორ ვეძლეოდით თავდავიწყებას, არც ის არ მახსოვს, იმ მღვიმეში მეომრებმა რომ მოგვაგნეს და ზედ დამაკლეს, ან მომაკვდავმა პირიდან სისხლი რომ დამარწყია, აღარც ის მახსოვს, ტანსისხლიანი კლდის პირიდან რომ ვვარდებოდი, რომ გამბაწრეს და იერიქონის გზას გამიყენეს. ანდა ტყვეებში ჩემიანები როგორ ვიცანი; დიდედა - გზაში მოიცელა, ხისქვეშ დავმარხეთ და რაც ვიპოვეთ, ქვები დავადეთ, რომ მშიერ ნადირს სუნი არ ეკრა, ახალნაყარი მიწიდან რომ არ ამოეთხარა. ის სულ არ მახსოვს, ხელმწიფემ სხვებში როგორ შემნიშნა, რანაირად გამომარჩია, ერთი დღით ვცხოვრობ, უწარსულოდ და უმომავლოდ, იერიქონო!
4. იერი ჰქონდათ უცნაური, იერიქონო! განა ისეთი რა მეკუთვნოდა მე შენს კედლებში, რასაც სხვაგან არ მაღირსებდნენ. იმ ებრაელი მზვერავების მდევარს თავგზა რომ ავურიე, გალავანგარეთ რომ გავისტუმრე, დამალულები სხვენიდან რომ ჩამოვიდნენ, ფიციც დამიდეს, ყველას დავხოცავთ, შენ კი არავინ შემოგბედავსო, შენიანები აქ ყველა ერთად შეიფარეო, იმ ფანჯარაზე, საიდანაც გადავაპარე, მითხრეს, წითელი თოკი შეაბი, რომ ვინიშნოთო. განა ისეთი რა მეკუთვნოდა შენს კედლებში, იერიქონო, ჩემიანების გადარჩენას რომ გადასწონის, ან განა კიდევ რამდენს გასძლებდა მეძაობით ჩემი სხეული, ჭკნობა რომ უკვე რომ შეპარული აქვს. სხვა რა ხელობა მომერგებოდა, წყლები მეზიდა წყაროდან თუ ზეთისხილი გამომეხადა? ფარდაგები ხომ არ მექსოვა? მე მეძავი ვარ. ჩვენს საამებლად კარზე არავინ მოგვიკაკუნებს, სიამოვნების თამაშია ჩვენი ხელობა, გახელებული ვნების თამაში, როცა მთქნარებას ძლივს იკავებ და კარგად ვიცით, თავუამებლად სხვა რით ვაამოთ. კეთროვანების მღვიმე არის მეძავის ბოლო, თუკი იქამდე გზა გაიკვალა. მეძაობაში რას მიხდიდნენ?! გააჩნია. ისეთს არაფერს, მაგრამ მამას ხელს ვუმართავდი და ახალ-ახალ შემომატებულ ბავშვებსაც ხომ ჭამა სჭირდებათ.
5. აღარ არსებობ მიწის პირზე. ცეცხლიც დანაცრდა და უდაბნოს ცხელ ქარს მიჰყვება, იერიქონო, იერიქონო, მე შენ მაინც ვერ გიშველიდი. მართალი მითხრეს: ‘‘ერთი მებრძოლიც ვერ დარჩებაო, იერიქონო, ყველას დავხოცავთ, გინდაც თავი ძლიერ იქონო,“ - არავინ დარჩა შენს კედლებში ან კედლებს გარეთ, თითი რომ ჩემკენ მოიშვიროს და დაიძახოს, მეძავიაო, მოღალატე! აღარც არასდროს იარსებებ, იერიქონო, ამოწყდა მთელი ქანაანი!
