 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 29 მაისი, 2023 |
#ოპუსები
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
ნინო დარბაისელი სტრონი
რიტმული ინერცია ანუ შლეიფი
ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში ლექსმცოდნეობაში სხვადასხვა მკვვლევართა მიერ დაფიქსირებული იყო ერთი მოვლენა, კანონზომიერება, რომელსაც საერთოს და ზოგადსაც ვერ ვუწოდებდით და რომელსაც ხან “რიტმული ინერცია”, ხანაც “რიტმული შლეიფი” ეწოდება. რას ნიშნავს ეს?! მარტივად - შინაარსის მიბმას რიტმულ ფორმაზე, ვარიაციაზე, გამომსახველობაზე. კიდევ უფრო მარტივად, ეს ნიშნავს, რომ როცა წინამორბედის რიტმს ითვისებს მომდევნო ავტორი, რიტმთან ერთად, ინერციით განწყობაც მოჰყვება და შინაარსობლივი აქცენტებიც. მოდით, ვნახოთ ამისი საინტერესო მაგალითი ქართული ლექსის ისტორიიდან! შოთა რუსთველის, ისევე როგორც ყოველი გენიოსის მოვლენების შემდეგ, მრავალ პოზიტიურ თან ერთად, გამოიკვეთა ორიოდე ნეგატიური მოვლენაც: ეპიგონთა სიმრავლე და სფეროს განვითარების კონსერვაცია გარკვეული დროის მანძილზე. ჩვენს შემთხვევაში ამ კონსერვაციამ საუკუნობით გასტანა, ვიდრე არ გამოჩნდა მის მერე ქართული ლექსის პირველი რეფორმატორი - დავით გურამიშვილი, რომლის “დავითიანშიც”, როგორც აკადემიკოსი თამარ ბარბაქაძე აღნიშნავს ოთხმოცზე მეტი რიტმული საზომი და მათ შორის ოცდაათზე მეტი ორიგინალური, როგორც თავად უწოდებდა “ხმაა” შემოტანილი. ( ციფრები მომყავს მეხსიერებით, მეტი დაინტერესების შემთხვევაში, გირჩევთ, მოიძიოთ მისი ნაშრომები) გურამიშვილის ფორმობრივ ნოვაციათა შორის ქრონოლოგიურად პირველი უნდა იყოს ერთი “ხმა”, - მისი თავგადასავლის შედარებით ბოლო ნაწილიდან, თუმცა ზუსტად დათარიღება არ შეგვიძლია.
სხვა ხმა
მოწყალების კარო, შენს ზღურბლს მოვეკარო, უსახლკარო ვარო, ვითხოვ, შემიფარო! ვით მოწყალე ხარო, ცოდვილთ მეოხარო, რაც მე მოგითხარო, შენ მით განმახარო, მახუმრ-მამასხარო, მაცინ-მახარხარო, დავითის მტერთ ხარო ძირით აღმოსთხარო! (“დავითიანი”)
- გურამიშვილის შემდგომ ვინ იყო ქართული ლექსის ყველაზე დიდი რეფორმატორი, არა ქრონოლოგიურად, არამედ მნიშვნელობით? - ცხადია გალაკტიონი. მან გურამიშვილის არაერთი “ხმა” - რიტმი გადაამუშავა შემოქმედებითად. მაგალითად, “მე და ღამე” (“ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი” გენეტიკურად უკავშირდება გურამიშვილის” ხმას”….( მომყავს არა ქრონოლოგიურად ადრინდელი, არამედ უფრო პოპულარული მისი ნიმუში):
“ზუბოვკიდან მომავალმა ვნახე ერთი ქალი.” ვნახოთ ერთი მაგალითიც! გურამიშვილი ამბობს:
გულმან მითხრა: ადეო! რაღათ მაიცადეო? თუ არა იქ, ვით იქნას, რაც რომ დაიქადეო? ჯერ რაც უფალთ ყალანი გედვას, გარდიხადეო; სთხოე, ძალა მან მოგცეს, ვისგანც დაიბადეო, კვლავ წადი და განხეთქე მტერთ მახე და ბადეო; მას კაცს, ღვთისა საყვარელს, მიჰყევ, თავი ანდეო, ვისაც დავით ხადოდეს, უფლად შენ მას ხადეო!
(370, კე. სვინიდისის მხილება დავითისა, ოდეს დატყოებულმან გამოპარვა გაივლო გულშია)
ამ საზომის რიტმულ ვერსიას ამუშავებს გალაკტიონი თავის შედევრებში:
როგორც ნისლის ნამქერი, ჩანავალ მზით ნაფერი…
“ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები”
და ა. შ.
