თავი 7 – კვანძის გახსნა
– 5 საათში ბათუმში ვიქნებით, – გამოაცხადა კაპიტანმა, – მოემზადეთ!
ამ დროს ლაშამ გამოთხოვილი ინფორმაცია მიიღო, წაიკითხა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. კაიუტაში შევიდა, ჩანაწერებს და მასალებს გადახედა და უცებ მისთვის სრული სურათი ნათელი გახდა. ყველა კითხვას გაეცა პასუხი. უნდა ეჩქარა. გამოვიდა კაიუტიდან, მივიდა კაპიტანთან და სთხოვა, სასწრაფოდ შეეგროვებინა დამსვენებლები სალონში და – კაპიტანმა ხმის გამაძლიერებლით მოუხმო დამსვენებლებს და სთხოვა მათ სალონში შეკრებილიყვნენ. დასევდიანებული მგზავრები უხალისოდ დაემორჩილნენ მოთხოვნას და შეგროვდნენ სალონში. ლაშამ სკამები წრიულად დადგა და სთხოვა მათ დამსხდარიყვნენ. თავისი სკამი გასასვლელისკენ ზურგით დადგა და დაჯდა. ყველა მას უყურებდა. სამზარეულოდან მენიუს დასაწერი პატარა დაფა გამოიტანა რომელიც გვერდით მაგიდაზე დადგა და კედელს მყარად მიაყუდა. ელენე თავადის ქალებს მიუსკუპდა. მშობლები მოერიდნენ ელენეს და მისგან შორს, მოპირდაპირე მხარეს დასხდნენ. მათეს მამამ ცოლი ეტლით შემოაგორა და მათ მიუჯდა. ბავშვივით უხმოდ ტიროდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. თვითონაც დასწრებოდა შესაძლო კვანძის გახსნას. - გაცნობებთ, რომ ჩემი მოკვლევის, დაკვირვებების, შეგროვილი ინფორმაციის შედეგებს და ნივთმტკიცებებს პოლიციას გადავცემ. - თქვა ლაშამ და განაგრძო: – მაშ ასე, დავიწყოთ! ჩამოვთვალოთ ამ ოჯახის წევრები და მათი ერთმანეთთან ნათესაური, თუ სხვა კავშირები. თავადის ქალი დორა გოლიცინა(Голицына) ეკუთვნოდა თავად გოლიცინების(Голицыны) ბრწყინვალე გვარს, რომელიც შეტანილია ხავერდოვან წიგნში (Бархатную книгу), ამ წიგნში შეჰქონდათ ყველაზე სახელოვანი თავად–აზნაურული გვარების გენეალოგია. კერძოდ კი, იგი ეკუთვნოდა გოლიცინების ყველაზე შეძლებულ ალექსეევიჩების (из числа Алексеевичей) შტოს. მას თან ახლავს მოახლე ნატაშენკა გოლიცინა, რომელიც გაღარიბებული თავადის ქალია და სოფლად მცხოვრები გოლიცინების, ვასილიევიჩების შტოს (из числа Васильевичей) ეკუთვნის, იგი სწორედ გოლიცინების რეკომენდაციით აიყვანა მოახლედ და ... – ნატა თავადის ქალია? – გაიკვირვა გივიმ და განაგრძო – კი ვიფიქრე, რომ კნეინა ასე უბრალოდ არავის მიუშვებდა თავისთან ახლოს და მიკვირდა, რატომ ჩამოიყვანა რუსეთიდან ნატა. კარგი აღზრდილია, მანერებიც ღირსეული აქვს, მაგრამ მაოცებდა მისი ასეთი დაახლოება