აი, გამოჩნდა კეთროვანთა თავშესაფარიც. ესენი მალე იორდანესაც გადალახავენ, ჩემიანებს კი შეირევენ, საუკუნენი გარდაივლიან და ებრაელებს არა ძრახვით, მარად კეთილად მოვაგონდები და მეფიქრება, არ ვიყავი ალბათ მეც ავი, იერიქონის გალავანში დაბუდებული ქალი რეჰაბი - ერთი მეძავი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან მომეწონა. სათავფურცლეა . ძალიან მომეწონა. სათავფურცლეა .
6. მადლობა მზია. გზაში ვარ და მოვიცლი თუ არა, გიპასუხებთ რამდენიმე საათში. მანამდე კი ზოგიერთი ბიბლიოლოგის აზრით, რეჰაბი იყო ებრაელთა ყველაზე დიდი მეფის დავითის დიდი ბებია (დიდედა). თავის მხრივ, დავითი - იესო ქრისტე მაცხოვრის წინაპარია. ქართველ ბაგრატიონებსაც ხომ თავისი შთამომავლობა ებრაელი მეფე დავითისგან გამოჰყავთ. რუთი რომ მთვრალ ბოაზს შეუწვა, ეგ ბოაზი რეჰაბის შვილად მიიჩნევა. ანუ რუთის დედამთილი გამოდის. ებრაელ სალმონს გაჰყოლია ცოლად იერიქონის განადგურების მერე ყოველ შემთხვევაში მაგ სახელით ძველ აღთქმაში სხვა ნამდვილად არავინაა: ( სახარება მათესი 1:4-5)
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.
5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
მადლობა მზია. გზაში ვარ და მოვიცლი თუ არა, გიპასუხებთ რამდენიმე საათში. მანამდე კი ზოგიერთი ბიბლიოლოგის აზრით, რეჰაბი იყო ებრაელთა ყველაზე დიდი მეფის დავითის დიდი ბებია (დიდედა). თავის მხრივ, დავითი - იესო ქრისტე მაცხოვრის წინაპარია. ქართველ ბაგრატიონებსაც ხომ თავისი შთამომავლობა ებრაელი მეფე დავითისგან გამოჰყავთ. რუთი რომ მთვრალ ბოაზს შეუწვა, ეგ ბოაზი რეჰაბის შვილად მიიჩნევა. ანუ რუთის დედამთილი გამოდის. ებრაელ სალმონს გაჰყოლია ცოლად იერიქონის განადგურების მერე ყოველ შემთხვევაში მაგ სახელით ძველ აღთქმაში სხვა ნამდვილად არავინაა: ( სახარება მათესი 1:4-5)
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.
5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
5. ეს სერიოზული ნამუშევარია. საინტერესოა თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ „კარგით რა, ერთი! რა სამშობლოს სიყვარული, რა ერთგულება!“ დიახ, როგორც წესი, ამ პროფესიის ქალბატონებს უფრო პრაქტიკული მიზნები ამოძრავებთ. მაგრამ რა ამოძრავებდა რაჰაბს, მხოლოდ ღმერთმა იცის. მზვერავების შეკედლება კი ჩაეთვალა. ბევრგან არის მოხსენებული ბიბლიაში, ფსალმუნებშიც კი. ყველაზე აღსანიშნავია ახალი აღთქმა და მოციქულ პავლეს ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, სადაც რწმენის გმირები არიან ჩამოთვლილნი: აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, მოსე და ერთადერთი ქალი რაჰაბი. „რწმენით იყო, რომ არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რაჰაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.“ ებრ.11:31 ჩაეთვალა!
