ზამთრის თვეები ჩამოექნა ხელში სანთლებად, ბედთან ღლაბუცში დაუქსელეს წლები ლანდებმა; დრომ თითქოს სადღაც გადაასწრო, ხის ქვეშ დატოვა, ნესტიან სარდაფს შეფარებულს სევდამ დაჰყეფა. მას ერთგულება პურის ლუკმად ყელზე დაადგა, ჭიქა არაყით მოუკითხა უბნის დალაქმა; მსუყე ფერებით გაიმდიდრა დუხჭირი ყოფა, აქტრისას გულის მოსაგებად თავი დაკარგა. უცხო მოდაზე გაპრანჭული ყირმიზი ქალი ყელმოღერებულ მოფარფატე თეთრ გედს ადარა; ფარვანებივით გაფანტული დღეების ხათრით მოწყენილ ლომს და სიზმრად ნანახ ირემს დახატავს. წითელ ვარდებით მოკირწყლულა ქუჩაბანდები, სამიკიტნოში ოხშივარი ასდის ხაშლამას, მდინარის მურწას აქებს ბიჭი წითელპერანგა, ძველი ქალაქი სუფრას გაშლის მტკვარზე ბაღდადად. კუკიის აღმართს ქარი მოხვეტავს და კვალს დაფარავს, არღანი კვნესით მიაცილებს მხატვარს სადღაცა.