კნეინასთან. არ მეპატიება, რომ აქამდე არ ვიცოდი მისი გვარი და არც მიკითხავს, – გაიცინა გივიმ, – ახლა ყველაფერი ნათელი გახდა, ნატა თავადის ქალი გოლიცინა ყოფილა. ლაშამ გაწყვეტილი ფრაზა დაასრულა: - ჩამოიყვანა და არც უნანია. – კარგი, გავაგრძელოთ: დორას ვაჟი თავადიშვილი დემნა ფალავანდიშვილი ქართლის თავადების ფალავანდიშვილების იმავე შტოს შთამომავალია, რომელსაც ეკუთვნოდა იასე ფალავანდიშვილი – Евсевий Осипович Палавандов ( Иас Палавандишвили) – რომელიც მონაწილეობდა 1829–1832 წლების შეთქმულებაში ქართული სამეფოს დამოუკიდებლობის და ბაგრატიონების მეფობის აღდგენის მიზნით. გადაასახლეს ციმბირში და იქვე გარდაიცვალა. დემნა ფალავანდიშვილს თან ახლავს საქმეთმწარმოებელი და მომავალი ნიჭიერი პიანისტი ნიკო დვალი. გემზე, დამსვენებელთა შორის, აღმოჩნდა დემნა ფალავანდიშვილის ახალგაზრდობის შეყვარებული თამარი, რომელსაც აქ არავინ ელოდა და რომლის გამოჩენისთვის არავინ იყო მზად, მაგრამ ღმერთმა ასე ინება და ყველა ერთად შეგყარათ, რათა გამჟღავნებულიყო თითოეულის არსი. გემზე მოგზაურობს აგრეთვე მათი ქალიშვილი ელენე ქმართან მათესთან ერთად. ახალგაზრდებს თან ახლავთ მშობლები. – აქვეა თავად–აზნაურთა რეკომენტაციით შერჩეული ნოტარიუსი გივი აფხაზი. გივი თქვენ ძალიან იშვიათი თავადური გვარი გაქვთ, რომელიც აღარც კი მეგონა, თუ არსებობდა. არ ვიცი, გაქვთ თუ არა საგვარეულო კავშირი ნიკოლოზ აფხაზთან და მის ვაჟთან კოტე(კონსტანტინე) აფხაზთან? – კოტე აფხაზის შვილი ნიკოლოზი უცხოელ ცოლთან ერთად კანადაში გადასახლდა და იქ კუნძულ ვანკუვერზე(ბრიტანული კოლუმბია), ქალაქ ვიქტორიაში ძალიან ცნობილი აფხაზის ბაღი (The Abkhazi Garden) გააშენა, რომელიც დღემდე არსებობს. ისეთი მცირერიცხოვანი გვარია, რომ აუცილებლად გვეყოლებოდა საერთო წინაპრები, ასე ვფიქრობ. - თქვა გივიმ - თუმცა დღესდღეობით ჩემი უშუალო და უახლოესი წინაპრების კავშირი კოტე აფხაზთან არ მტკიცდება. არც ვინმე განსაკუთრებით გამორჩეული ყოფილა ჩემს წინაპრებში.
შევადგინოთ ერთგვარი სქემა:
დემნა ფალავანდიშვილი დორა /გოლიცინა ნატაშენკა გოლიცინა
ნიკო დვალი ელენე და მათე თამარი გივი აფხაზი ელენეს და მათეს მშობლები – ეს თორმეტი ადამიანი პირველივე დღეებში დაკავშირდა ერთმანეთთან და მეც უპირველეს ყოვლისა მათზე გამოვითხოვე ინფორმაცია. – მაშ, ვინ არის დამნაშავე და რა არის მოტივი ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ აღმოჩნდა მარტივი.
– მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, მაინც მრჩებოდა, ერთგვარი უკმარისობის გრძნობა, გავაფართოვე ძებნის არეალი, სხვებთან ერთად მოვითხოვე ინფორმაცია უცხოელების შესახებ და მიღებულმა სიახლემ გამაოცა. გერმანელი ტურისტები მიუნჰენის რიჩარდ შტრაუსის (სახელობის) კონსერვატორიის სტუდენტები აღმოჩნდნენ. ამავე კონსერვატორიის მიწვეული ლექტორია დემნა ფალავანდიშვილი. მას სრულიად თავისუფალი სამუშაო გრაფიკი აქვს და როცა სურს, მაშინ შეუძლია ჩაატაროს კონსერვატორიაში ლექცია, პრაქტიკუმი და ა. შ. ამ ლექციებს თითქმის მთელი კონსერვატორია ესწრება, პროფესურაც და სტუდენტებიც. კონსერვატორიაში მიღებული სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ შეუძლებელია ბატონ დემნასა და სტუდენტებს ერთმანეთი ვერ ეცნოთ. – რას იტყვით ბატონო დემნა? – რასაკვირველია, ვიცანით ერთმანეთი. მაგრამ ჩვენ დისტანციურად ვიცნობთ ერთმანეთს. მხოლოდ, როგორც სტუდენტები და პროფესორი, რომელიც იშვიათად ჩნდება კონსერვატორიაში. ერთმანეთის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით. – უკვე თექვსმეტი ადამიანი აღმოჩნდა ერთმანეთთან დაკავშირებული. ესე იგი ეს სქემა შეგვიძლია შევავსოთ და დავუმატოთ 4 სტუდენტი:
დემნა ფალავანდიშვილი დორა /გოლიცინა ნატაშენკა გოლიცინა
ნიკო დვალი ელენე და მათე თამარი გივი აფხაზი ელენეს და მათეს მშობლები
4 უცხოელი სტუდენტი – ამავე დროს მივიღე ინფორმაცია, რომ ელენე არ არის დემნა ფალავანდიშვილის ერთადერთი შვილი. რომ მას ჰყავს ქორწინების გარეშე კავშირისგან გაჩენილი ვაჟი, რომელიც წვეთი წყალივით ჰგავს მამას და რომელსაც ასევე დემნა ჰქვია. ელენე უსიამოდ შეიშმუშნა. – რაო, ელენე, არ გესიამოვნა ამ ინფორმაციის გამჟღავნება? – ჰკითხა ლაშამ. ელენემ კითხვა უპასუხოდ დატოვა. – ინფორმაცია დემნა ფალავანდიშვილის შვილების შესახებ თავის დროზე უცხოეთის პრესის განსჯის საგანი ყოფილა და ყველა ერთხმად აღიარებდა დემნა ფალავანდიშვილის საოცარ მსგავსებას ვაჟიშვილთან. დემნა უმცროსის დედა თავადის ქალი ნინო ერისთავია. საინტერესოა, იცოდა თუ არა ქალბატონმა დორამ ამის შესახებ და თუ იცოდა, რა აზრის იყო ამ საკითხზე.– თქვა ლაშამ და, რატომღაც, გივის შეხედა. – დიახ, იცოდა, – უპასუხა გივიმ. – ახლა, როცა ქალბატონი დორა აღარ არის, შემიძლია სიმართლე გითხრათ. – ეს ხომ კონფიდენციალურია? – წამოიძახა ელენემ – აღარ, თან ამდენ დანაშაულს ფარდა უნდა აეხადოს, – უპასუხა გივიმ და განაგრძო. – ზუსტად გამომგზავრების წინ, კნეინამ ინახულა დემნა უმცროსი. მთხოვა მასთან ერთად წავსულიყავი სტუმრად. მეც დავეთანხმე და ჩვენ სრულიად მოულოდნელად ვესტუმრეთ მათ. დიდი პატივით მიგვიღეს, დემნა უმცროსი შინ არ იყო, ახალი მისულები ვიყავით, როცა ბიჭმა კარი შემოაღო და შემოვიდა. შემოსული არ იყო ოთახში, რომ ქალბატონმა დორამ წამოიძახა: – Демна, сынок! დემნა, შვილო! ბიჭი გაოცებული იდგა და გვიყურებდა. – ისეთი მსგავსებაა მამა–შვილს შორის, რომ ამ მსგავსებამ გააოცა კნეინა და მან მტკიცედ თქვა: – Это мой внук! ეს ჩემი შვილიშვილი არის. – იქ დიდხანს დავრჩით და ბევრი ვისაუბრეთ. კნეინამ დაარწმუნა ისინი, რომ თავის ქონებას ორ შვილიშვილს გაუნაწილებდა. ამჟამად ყველაფერი ელენეზეა გაფორმებული, მაგრამ ის შეცვლის ანდერძს და ორივეს გაუყოფს სიმდიდრეს. პირველ ეტაპზე ის, როგორც ბებია, იურიდიულად სცნობს დემნა უმცროსს თავის შვილიშვილად და შემდეგ ანდერძსაც შეცვლის. დემნა უმცროსის ცნობა თავის შვილიშვილად კნეინა დორამ მოასწრო და გააფორმა. 