ახლა ისევ გურამიშვილის პირველ ნიმუშს- ,, სხვა ხმას” მივუბრუნდეთ. შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონმა მოდერნისტულად დაამუშავა, გაამარტივა და “გაამსუბუქა” ეს ,,ხმა”, ლექსიდან, რომელშიც გურამიშვილი მისამდელი ტრადიციის დარად, მონორაიმს/ მონორითმას იყენებდა, ანუ ყველა ტაეპს ერთ რითმაზე აწყობდა და მან რუსული პოეზიის დარად, ჯვარედინად გარითმა იგი. ასევე კატრენული (ოთხსტრიქონედი სტროფების ფორმა მისცა). თუმცა შინაარსობლივი, თემატური რიტმული შლეიფი გადმოიყოლა. გურამიშვილთანაც და გალაკტიონთანაც საუბარია ,,სახლზე”
* * * მთაგორების ზემო...
მთაგორების ზემო - განდგომილთა ახლო, არ გაშენებ, ჩემო მშვენიერო სახლო!
მირჩევნიხარ სადმე კვლავ ღარიბად მდგარი, ვით დავთმევი, დათმე შენაც ზენა-ქარი.
და ვიცხოვროთ ასე, დაყრდნობილი მარად მხოლოდ ჩანგის ხმაზე, მხოლოდ ხალხის კარად.
მთაგორების ზემო - განდგომილთა ახლო, არ გაშენებ, ჩემო მშვენიერო სახლო.
(გ. ტაბიძე, 1938 2 აპრილი)
თუმცა “რიტმული ჯაჭვი” აქ როდი მთავრდება. ანა კალანდაძე ასევე მიმართავს გურამიშვილის ამ უნიკალურ, გათანამედროვებულ, შაირთან შედარებით მკვეთრად დამოკლებულ “ხმას” ( 4/2) და ქმნის მის ვარიაციას, აუქმებს სტროფიკას, თუმცა ისიც გალაკტიონივით, ჯვარედინად რითმავს და მასაც გადმოჰყვება სახლის თემა, ოღონდ გაფართოებულ, კარ- მიდამოდ” ტრანსფორმირებული:
აკაციის ტევრი... წნელის სუსტი ღობე... ქუდმოხდილი ქვევრი... ღვინიანი კოპე... აქ-მზით დამწვარ ხელში ღვინიანი ჭიქა... იქ-ცარიელ ქვევრში დამწყვდეული ჭინკა... პაპის მონაცემი, მარად საოცნებო, კარ-მიდამო ჩემი დამილოცეთ ძმებო! აკაციის ტევრი... წნელის სუსტი ღობე... ღვინიანი ქვევრი... ღვინიანი კოპე...
(ანა კალანდაძე)
დარწმუნებული ვარ, თუ მოიწადინებთ, ამავე რიტმის არაერთ ვარიაციასაც აღმოაჩენთ სხვა ქართველ პოეტებთან, ასევე აღმოაჩენთ მეტ ნიმუშს რიტმული ინერციისა ანუ შლეიფისა. არაა გამორიცხული, თავადაც მოისურვოთ ნიმუშების შექმნა.
P.S. ესეც - ჯაჭვის მეოთხე რგოლი იყოს, ვიდრე თქვენ რამეს მოიძიებდეთ!
ამწუთას დავწერე გურამიშვილის გავლენით, სახლის თემაზე ეტიუდი. იმდენად ვერ გავკადნიერდები, რომ ძირითად ტექსტს მივაწერო ბოლოში და პოსტ სკრიპტუმად - რა უჭირს!
ნინო დარბაისელი სტრონი
სახლი (ეტიუდი)
მთლად თბილისის ბოლოს, მთა-გორებთან ახლო, მენატრები ჩემო ჩაკეტილო სახლო, მოგონებებს ძველებს ფიქრი უნდა ვახლო და ჭრილობა ძველი უნდა გავიახლო. მანდ ტაძარიც არის სადღაც, ახლომახლო და ძეძვებით სავსე ძველი სამოსახლო. ლამის არის დარდებს შევრჩე, ჩავემძახლო, გინდა, გარდასულის სული შეისახლო?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ნიკე, მუხა! მე ერთი ნიმუში დავდე და როგორ მინდა, ასეთი ხაზი ვინმე ურაკპარაკელმაც გამოიყვანოს! მადლობა ნიკე, მუხა! მე ერთი ნიმუში დავდე და როგორ მინდა, ასეთი ხაზი ვინმე ურაკპარაკელმაც გამოიყვანოს!
3. ძალიან საინტერესო , სასიამოვნო კრიტიკა-პუბლიცისტიკა.. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან საინტერესო , სასიამოვნო კრიტიკა-პუბლიცისტიკა.. ძალიან, ძალიან მომეწონა.
2. საინტერესო იყო. მაღალი "ლეველია". საინტერესო იყო. მაღალი "ლეველია".
1. კარგი იქნება, ასეთი მაგალითების მოძიება მკითხველსაც თუ აინტერესებს, მოიძიებს და დადებს აქ. კარგი იქნება, ასეთი მაგალითების მოძიება მკითხველსაც თუ აინტერესებს, მოიძიებს და დადებს აქ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|