ეს სერიოზული ნამუშევარია. საინტერესოა თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ „კარგით რა, ერთი! რა სამშობლოს სიყვარული, რა ერთგულება!“ დიახ, როგორც წესი, ამ პროფესიის ქალბატონებს უფრო პრაქტიკული მიზნები ამოძრავებთ. მაგრამ რა ამოძრავებდა რაჰაბს, მხოლოდ ღმერთმა იცის. მზვერავების შეკედლება კი ჩაეთვალა. ბევრგან არის მოხსენებული ბიბლიაში, ფსალმუნებშიც კი. ყველაზე აღსანიშნავია ახალი აღთქმა და მოციქულ პავლეს ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, სადაც რწმენის გმირები არიან ჩამოთვლილნი: აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, მოსე და ერთადერთი ქალი რაჰაბი. „რწმენით იყო, რომ არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რაჰაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.“ ებრ.11:31 ჩაეთვალა!
4. დამალულების საძებნელად რომ შევიდნენ მის სახლში, ვერ ანიშნა მაინც სხვენისკენ, უსიტყვოდ? ამიტომ ვიფიქრე, რომ მეძავი ხომ ისედაც იყო და თან უცხოელი იქნებოდა, თანაც ტყვედ ნამყოფი. ქვეცნობიერში ექნებოდა რაღაც აგრესია, სიძულვილი იერიქონის და იქაურების მიმართ და საშუალება მიეცა თუ არა, ამოუშვა დამალულების საძებნელად რომ შევიდნენ მის სახლში, ვერ ანიშნა მაინც სხვენისკენ, უსიტყვოდ? ამიტომ ვიფიქრე, რომ მეძავი ხომ ისედაც იყო და თან უცხოელი იქნებოდა, თანაც ტყვედ ნამყოფი. ქვეცნობიერში ექნებოდა რაღაც აგრესია, სიძულვილი იერიქონის და იქაურების მიმართ და საშუალება მიეცა თუ არა, ამოუშვა
3. ალბათ უფრო გაბედულები და დამყოლებია და იმიტომ თანაც მშიშარაც ალბათ უფრო გაბედულები და დამყოლებია და იმიტომ თანაც მშიშარაც
2. რატომ შეარჩიეს მზვერავებმა მაინცა და მაინც მეძავი? საინტერესოა, არა? არის ამ ტექსტში კიდევ საყურადღებო მომენტები, კონტექსტს რომ სცილდება. ბიბლია მხოლოდ იმას ამბობს, რომ იერიქონში დასაზვერად წასული ხალხი მეძავმა რეჰაბმა სხვენში დამალა და იმათ უთხრეს მადლიერების ნიშნად, წითელი თოკი შეაბი ფანჯარას, შენიანები შეიფარე, რომ არ დაგხოცონ ჩვენებმაო. დანარჩენი - ამ ლექსის ავტორისაა. რატომ შეარჩიეს მზვერავებმა მაინცა და მაინც მეძავი? საინტერესოა, არა? არის ამ ტექსტში კიდევ საყურადღებო მომენტები, კონტექსტს რომ სცილდება. ბიბლია მხოლოდ იმას ამბობს, რომ იერიქონში დასაზვერად წასული ხალხი მეძავმა რეჰაბმა სხვენში დამალა და იმათ უთხრეს მადლიერების ნიშნად, წითელი თოკი შეაბი ფანჯარას, შენიანები შეიფარე, რომ არ დაგხოცონ ჩვენებმაო. დანარჩენი - ამ ლექსის ავტორისაა.
1. ნუთუ შიშია,გარიგებაში ჩაყოლა ან შეთქმულთა აყოლა, ასეთები ალბათ სულით არიან მეძავნი და რეალურად კი გამყიდველნი, ალბათ კაცთა მოდგმის მავნე ჩვევაა, ანდა უკეთური მიდრეკილება და უპატიებელი და დამღუპველიც ნუთუ შიშია,გარიგებაში ჩაყოლა ან შეთქმულთა აყოლა, ასეთები ალბათ სულით არიან მეძავნი და რეალურად კი გამყიდველნი, ალბათ კაცთა მოდგმის მავნე ჩვევაა, ანდა უკეთური მიდრეკილება და უპატიებელი და დამღუპველიც
|
|
მონაცემები არ არის |
|
|