10 დღის წინ დემნა უმცროსი 18 წლის გახდა. მე და კნეინამ ეს ვიცოდით და მომზადებული გვქონდა ახალი ანდერძი, რომელიც ელენესაც გავაცანით, არ გვსურდა ჩუმად, მის ზურგსუკან შეგვეცვალა ანდერძი. გაცნობა ზუსტად კნეინას მკვლელობის საღამოს მოხდა. მეორე დღეს ხელმოწერები უნდა გაფორმებულიყო. ქალბატონი დორა ჩქარობდა, თითქოს გული ავს უგრძნობდა. აღარც დასცალდა. შვილიშვილად ცნობა კი მოასწრო და ეს საბუთი გადასცა ახალგაზრდა დემნას. – ო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც მჭირდებოდა კითხვაზე „რატომ?“ პასუხის გასაცემად. - თქვა ლაშამ და იკითხა: - იმ პირველ ანდერძში, ხომ იყო ჩადებული ქონების სხვა შვილიშვილებზე გადანაწილებაც. რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარე? – საქმე იმაშია, რომ ელენეს, როგორც ანდერძით მემკვიდრეს, მეტი უფლება აქვს. ანდერძში ზოგადად მოხსენებული შესაძლო შვილიშვილების შესახებ კი ინფორმაცია უნდა დაზუსტდეს და დაკონკრეტდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. მე ყველანაირად დავეხმარები დემნა უმცროსს, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, დროში გაიჭიმოს, ამასობაში კი ელენეს მემკვიდრეობითი უფლება ძალაში შევა. შემდეგ რას გაუნაწილებს და შეახვედრებს დემნა უმცროსს, ერთგვარად მასზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ ჩქარობდა კნეინა, რომ თითქმის თანაბრად, თუმცა დემნას მცირე უპირატესობით, გაეყო ყველაფერი. ელენე არ ჩქარობდა გასაგები მიზეზების გამო. დაღლილობა მოიმიზეზა და ანდერძის ტექსტის გაცნობა მოგვიანებით ისურვა. როგორც ვთქვი, კნეინა დორა კეთილშობილი ადამიანი იყო და სურდა ელენე საქმის კურსში ყოფილიყო. ხელმოწერები მეორე დღისთვის გადაიდო. ეს მეორე დღე კნეინა დორასთვის აღარ დადგა. - აი, ბატონმა დემნამ კი, მომხდარი უბედურებების შემდეგ, აქვე, გემზე შეცვალა თავისი ანდერძი ისე, რომ არავინ ჩააყენა საქმის კურსში. მისი მთავარი მემკვიდრე დემნა უმცროსი იქნება, მომდევნო მემკვიდრე კი - ელენე. ზუსტად არის ჩამოთვლილი და გაწერილი, ვის რა შეხვდება. ელენეს თვალები გაუფათოვდა. – ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. - თქვა ლაშამ. - ახლა გადავდივართ მთავარზე. ქალბატონო თავადის ქალებო, იაშვილებო, თქვენ ხომ თამარის მამიდები ხართ? ის მამიდები, განსაკუთრებით თქვენ, ინა, რომლებიც ეხმარებოდნენ ძმის ოჯახს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე? თქვენ ეკუთვნით იაშვილების იმ შტოს, რომელიც დაახლოებული იყო რუსეთის მეფის კართან და იწერებოდა როგორც იაშვილ(Яшвиль), კერძოდ ძმები ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი/იაშვილ – Владимир Михайлович Яшвили (Яшвиль)– და ლევან(ლევ) მიხეილის ძე იაშვილი/იაშვილ – Леван(Лев) Михайлович Яшвили(Яшвиль). ვლადიმერ იაშვილი იმპერატორ პავლე პირველის წინააღმდეგ მოწყობილი სამეფო შეთქმულების თანამონაწილე იყო, მთელი დროის განმავლობაში მის ოთახში იმყოფებოდა და შეთქმულების ყველა ეპიზოდში მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, მან პირველმა დაარტყა იმპერატორს და დააგდო იგი, შემდეგ სხვებმა დაახრჩვეს. ძმები გამბედავები იყვნენ, ითვლებოდნენ ძალიან ცნობილ სამხედრო პირებად, სამხედრო მოღვაწეებად. ლევან იაშვილი იყო გენერალ–ადიუტანტი, ხოლო ვლადიმერი მეფის ამალის გენერალ–მაიორი, ბევრი სხვა თანამდებობები, ტიტულები და ჯილდოებიც ჰქონდათ. მეფის კარის და სამხედრო ინტრიგების დიდოსტატები და დაუნდობლები იყვნენ. ყველას გაოცების წამოძახილი აღმოხდა. ერთდროულად მოაბრუნეს თავები და, თითქოს პირველად ხედავენო, ისე დაათვალიერეს დები. თქვენი ვინაობის დადგენა ოდნავ გაართულა თქვენმა სახელებმა, სინამდვილეში თქვენ ლიანა, ნინო და ინოლა ხართ. განვაახლოთ სქემა – დემნა ფალავანდიშვილი დორა /გოლიცინა ნატაშენკა გოლიცინა
ნიკო დვალი ელენე და მათე თამარ იაშვილი გივი აფხაზი ელენეს და მათეს მშობლები დები იაშვილები (თამარის მამიდები) 4 უცხოელი სტუდენტი
– ყველა, ჩემს გარდა, ერთმანეთთან პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშირებულები აღმოჩნდით - თქვა ლაშამ – ასე გამოდის, – გაიოცა დემნამ. პრინცესები გაშეშებულები ისხდნენ. – თქვენ აქედან თან წაიღეთ – მიმართა მათ ლაშამ, – სიგელ–გურჯები, გენეალოგიური ხე, თავადების სარეკომენდაციო წერილები და ისე წარსდექით ბრიტანეთის თავად–აზნაურობის წინაშე. იმდენი მოახერხეთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფლის კარზეც მიღებულები ხართ და მის წვეულებებს ესწრებით. ქალები გაუნძრევლად ისხდნენ. – თქვენ რამდენჯერმე იყავით საქართველოში. შორიდან მოინახულეთ ძმისშვილი, ნახეთ მისი სავალალო მდგომარეობა და მოიძულეთ იგი. საგვარეულო სირცხვილად შერაცხეთ. ასევე მოინახულეთ ელენე, იგი ნორჩი თამარის ასლი იყო და ერთგვარი ილუზია შეგექმნათ, რომ ეს არის თამარი, თქვენი გვარის ღირსეული წარმომადგენელი და ის შეგიცვლით უღირს ძმისშვილს. თამართან აღარ აღადგინეთ გაწყვეტილი კავშირი და მთელი თქვენი ყურადღება ელენეზე გადაიტანეთ. ელენე სიხარულით შეგხვდათ. წარმოიდგინეთ, რამდენი კეთილშობილი და მდიდარი ნათესავი შეიძინა ისე, რომ ყველას ქონებას თვითონ შეეძლო დაპატრონებოდა. ამ შესაძლებლობასთან ერთად არსებობდა რამდენიმე „მაგრამ“: პირველი „მაგრამ“ იყო სამარცხვინო თამარი, რომელიც აღარავის უნდოდა. აი, მისი თავადური გვარი კი ძალიან სასურველი იყო. ელენე დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც თავადის ქალი იქნებოდა. მეორე „მაგრამ“ ეს მეორე შვილიშვილის არსებობაა, რომელსაც კნეინა დორა და დემნა უფროსი ადრე თუ გვიან გაუყოფდნენ ქონებას. დემნა უმცროსიც დედის და მამის მხრიდან თავადიშვილია. და ბოლოს მესამე „მაგრამ“ არის ელენეს სულელური ნაბიჯი, კლასელი გოგონების ჯინაზე მათეზე გათხოვება, რომელსაც სასტიკად ნანობს. – ელენე, - მიმართა ლაშამ, - მათეს ხომ სხვა გოგონა უყვარდა? შენ ხომ იცოდი ეს? ის შენს სიმდიდრეს დახარბდა და საბრალომ კიდევაც ზღო სიცოცხლით. – ეს სულ თქვენი ფანტაზიებია! – წამოიყვირა ელენემ. – არა, ეს არის მოკვლევის შედეგები და ინფორმაცია, რომელიც მე ოფისიდან მომაწოდეს. ვაგრძელებთ: თავადის ქალებო, თამარმა ვერ გიცნოთ, მან ხომ მთელი შეგნებული ცხოვრება უთქვენოდ გაატარა, ვერ წარმოიდგინა, რომ ეს ბრწყინვალე ქალები, რომლებიც მასზე უკეთესად გამოიყურებიან, მისი მამიდები არიან.
მაშ ასე, თქვენ, ელენე, ბევრს წუწუნებთ პაპიდებთან, პრინცესები ხომ პაპიდებად გეკუთვნიან? უპირველეს ყოვლისა წუწუნებთ თამარზე, რომლის არსებობაც თავად დორასაც და პრინცესებსაც აღიზიანებთ. არავინ ელოდა მასთან ამ გემზე შეხვედრას. თამარის ყოველდღიურმა ხილვამ ეს სიძულვილი კიდევ უფრო გაამძაფრა და მისი გაქრობის სურვილი გააჩინა. ელენე, თქვენ ერთობ საინტერესო და სახიფათო არსება ხართ, ყველას იყენებთ და თავად ქვეშიდან გამოდიხართ. წუწუნებდით კნეინა დორასთან, რომელიც თავადაც აღშფოთებული იყო თამარის გამოჩენით და ათქმევინეთ მას თამარისთვის თვითმკვლელობის შესაძლებლობა ქარიშხალში. თქვენ, თითქოს, არაფერ შუაში ხართ. ამ ყველაფერს ისმენენ თამარის გვერდზე კაიუტაში მყოფი თავადის ქალები. და როდესაც გაუგებრობაში მყოფი თამარი გემბანზე ადის, მას ჩრდილივით შავ მოსასხამში გახვეული ერთ–ერთი და, ინა, თქვენ! მიჰყვებით უკან და ასრულებთ თამარის გამწარებულ სიცოცხლეს. თქვენ ატარებთ მარჯვენა ხელის შუა თითზე ისეთივე დიდ ბეჭედს, როგორსაც ბატონი დემნა. იგი მსუბუქად შეეხო იმ საღამოს თამარს, თქვენ კი მარწუხებივით ჩაავლეთ ხელები და კვალიც დაამჩნიეთ. საბრალო თამარი რა საშინელი და მძიმე ცხოვრება გაიარა და ბოლოს საყვარელმა მამიდამ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ ძიძგილაობისას იცნო კიდეც, გამოასალმა სიცოცხლეს. ამ მკვლელობამ ისე ჩაიარა, რომ ჯერ არაფრის კონკრეტულად თქმა და დამტკიცება არ შეიძლებოდა. ამან ფრთები შეგასხათ. თავადის ქალებო, თქვენ, როგორც პაპიდები, ისედაც ეჭვიანობდით ქალბატონ დორასა და ელენეს ურთიერთობაზე. ელენეზე ქონების გადაფორმების შემდეგ კი კნეინა უსარგებლო გახდა, მისი მოშორება განიზრახეთ, ოღონდ ამას ფრთხილად ამზადებდით, მისი კარის საკეტი დააზიანეთ. არ ჩქარობდით. მაგრამ როცა მეორე შვილიშვილთან ქონების გაყოფის საკითხი დაისვა და ელენე ამ საკითხზე აწუწუნდა, გეგმა შეიცვალა და კნეინას ლიკვიდაცია დაჩქარდა. ეს თქვენ გააკეთეთ, ნინა! გივიმ დაგინახათ იმ საღამოს დერეფანში, დაბნეული ჩანდით და სწრაფად შეაფარეთ თავი კაიუტას. აქაც რთული იყო თქმა, ვინ გამოიტანა დანა სამზარეულოდან. შტორმის დროს ხომ დამსხვრეული ჭურჭლის გატანაში მიეხმარნენ ნიკო და გივი მომსახურე პერსონალს? მათი სამზარეულოში შესვლა, ჭურჭელთან და დანა–ჩანგალთან შეხება უფრო დასამახსოვრებელი და თვალშისაცემი იყო, ვიდრე პირველ დღეს თქვენს მიერ სამზარეულოში ჰიგიენის შემოწმება. ეს ფაქტი ბევრს, ალბათ აღარც ახსოვს. თქვენ მაშინ თამარის მოშორებას ფიქრობდით, მაგრამ ბუნებამ ხელი შეგიწყოთ და მოპარული ცივი იარაღი აღარ დაგჭირდათ. თუმცა ხომ გახსოვთ ჩეხოვის სიტყვები: „თუ კედელზე იარაღი ჰკიდია, ის აუცილებლად გაისვრის.“ საქმე იმაშია, როდის გაისვრის? და აი, თქვენმა ცივმა იარაღმაც „გაისროლა“. და ბოლოს საცოდავი მათე, ახლა იწყებდა ცხოვრებას. არ იცოდა სად შეჰყო თავი. როდესაც თქვენ იგი პირველად დაინახეთ, დიდი იყო თქვენი იმედგაცრუება. სულ სხვა ქმარს ისურვებდით ძმის შვილიშვილისთვის და თქვენი ოჯახის ერთადერთი შთამომავლისთვის. თან ნიკოს და ელენეს ერთმანეთისადმი ლტოლვაც არ გამოგრჩენიათ. თქვენ ხომ ელენეს ინგლისში წაყვანაც გსურდათ და მათე არაფრით ჯდებოდა თქვენს გეგმებში. მისი ბედიც გადაწყდა. მე ვესაუბრე ბარმენს. მან მითხრა, რომ მათე გამაგრილებელი სასმელისთვის მასთან მივიდა, ბარმენმა გახსნა და მიაწოდა ბოთლი. მათემ მოსვა, დადგა ბოთლი დახლზე და წიგნის მოსატანად კაიუტისკენ გაიქცა. ამ დროს თქვენ ბარმენს ლიმონიანი წყლის სამი ბოთლი სთხოვეთ და ის მოსატანად საკუჭნაოში გავიდა. თქვენ მარტო დარჩით და მათეს ბოთლში გამოუყენებელი ძილის წამლის ფხვნილი ჩაყარეთ ისეთი რაოდენობით, ალბათ, ცხენის დოზით, რომ ბიჭს გადარჩენის შანსიც კი მოუსპეთ და სამუდამოდ მიაძინეთ. ეს უკვე თქვენს სინდისზეა, ლინა. რატომღაც, გეგონათ, რომ თქვენზე ეჭვს ვერავინ მოიტანდა. დები და ელენე დაჟინებით შესცქეროდნენ ლაშას. გატრუნულები, მაგრამ მაინც მედიდურად ისხდნენ. ყოჩაღ, თავადის ქალებო, თქვენი სისხლიანი წინაპრების ღირსეული შთამომავლები აღმოჩნდით! აი, თქვენ კი ელენე, ყველა ამ ბოროტების უჩუმარი სულისჩამდგმელი ხართ, უხილავი რეჟისორი. ჩემდა სამწუხაროდ, იურიდიულად ვერ დაისჯებით. მათეს მამა მრისხანედ უყურებდა თავადის ქალებსა და ელენეს. შემდეგ წამოხტა, ხელები აღმართა და შემზარავად უყვირათ: წყეულიმც იყავთ!
გემს საზღვაო პოლიციის სამი კატარღა მიადგა და „შავი ზღვის თეთრ თოლიას“ ბათუმის ნავსადგურში შეუძღვა.
- - -
მზია თვალაბეიშვილი დაწერილია 2019 წლის ზაფხულში. ტექსტი შეივსო 2023 წლის გაზაფხულზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლიანი და მადლიერი მკითხველი ხართ, მუხა. იცოცხლეთ!
მადლიანი და მადლიერი მკითხველი ხართ, მუხა. იცოცხლეთ!
1. საინტერესო ისტორიული ამბებია, , ამდენის ცოდნა და ასე თანმიმდევრულად გადმოცემა, უაღრესად მხოლოდ ლიტერატურ მცოდნეს და ისტორიკოს პროფესორსაც და კრიმინოლოგსაც კი გაუძნელბოდა, არა და შესანიშნავად შესრულებული პროზაა. ქონების გაყოფა-განაწილებას ყოველთვის ახლავს პრობლემები, ზოგჯერ ძალიან სატიკიც.
ძალიან დიდი შრომატევადი სამუშაო გასწიეთ ჩვენთვის, რომ ჩვენ წაგვეკითხა ამისათვის გმადლობ. საინტერესო ისტორიული ამბებია, , ამდენის ცოდნა და ასე თანმიმდევრულად გადმოცემა, უაღრესად მხოლოდ ლიტერატურ მცოდნეს და ისტორიკოს პროფესორსაც და კრიმინოლოგსაც კი გაუძნელბოდა, არა და შესანიშნავად შესრულებული პროზაა. ქონების გაყოფა-განაწილებას ყოველთვის ახლავს პრობლემები, ზოგჯერ ძალიან სატიკიც.
ძალიან დიდი შრომატევადი სამუშაო გასწიეთ ჩვენთვის, რომ ჩვენ წაგვეკითხა ამისათვის გმადლობ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|